 | ავტორი: აიობ ჟანრი: პროზა 17 იანვარი, 2020 |
"თქვი, რას ნიშნავს კარზე ოთხგზის კაკუნი? ან კამიუს ოთხი ტყვია რას ნიშნავს?"
*** დღეს სიკვდილის ფერი ადევს ყველაფერს. ალბათ ისიც სადღაც აქვეა. შესაძლოა ახლა ქვემოთ დგას და ლიფტს იძახებს. ან იქნებ პირდაპირ კიბეებზე ამოდის. ალბათ ცოტა ხანში კაკუნის ხმასაც გავიგებ. ზუსტად ისეთს ბეთჰოვენის მე5 სიმფონიაში რომაა. "მოდი სიურპრიზს მოვუწყობ" - გავიფიქრე და ბეთჰოვენი ჩავრთე. ბოლო ხმაზე. ხუთი წუთიც არ გასულა. კარზე კაკუნი ისმის. შევკრთი. მაგრამ გამიხარდა,რომ ამჯერად მაინც გამართლდა ჩემი ვარაუდი და ისევ ტყუილად არ ჩამირთავს ბეთჰოვენი. ავდექი და ნელი ნაბიჯით დავადექი გზას საძინებლიდან სახლის კარამდე.(ვერასოდეს წარმოვიდგენდი ასეთი მოკლე თუ იქნებოდა სიკვდილთან მისასვლელი გზა) ჭუჭრუტანაში გავიხედე, ოღონდ იმის გამო არა, რომ გამეგო ვინ არის. დარწმუნებული ვიყავი სიკვდილი იყო. უბრალოდ ყოველთვის მაინტერესებდა როგორი შეგრძნებაა, როდესაც სიკვდილს თვალებში უყურებ. არ გამიმართლა, იქ არავინ იდგა. მერე გავიფიქრე, რომ შესაძლოა უჩინრად მოვიდა, რომ სხვებს არ შეშინებოდათ. ამასობაში კიდევ დააკაკუნა. ისევ იმავე ხმით. ამჯერად ფართოდ გავაღე კარი. ჩემს წინ დაბალი, ნახევრად მელოტი, მრგვალი კაცი იდგა. ხელ-ჯოხი ეჭირა. სიმართლე გითხრათ უფრო ელეგანტური წარმომედგინა სიკვდილი. თანაც, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ცელი ეჭირებოდა ხელში. მომესალმა. მეც მივესალმე, რას გავაწყობდი. ხშირად გვიცრუვდება ხოლმე იმედები, მაგრამ სულ არაფერს ხომ ჯობდა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არ დავაცადე. გარეთ ქარი ღმუოდა და ვიფიქრე არ შეცივდეს-მეთქი. შინ შემოვიპატიჟე. იუარა, მეჩქარებაო, მაგრამ არ გავუშვი. ვუთხარი, ამდენი ხანი გელოდით და თქვენ რა, გგონიათ ასე მარტივად გაგიშვებთ-მეთქი? სახე შეეცვალა. ვიფიქრე, რომ სასიამოვნოდ გაუკვირდა ჩემი ასეთი მოწადინებულობა. შემოვიყვანე მისაღებ ოთახში, თქვენ აქ დამელოდეთ, ეხლავე მოვალ-მეთქი, ვუთხარი. ხმა არ ამოუღია გაკვირვებისგან. სამზარეულოში გავედი. წითელი ღვინო და ორი ჭიქა ავიღე. უცებ მზაკვრულმა იდეამ გამირბინა თავში. ვიფიქრე ცოტას გავეხუმრები-მეთქი და მის ჭიქაში ვირთხების წამალი ჩავყარე. სასაცილოა როცა სიკვდილის მოკვლას ცდილობ. მერე თავში იმ აზრმაც გამირბინა, ვაითუ სიკვდილი არ არის და ჩვეულებრივი ადამიანია-მეთქი. მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი იყო. გამოვედი მისაღებ ოთახში, სავარძელში მოვკალათდი მის გვერდით და ვკითხე - ბატონო, თქვენ ხომ სიკვდილი ბრძანდებით-მეთქი? თავიდან სახეზე გაკვირვებამ გადაურბინა, მაგრამ მერე გადაიხარხარა და მიპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, სხვა