 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 29 იანვარი, 2020 |
როგორც იქნა ვიპოვე ჩემი "შიოლა", მალე დედაც გავხდები! უკვე რომ მეგონა წლებთან ერთად ოცნებებიც გამიხუნდა და ამიერიდან მხოლოდ ნაცრისფერ დღეებს უნდა ვემეგობრო-მეთქი, სწორედ მაშინ შეერია ჩემს სულს პირველი ვარდისფერი ფიფქი, მერე კი უცებ ჩამოთოვა სიგიჟისფრად. ავყვავილდი და ავფარფატდი, გავფერადდი და ბევრი გავხდი, ბევრი-გზადაცული ბილიკებით, შემდეგ კი დავდნი და ცხელ ნაკადულად ჩავიღვენთე ჩემსავე სხეულში. დღეს მე ბედნიერი ქალი ვარ... არა, ჩვეულებრივად კი არა, სულ, სულ სხვანაირად ბედნიერი, უცხო, ჯერ არ თქმული სიტყვებისგან შექმნილი წიგნივით სავსე, ჯერ არ არსებული ანბანით აკინძული ლექსივით ნაბრძოლი და საინტერესო. ეს ჩვენი ენა... ჩვენი დამწერლობა... ჩემი და მისი! მისი და ჩემი! გასულ დღეებთან შედარებით თბილი ამინდია და ჩვენც თავისუფლად ვსეირნობთ. ქარიანში ვერიდებით გარეთ გამოსვლას, უფრო სწორად ის ერიდება, რა ქნას? ეშინია საყვარელ ქალსა და მუცლად მყოფ მომავალს საფრთხე არ შეუქმნას ზამთრის სიფითრემ. მას ჩემი ხელი უჭირავს, მკლავქვეშ საიმედოდ ვყავარ "დატყვევებული" და მდინარის პირას ვტკეპნით უთოვლო იანვარს. მე ვლაპარაკობ, იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე. ვკისკისებ უჩვეულოდ, აქამდე რომ არ მიცინია, ისე ხმამაღლა. ვცეკვავ მისგან მოუწყვეტლად, თითქოს ახლა აღმომაჩნდა სადღაც მიმალული უცნობი ნიჭი და მინდა მსოფლიოს ვაცნობო ამის შესახებ. ჩემს ყველა ქმედებას გაფაციცებით აკვირდება, ტუჩების მოძრაობით ვხვდები, თითოეულ სიტყვას, რომლებიც ჩემი ბაგეებიდან გაჟღერდნენ, უცვლელად იმეორებს, გეგონება დაზეპირებას აპირებს, რომ მერე იქით, ღრმა მომავალში ყველა ბგერა ყურში ისე ენერგიულად და ახალგაზრდულად ჩამჩურჩულოს, როგორ თავისუფლადაც მე გამომდის ახლა ბედნიერების ხატვა. მე მიყვარს ის, მას კი მე ვუყვარვარ სამარადისოდ! სულ ახლახანს აღმოვაჩინეთ ერთმანეთი, მაგრამ მაინც ვერცერთი ვერ ვიხსენებთ როდის იყო ეს ახლახანს. მე ვამბობ, ვიდრე დავიბადებოდე მანამდეც კი ჩემში არსებობდი-მეთქი, ისიც მეთანხმება, მერე კი რატომღაც იხრება და ჩვენს შვილს (შვილებს) მიმართავს: "დაიმახსოვრე პაწაწინავ, არავინ იცის სიყვარული როდის იწყება, ვერც მის სიკვდილს იგებს მაშინვე ვინმე და დასასრულსაც არ ჰქვია დასასრული, თუ კაცის ბოლო სიტყვა თავისი მეორე ნახევრის სახელი იქნება!" ცოტა ხანს ჩუმად იდგა, ჩემს მუცელზე ხელებმიკრობილი, შემდეგ თითები აათამაშა, უცნაურად დამთბარი მზერით ამომხედა, ხელში ამიტაცა და სულ ერთადერთი სიტყვა დამიტოვა ბაგეეზე-"ამბორი"! მე ვიპოვე ჩემი "შიოლა", ვეძებდი და ვიპოვე კიდეც... და ის ლოდინი არაფერია... აღარც კი მახსოვს ცარიელი, უმგზავრო გზები! ასე დაწერდა ალბათ ფუფალა მართლაც რომ ეპოვა თავისი ბედი, უმთვარო ღამეს ზღაპრების უსასრულო ტომეულიდან მოპარულ შიოლას რომ შეხვედროდა, შიოლას, რომლის ნატვრაშიც სამოსივით შემოაცვდა დაცვარული სიცოცხლე, მაგრამ არცა შიოლა ყოფილა როდესმე და არც ბედის ბილიკი გაკვალულა მისთვის საოცნებო ნაბიჯებით... ამ ყველაფერს კი მის მაგივრად მე დავწერ, მე, მასავით უსასრულოდ შეყვარებული ცალსახა სული, იქნებ და შევძლო კიდეც იმის პოვნა, რაც არასოდეს დამიკარგავს, იმის, რისი შეგრძნების სურვილიც მზესავით ცხელი და საიმედოა. იქნებ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჰო, რატომაც არა?! იქნებ ...
ჰო, რატომაც არა?! იქნებ ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|