 | ავტორი: ჩესტერი ჟანრი: პროზა 23 ივნისი, 2020 |
~~~ იმ ღამით ძილზე საერთოდ არ უფიქრია. მამამისმა მაშინვე დაარხია თავისი ქსელები და მიუხედავად ოჯახის შელახული რეპუტაციისა, რამდენიმე ნაცნობისგან საჭირო ინფორმაცია მყისვე მიიღო. ორ დღეში თერაპევტთან იყო ჩაწერილი. იმ ღამით ექიმებზე არ იფიქრებდა.
გასწორებულ საწოლზე იყო გაშოტილი, მუცელზე ლეპტოპი ედო და ალბათ მეათე სტატიას კითხულობდა კვების დარღვევებზე. უკვე ნანობდა, რომ დიაგნოზის დასმა გუგლს მიანდო. უცნაურია, მაგრამ აქამდე თავისი სიმპტომების შესახებ ინტერნეტში მოძებნა არასოდეს უცდია. მიზეზი - ქვეცნობიერი შიში იყო, რომ იქ თავისი „დაავადების“ სახელს იპოვიდა. სახელი კი მის მდგომარეობას რეალურს გახდიდა. ამისთვის ჯერ მზად არ იყო.
თვალები მოისრისა, ლეპტოპი დაკეცა და გვერდით ტუმბოზე გადადო. თმაზე ხელი გადაისვა და სცადა, ხელში შერჩენილი თმის ღერებისთვის ყურადღება არ მიექცია. ახლა რომ დაეძინა, ზუსტად იცოდა რა სიზმარსაც ნახავდა. არც ამისთვის იყო მზად. მერე საკუთარ თავს შეახსენა, რომ მამა მისი ერთადერთი შვილისთვის საუკეთესო ექიმებს იპოვიდა და ამან ცოტა დაამშვიდა.
მე ამას ვაკონტროლებ.
რამდენი წელია, ეს სამი სიტყვა მისთვის პირადი მანტრასავით იქცა.
მარცხენა ხელი ქვემოთ ჩაცურდა. თითებით მენჯის ძვალი მოისინჯა და პატარა ჩაღრმავებას მალევე მიაგნო. თითი ოდნავ მიიჭირა და ტკივილმა მთელ ტანში დაუარა.
მე ამას ვეღარ ვაკონტროლებ.
ამოიოხრა და ორივე ხელი მკერდზე დაიწყო, მიცვალებულივით. გათენებამდე ორი საათი იყო დარჩენილი. ორი საათი, სანამ თავისი ოთახიდან გავა და მაყურებლისათვის თავის ჩვეულ პერფორმანსს დადგამს. სამი საათი, სანამ მშობლებთან ერთად საუზმობას აიცდენს, ჩვეული - „მერე შევჭამ...“ ფრაზით. ექვსი საათი, სანამ თავის მეგობრებს შეხვდება და მათთან ერთად სადილს, თავის საყვარელ - „წეღან ვჭამე“ ფრაზას შეაგებებს. რვა საათი, სანამ თავისი ბიძაშვილის ბავშვებს ჩაიბარებს და მათი ბავშვური, უმანკო სახეების შემყურე, თავის ყოვლად გამოუსადეგარ არსებობას ცოტა ხნით დაივიწყებს. ათი საათი, სანამ ცივ ფილაქანზე დამხობილი, უნიტაზს არ ჩააფრინდება და მთელი დღის დაგროვილ სიმძიმეს უკან არ ამოანთხევს. თორმეტი საათი, სანამ ტანსაცმლიანი პირქვე დაემხობა საწოლზე და იმ სიზმარზე ფიქრში ჩაეძინება, რომელსაც გათენებამდე აუცილებლად ნახავს, თანაც არაერთხელ.
~~~ - თუ მჯეროდეს! - თქვა ახალგაზრდა ქალმა, წითელ მოკლე თმაზე ხელი გადაისვა და თმის ფენი გამორთო. - ჩხირი კედელს! რახან შენ აქ მოხვედი, რამდენი საუკუნეა გეხვეწები და აქამდე ვერ მოგიყვანე! რაო, როგორც იქნა დადგა ცვლილებების დრო?
- დადგა... - თქვა და გაეღიმა.
დილით რომ ადგა და ბალიშზე დაცვენილ თმებს დახედა, საბოლოოდ გადაწყვიტა საპარიკმახეროში წასვლა და თმის შეჭრა. მათი ძველი სახლიდან ფეხით სულ რაღაც ხუთი წუთის სავალზე იყო. სანამ აქ ცხოვრობდნენ, მამა ამ საპარიკმახეროს რეგულარულად სტუმრობდა. პატარა რომ იყო, თან დაჰყვებოდა და უფროსების საუბრებს ღრუბელივით ისრუტავდა. მერე მამამისის პარიკმახერი მოკვდა და საპარიკმახეროცა და მისი ხელობაც, მისმა უფროსმა ქალიშვილმა ჩაიბარა. მამამ ახალი სტილისტის ხელი ვერ იგუა და ადგილი მალევე შეიცვალა, თვითონ კი დარჩა. ნანოს შეჭრილი თმა მოსწონდა, იმდენად მოსწონდა, რომ საცხოვრებლად სულ სხვა უბანში გადასული, ისევ აქ მოდიოდა თმის შესაჭრელად. დროთა განმავლობაში, თმის კრეჭის პროცესში გაცვლილი პატარა ხუმრობები, მეგობრობამ ჩაანაცვლა. შარშან ზაფხულს ნანომ საკუთარ ქორწილშიც კი დაპატიჟა! რომ წარმოიდგინა, ათობით სტუმრის თვალწინ მოუწევდა ჭამა, ცივმა ოფლმა დაასხა. ენაზე მომდგარი პირველივე მიზეზით ზრდილობიანი უარი უთხრა მოპატიჟებაზე და საჩუქრად ყველაზე ძვირფასი თაიგული გაუგზავნა.
მძიმე მინის კარი მიხურა და ქალს ფურისულების პატარა თაიგული დაანახა. ნანომ ხელით მოსაცდელი შავი ტყავის სავარძლისკენ ანიშნა და თვითონ კლიენტს მიუბრუნდა. ბოლოს აქ რომ იყო, ნანოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა რემონტი დამთავრებული. გადაკეთებულ ფართს თვალი ინტერესით მოავლო და ყვავილების თაიგული გრანიტის დაბალ მაგიდაზე დადგა. გონებაში ჩაინიშნა, ნანო საპარიკმახეროს გემოვნებიანად მოწყობისათვის შეექო.
ნანოს შავი აგურის კედელზე ჩარჩოებში ჩასმული მამაკაცის სხვადასხვა ვარცხნილობის გადიდებული ფოტოები დაეკიდა. ვერაფერს იტყოდა, მთლიანობაში საპარიკმახერო ესთეტიკურად ათასჯერ უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.
- აბა, რას იტყვი? მოგწონს?
უკან რომ შემოტრიალდა, მხოლოდ ნანო დაინახა, სალონში მარტონი იყვნენ. ქალი ხელებს წინასაფარზე იწმენდდა და მის შენიშვნებს გაფაციცებით ელოდებოდა.
- მშვენიერია!
ნანოს სახე გაებადრა, ფურისულებს დასწვდა და ყვავილები ხელში აიღო.
- მარტო შენ გახსოვს რომელი ყვავილი მიყვარს! - თქვა ქალმა და სანამ ისევ მაგიდაზე დააბრუნებდა, კიდევ ერთხელ ხარბად დაყნოსა. - იმდღეს ჩემმა ქმარმა იასამანი მოიტანა, აზრზე ხარ? ლამის ცემინებით მოვკვდი! ამ ორსულობამ ჰო საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა!
ნანომ გაბერილ მუცელზე ხელი დაიტყაპუნა და თავი გააქნია.
- კლიენტებს ძლივს ვწვდები!
ნანოს უხერხული პოზების წარმოდგენაზე გაეცინა და სარკის წინ სავარძელში დაეშვა. თვის ბოლოს გოგოს ელოდებოდა, დარწმუნებული იყო მასაც დედამისივით ნაზი, თაფლისფერი თვალები ექნებოდა. სანამ კარგად მოკალათდებოდა, ჯინსის მუქი ქურთუკი გადაიძრო და იქვე, მეორე სავარძელზე მიაგდო. ქვეშ მუქი ჭაობისფერი ნაქსოვი პულოვერი ეცვა. ნერწყვი გადაყლაპა და სავარძლის ორივე სახელურს მაგრად ჩააფრინდა. ეს მხოლოდ თმაა, შეახსენა საკუთარ თავს.
- როგორ არ გცხელა? - ჰკითხა ნანომ „ნწ-ნწთი“, ნაცრისფერი ხალათი შემოაცვა და გრძელი ქერა თმა ხელებში მოაქუჩა.
თმა ხელებში შეათამაშა და ოდნავ უკან დაიხია, რათა უფრო უკეთ შეეთვალიერებინა სიგრძე. თითებით თავი დაუმასაჟა და სავარცხელი ნაზად დაუსვა. მის ყველა მოძრაობას სარკეში აკვირდებოდა და არ გამოჰპარვია, როგორ შეეკრა შუბლი, როცა სავარცხელი ქერა ბეწვებისგან გაასუფთავა.
- აბა, რა სიგრძე გინდა? - ჰკითხა ბოლოს.
- მარცხნიდან მეხუთე სურათზე რომ ჩანს, ეგ სიგრძე მომწონს.. - თქვა და თავით შავ-თეთრი ფოტოსკენ ანიშნა.
- აჰა! ესე იგი, გვერდებზე კარგად შევამოკლებთ და ზემოთ ცოტა სიგრძე უნდა დავტოვოთ, - ნანომ თმა და ადგილები მოსინჯა და ცოტა ხნით გაჩერდა, როცა თავის ხელს დახედა. იგრძნო, როგორ დაპატარავდა სავარძელში, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, მამამისის კაბინეტში. სირცხვილით თავი ჩაღუნა და ხელები ნერვიულად მოისრისა. ყველაზე რთული იმის გააზრება იყო, რომ როგორც კი ხალხი მის მდგომარეობაზე გაიგებდა, ყველა ისე შეხედავდა, როგორც სნეულს, კაცს, რომელსაც ისეთი პრიმიტიული რამის გაკეთებაც არ შეუძლია, როგორიც ჭამაა. ნანომ სარკეში მისი მზერა დაიჭირა და თმებს ხელი გაუშვა.
- სანი, დარწმუნებული ხარ რომ თმის შეჭრა გინდა? იცოდე, ორ დღეში უკან რომ მომადგე და ინანო...
- რა მნიშვნელობა აქვს... ხომ ნახე... ისედაც მცვივა. სანამ ბოლომდე გამცვივა, მირჩევნია მოკლედ მქონდეს, ყოველდღე გრძელ ბეწვებს მაინც არ დავუწყებ დევნას... - ნერწყვი ჩაყლაპა და ქალს ახედა.
- მთავარია, რომ შეთხელება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას არ ხდება... - ნანომ თმას ხელი გადაუსვა. - მამაშენსაც ძლიერი თმა ჰქონდა, ეტყობა გვარში გაქვთ! - ნანო მის შეგულიანებას ცდილობდა. თმა ისევ ხელში მოიგროვა და მაკრატელი ჯიბიდან ამოაცურა. - სანი, ავად ხარ?
- შეიძლება მასეც ითქვას...
- საჭმელი? - იკითხა ნანომ, კუდი მაკრატლის ერთი კრიჭით მოჭრა და სანის წინ დაუდო. თვალები საცრისხელა გაუხდა და ნერწყვი ხმამაღლა ჩაყლაპა. - ჩემს დეიდაშვილსაც იგივე პრობლემა ჰქონდა... შენ არ გემახსოვრება, დეიდაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩვენთან ცხოვრობდა რამდენიმე წელი, მაგრამ სახლში იშვიათად იყო, ხოლმე. - ნანომ თბილი წყლით დარჩენილი თმა დაასველა, რამდენიმე ნაწილად გაყო და წკაპებით მიამაგრა. - ჩვენთან ერთად თითქმის არ ჭამდა, და როცა ჭამდა, მხოლოდ საღამოს... მერე ხელ-პირის დაბანის, თავის მოწესრიგების ან კბილების მოვლის მიზეზით ტუალეტში შეიკეტებოდა ხოლმე. - ნანომ მაკრატელი რიტმულად აამუშავა ხელებში და ნაცრისფერი ხალათი სველი ქერა თმით დაიფარა. - არც ისეთი პატარა ვიყავი, რომ ვერ მივმხვდარიყავი რას აკეთებდა. ნანო მეორე მხრიდან ამოუდგა და თმა კიდევ ერთხელ დაასველა. - დედაჩემი მამაჩემს გადახედავდა, ხოლმე, ის მრავალმნიშვნელოვნად ჩაახველებდა და არაფერს ამბობდა.
- ახლა კარგადაა შენი დეიდაშვილი? - ნერწყვი ჩაყლაპა და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
- უკეთესად... მკურნალობის კურსი გაიარა, მარა წამლებით და რამით არა... კვირაში ორი დღე დადიოდა ექიმთან და საათნახევარი საუბრობდნენ... - ნანომ პატარა ფუნჯით დაცვენილი თმები დაბლა გადაფერთხა.
- საუბრობდნენ?
- ჰო, და ნელ-ნელა მოიხედა... თურმე ეგონა, რომ თავის შეყვარებულს აღარ ეყვარებოდა, ერთ გრამსაც თუ მოიმატებდა. არადა საწყალი ბიჭი, ლამის მისი ნაფეხურებისთვის დაეწყო კოცნა. ვიცოდი, რომ ჩვენი სრცხვენოდა და ამიტომ ვერ გვეუბნებოდა ვერაფერს. როცა გავიგე, ყველას მაგივრად შემრცხვა. იმის მაგივრად, რომ დახმარება დროზე ადრე აღმოგვეჩინა მისთვის, ყველამ თვალი დავხუჭეთ. რაც უფრო მეტ სეანსს ესწრებოდა, მით უფრო ხვდებოდა, რომ პრობლემა მასში იყო და არა შეყვარებულში ან დანარჩენებში...
- შეიძლება გკითხო მიზეზი? რამ გადააწყვეტინა მკურნალობა?
- თვითონ სულაც არ გადაუწყვეტავს... - თქვა ნანომ და მისი მზერა სარკეში დაიჭირა. - ერთხელ თავისი შეყვარებული მოიყვანა სტუმრად, ვახშმობის შემდეგ, გასაცილებლად რომ წამოდგა, გონება დაკარგა. საავადმყოფოში საკვები ნივთიერების ნაკლებობა გვითხრეს. მერე ყველაფერი ერთიანად გასკდა. არასოდეს დამავიწყდება, როგორ უყურებდა საწყალი ბიჭი მის სუსტ სხეულს. ეტყობა თავის შეყვარებულს გამოუტყდა, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდა, ისეთი გამოვარდა პალატიდან, ჩვენთვის ზედაც არ შემოუხედავს. - ნანომ მაკრატელი შეცვალა და ვარცხნილობა შორიდან შეათვალიერა. - არადა თავისი შეყვარებული აღმერთებდა...
- მე ასე არ ვარ... რასაც ვაკეთებ, მხოლოდ ჩემი თავისთვის და არა ვინმე კონკრეტულისთვის... - გამოტყდა ბოლოს. ნანომ საპარსი მანქანა აიღო და თმა გვერდებზე ნელ-ნელა აპარსა.
- ჩემი აზრით, იგივეა. ანუკას თავისი თავი სძულდა, ეგონა, ერთი კონკრეტული ადამიანის მეტი არავინ შეიყვარებდა და მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ამ ადამიანის თვალში იდეალური გამოჩენილიყო. რაც მთავარია, ახლა უკეთაა. შემოდგომაზე ქორწილს აპირებენ და თერაპევტთანაც მხოლოდ ორ თვეში ერთხელ დადის, უბრალო შემოწმებაზე.
- ესე იგი აღარ...
- არა, როგორც ვიცი, უკვე ერთი წელია გული აღარ აურევია.
მის წინ დადებულ თმის კუდს გახედა და ნანოს მოყოლილ ამბავზე დაფიქრდა. არსაიდან გაჩენილმა იმედის ნაპერწკალმა, გუნება გამოუკეთა და ქალს სარკიდან გაუღიმა.
ნანო კარადაში რაღაცას ეძებდა. ბოლოს, წელი აითრია და ხელში რაღაც მოიისფრო საცხი შეათამაშა.
- სახლში გაგატან, დაბანის მერე წაისვი, სველ თმაზე დაიტანე და თმას მოცულობა მოემატება. - ნანომ შუშის ქილაში თითი ამოუსვა და მასა ორივე ხელისგულზე თანაბრად გადაინაწილა. მსუბუქი მოძრაობით თმას მუსისმაგვარი მასა შეაზილა და თითებით კანი კიდევ ერთხელ დაუმასაჟა.
საუბარი შეწყდა, როცა ქალმა ფენი ჩართო და თმის დაყენება დაიწყო. თბილმა ჰერმა სასიამოვნოდ დაუღუტუნა კანზე და თვალები მიელულა. თვალები რომ გაახილა, ნანო უკვე თავის ხელსაწყოებს ინახავდა. მერე ხალათიდან თმები გადაფერთხა, მოხსნა და საკიდზე ჩამოკიდა. დოინჯემოყრილი უყურებდა თავის ნახელავს.
- აბა, რას იტყვი?
- რაც იყო, იმას ჯობს! - თქვა და თავისი თავი სარკეში ხელმეორედ შეათვალიერა, არ იცოდა ზუსტად რას გრძნობდა. თმა სასამართლოს მერე აღარ შეუჭრია. ინტერესით აკვირდებოდა ყველა შტრიხს. სულ სხვანაირი იყო, ახლა კიდევ უფრო ნაკლებად ჰგავდა მამამისს. კმაყოფილმა გაიღიმა და ნანოს მაგრად გადაეხვია.
- ქუჩაში რომ გაივლი ყველა გოგო და ბიჭი შენ დაგიწყებს ყურებას, აი ნახავ! სალონი უნდა გამიპიარო! - გაეხუმრა და მხარი გაჰკრა. მერე სახიდან ღიმილი გაუქრა და ხელები მუცელზე დაიწყო. - სანი, ვიცი... რა რთულია შეწყვიტო ეგ რაღაც... ანუკამ ხელახლა დაიწყო საკუთარი თავის შეყვარება და ჯერ ისევ სწავლის პროცესშია... იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ... სანი, თერაპიის პროცესში ვიღაც აუცილებლად დაგჭირდება, საუკეთესო მეგობარი, ახლობელი... ვინმე ვისაც ამას გაანდობ...
- მასეთი არავინ მყავს... - მე ხომ მითხარი?
- ჩვენ მასეთი ახლო მეგობრები არ ვართ, - თქვა და თვალი აარიდა. - შენ არ განმსჯი, მაგრამ აი, ნიკუშა, გეგე და ღმერთო, მანო! ... არ ვიცი რა ვქნა... - მათ გახსენებაზე მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ხელები შესამჩნევად გაუოფლიანდა.
- იცოდე, რომ სწორ გზას ადგახარ... - თქვა ქალმა და კიდევ ერთხელ გადაეხვია. - ხომ იცი... აქ ყოველთვის შეგიძლია მოსვლა, მარტო თმის შესაჭრელად კი არა... მოდი, როცა ვინმესთან ლაპარაკი მოგინდეს...
თავს უფლება მისცა, გაეღიმა. დაიხარა, ლოყაზე ნაზად აკოცა და მზერა გასასვლელისკენ გადაიტანა, იმ იმედით, რომ ქალი ვერ შეამჩნევდა, თუ რა მალე ჩაუქრა თვალებში სულ რამდენიმე წუთის წინ გაჩენილი იმედის პატარა ნაპერწკალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მადლობა, რომ წაიკითხეთ! მადლობა, რომ წაიკითხეთ!
9. საინტერესო თემაა 5 საინტერესო თემაა 5
8. მადლობა, რომ წაიკითხეთ ^^ მადლობა, რომ წაიკითხეთ ^^
6. ალბათ იმიტომ რომ ეგ დაავადება ძირითადად გოგოებთან ასოცირდება? :დ ან ჩემი ბრალია, რომ პირველ თავში სახელები არ გამოვიყენე დდდდ ალბათ იმიტომ რომ ეგ დაავადება ძირითადად გოგოებთან ასოცირდება? :დ ან ჩემი ბრალია, რომ პირველ თავში სახელები არ გამოვიყენე დდდდ
5. მთავარი პერსონაჟი მეც თავიდან რატომღაც გოგო მეგონა :დ
"..სამი საათი, სანამ მშობლებთან ერთად საუზმობას აიცდენს, ჩვეული - „მერე შევჭამ...“ ფრაზით. ექვსი საათი, სანამ თავის მეგობრებს შეხვდება და მათთან ერთად სადილს, თავის საყვარელ - „წეღან ვჭამე“ ფრაზას შეაგებებს..." :// მთავარი პერსონაჟი მეც თავიდან რატომღაც გოგო მეგონა :დ
"..სამი საათი, სანამ მშობლებთან ერთად საუზმობას აიცდენს, ჩვეული - „მერე შევჭამ...“ ფრაზით. ექვსი საათი, სანამ თავის მეგობრებს შეხვდება და მათთან ერთად სადილს, თავის საყვარელ - „წეღან ვჭამე“ ფრაზას შეაგებებს..." ://
4. თმის ცვენა წლების შემდეგ ნამდვილად იწყება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ანორექსიაა. პ.ს. ნელ-ნელა ყველაფერი გამოჩნდება, წლოვანებაც და ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობაც. თმის ცვენა წლების შემდეგ ნამდვილად იწყება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ანორექსიაა. პ.ს. ნელ-ნელა ყველაფერი გამოჩნდება, წლოვანებაც და ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობაც.
3. თმის ცვენა და არ ჭამა, ანორექსიას არ ნიშნავს,აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება, პიროვნების წლოვანება, წონა,მერე ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის შესწავლა და ამის მერე თავად უნდა იაქტიუროს პრობლემის გადასაწყვეტად. ცოცხალ ადამიანს ყველაფერი ეშველება. თმის ცვენა და არ ჭამა, ანორექსიას არ ნიშნავს,აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება, პიროვნების წლოვანება, წონა,მერე ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის შესწავლა და ამის მერე თავად უნდა იაქტიუროს პრობლემის გადასაწყვეტად. ცოცხალ ადამიანს ყველაფერი ეშველება.
2. ანორექსია ძირითადად ქალებს ემართებად და საინტერესოა მამაკაცის ქეისიც. რა რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც შენი დახმარება მხოლოდ სიამოვნებას მოჰჰგვრის! გულწრფელ სიხარულს! ანორექსია ძირითადად ქალებს ემართებად და საინტერესოა მამაკაცის ქეისიც. რა რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც შენი დახმარება მხოლოდ სიამოვნებას მოჰჰგვრის! გულწრფელ სიხარულს!
1. პირველ თავში მთავარი პერსონაჟი რატომღაც გოგონა მეგონა.
კარგად ვითარდება სიუჟეტი, ბუნებრივად.
პირველ თავში მთავარი პერსონაჟი რატომღაც გოგონა მეგონა.
კარგად ვითარდება სიუჟეტი, ბუნებრივად.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|