ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დ ო მ ი ნ ო
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2020


ქარის მოტანილები

***
მე დაჟინებით მიმტკიცებდა კარდიოლოგი,
რომ გული მხოლოდ არის კუნთი,
სხვა არაფერი...

***
მდინარე, სადაც მე და მამა
ვიჭერდით თევზებს,
დაშრა, როგორც დედაჩემის თვალებში ცრემლი...

***
არც თბილ  ბაგეზე,
არც თეთრ ხელებზე
და არც ხორბლისფერ ნაწნავებზე...
საფლავის ქვაზე დაეცა წვეთი,
წვიმა დაიწყო...

***
დამსხვრეულ მინას ვერ ამთელებს ადამიანი,
ვერც ჩაკბეჩილ ვაშლს დაუბრუნებს პირვანდელ სახეს,
ღმერთმა კვამლისგან აღადგინა დამწვარი წიგნი...

***
პეპლის აფრენის შემდეგ
ჭიანჭველები თავს დამტყდარ ქარიშხალს იხსენებენ...

***
დავკარგეთ აფხაზეთი...
დევნილი დედაჩემი სვანეთის გზაზე, ცივ ზამთარში,  მუცელზე თორმეტ "ადიალას" იხვევს,
მუცელში მე ვყავარ...
ალბათ ამიტომ მცხელა ზამთარში
და თბილ საბანსაც აღარ ვიფარებ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები