ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აიობ
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2020


უუძველესი სიმღერა

დუმს. ქარი კივის.
დუმს ქარი. კივის.
დუმს ქარი. კივის ქარის დუმილი.
დუმს კარზე ზარი.
დუმს. კარზე ზარი.
ხროტინი. იხრჩობა ყურმილი.
ხროტინი იხრჩობა. ყურმილი
გპასუხობს. სახელი შენი არავის ახსოვს.
გპასუხობს სახელი, შენი არავის ახსოვს
არც ნაკვთი სახის, არც ხმა ძახილის.
შენ ხარ სახლში. ხარ გასული.
მლაშე ტალღებზე დაცურავს შენი დაწყევლილი სული.
რცხილის კუბოზე ჯვარივით დაჭედებული იალქნებით.
შენი ძახილი მლაშე ქარების დუმილსღა ესმის,
ხოლო სახელი ვეშაპების ხმით გამოითქმის.
და შენი სახე მეკობრეთა გემების კიჩოს
თუღა ამშვენებს.
ზურგის ქარებით ნანუგეშები შენ მიუყვები
ეფემერების უკიდეგანო სულთა ჭაოებებს,
სასაფლაოებს, სამოთხეებს და გაჩერდები,
ათას წლის მერე,
როცა მზე ჩავა.
როცა ხელები დაფლეთილი იალქნებივით ჩამოგეშლება.
შენ გაჩერდები მარადისობის ფსკერთან, კიდესთან.
და გაიხსენებ: ათას წლის წინათ
დამპალი რცხილით შეფიცრულ გემზე მდგარი მეკობრე,
რომის წრუპვისგან გალეშილი მღეროდა მოტივს:

"მე ამ ხომალდის უმცირესი ნაწილაკი ვარ
და ოკეანის დიდ ტალღებზე ვეღარ ვეტევი.
ეჰ, სანამ წყევლას კრაკენისას წავულეკივარ,
დამაკოცნინა ქალთევზათა მლაშე კერტები"





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები