ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევექ
ჟანრი: პროზა
28 აპრილი, 2020


ვასაკა

- ჩიტები როგორ დაფრინავენ?
- ფრთებით. ფრთებს იქნევენ და ჰაერის ნაკადებზე სრიალებენ
- მეც მინდა ვიფრინო
- ადამიანები ჩიტებივით ვერ ვიფრენთ. ჩიტები მსუბუქები არიან, თანაც სიყვარულით სავსე, თუმცა შენ შეგიძლია იფრინო, ჩიტბზე უკეთაც...
- როგორ?
- დახუჭე თვალები, თავი მაღლა აწიე. თითქოს შენს გარშემო მხოლოდ ცაა.  სხეული აამოძრავე ზღვის ტალღებზე მოფარფატე ბუშტივით და ფრენასაც შეძლებ
- ...დავფრინავ
- მეც
- რა კარგია ფრენა, ტალღების ხმა ჩამესმის ყურში და ჩიტებიც ჭიკჭიკებენ.

ეს იყო ჩვენი პირველი, შეიძლება ითქვას ყველაზე სერიოზული დიალოგი. მე 35 წლის ვარ, ჩემი შვილი ხუთის. პირველი გაფრენის შემდეგ მეგობრები გავხდით და მივხვდი, რომ შვილზე მნიშვნელოვანი ალბათ არაფერია და არავინ - მას შემდეგ ხშირად დავფრინავთ - ხან სად ვართ, ხან სად.

- მამა სამყარო რამხელაა, სად იწყება ან სად მთავრება იგი?
- სამყარო უსასრულოა, უზარმაზარია. არავინ იცის მისი დასაწყისიც და დასასრულიც. თუმცა ერთი რამ - იგი ისეთივე კარგია როგორც შენი თვალები, შენი ღიმილი. აბა გულზე დაიდე ხელი, გრძნობ როგორ ფეთქავს?
- კი, ბუგ-ბუგ-ბუგ
- სანამ გული ფეთქავს ეს სამყაროც იარსებს
- ვის გული?
- ბავშვების გული? შენი გული, შენი მეგობრების, ყველა იმ ბავშვის გული ვინც ამ სამყაროშია ახლა და იმათიც ვინც მომავალში დაიბადება
- ეგ როგორ?
- გულის ფეთქვა აძლევს ყველაფერს სიცოცხლის აზრს, რომ არა მისი ბაგა-ბუგი ახლა ყველგან უკუნი სიბნელე იქნებოდა და სიცარიელე
- მეშინია სიბნელის

ჩვენს ეზოში ვასაკებმა დაიდეს ბინა. მეზობლის მამლებზე ადრე იღვიძებენ, ყიყინით ამცნობენ მთელ სამყაროს მზე ამოდის და თენდებაო, მათი ხტუნვის ხმებიც ისმის ხოლმე - ოთხი, პატარა, ჩხირებივით ფეხების ტყაპუნი ნამიან ბალახზე.

მე და მამაჩემი ზღვის პირას ვისხედით, უფრო სწორედ მამა იჯდა დიდ ლოდზე, მე კი მის კალთაში და დაღამებას ველოდით. მოულოდნელად გაფარდისფერდა ჰორიზონტი, ათასფერად შეღება მთელი სივრცე, ზღვის მიღმა გადაგორდა მზე, თითქოს ცეცხლისმფრქვეველი დრაკონია და სამყაროს ჩაყლაპვას ლამობსო, მერე დამწიფებულ ატამს დაემსგავსა და თვალის დახამხამებაში არაამქვეყნიური მრავალფეროვნება მოსაწყენმა სიშავემ გადაფარა... მამამ გულის ჯიბიდან დიდრონთვალება ვასაკა ამოიყვანა, ფრთხილად დასვა ქვიშიან ნაპირზე, ვასაკამ ერთხელ შემოგხვდედა და წამის მეასედში გაუჩინარდა. მას ისე უცემდა გული, ისეთი ბაგა-ბუგი გაჰქონდა, მგონია, რომ მამას გულიც თან გაიყოლა...

დაძინებისას მამაჩემის მკერდზე ვდებდი თავს, მისი გულის ცემას ვუსმენდი, ეს უწყვეტი ფეთქვა იანვნანასავით იყო ჩემთვის და სიზმრების სამყაროში მიმაქანებდა. იმ დილიდან კი მისი გული აღარ იყო ძველებურად ძლიერი, არც მკერდზე დაძინების უფლება მქონდა, დედა ამბობდა საშიშია და ჯობს ბალიშზე ჩამოდო თავიო. ამ ამბებს კი ვასაკას ვაბრალებდი, დიდ ხანს ვეძებდი, მინდოდა დაუბრუნებინა ის რაც მე მომპარა, მამას მოპარა… თუმცა მალე მამა წავიდა, დილაადრიან დაგვტოვა და მეც შევწყვიტე ძებნა… სიმზმრებში მოდიოდა ჩემთან - იდგა, ხმას არ იღებდა, თუმცა მთელი სასიზმრეთი მისი გულის ცემით იყო სავსე…

და აი, წლების შემდეგ მე და ჩემი შვილი ვიწყებთ მეგობრობის ახალ ისტორიას და მისი გულიც ისე ფეთქაავს, როგორც ოდესღაც მამაჩემის ფეთქავდა. ვასაკების დაბრუნებაც ამ მისტიური კავშირის აღდგენის ნიშანია ჩემთვის, თითქოს დამიბრუნეს ის რაც წლების წინ მომპარეს.

ჩემს შვილს ოქროსფერი თმები აქვს, ხუჭუჭა კულულებით. სრულ სიჩუმეში უყვარს ძილი, გაშლილი თმებით და როცა მის სუნთქვას ვუსმენ ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ, ვგრძნობ რომ ცოცხალია მთელი სამყარო... ბუგ-ბუგ, ბუგ-ბუგ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები