 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 10 მაისი, 2020 |
ალბათ არაფერი მოასწავებდა იმ საშინელ განწყობას, რომელიც მთლიანად უფარავდა ახლა სახეს. ხელი გაუშვა ჩანთის კიდეს, რომელსაც ნერვულად აწვალებდა. ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა ფიქრობ რომ უმჯობესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სასურველი. ახლაც ამ მომენტის კიდესთან იდგა და ვერაფრით გადაეწყვიტა რანაირი არჩევანი გაეკეთებინა. ხელი გადაისვა ტალღოვან თმაზე და შეეცადა წარმოედგინა, როგორი თვალები ჰქონდა ახლა. აეროპორტში ხალხი ირეოდა, თუმცა არცერთს მიუქცევია ყურადღება მისთვის, მხოლოდ გვერდზე ჩავლის დროს წამიერად თუ შეავლებდნენ თვალს. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, ჩანთა მხარზე და ცალ ხელში ბილეთი, რომელიც არჩევანის „უმჯობესი“ მხარე იყო. ჩანთაში მობილურის ვიბრაციამ წამიერად გამოიყვანა ფიქრებიდან. იცოდა ვინც რეკავდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა რა ეთქვა საპასუხოდ. თითქოს იმდენად ბევრი რამის თქმა უნდოდა, რომ სათქმელი ვერაფრით დაალაგა გონებაში. დაელოდა, სანამ ტელეფონი არ გაყუჩდა და მხოლოდ შემდეგ გაბედა მისი ჩანთიდან ამოღება. რა თქმა უნდა მართალი იყო, ნაცნობი ციფრების წყება ატყობინებდა, რომ ეძებდნენ... თითქოს ასე უფრო ადვილია ადამიანის დავიწყება, როცა სახელის ნაცვლად მხოლოდ ციფრების ერთობლიობაა შენს მობილურში. რამდენი ცრურწმენა და წარმოდგენა შემოიკრიბა გარშემო და შემდგომ გაეხვია მათში. ახლა კი, როცა ეკრანზე უყურებდა ნომერს, ფიქრობდა რომ ქვეყნად ყველაზე სულელი ქალი იყო, რომელსაც ისიც კი ვერ მოუხერხებია, რომ „უმჯობესი“ ამჯობინოს „სასურველს“. ეკრანზე გზავნილი აციმციმდა. „Nothing is true, everything is permitted” და კადრებად დატრიალდა პირველი საუბარი, პირველი შეხვედრა, პირველი კოცნა, პირველი სრულქმნა... და უეცრად საკუთარი თავი სადღაც სულ ბოლოში დალანდა, ამდენ საწყისს შორის დაკარგული მორჩილებით რომ იდგა კუთხეში. უნდა გაიქცეს! - მუდამ ეს უტრიალებდა გონებაში, თითქოს წასვლით შეცვლიდა იმას, რაც თვითონ იყო, რაც მასში ბუდობდა... მობილური ჩანთაში ჩააბრუნა. გაქცევით უფრო მეტ ძალას სძენ მადევარს.
/ცოტა ან იქნებ ძალიან ადრე/
- იცი ჩვენს შორის რა სხვაობაა? - რა? - შენ მინუსში ყოფნას ვერ იტან, თუკი ეს მეორე ადამიანის განცდების ფასად დაგიჯდა, მაინც იზამ. მე კი სხვისი ტკივილის ხარჯზე არ გავათანაბრებ ჩემს მდგომარეობას. - ეგრეა. გავუღიმე, ხანდახან მგონია რომ ყველა შენი მინუსი ის ძაფია, რომელიც ასე ძლიერ გვაკავშირებს ერთმანეთთან. და იყო ღამე - გადაფითრებული და ზაფხულის სიცხისგან მოთენთილი. - მომეცი ხელი. - რატომ? - მიყვარს ხელს რომ ხელზე გკიდებ. ახლა მისი ღიმილის ჯერი იყო. - ყველა იტყოდა სამკითხაოდ მინდაო. ორივე გავჩუმდით, თითქოს ასე უფრო ხაზი გავუსვით ჩემს განსაკუთრებულობას. ხანდახან ვფიქრობდი, რომელი ჩვენგანი უფრო ნარცისი იყო და რამდენად არის შესაძლებელი ნარცისიზმი და ემპათიურობა ერთნაირი დოზით იყოს ადამიანში. ფაქტი კი ის გახლდათ, რომ ყველა უჯრედით ვგრძნობდი, როცა კი გვერდით იყო... ჩვენი ეგოების კვეთა იმხელა სიმძლავრეს იძენდა, რომ არამგონია ოდესმე სადმე ამხელა ძალა მეგრძნო ჩემში, როგორც მის გვერდით ყოფნისას ვგრძნობდი. - გახსოვს ადრე რა თქვი? - ბევრ სისულელეს ვამბობდი ადრე... მოიღუშა, გაიფიქრა, რომ მის წინააღმდეგ მოვიყვანდი რომელიმე მისსავე ნათქვამს. - ასე თქვი, სიკეთე ყველაზე დიდი სისუსტეაო. - სისულელეა, ეგ ძალაა. მივხვდი როგორ უკეთებდი ყველა შენს შეხედულებას ტრანსფორმაციას გონებაში და ახარისხებდი ქრონოლოგიურად, ზოგჯერ კი ერთგვარი ქაოტურობით. შენ ხომ შეგეძლო გებრძოლა ბოლო წვეთამდე და თან სიფრთხილის გამო ნაბიჯიც კი არ გადმოგედგა გრძნობებისკენ! რამდენი წინააღმდეგობა იყო შენში, ამ ანტაგონიზმის წყალობით მუდამ დუღდი შინაგანად და როგორ მიყვარდა მე ეს ცეცხლი! თითქოს იგი, რაღაც მომენტში, ჩემი სულის შავ-ბნელ კუნჭულებს მინათებდა და მაცოცხლებდა. - ხანდახან შენი მეშინია, მგონია რომ გატკინო აუცილებლად რამეს დამიშავებ. ამბობ და იღიმი. მახსენდება ამ შეხვედრამდე ორი წლით ადრე, როგორ გითხარი შენი მეშინია-თქო. ვერც ვხსნიდი რა მაფორიაქებდა ასე, მაგრამ რაღაც განუზომელ ძალას ვგრძნობდი შენში. ისეთი სიმძლავრის, რომელსაც ვერაფრით მოვერეოდი. ახლა კი ვუყურებდი მას, გადაღლილს, რომელიც თითქოს ემოციების გორგლად ქცეულიყო, გაშიშვლებულ ნერვებს წააგავდა, მცირე ვიბრაციაზეც კი რომ რეაგირებს. როგორ მომინდა ჩავხუტებოდი, როგორ საშინლად მომინდა ჩემი სასიცოცხლო ენერგია გადამესხა და მისი თვალებისთვის ისევ ის ძველი ცეცხლი დამებრუნებინა. - შენთან ყოველთვის კარგად ვგრძნობ თავს. ვუთხარი და მასთან ყოფნის სიმყუდროვე და სიმშვიდე დავაგემოვნე თითქოს. გაოცებულმა შემომხედე. არაფერი მითქვამს მეტი, ზურგიდან მოგეხვიე და შენს გულისცემას შორიდან მივაყურადე. ოდესმე, თუკი მართლა მოხდა ისე, რომ მოუბრუნებლად წავედი, ალბათ ჩემი რაღაც ნაწილის ამოგლეჯა მომიწევს, რომ დაგშორდე. ჩემში არსებულ ყველა ცარიელ სივრცეს ავსებ, იმდენად ჩემი ხარ ზოგჯერ, რომ შემიძლია საერთოდ არ გეკონტაქტო და ასე გატარო მომდევნო შეხვედრამდე.
***
„კადრებად მახსენდება მისი სახე, ჯერ თვალებს ვხედავ, თავდაჯერებულს, თუმცა ეჭვიანს. მუდამ მზად მყოფს, რომ რაიმე არ მოეწონოს, გააკრიტიკოს, მაგრამ ამასთანავე ბავშვურს, რომელსაც მცირედიც ეყოფა რომ გულით გაიხაროს. შენი დუალურობა ჩემი დუალურობის ნაწილი მგონია ხოლმე ზოგჯერ - ჩვენ ხომ ასე ვგავართ და ამასთანავე განვსხვავდებით ერთმანეთისგან, და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, ძვირფასო, ყოველ ჯერზე რომ შენგან, როგორც საკუთარი თავისგან გავრბივარ და მაინც ბოლოს, როგორც ჩემს ნაწილთან ისე ვბრუნდები“ გაეღიმა თავის თავზე. ეს მესიჯი არ გაუგზავნია, ჯერ კიდევ „დრაფტებში“ იყო და გაგზავნის გარდაუვალ წამს ელოდა. გარდაუვალს? ეს კიდევ საკითხავია. როგორი სულელი უნდა იყო მართლაც, აეროპორტში იჯდე რეისის მოლოდინში და თან ძველ არგაგზავნილ შეტყობინებებზე გეღიმებოდეს. ალბათ ერთადერთი იყო, ვისაც არ უნდოდა რომ მასზე დაეწერა რამე. ეს ხომ კიდევ ერთი ძაფი იქნებოდა მათ შორის და მერე როგორ გაურბოდა იგი ამ ძაფებს... როგორც ობობის ქსელს, რომელში გახვევაც სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა მისთვის. ამ ფიქრებში იყო მესენჯერში შეტყობინება რომ მოუვიდა. ერიკი წერდა, რომ ახლა მონმარტრზე ბოდიალობდა და ერთი სული ჰქონდა, როდის მოსწყდებოდა თვითმფრინავი თბილისს და მათ შორის მანძილს თანდათან შეამცირებდა. ნუთუ ესეც გაქცევაა? თუ ეს „უმჯობესია“ არის, რომელსაც ჯიუტად „სასურველს“ ეძახის. პასუხის მიწერა მოუნდა, მაგრამ სიტყვების მთელი მარაგი ერთიანად აორთქლდა მის გონებაში. ან კი რაღა უნდა ეთქვა? როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო ისედაც. გაახსენდა ერიკთან მიმოწერები, მისი თბილისური ვოიაჟი და ის ძაფები, რომლებიც გაერთიანების ნაცვლად ზოგჯერ ხუთავდა. ერიკისგან განსხვავებით, მასთან სხვანაირად იყო. ყველაფრის მიუხედავად, მაინც სხვანაირი იყო მათი ურთიერთობა. „იქნებ იმდენად ველური ვარ, რომ ჩემთვის გაშინაურება წარმოუდგენელია? იქნებ ორივე თავისუფლებისთვის ვართ შექმნილები და ჩვენი მცდელობა - დავემსგავსოთ საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენლებს, უბრალოდ საკუთარ თავთან უთავბოლო მაზოხიზმია და არაფერი აქვს საერთო ჩვენს რეალურ სურვილებთან? იქნებ ჩემი მიზანია თავისუფლება გასწავლო და შენი მიზანია - შემაყვარო ამ თავისუფლებაში ჩემივე თავი?“ ჯანდაბა, რამდენი კითხვაა და უამრავი ალტერნატივა, რომელიც ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, უფრო ამყარებს. ამდენ პასუხს შორის კი საკუთარი თავი გეკარგება, რაღაც უმნიშვნელო ფიგურა ხდები საკუთარსავე ცხოვრების დაფაზე. ყველა პაიკი ხომ პოტენციური დედოფალია, მათი ერთადერთი მიზანი დედოფლად ქცევაა და სწორედ ამ სურვილს ეწირებიან გზადაგზა. ისიც პაიკად გრძნობდა თავს, რომელსაც დედოფლობა სურდა, რომ მეფის გვერდით დაეკავებინა ადგილი. ისევ გაეღიმა. ბოლო პერიოდია სევდიანი ღიმილი დასჩემდა, თითქოს ღიმილის მიმიკა სევდას უფრო უკეთ გამოხატავდა, ვიდრე სიხარულს. კიდევ ერთხელ რომ დარწმუნებულიყო თავისი არჩევანის სისწორეში, ერიკის წერილი ამოიღო ჩანთიდან. მას ჯერ კიდევ ასდიოდა მისი ოდეკოლონის გრილი სურნელი. იქვე ჩამოჯდა და გადაიკითხა. „ქეით, ოდესმე შენს თვალებში პარიზი მინდა ვიხილო. ალბათ გამოუსწორებელი ეგოისტი ვარ ჩემი ქვეყნისკენ რომ გექაჩები და ასე მსურს ჩემი სამყაროს ნაწილად გაქციო (ანდაც იქნებ პარიზი იქცეს იმ სხივად ასე რომ საჭიროებენ შენი თვალები). შენთან შეხვედრამდე რამოდენიმე წუთი დარჩა ალბათ, თუკი ძალიან არ დააგვიანებ. მე კი ახლა იმ ბავშვივით ვარ, დაფასთან რომ უნდა გამოიძახონ, მას კი ნასწავლიდან აღარაფერი ახსოვს. ჰო, ასე მემართება შენთან სულ, სადღაც ქრება ჩემს ტვინში არსებული მთელი ინფორმაცია და მხოლოდ შენი არსება იკავებს მთელ ადგილს. ალბათ ოდესმე, როცა პარიზში ხელჩაკიდებულები ვივლით, გაგახსენებ იმ წუთებს აქ რომ ვიჯექი და შენთვის მორიგ წერილს ვწერდი. მინდა უამრავი სიტყვა და წინადადება დაგიტოვო, სანამ მოსულხარ და ჩემი ტვინიდან ყოველივე გაგიდევნია. არის შენში რაღაც მაგიური, როგორ მოხდენილად ეწევი სიგარეტს, შავი თვალების იდუმალ ნათებას არ მაშორებ და გძალუძს ყველა ჩემს მიერ დაწყებული წინადადება დააბოლოვო. არის ამაში რაღაც ღვთიურიც, არ ფიქრობ ასე? როგორც ღმერთმა შექმნა ადამი და მის გაგრძელებად ქალი მოავლინა, ასევე ხარ შენც ჩემთან მიმართებაში - ჩემი არსების სამოთხეში გადმოცემული გაგრძელება ხარ, რომელიც ამ რეალობაში დაკარგული მყავს და გაუაზრებლად, მაგრამ მთელი შემართებით ვცდილობ დავიბრუნო. ერთხელ მითხარი, ჩვენი თვალები დიდ კონტრასტს ქმნიან, შენ განთიადი ხარ შენი ცისფერი თვალებით და მე მეწამული ღამეო. თან ამის თქმის დროს ტუჩის კუთხეები მსუბუქი ირონიით შეიმოსე. მითქვამს შენთვის, როგორ ვგიჟდები შენზე? ალბათ არა, ან კი როგორ შევძლებდი ამ ყველაფერს, როცა ყველა სიტყვა წამართვი და შენი დანახვისას მხოლოდ მეწამული ღამის მაგიურობას ვხედავ შენს თვალებში. ვინ იცის, თუკი მართლა სადმე მოგაგენი და დაგიბრუნე, იქნებ ოდესმე პარიზიც ვიხილო მათში.
ერიკი“ ერიკს ლამაზად შეეძლო სათქმელის გადმოცემა, ეს თავიდანვე აღიარა საკუთარ თავთან. ზოგჯერ უფიქრია, რომ ჰგავდა მას ამ ტკბილი და ემოციური განწყობებით, მაგრამ მის იქით, ვერაფრით მოდიოდა ერიკის განთიადისფერი თვალები მისი თვალების სიბნელესთან. ერიკი ვერასოდეს გაიგებდა რას მოიცავდა ეს ბნელი. ამაში წვდომის უნარი მხოლოდ მას ჰქონდა, რადგან უკიდეგანო სიბნელებს ატარებდა თავადაც. ქალს უყვარდა, როცა მის სიბნელეს დაბზარავდა ხოლმე და იქიდან სინათლე სჭრიდა თვალს. წარმოუდგენელია ადამიანი მხოლოდ ნათელი ან მხოლოდ ბნელი გახლდეთ, იგი ნაზავია ამ ყველაფრისა, რაშიც არსებული შუქ-ჩრდილები მონაცვლეობით სხვადასხვა ვარიაციას იძლევა. როგორ ხდება, რომ ყველაფრის სათავეც და დასასრულიც ერთია? იგი ჯოჯოხეთია, სადაც ჩემი დემონები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.
*** „в тебе есть огонь, используй его“ - მითხრა მან ერთხელ, როცა ჩემს სანთებელასთან ერთად გაუჩინარდა. ალბათ ჩვენი საერთო ავადმყოფობაა ყოველ ნახვაზე ვშორდებოდეთ ერთმანეთს. ნუთუ იმდენად დიდი ემოციები გვიჩნდება შეხვედრისას, რომ განცალკევების სურვილით ვშველით ჩვენს თავებს. რამდენად დიდია სხვაობა ჩვენს შორის, მაშინ როცა მგონია რომ შენზე ახლობელი არასოდეს არავინ მყოლია და როგორი ძლიერია გაქცევის სურვილი, რომ უკანმოუხედავად მივდივართ ყოველთვის და მერე დროის გასვლასთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ ვბრუნდებით უკან. სანამ დავიწყებდით ურთიერთობას მანამდე წავედი, ჰო, იქნებ მომდევნო ცხოვრებაში-თქო გითხარი და მეგონა რომ უკანასკნელად შევეხე შენს ტუჩებს. თუმცა... კი გადავავადებდი მომდევნო ცხოვრებამდე შენს ნახვას, მაგრამ რომ ვეღარ მომეგნო, ძვირფასო? არაფერი არის იმაზე რეალური, ვიდრე შენი სუნთქვა ჩემს ტუჩებთან და მახსენდება ჩვენი ბოლო შეხვედრა, თუ როგორ გახელებით მკოცნიდი, თითქოს ჩემს თავს გართმევდი და გინდოდა რაც შეიძლება უკეთ დაგემახსოვრებინა და მომდევნო შიმშილამდე გამოგეზოგა ჩემი სხეულის ყველა წერტილი. როგორ მტკენდა თითოეული შენი შეხება, მიბზარავდა სხეულს და მინდოდა რაღაც ვაკუუმში გამოვკეტილიყავი, რათა არ მომკარებოდი. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად შენს მიერ ნათქვამი სიტყვებისა, ახლა მე საშინლად მტკიოდი და მსურდი ამასთანავე. ამ ამბივალენტური განცდების გამო კი ჩემში ყველა ემოციის ჩაკვლას ვცდილობდი. და ეს იყო ის ბოლო შეხვედრა, როცა ლიფტში რამოდენიმე წამი ჯიუტად მაკვირდებოდი თვალებში. ალბათ მათში ცრემლები რომ დაგენახა შენც ჩემნაირი ამბივალენტური განცდები დაგეუფლებოდა - გეტკინებოდა და თან იზეიმებდი ამავდროულად. ძვირფასო, გამარჯვებული ხშირად საკუთარ თავთან მარცხდება და არაფერი ჩანს ისე, როგორც არის. აკი, ასეც გეწერა იქ საიტზე, რომ „არაფერია რეალური და ყველაფერი დასაშვებია“-ო, მე კი ნათელი მაგალითი ვარ ახლა იმისა, რომ - ყველაფერი რეალურია და არაფერია დასაშვები. არ ვიცი კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ავდგე და საბოლოოდ წავიდე შენგან. ან კი სიტყვა საბოლოო რას უნდა ნიშნავდეს? მობილურში შენი ნომრის მხოლოდ ციფრებად აღქმა ის წვეთია ზღვაში, რომელსაც მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს და რეალურად არაფერს ნიშნავს. მუდამ მეგონა რომ შენს ყველა ბნელ მხარეს მივიღებდი და შენი ქცევების ყველანაირ მანკიერებას გავიგებდი, მაგრამ როცა მე მატკინე, თანაც გამიზნულად, უხეიროდ ნაშენები ქვიშის კოშკივით ჩამოვიშალე. და სწორედ მაშინ დამჩემდა ის ღიმილი, რომელიც თავისი არსით კი ღიმილია, მაგრამ სევდას გამოხატავს და არანაირი კავშირი არ აქვს სიხარულთან. ზოგჯერ მგონია, საკუთარ თავს ლაბირინთში ვამწყვდევ და ბოროტი ნეტარებით ვუყურებ, როგორ დაკარგულად გრძნობს თავს ყოველ მოსახვევში. რომ თითქოს შენ ხარ ჩემი ლაბირინთიდან გასასვლელი კარი, მე კი ყოველ არასწორ მოსახვევთან ერთად უფრო და უფრო გშორდები. მახსოვს, ერთხელ მითხარი, როგორი მაზოხისტი ხარო. რატომ-თქო? ჩაგეძიე. ჩემთან რომ ურთიერთობ მაგიტომო. და ის პასუხი, ჩემი პასუხი დღემდე მარწმუნებს ჩემი ნათქვამის სისწორეში. ასე გიპასუხე - ეს შენ ხარ მაზოხისტი, რადგან გინდა ურთიერთობა და მაინც ცდილობ გაწყვიტო-თქო. ჰო, ორივე იმდენად მაზოხისტები ვართ, რომ ჩვენი სურვილების ერთიანობას გავურბივართ და ცალ-ცალკე ვცდილობთ ემოციებთან გამკლავებას. ზაფხულში სიყვარულზე ვსაუბრობდით და გითხარი, ოდესმე ამაზეც დაგელაპარაკები, ოღონდ ახლა მზად არ ხარ-თქო. და ნახევარი წლის მერე, მოუთმენლად, მაინც შემეკითხე, რა არის სიყვარულიო. სიყვარულია, როცა ადამიანი შენია, შენიანია, როცა ენდობი სრულად და გეიმედებათქო. არ დაგაკმაყოფილა პასუხმა, მე კი ვერ გეტყოდი რომ მაგ კითხვას პასუხი არ აქვს, ძვირფასო. სიყვარული უსასრულო ხვრელია, რომელიც ჩვენი სურვილების პროექციის ზონაა. ახლა კი ვზივარ აეროპორტში და ველი ზარს, რომელსაც ვერც კი გავბედავ რომ ვუპასუხო... მონეტას ორი მხარე არ აქვს, მონეტა ორ მხარეს შეიცავს, იგი ერთიანობაა ამ ორი მხარის. როგორ შეიძლება ტკივილი და სიხარული გამოვაცალკევო ურთიერთობიდან? მხოლოდ მისი ერთიანობაა სრულყოფილი. იქნებ ჩემი „უმჯობესია“ და „სასურველია“ ხარ ერთდროულად და შენგან კი არა, საკუთარი თავისგან გავრბივარ? ჩანთიდან მობილურს ვიღებ. დიდხანს დავყურებ მოციმციმე ეკრანს და ვცდილობ განვსაზღვრო ისეთი წინადადება, რომელიც „უმჯობესია“-ს და „სასურველია“-ს კომბინაციაა ერთდროულად. და ვკრებ მხოლოდ ერთ სიტყვას და ვგზავნი: „შენ“
5 მარტი, 2019
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მომენატრა მსგავსი შეგრძნებები..უკვე წლებია მგონი. საოცარი ხარ მომენატრა მსგავსი შეგრძნებები..უკვე წლებია მგონი. საოცარი ხარ
7. მომენატრა მსგავსი შეგრძნებები..უკვე წლებია მგონი. საოცარი ხარ მომენატრა მსგავსი შეგრძნებები..უკვე წლებია მგონი. საოცარი ხარ
6. ცოტა ზედმეტი მგონია განსჯანი თუ მსჯელობანი.
"იგი ჯოჯოხეთია, სადაც ჩემი დემონები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში."- გამახსენდა, როგორ მომწონდა ხოლმე თქვენი ფრაზები :)
ცოტა ზედმეტი მგონია განსჯანი თუ მსჯელობანი.
"იგი ჯოჯოხეთია, სადაც ჩემი დემონები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში."- გამახსენდა, როგორ მომწონდა ხოლმე თქვენი ფრაზები :)
5. ძალიან მომეწონა, შენს ნაწარმოებების პერსონაჟებში სულ ვეძებ ხოლმე ჩემს თავს, ძალიან გრძნობადი ფსიქოლოგიური ნაწერები გაქვს, გარდა კარგი მწერლობისა .ჭადრაკიც კარგად გცოდნია,"ყველა პაიკი ხომ პოტენციური დედოფალია"- ამას ვერ მიხვდებოდა საშუალო ცოდნის ადამიანი, ამიტომ პატივს ვცემ შენს განათლებულობას, ინტელექტის მაღალ დონეს. ძალიან მომეწონა, შენს ნაწარმოებების პერსონაჟებში სულ ვეძებ ხოლმე ჩემს თავს, ძალიან გრძნობადი ფსიქოლოგიური ნაწერები გაქვს, გარდა კარგი მწერლობისა .ჭადრაკიც კარგად გცოდნია,"ყველა პაიკი ხომ პოტენციური დედოფალია"- ამას ვერ მიხვდებოდა საშუალო ცოდნის ადამიანი, ამიტომ პატივს ვცემ შენს განათლებულობას, ინტელექტის მაღალ დონეს.
4.
"როგორ ხდება, რომ ყველაფრის სათავეც და დასასრულიც ერთია? იგი ჯოჯოხეთია, სადაც ჩემი დემონები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში". "როგორ შეიძლება ტკივილი და სიხარული გამოვაცალკევო ურთიერთობიდან? მხოლოდ მისი ერთიანობაა სრულყოფილი. " -----კარგადაა ნათქვამი.
"როგორ ხდება, რომ ყველაფრის სათავეც და დასასრულიც ერთია? იგი ჯოჯოხეთია, სადაც ჩემი დემონები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში". "როგორ შეიძლება ტკივილი და სიხარული გამოვაცალკევო ურთიერთობიდან? მხოლოდ მისი ერთიანობაა სრულყოფილი. " -----კარგადაა ნათქვამი.
3. საწყენი არაფერია :) გემოვნების საკითხია, ყველა ნაწერს თავისი ხელწერა აქვს.
საწყენი არაფერია :) გემოვნების საკითხია, ყველა ნაწერს თავისი ხელწერა აქვს.
2. ძალიან მაღალფარდოვანი სიტყვებია, ხელოვნურობის ელფერი დაჰკრავს. ადამიანები ასე არ ფიქრობენ, მაგ: არასოდეს გაიფიქრებენ, ან იტყვიან "ამბივალენტური განცდები". არ გეწყინოთ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია.
ძალიან მაღალფარდოვანი სიტყვებია, ხელოვნურობის ელფერი დაჰკრავს. ადამიანები ასე არ ფიქრობენ, მაგ: არასოდეს გაიფიქრებენ, ან იტყვიან "ამბივალენტური განცდები". არ გეწყინოთ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია.
1. ვახ ქეთ :) რამდენი ხანია არაფერი დაგიდევს საიტზე
უნდა წავიკითხო, იქნებ იყოს საჩემო :)
ჭკვიანი რომ ხარ ეგ გითხარი და იცი და ბარეღამ მოგიკითხავ კიდეც :) ვახ ქეთ :) რამდენი ხანია არაფერი დაგიდევს საიტზე
უნდა წავიკითხო, იქნებ იყოს საჩემო :)
ჭკვიანი რომ ხარ ეგ გითხარი და იცი და ბარეღამ მოგიკითხავ კიდეც :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|