ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
4 ნოემბერი, 2022


სიკვდილმისჯილი /მცირე თხრობა/

                                       
კვდებოდა მერი და ვერ კვდებოდა. ყველა ახლობელმა მიატოვა. მობეზრდათ.
მხოლოდ მომვლელი ქალი აკითხავდა იშვიათად.
იწვა მარტოსული და სიკვდილს ნატრობდა.
გვიანი შემოდგომის იმ გაცრეცილ დღეს ქარი გააფთრებით გლეჯდა უკანასკნელ ფოთლებს და მერის ფანჯრებს აყრიდა, თითქოს ეძახდა. ზღვა ღელავდა და მსხვერპლს ითხოვდა
– შევძლებ! – ჩაილაპარაკა მერიმ და წამოჯდა.
ფრთხილად შეეხო იატაკს, შეყოვნდა და წამოდგა. თავბრუ დაეხვა, მუხლებში სისუსტე იგრძნო. ძლივს შეინარჩუნა წონასწორობა.
– შევძლებ! – შეუძახა თავის თავს.
თეთრი ზეწარი მოისხა ფრთებად. სიმძიმემ მოხარა, შეიცადა, გაიმართა და ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა აივნისკენ.
გაავებულ ზეცას ახედა და სასოწარკვეთილმა შესძახა: 
–    ღმერთო, გაუხარებელი ვკვდები! ფრენის ბედნიერება მაჩუქე! სიკვდილმისჯილის უკანასკნელი თხოვნაა ...
ცამ დაიგრუხუნა და სუსტი სხივი გაკრთა.
მერი გაჭირვებით აძვრა მოაჯირზე, გაშალა მკლავები და ზეწარი, თითქოს, ქათქათა ფრთებად იქცა. მიენდო სტიქიას. ქარიშხალმა აიტაცა ავადმყოფობისგან დამდნარი და წყლის წვეთივით გამჭვირვალე ქალი, ააფრიალა ჰაერში და დიდხანს, დიდხანს აფარფატა.
– რა ბედნიერი ვარ!– ყვიროდა მერი. ასეთი ძლიერი ემოციები არასოდეს განუცდია.
ხეების კენწეროებს ასცდა. ცაში ლაღად გაინავარდა. გული იჯერა.
– გმადლობ, უფალო! – სიხარულით წამოიძახა.
და უცებ ყველაფერი დამთავრდა.  ქარმაც, როგორც ყველამ, მიატოვა მერი. ზეწარი–ფრთები ჩამოეძენძა.
დაჭრილი თოლიასავით სწრაფად დაეშვა თავქვე და აბობოქრებული ზღვის ტალღებში გაუჩინარდა.


მზია თვალაბეიშვილი
2012 წლის 8 თებერვალი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები