ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯორდი
ჟანრი: პროზა
24 მაისი, 2020


რექვიემი 3

  ბებერი «როვერი» აუჩქარებლად კეცავს კილომეტრებს. ფანჯრები ავწიე და მუსიკა ჩავრთე. უკვე საკმაოდ ცხელა. გვიან მოვიფიქრე მანქანით გასეირნება. ჯობდა ადრე დილით გამოვსულიყავი, სიგრილეში. კონდიციონერს საშუალო სიმძლავრეზე ვრთავ და ტაბლოზე სასურველ ტემპერატურას ვირჩევ. ვცდილობ ვისუნთქო მშვიდად და ღრმად.  სიჩქარეს ვუმატებ ნებადართულ ლიმიტამდე. მანქანები მაინც წამდაუწუმ მისწრებენ, თანაც თავს ვალდებულად თვლიან ხმოვანი სიგნალით აღნიშნონ თავისი ეგზომ „დიდი და მნიშვნელოვანი“ გამარჯვება. მე თავს ვიკავებ, რომ სამი თითის კომბინაციით არ მივულოცო ეს საამაყო წარმატება.
  ღიღინს ვიწყებ. ვცდილობ მელოდიას ავყვე, უშედეგოდ.
იშვიათად უცნაური კაცი ვარ. სიმღერა მიყვარს, არასოდეს მიმღერია. მინდა ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დავუკრა, არადა არც ერთზე არასოდეს მისწავლია. ხატვა მიყვარს,  თუმცა დიდი ნიჭი არც ამაში მაქვს. რამდენიმე დღე ან სულაც კვირა ვხატავ შეუსვენებლად. ხშირად ცუდად გამომდის, ზოგჯერ ცოტა უკეთესად...დავამთავრებ, რამდენიმე დღე ვუყურებ, სულ უფრო ნაკლებად მომწონს, წვრილად ვხევ, ან სულაც ბასრი დანით ვჭრი და სანაგვეში ვისვრი. რამდენიმე დღეში ისევ ვიწყებ ხატვას და ასე, დაუსრულებლად. პროცესი მომწონს, შედეგი არა.
ვწერ კიდეც, თუმცა არც მწერალი ვარ და არც ილუზიები მაქვს რომ ოდესმე რამეს დავასრულებ ან გამოვცემ... და კიდევ, მოტორები მიყვარს, შიდაწვის ძრავები, მძლავრი და მაღალბრუნიანი, რომლებსაც მე თითონ ვაწყობ. უკანასკნელ ჭანჭიკამდე ვშლი, ყველა დეტალს მიკროსკოპული სიზუსტით ვამოწმებ, ზოგს შევაკეთებ, მოდიფიკაციას ვუკეთებ სრულყოფამდე, მილიგრამების სიზუსტით ვწონი და ვაბალანსირებ, ვაკალიბრებ, სხვებს ახლით ვცვლი, მაგრამ მათაც შესაბამისი დამუშავებისა და სრულყოფის შემდეგ. მიკრომეტრებით ვამოწმებ, ბევრჯერ ახალ შეძენილ დეტალს უკანაც კი ვაბრუნებ როცა ტექნიკურ მოთხოვნებს არ აკმაოფილებს და სხვის ძებნას ვიწყებ. ეს პროცესი დიდხანს გრძელდება, ზოგჯერ რამდენიმე კვირაც კი, მაგრამ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა იმ სიამოვნებასთან შედარებით წინ რომ მელოდება, როცა სუფთა ჩვრით ხელებს კარგად გავიწმენდ, საგულდაგულოდ დავიბან, თეთრ კომბინეზონს ჩავიცვამ, ღრმად შევისუნთქავ და სტარტერს ჩავრთავ. მოტორი ნახევარ ბრუნზე იქოქება. მე ხელსაწყოების დაფას გადავავლებ თვალს, ვრწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა. აკუსტიკური ფონენდოსკოპის ყურსასმენებს ვიკეთებ და ვიწყებ „გულისცემის“ შემოწმებას. ვუსმენ „ფილტვებს“, სახსროვან შეერთებებს, დგუშებს, სარქველებს...მოკლედ ყველაფერს. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ აქსელერატორის გაღებას და ნელნელა ვუმატებ ბრუნთა რიცხვს. თვალდახუჭული ვისმენ და ვტკბები მოტორის ჰარმონიული გუგუნით, ორღანის მიერ გამოცემულ ჰანგების მსგავსად რომ ჩამესმის, სხვადასხვა სიხშირეზე რომ იცვლიან ტონალობას სინქრონულად. ეს ჩემთვის იგივეა რაც მუსიკა, შესრულებული საუცხოო ორკესტრის მიერ, მაგრამ ჩემი დირიჟორობით. თუმცა ამას ხმამაღლა ხომ ვერ იტყვი კაცი, ხარხარს დამაყრიან, ისედაც ახირებული კაცის შთაბეჭდილებას ვტოვებ.
ეს მოტორიც ჩემი აწყობილია, დედამიწასაც შემოვუვლიდი გარშემო კაპოტის აუხდელად, ფიზიკურად რომ შემეძლოს. ერთი წლის უკან მეგობარს ვათხოვე მანქანა, გადაუხურებია და ძრავი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო როცა დამიბრუნა. ჰოდა მომიწია ხელახლა ჩამებერა სული.
  მსუბუქი აღმართი დაიწყო, მარცხენა ზოლში გადავდივარ და ჩამწკრივებული სატვირთო მანქანების კოლონას ვუსწრებ. ექვსიოდე რეფრიჟერატორია თურქული ნომრებით. შორიდან გრძელი სიგნალის ხმა მესმის, სარკეში ვიხედები, შავი „ჯიპ- შეროკი“ მიახლოვდება უკნიდან ანთებული ფარებით და გზის დათმობას მთხოვს. იდიოტი, იმდენს კი უნდა ხვდებოდეს რომ ვალდებულია დამელოდოს ვიდრე გასწრებას დავასრულებდე, სხვაგვარად ვერანაირად შევძლებ დავუთმო გზა, თუნდაც ამის დიდი სურვილიც მქონდეს. ისევ ხმოვან სიგნალს მაძლევს, ცდილობს სატვირთოებისკენ მიმჭეჭყოს რომ მარცხნიდან ამიქციოს. მე ყურადღებას არ ვაქცევ, ვაგრძელებ მანევრს, ვიდრე ბოლო სატვირთო არ ჩამოვიტოვე უკან და მხოლოდ ამის მერე ვიკავებ მარჯვენა ზოლს. ჯიპი მისწორდება, ორნი არიან. მათი ჟესტებით და დაჭიმული ტუჩების მოძრაობით ვხვდები რომ იგინებიან ჩემი მისამართით. ხელით მანიშნებენ  გავაჩერო მანქანა. განსაკუთრებით აქტიურობს მგზავრი, ჩემს მხარეს რომ ზის, მკერდამდე რომ აქვს ჩამოშვებული მსუქანი ღაბაბი. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და სიჩქარეს ვუმატებ, ჯიპი უკან მომყვება გაუთავებელი სიგნალით, მერე გვერდში ამომიდგა და ცდილობს გზა მომიჭრას, რომ იძულებით გამაჩეროს. მკვეთრად ვამუხრუჭებ, ვუკლებ სიჩქარეს. ჯიპი ინერციით გავარდა წინ. მარცხნიდან ვუქცევ და აქსელერატორის სატერფულს ბოლომდე ვადგამ ფეხს, თვალისდახამხამებაში ვასწრებ, ისე რომ აზრზე მოსვლასაც კი ვერ ასწრებენ. სარკეში ვაკონტროლებ ინტერვალს და სიჩქარეს ისე ვარეგულირებ რომ არც შორს ჩამომრჩნენ და ვერც დამეწიონ. მათ ხომ წარმოდგენაც არა აქვთ იმაზე, რომ ჩემი მანქანა მათ ორტონიან ჯიპზე ორჯერ მსუბუქია, ძრავი ორნახევარჯერ ნაკლები მოცულობის, მაგრამ თითქმის ერთნახევარჯერ უფრო მძლავრი და დინამიკური, თანაც საუკეთო მდგომარეობაში. ათიოდე კილომეტრი გავირბინეთ, აშკარად შარზე არიან, არ მეშვებიან. მარცხენა ხელს სავარძლის გვერდით ვაფათურებ...ბეისბოლის ბიტა ადგილზეა. რას იზამ, როცა ბრძოლის თვიდან აცილება შეუძლებელია, თავდაცვა მაინც ხომ უნდა სცადო კაცმა. თუ ეს ორი გაზულუქებული ვირგლა თავს დამესხმება, და ამის წინა პირობა უკვე სახეზეა, ვეცდები თითონაც საკადრისი პასუხი მიიღონ.
პირველსავე გასასვლელზე მოხვევის მაჩვენებელს ვრთავ და ავტომაგისტრალიდან გავდივარ იმ იმედით რომ გზას აღარ გაიმრუდებენ და დამეხსნებიან თავიდან, ჯიპი ისევ კვალში მიდგას, ჯიუტად. კარგია ოთხმოცდაათიანი წლები უკვე უკან მოვიტოვეთ თორემ გადმოყოფდა ალბათ ერთერთი მუტრუკი, ან ორივე ერთად კალაშნიკოვის ავტომატს ფანჯრიდან და სასხლეტს თითს არ აუშვებდნენ ვიდრე ბოლო ტყვია არ გაივლიდა ჩემს ზურგში.  არც ყუმბარმტყორცნ „მუხას“ გამოყენებაზე იტყოდნენ უარს, თუკი ხელთ ექნებოდათ. საღამოს კი ენაჭარტალა დიქტორი გოგონა დიდი პატივით დაუთმობდა ეთერს ამ შეიარაღებული დაჯგუფების იდეოლოგს, მეტსახელად ვინმე „ქილერას“ ან „გებელსას“ რომელიც ქურდული ჟარგონებით, ტელევიზორის ეკრანიდან დამოძღვრავდა და დაამშვიდებდა დაზაფრულ და დამფრთხალ საზოგადოებას: აბა როგორ გინდათ, ომის რეჟიმში ვიმყოფებით, ზოგს მოკლავენ, ზოგს დააყაჩაღებენ, ზოგს გააუპატიურებენო, მაგალითად კი, ამერიკას მოიყვანდა, იმათაც ეს გზა გაიარესო.  უკბილო ხუმრობასაც გაიმეტებდა,  ვინც გადარჩებით და მკვდრების შეგშურდებათ, გაზაფხულზე სურათს ერთად გადაგიღებთო. მე მშვიდად მიმაბარებდნენ მიწას, რამეთუ  დემოკრატია და ცივილიზაცია მსხვერპლს თხოულობს და  მე ვაბრკოლებდი თურმე ქვეყნის სვლას დიადი, ბედნიერი მომავლისკენ, რაკი ჩემი უგუნურობით თუ წინდაუხედაობით სწორედ იმ გზაზე აღმოვჩნდი, რომელზეც ეს ქვეყნის „აღმშენებლები“ აპირებდნენ გავლას.
  გზაჯვარედინზე მკვეთრად ვუხვევ მარჯვნივ და სწორ მონაკვეთზე კიდევ უფრო ვუმატებ სიჩქარეს. საგზაო ნიშანი მაფრთხილებს მკვეთრი მოსახვევის მოახლოვებას, მე ყურადღებას არ ვაქცევ და მთელი სიჩქარით შევდივარ მოსახვევში, სიჩქარეს ვუცვლი, მანქანა მსუბუქ, მართვად დრეიფში შემყავს და ბოლომდე ვაწვები აქსელერატორს. დრეიფი დღეს მოდაშია, ახალგაზრდები საათობით ატრიალებენ მანქანას ადგილზე, დამწვარი რეზინის სუნს და ცისფერი კვამლის კორიანტელს აყენებენ რომ გოგონებს თავი მოაწონონ, ფოტოებს და ვიდეო კლიპებს იღებენ, რომ მერე სოციალურ ქსელებში გამოფინონ და ამით იამაყონ. აი მაღალი სიჩქარით მკვეთრი მოსახვევის დაფარვა კი უმაღლესი პილოტაჟია. ჰოდა ეხლა ვნახავთ, ვისი ცენტრალური ნერვული სისტემის ნეირონები და თირკმელზედა ჯირკვლები რამდენ ადრენალინს გადაისვრიან სისხლში და როგორ იმპულსებს გაგზავნის თავის ტვინი, შეუპოვარი ბრძოლის თუ  პანიკური შიშის,  ხშირად შარდის უკონტროლოდ გამოყოფით რომ მთავრდება ხოლმე შარვალში. წინდახედული ადამიანი  მხოლოდ იმ სიმაღლეზე  უნდა შეხტეს, დაცემისას რომ არაფერი იტკინოს.
უკნიდან მუხრუჭების წრიპინი, შემდეგ კი ბორბლების ღრჭიალის ხმა მესმის, მაგრამ ეს სტაბილურ ხმას სულაც არა ჰგავს. ეს უკვე ის ხმაა, როცა მანქანა უმართავია, აღარც საჭეს ემორჩილება და  აღარც მუხრუჭების პედალს, მთელი ძალით რომ აწვებიან, იატაკამდე... აშკარაა, რომ მდევარმა იგივე შეცდომა დაუშვა, რასაც შეშინებული დილეტანტები უშვებენ ხოლმე.  რაკი მე არ დავამუხრუჭე (მანათობელი წითელი სდექ-სიგნალები არ მოხვდა თვალში), ისიც მთელი სიჩქარით შემომყვა, ცოფმორეული ნადირივით, სიბრაზისგან გონება ამღვრეული. გვიან მიხვდა რომ ასეთი სიჩქარით ამ მოსახვევში ვერ „ჩაეტეოდა“ და მკვეთრად დაამუხრუჭა. სარკეში ვიხედები, მძიმე ჯიპი ჩიკორივით ბზრიალებს, შემდეგ ბეტონის ბოძკინტს გვერდულად ეჯახება და ცხვირით ეშვება ღრმა კიუვეტში. სიჩქარეს ვუკლებ, გზიდან გადავდივარ და ვჩერდები. ჯიპის კაპოტიდან ორთქლის ბუღი ამოდის, ეტყობა რადიატორი გაუსკდა. ვხედავ როგორ იღება ჯერ ერთი, შემდეგ მეორე კარი... ცოცხლები არიან. მძღოლი კაპოტის გახსნას ცდილობს, მსუქანი იქვე ჯდება მტვრიან გვერდულზე. მერე გზას გამოხედავს, ჩემ მანქანას ამჩნევს, მსუქანი კაცის ბარობაზე მკვირცხლად დგება, უბიდან რევოლვერს იღებს და ჩემი მისამართით რამდენჯერმე ისვრის. ცხვირსახოცს ვიღებ,  ოფლით დანამულ შუბლს ვიმშრალებ და გზას ვაგრძელებ, გული გამალებით მიცემს, მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ მკერდში გაუსაძლისი ტკივილი მაქვს, სუნთქვა ისევ მიჭირს, ჩემი ფილტვები ხრიალის ხმას გამოსცემენ და უშედეგოდ ცდილობენ  შეისუნთქონ გავარვარებული, მტვრიანი ჰაერის სასიცოცხლო ულუფა. ფანჯარას ვხსნი, სიჩქარეს ვუმატებ და და ისევ ავტომაგისტრალისკენ მივიკვლევ გზას.  წყლის მათარას ვეძებ და რამდენიმე ყლუპს ვსვამ, უგემური, თბილი სითხე წყურვილს ვერ მიკლავს. იქნებ სადმე წყარო დავლანდო, ხელპირსაც დავიბანდი, ჩრდილში წამოვწვებოდი ოციოდე წუთით, შეიძლება მომეშვას ცოტა. სინდისის ქეჯნას ვგრძნობ, ჩემს თავს ვუწყრები, უკვე ვნანობ ჩემს საქციელს, ასეთი გაქსუებული ჯეელები ხომ დასკვნებს არასდროს აკეთებენ, პირიქით, უფრო ბოროტდებიან და აგრესიულები ხდებიან. ჩემი ქმედება ჰუმანური იყო განა? - მე ხომ წინასწარ ვიცოდი რაც მოხდებოდა, ეს კი დანაშაულია, წინასწარ განსაზღვრული დანაშაული...არადა ამდენი დამცირების, უტიფრობის მოთმენაც რომ არ შეიძლება... ისევ მათარას ვიღებ და ერთ პეშვს გახურებულ კისერზე ვისხამ.  --არაფერია, მათ ეს დაიმსახურეს,- ვცდილობ თავი დავიმშვიდო, ...-ფიზიკის კანონებს ანგარიში უნდა გაუწიონ, ის მაინც ეცოდინებათ, რომ  ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას.
........................

ხშირად მივიყუჟები ხოლმე სადმე კუთხეში და ვეკითხები გაუთავებლად საკუთარ თავს, ვინ ვარ მე? რატომ ვარ მე? რად ვარ სწორედ აქ და არა სადმე სხვაგან, რომელიმე გალაქტიკაზე ან უფრო შორს, თუნდაც აი იქ, უსასრულობას რომ ვეძახით და ამ შეუცნობელ, მიუწვდომელ მცნებას ჩვენივე უვიცობით მხოლოდ წაქცეული რვიანის სიმბოლოთი გამოვსახავთ.
ან სულაც რატომ მიბოძა სიცოცხლე განგებამ წინასწარ მომზადებული გეგმის, მიზნების თუ მოვალეობების გარეშე. გავჩნდი ისე რომ არაფერი მომიტანია სამყაროსთვის, მოვკვდები და ვერც ვერავინ შეამჩნევს ჩემს დანაკლისს.
ჩემი ბედისწერით განსაზღვრული წლები უგუნურად გავფლანგე. უკან გახედვის მეშინია, არ მინდა დავინახო ჩემი შეცდომების ლაბირინთი. როცა შემეძლო რამის გამოსწორება, თავი არ შევიწუხე, დღეს კი....დღეს ყველაფერი უკვე წარსულია. არადა, რამდენი კეთილი და საამაყო საქმის კეთება შეგიძლია ადამიანს,  თანაც დიდი წარმატებით. რამდენ ადამიანს შეგიძლია შვება მოჰგვარო თუნდაც თანადგომით, გულისხმიერებით, გამხნევებით, შენ კი ჯიუტად მხოლოდ წინ იყურები, ბევრ რამეს ვერ ხედავ ან შეგნებულად არ ხედავ, ყურებსაც კი „ხუჭავ“ და არ ისმენ. ერთ მშვენიერ დღეს კი წინ აღარაფერია, მოიხედავ უკან და ტყვიისფერი, მძიმე ჯანღით დაბურული იდუმალი სიცარიელე.
დანაშაული და სასჯელი....ალბათ სწორედ ესაა სასჯელიც. თითქოს ვსუნთქავ და უჰაერობით კი ვიღრჩობი, გაუსაძლისად მძიმე მეჩვენება ჩემი ხვედრი, სამუდამო პატიმრობა მისჯილის რომ შეგშურდება გამწარებულ კაცს.
  ხელთათმანების ყუთს ვაღებ და ლურჯი ფერის პატარა კოლოფს ვეძებ. მომწვანო ფერის აბს ენის ქვეშ ვიდებ. აბი მწარეა, ევკალიპტის ექსტრაქტით. ერთბაშად მიყინავს ყელს და ბრონქებს. ვცდილობ თანაბრად ვისუნთქო. მანქანები ისევ კისრის ტეხით გარბიან, მისიგნალებენ და მასწრებენ, ყველას ეჩქარება, ყველას მოუცლელობის სინდრომი სჭირს ჩემს გარდა. მე აღარსად მეჩქარება...
  მხოლოდ ახლა მახსენდება რომ დღეს არ მისაუზმია. პირველივე გადასახვევზე ვტოვებ მაგისტრალს და სოფლის ცენტრალური მოედნისკენ ვიღებ გეზს. ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულ ფარდულებში მთელი ხმით გაჰყვირიან გამყიდველები, მუშტარს უხმობენ, იაფად სთავაზობენ თავის საქონელს. აქ ყველაფერი იყიდება ერთმანეთის გვერდით: საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, ძველმანები, ხილი თუ ბოსტნეული...
მანქანიდან გადმოვდივარ და ნელა მივუყვები დახლებს.
-აბა სამეფო შაურმა, სამეფო შაურმა იაფად!
ყურში ჩამყვირის ლოყებღაჟღაჟა ყმაწვილი და უზარმაზარ დანას ხანჯალივით იქნევს, ოსტატურად. ვცდილობ შორიდან ავუარო გვერდი. მოშორებით ხის ყუთზე შავებში ჩაცმული მოხუცი დავლანდე, წინაც მუყაოს ყუთები დაუწყვია სახელდახელო დახლად, ზედ თონეში გამომცხვარი პურებით.
ვესალმები და ერთ პურს ვიღებ. შუაზე ვტეხ და ვყნოსავ.
-კარგი პურია შვილო, ჩემი ხელითა მაქ გამომცხვარი. - მიქებს ქალი.
ეჰ, სადღაა კარგი პური, ჩემს ახალგაზრდობაში პურის მაღაზიიდან ერთ კილომეტრში გესმოდა ახალი პურის მადისაღმძვრელი სურნელი.
გვერდზე ცელოფანში გახვეულ ყველს ვამჩნევ.
- ეს ყველიც თქვენია? ვეკითხები.- ჰო შვილო, ეგეც ჩემია.
გაღიმებას ვცდილობ, ასე რომ მომმართავს მე ალბათ დეიდა ან სულაც ბებო უნდა დავუძახო, არადა სულ ცოტა ხუთი ეექვსი წლით მაინცაა ჩემზე უმცროსი. მინდა ვკითხო ნამდვილად რძისგან თუა მეთქი დამზადებული, მაგრამ უძლური ქოშინის ხმა ამოდის მხოლოდ ყელიდან, ისევ თავბრუ მესხმის.
ფულს ვუხდი, ყველაფერს საბარგულში ვაწყობ და თვალით სადმე ჩრდილს ვეძებ. ქვითკირის ღობის ძირში ვჯდები ქვაზე, ზედ ღობეში ამოსული ტყემლის ხე მიჩრდილავს ოფლით დაცვარულ სახეს. პირს დაიბანდა კაცი, ვფიქრობ და უიმედოდ ვაცეცებ თვალებს. სადღაც შორს ონკანს ვამჩნევ, იქვე ქალები მწვანილს რეცხავენ პლასტმასის თასებში...მაგრამ ჯერ ვერ ავდგები, ცოტას კიდევ დავისვენებ. ზურგით ღობეს ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ...ნეტავ ვიცოდე კიდევ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე....რამდენ ხანს გავუძლებ კიდევ.
-ბიძია, ცუდად ხომ არა ხართ?
მე მეკითხებიან მგონი...სადღაც შორიდან. ჩემი შვილის ხმას ჰგავს, ჰო, ნამდვილად ისაა, მაგრამ ბიძიას რატომ მეძახის?
ვიღაც მხარზე მკიდებს ხელს.