ვინ იქნება სიკვდილი, თუ არა ის? მეც გავიცინე და მისთვის განკუთვნილი ღვინით სავსე ჭიქა გავუწოდე. სიკვდილს გაუმარჯოს-მეთქი. ისევ გაეცინა, გაუმარჯოსო და ღვინო ისე გამოცალა ბოლომდე, თითქოს უკვდავების ელექსირს სვამსო. (თუმცაღა რა სულელური შედარებაა, სიკვდილი ხომ ისედაც უკვდავია.) მეც ბოლომდე გამოვცალე, ამ სადღეგრძელოზე სხვანაირად არ შეიძლებოდა. ჭიქა დავდგი და ვუთხარი წავედით-მეთქი. უცებ სახე შეეჭმუხნა, თვალები გადაუბრუნდა და ხროტინი დაიწყო. პირიდან დუჟი გადმოუდუღდა. მე თავიდან გაოცების უცნაურმა გრძნობამ მომიცვა. მაგრამ მერე მივხვდი, რომ სიკვდილსაც ჰქონია თურმე იუმორი. და გულიანად გადავიხარხარე. კარგი ხუმრობა იყო ბატონო სიკვდილო-მეთქი. მაგრამ ის ძირს დავარდა და უკვე აღარც ინძრეოდა. ოთახში ხმამაღლა ისმოდა მუსიკის ხმა. და კარზე ზუსტად იმავე ხმით გაისმა კაკუნი. მე კვლავ ჭუჭრუტანაში გავიხედე. იქ კვლავ არავინ იდგა. კარი გავაღე - სიცარიელე. ვიფიქრე, რომ მომეჩვენა. სახლში შემოვედი და მივხვდი! მე სიკვდილი მოვკალი... ამ აზრმა მთელი ჩემი არსება მოიცვა. სიკვდილი მოვკალი! ჩემზე ბედნიერი ალბათ ქვეყნად არავინ იყო. ახლა თავისუფლად შემიძლია ფანჯრიდან გადავფრინდე, უშიშრად! სიკვდილი ხომ მკვდარია. მე გამოვაღე ფანჯარა. გავშალე ხელები და ... ფარდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. კარგად იკითხება.
კარგად იკითხება.
7. კარგად იკითხება.
კარგად იკითხება.
6. სიკვდილის შესახებ ყოველთვის რჩება კითხვა, დასასრულია, თუ კულისებში გასვლა, თუ დასაწყისი, თუ უბრალოდ არარაში გადასვლა, რას გაოგებ. მე ჩემს პასუხს გადაჭრით ვერ გეტყოდით სიკვდილის შესახებ ყოველთვის რჩება კითხვა, დასასრულია, თუ კულისებში გასვლა, თუ დასაწყისი, თუ უბრალოდ არარაში გადასვლა, რას გაოგებ. მე ჩემს პასუხს გადაჭრით ვერ გეტყოდით
5. ფინალი აქვს დამაინტრიგებელი. :)))
ფინალი აქვს დამაინტრიგებელი. :)))
4. ჰო, მუღამიც ეგ იყო ბეთჰოვენისა ჰო, მუღამიც ეგ იყო ბეთჰოვენისა
3. ერთი ამოსუნთქვით იკითხება ერთი ამოსუნთქვით იკითხება
2. ავტორი: აიობ ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
ფონის გარეშეც კარგად წამეკითხა! ავტორი: აიობ ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
ფონის გარეშეც კარგად წამეკითხა!
1. წაკითხვა რეკომენდირებულია ბეთჰოვენის მე5 სიმფონიის თანხლებით :) ერთგვარი აკუსტიკური ექსპერიმენტი ვცადე, შეფასება თქვენზე მომინდია. https://youtu.be/_4IRMYuE1hI წაკითხვა რეკომენდირებულია ბეთჰოვენის მე5 სიმფონიის თანხლებით :) ერთგვარი აკუსტიკური ექსპერიმენტი ვცადე, შეფასება თქვენზე მომინდია. https://youtu.be/_4IRMYuE1hI
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|