| ავტორი: ჯორდი ჟანრი: პროზა 27 მაისი, 2020 |
მტვრიან შარაგზას მივუყვები უმისამართოდ. აქეთ მგონი არასდროს ვყოფილვარ. ან იქნებ ვყოფილვარ კიდეც, მაგრამ ისე კარგად დამვიწყებია, ვეღარ ვიხსენებ. სოფელს ჩავუარე, პატარ პატარა ხილის ბაღებს გავცდი. გზა მდინარეზე გადებულ ვიწრო ხიდისკენ მიემართება. ხელმარჯვნივ, გვალვისგან გადამხმარ მინდორზე წყვილი ვერხვის ხე დავლანდე, ვერცხლისფერი ფოთლები მზის სხივებზე რომ ლივლივებენ. სიჩქარეს მოვუკელი და მოხერხებულ ადგილას ფრთხილად გადავუხვიე. ბებერ როვერს, გზატკეცილების ლომს, გაუჭირდა უსწორმასწორო გზით სიარული, მაგრამ მაინც ჯიუტად მიიკვლევს გზას გამხმარი ბალახით დაფარულ გრუნტზე. მანქანას ჩრდილში ვაჩერებ და გადმოვდივარ, სასიამოვნო სიგრილე დგას, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არა აქვს, როცა მოშორებით წყლის გუბე შევნიშნე, მიწიდან ორიოდ მტკაველზე ამოშვერილი ჟანგიანი მილიდან კი ცოტაოდენი წყალი მოწანწკარებს საცოდავად. ხელპირი დავიბანე, პეშვით წყალი ავიღე და მოვსვი. გემოთი ბევრი ვერაფერი, გოგირდის გემო დაჰკრავს, მაგრამ ცივი კი ნამდვილად არის. მაისური გავიხადე და წელს ზევით გრილი წყალი გადავივლე. მკვეთრი მოძრაობისგან ისევ შემეხუთა სული, ქოშინი დამეწყო. საბარგულიდან პლედი ამოვიღე, ხის ძირში გავშალე და გულაღმა გავიშოტე. ხმაურზე გამეღვიძა, თვალები დავაჭყიტე, მივიხედ მოვიხედე, ერთბაშად ვერ მივხვდი სად ვიყავი. ნელ ნელა მოვედი აზრზე. გუბესთან ორი ტანმორჩილი ძროხა იდგა და წყალს ხმაურით სვამდა. მერე დინჯად შეტრიალდნენ, მოშორებით ჩრდილში წამოწვნენ და უდარდელად გააგრძელეს ცოხნა. გამოძინებული თავს უკეთ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა რომ მკერდში ისევ მწარედ მჩხვლეტს. საბარგულში ჩემი ყველი და პური მოვიძიე, გემრიელად წავიხემსე. მუსიკა ჩავრთე დაბალ ხმაზე და ჩავფიქრდი, ერთი ორი ღამე აქ ხომ არ გავატარო მეთქი. ხის ძირას ვჯდები, ბლოკნოტს ვიმარჯვებ და მოკლე ჩანაწერებს ვაკეთებ. ოდესმე წავიკითხავ, მერე კი ისევ დავხევ ალბათ და სანაგვეში მოვისვრი....ან წავიკითხავ კი? საათს დავხედე, ოთხი ხდებოდა. ძროხებს შუაადღის შესვენება დაუმთავრებიათ და ისევ საძოვარზე გასულან. ყველას თავისი განრიგი აქვს... ყველას, ჩემს გარდა... გულაღმა ვწვები. მაღლა საამოდ შრიალებენ ვერხვის ფოთლები. სულ ზემოთ ჩიტები ჟღურტულებენ მხიარულად, უდარდელად...ფიქრებში ვიძირები, ფიქრები ბლანტია და წებოვანი... .........................
გალისიაში ვარ, ატლანტის ოკეანის უკაცრიელ, ნაპირზე, მოქცევაა... ტალღები საუკუნოვან ბრძოლას აგრძელებენ კლდოვან ნაპირთან, ისევ და ისევ გადადიან შეტევაზე, მთელი ძალით ეხეთქებიან ნაპირს, მერე ქაფმოგდებულნი და დამარცხებულნი უკან იხევენ რომ ძალა მოიკრიფონ, ხელახლა ეკვეთონ და ერთი გოჯი მიწა კიდევ წაჰგლიჯონ ნაპირს. ფლატეზე ვზივარ, ტალღები ვერ მწვდებიან, მხოლოდ შხეფები მასველებენ დროდადრო როგორც ჟინჟლი გვიან შემოდგომაზე. შავ დერმატინ გადაკრულ შალითას ვხსნი, შიგნიდან ხასხასა წითელი ფერის ხავერდი რომ აქვს გამოკრული. საყვირს, ოქროსფრად რომ კრიალებს, ფრთხილად ვიღებ, ჯერ თვითონ ვემზადები, ვცდილობ მშვიდად და ღრმად ვისუნთქო. მერე ერთს ძალიან ღრმად ვისუნთქავ და დაკვრას ვიწყებ. სიამოვნებას მგვრიან სევდიანი ჰანგები, გზადაგზა რომ ძლიერდებიან და მრისხანებაში იზრდებიან...ყოველ ჩვენგანში მოიძებნება მიძინებულ, უმოქმედო გრძნობათა უშრეტი წყარო, მხოლოდ მუსიკას რომ შეუძლია მათი გაღვიძება. თითქოს კოსმიური ძლებით იმუხტები, მოდუნებული სხეული ენერგიით ივსება, სევდის მორევში იძირები ან უსაზღვრო სიხარულის და სიყვარულის მოზღვავებას გრძნობ. საყვირი უფრო თავდაჯერებული ხდება, ცდილობს გადაფაროს პისტონებზე ჩემი თითების მიერ დაშვებულ პატარ-პატარა შეცდომები. „კორაზონს“ ვუკრავ თავდავიწყებით, ტრომპეტა მიჯერებს, გული აღარ მაწუხებს, ფილტვებიც სამჭედლოს საბერველივით მძლავრად იბერებიან, არც მსმენელები მიქმნიან დისკომფორტს. როგორც მითხრეს, შვედეთის მუსიკალურ-თერაპიულმა საზოგადოებამ რამდენიმე წლის უკან ექსპერიმენტი ჩაატარა და დელფინები ოკეანის ყველა სანაპიროდან მოგროვდნენ ბახის მუსიკის მოსასმენად. მე ბახი არა ვარ, არც მუსიკოსობაზე მაქვს პრეტენზია და ვერც ყურებდაცქვეტილ დელფინებს ვამჩნევ ზღვის ტალღების ამფითეატრში. მხოლოდ თეთრი თოლიები დაფრინავენ ირგვლივ, გულგრილად, ყურადღებასაც არ მაქცევენ, ზედაც არ მიყურებენ, ჭყივიან (ან იქნებ მღერიან თავის ენაზე), თუმცა არც პრეტენზიას გამოთქვამენ სიმყუდროვე რომ დავურღვიე. ბოლო აკორდს ვიღებ, ინსტრუმენტის ხმა ინავლება და სიჩუმე ისადგურებს. რბილ ჩვარს ვიღებ, საყვირს ვამშრალებ და შემდეგ საგულდაგულოდ ვაპრიალებ ხელოვნური ნატის ნაჭერით რომ ზღვის მარილიანი წვეთების კვალი გავაქრო. შალითში ვინახავ და გულაღმა ვწვები მწვანე, ხასხასა ბალახზე, თეთრი ღრუბლების ქულებს ვუცქერი, ფორმებს რომ იცვლიან დაუზარებლად და სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟების სახეს ღებულობენ. სანაპიროს მივუყვები. კლდოვანი ნაპირი მთავრდება და პლაჟის ვიწრო ზოლი იწყება, ზღვის მიქცევისას უკიდეგანო რომ ხდება ხოლმე. სიმღერას ვღიღინებ სევდიან ტრომპეტაზე: ვცდილობ ზუსტად გავიხსენო ატირებული საყვირის ხმა, მწარედ რომ მოსთქვამს ვიოლინოს მკვნესარე აკომპანიმენტით:
ბალადა ნაღვლიან საყვირზე, წარსულზე, სევდაში რომ ჩაიძირა ტირის, ქვითინებს და მწარედ ვალალებს, ოოო როგორ მოთქვამს... ოოო როგორ კვნესის... გული, სასოწარკვეთილი. ვიხსენებს დღეებს, გარდასულს და ისევ ვტირი... ესაა ბალადა სევდიან საყვირზე, გოდება უიმედო, გულზე, დაკოდილზე.... აგრერიგ იმედდაშრეტილზე...
სველ სილაზე მივაბიჯებ, ტალღები მეწევიან, წელამდე მასველებენ, მე ყურადღებას არ ვაქცევ, ისევ მივდივარ, უდარდელი, ხალისიანი....ღრმა ნაფეხურებს ვტოვებ ქვიშაში, ტალღები კი შლიან ...ისევ ვტოვებ და ისევე შლიან, ჯიუტად არ იკარებენ ჩემს ნატერფალებს.... .......
-კარგი ამინდი გამოვიდა დღეს! ვიღაცის ხმა ჩამესმის. თვალს ვახელ, მოხუცი ცოლქმარი მომჯდომია გვერდით. კაცი ყავარჯენს ეყრდნობა ორივე ხელით და კეთილად, გულღიად მიღიმის. -ჰო, - თავს ვუქნევ და ვდგები. მინდა მეც გავიღიმო, მხარზეც გადავხვიო ხელი როგორც ძმას, როგორც მეგობარს, ამის ნაცვლად, მხოლოდ თავს ვუკრავ ტუჩებმოღრეცილი, მე რომ ღიმილი მგონია და ვშორდები. სადღაც აქვე ცხოვრობენ, ხშირად მხვდებიან, ორივე მუდამ ზრდილობიანად მესალმება თავის დაკვრით, მუდამ განუყრელი სათნო ღიმილის თნხლებით. ოთხმოც წლამდე იქნებიან, გულღია, კეთილი მოხუცები არიან, დღემდე უერთმანეთოდ რომ ვერ ძლებენ, მხნედ გამოიყურებიან, სულ ერთად არიან, ერთად დადიან, წყვილად, ხელჩაკიდებულნი. კაცი მუდამ სუფთა, მოდიდან დიდი ხნის გადასული ახლადგაუთოვებული ფართო საყელოიანი, „პლანკიანი“ პერანგით, სეზონზე, განუყრელი პიჯაკით და ღია, ცოცხალი ფერის ჰალსტუხით. ქალი საგულდაგულოდ დავარცხნილი, მხრებამდე შეჭრილი თმით, რომ გაფიქრებინებს ეს ესაა საპარიკმახეროდან გამოვიდაო, მუდამ ტანსაცმლის შესაბამისი ფერის თხელი, ჰაეროვანი აბრეშუმის შარფით. შვილები ალბათ შორს ცხოვრობენ, სხვა ქალაქში ან სულაც სხვა ქვეყანაში, როგორც ხდება ხოლმე... არასოდეს დამინახია მათ გვერდით შვილები, არც შვილიშვილები. ჩამოვლენ ბინის გაყიდვის დრო როცა მოვა, როცა ესენი აღარ იქნებიან... დიდხანს დავეხეტები უმისამართოდ, უგზოუკვლოდ, ვიწრო ქუჩებში. ვფიქრობ წეღანდელ მოხუცებზე, გული მწყდება რომ ერთხელაც კი არ გამოველაპარაკე წესიერად ამ ხნის მანძილზე, მეზობლურად, მეგობრულად... ქალს განსაკუთრებით მეტყველი და კეთილი თვალები აქვს... ძალზე ლამაზი იქნებოდა ახალგაზრდობაში, ამაყიც და გულისხმიერიც, დიდბუნებოვანიც და დიდგულიც... და საერთოდ, ორივე სიკეთის განსახიერებაა, მე კი ბოღმა და ბაიყუში. - ერთ დღეს აუცილებლად დავპატიჟებ სადმე, მყუდრო რესტორანში დავლევთ „რიოხას“ დენომინაციის შავ ღვინოს, მაღალფეხიანი ბოკლებით და ვისაუბრებთ, უფრო სწორად ყურადღებით მოვუსმენ...მოხუცებს ხომ განსაკუთრებით უყვართ წარსულის გახსენება... ამათ ბევრი რამ ექნებათ გასახსენებელი. .......
შავად მბზინვარე კატაფალკამ მიიპყრო ჩემი ყურადღება, წინ რომ ჩამიქროლა. თვალს ვაყოლებ გამჭირვალე ფანჯრებს მიღმა, პრიალა, კაკლისხისფერ კუბოს, ალბათ ებოქსიტში აზელილი დაპრესილი მუყაოს ნარჩენებისგან როა დამზადებული, უწესრიგოდ მიწყობილ პატარ-პატარა გვირგვინებს, ყურებჩამოყრილ ვარდებს და მიხაკებს... უკან სულ ორად ორი მანქანა მიჰყვება, ექსიოდე ჭირისუფლით. კიდევ ერთი სიცოცხლე ჩაქრა. ტანატორიოში დაასვენებენ, სვეტებიან დარბაზში, კედლები კაობას ძვირფასი მერქნით რომაა მოპირკეთებული, იატაკი - ნაცრისფრად მბზინვარე მარმარილოთი. რამდენიმე ნაცნობი მიუსამძიმრებს, დაუკრავს სამგლოვიარო მუსიკა, მოკლე ტექსტს სხაპასხუპით წაიკითხავს სასერდოტე, მრავალჯერ წაკითხულს, დაზეპირებულს. მერე გაიხსნება იატაკი, ჰიდრავლიკური სისტემა ნელ-ნელა დაუშვებს კუბოს ძირს, ვიდრე არ გაუჩინარდება, იატაკის ფილები ისევ უხმაუროდ დაიკავებენ საწყის მდგომარეობას. - ცერემონია დასრულებულია. ჭირისუფლები ხელის ჩამორთმევით ემშვიდობებიან პერსონალს, რომელთა ვალია, მოგვიანებით, ალბათ არენდით აღებულ ნიჩოში შეასვენონ მიცვალებული, სკებივით რომ არიან ერთმანეთზე მიშენებული სართულებად. არენდის დასრულების შემდეგ კი კრემატორიუმში ჩაიფერფლება ოდესღაც ჯანღონით სავსე სხეული; ფერფლს მომცრო ურნით ჩაიბარებენ ახლობლები, იმავე დღეს ზღვაში გადაყრიან და ვალმოხდილნი, ტვირთმოხსნილნი, რესტორანში აღნიშნავენ ამ ღირსშესანიშნავ დღეს.... უახლოესი ბარის ტერასაზე ვჯდები, დიდი კაპიტნის ქუჩაზე, ფერად ფერად ყვავილებგადმოკიდებული აივნების პირდაპირ, ჭორიკანა თუთიყუშებით დახუნძლული ფინიკის პალმების ჩრდილქვეშ. დიდხანს ვწრუპავ „კარახილიოს“, კონიაკგარეულ ყავას პატარა ფინჯნიდან, სიტყვაძუნწმა გოლიათმა, ფერნანდომ რომ მომიტანა. ჩვეულებრივ მკვირცხლი, ყურებპანტურა ირლანდიური სეტერი, აქამდე კარებთან რომ იწვა ნახევრად მთვლემარე, ზანტად წამოდგა, შემათვალიერა, ეტყობა მიცნო ან ვინმეს თუ მიმამსგავსა, მომიახლოვდა, კიდევ ერთხელ შემათვალიერა. ჭკვიან თავზე ალერსით გადავუსვი ხელი, ფეხებზე მომეტმასნა, წირპლიანი თვალებით კიდევ ერთხელ ამომხედა და იქვე მოკალათდა. ის და მისი პატრონი ერთნაირად მოწყენილები ითვლიან ერთფეროვან დღეებს და მოუთმენლად ელიან გამოსასვლელ დღეს რომ სანადიროდ გაიჭრან და გაინავარდონ, თავის სტიქიაში იგრძნონ თავი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა კარგი იყო ოკეანისპირა კადრი...
რა კარგი იყო ოკეანისპირა კადრი...
1. 5 „ბალადის“ ტექსტი შეიძლება ცოტა დაიხვეწოს.
5 „ბალადის“ ტექსტი შეიძლება ცოტა დაიხვეწოს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|