-ბიძია!... თვალს ვახელ...ჩვიდმეტი თვრამეტი წლის გოგოა, შეშინებული, დიდრონი თვალებით... ცუდად ხართ? ვინმეს დავუძახო?
მინდა გავუღიმო, მადლობა გადავუხადო ყურადღებისთვის და თავზე ხელი გადავუსვა ალერსით. მხოლოდ თავის გაქნევას ვახერხებ უარყოფის ნიშნად. გოგონა მიდის, თან გზადაგზა უკან იყურება...სოფელი მაინც სულ სხვაა, მეტი სიკეთე აქვს, მეტი გულისხმიერება...
მკერდში ტკივილი არ ნელდება, ვცდილობ ვისუნთქო ნელა და ღრმად. მძიმედ ვდგეგი, ონკანისკენ მივბანცალებ, ქალები გვერდზე იწევიან და გზას მითმობენ, ხელ-პირს ვიბან, სველი ცხვირსახოცით მკერდს ვიზელ და შემდეგ კისერზე ვიფენ. მანქანისკენ მივდივარ და ვჯდები. ფანჯრებს ვაღებ რომ ჰაერმა იმოძრაოს. საზურგეს ვშლი და ვწვები. თვალებს ვხუჭავ, ათიოდე წუთი მაინც რომ ჩამთვლიმოს უკეთ ვიქნებოდი. ძილი კი რას მომეკარება, დიდი ხანია უკვე რაც სანატრელი გამიხდა...
იქვე ახლოს ხუთიოდე წლის ბიჭუნა თამაშობს მტვერში, დედამისის სიახლოვეს, აქვე ხილს რომ ჰყიდის. ცალ ხელში მსხალი უჭირავს და გემრიელად ახრამუნებს. თითით ვიხმობ. მორჩილად მოდის და წირპლიან თვალებს ახამხამებს.
კუპიურას ვაწვდი.
-მიდი აი იქიდან ერთი ქილა ცივი ლუდი მომიტანე. - თითით ჯიხურისკენ ვანიშნებ.
ბიჭი თავქუდმოგლეჯილი გარბის და მალე ბრუნდება დაორთქლილი ჰაინიკენის ქილით.
-ნაყინი გინდა?
ბიჭს თვალები უბრწყინდება და თავს მიქნევს.
-აჰა, სამი ცალი იყიდე, ერთი აი იმ ბებოს მიუტანე, პურის გამყიდველზე ვანიშნებ, ერთი დედაშენს, ერთიც შენთვის დაიტოვე.
ლუდის ქილას ვხსნი და ერთი მოკიდებით ნახევრამდე ჩამყავს, სასიამოვნო სიგრილეს ვგრძნობ სხეულში.
ბიჭი ხურდას მიბრუნებს და ხარბად სვლიპავს თავის ნაყინს. მე ლუდს ვათავებ და ვცდილობ ქალებისკენ არ გავიხედო. ვხვდები რომ უზნეოდ ვიქცევი,  ქვეცნობიერად ვხედავ თითქოს, გაკვირვებულებს, ნაყინი ისე უკავიათ ხელში, თითქოს ნაქურდალი იყოს, ჭამის დაწყება ვერ გაუბედიათ, მე კი თვალს ვარიდებ და საშუალებას არ ვაძლევ თვალებით მაინც გადამიხადონ მადლობა.
ისევ ბიჭს ვუბრუნდები.
- ნაყინს რომ გაათავებ ეს მათარა წყლით შემივსე და დედაშენს უთხარი თითო კილო მსხალი და ვაშლი ამიწონოს...გარგარიც, მაგრამ თუ არ შეწუხდება გამირეცხოს და ისე ჩამიწყოს... გარეცხვის ფულსაც გადავუხდი.  ბიჭი კუნტრუშით მიდის, ხუმრობა ხომ არაა, დღეს უკვე რამდენი საქმე გააკეთა, დედასაც გაეხარდება რომ გაყიდის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები