 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 6 ივლისი, 2020 |
დილით ისევ რესტორანში სასაუზმოდ შევიკრიბეთ. საბინე ჩემს გვერდით აღმოჩნდა და ჩუმად გადმომილაპარაკა “das war gestern nicht so gemeint”-ო. ამ ფრაზის თარგმნა გერმანულიდან ცოტა რთულია და ფაქტობრივად ნიშნავს, რომ გუშინ რაც მოხდა შემთხვევით მოხდაო და მე არ მინდოდაო უბრალოდ ცოტა ნასვამი ვიყავიო და თავი ვერ შევიკავეო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოკლედ ისევ ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა და გაღიმებულმა ვუპასუხე, რომ ქართული ღვინის ბრალია ყველაფერითქო და თვალი ჩავუკარი… მონღოლურმა საუზმემ ვერ მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება. საუზმის მთავარი კერძი ცივი ბატკნის ხორცი იყო, რომელიც ჩვენმა მონღოლმა კოლეგებმა ჯამებში და ზოგმა ჩაის ჭიქებში მოათავსეს და ზედ ადუღებული წყალი დაასხეს თან აგვიხსნეს, რომ ეს იყო ძალიან პოპულარული კერძი მონღოლეთში, რომელსაც “იაპონელი ტურისტი” ქვია. ჩემი მათდამი დიდი ხათრის მიუხედავად აღნიშნული კერძი ვერ გავსინჯე და ორცხობილა და ყავის მაგვარი სითხე მივირთვი. საუზმის შემდეგ გავემართეთ ისევ ქალაქ ჩოიბალსანისკენ. გზად ჩვენი მძღოლი დაინტერესდა, თუ რატომ ხარჯავდა გერმანიის მთავრობა მონღოლეთის სტეპების კონსერვაციისთვის ამხელა თანხებს. მე ავუხსენი, რომ მონღოლეთი ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სტეპის ეკოსისტემა ჯერ კიდევ არ არის დაზიანებული გადაძოვებით, თუ ხვნა-თესვით. დადასტურებულია, რომ სტეპის ნიადაგი არის ნახშირორჟანგის უნიკალური საცავი. მიწის დაზიანება ანთავისუფლებს ნახშირორჟანგს ნიადაგიდან და ის იფრქვევა ჰაერში. ნახშირორჟანგის მატება კი სწორედ გლობალური დათბობის ერთერთი მთავარი მიზეზია. მონღოლმა მეგობარმა გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა, მე მეგონა ტყეებს აქვთ ეგ ფუნქციაო, მე კი ვუპასუხე, რომ ტყეებსაც რა თქმა უნდა აქვთ, თუმცა არადეგრადირებული მინდვრები არანაკლებ მნიშვნელოვანიათქო. მან ისევ შემომხედა, გამიღიმა და მითხრა, ესეიგი კარგად შემოვინახეთ ჩინგიზ ხანის მონაპოვარიო და თავისი ისედაც მოჭუტული მონღოლური თვალებით სცადა ცალი თვალის ჩაპაჭუნება... საბოლოოდ მივაღწიეთ ჩვენს ნანატრ ჩოიბალსანს, რომელიც არცთუ მომხიბვლელი ქალაქი აღმოჩნდა. თავი საქართველოს რომელიმე პატარა ქალაქის რომელიმე გარეუბანში გეგონებოდათ, სადაც კომუნისტებმა წარმატებით შეძლეს ქალაქის დამახინჯება ერთნაირი კუბიკებივით კორპუსებით. ბევრი მტვერი და ცუდი გზები კიდევ უფრო მეტად ამძაფრებდა ამ ქალაქის არამიმზიდველობას, თუმცა სასტუმროში ადამიანურ ლოგინზე ძილმა იმხელა სიამოვნება მომანიჭა, რომ ჩემდა უნებლიედ ეს არცთუ მიმზიდველი ქალაქი ძალიანაც კარგად დამამახსოვრდა. მეორე დღიდან იწყებოდა ჩვენი საველე სამუშაო, რაც ნიშნავდა იმას, რომ მომდევნო 5 ღამე ისევ იურტაში ძილი მომიწევდა...
დილის 6 საათზე გამეღვიძა. იურტაში საკმაოდ ციოდა. არ მეძინებოდა და გადავწყვიტე ავმდგარიყავი და მზის ამოსვლის ფონზე გადამეღო უნიკალური მონღოლური სტეპები. ასე ადრე თუ გახვალ ფოტოების გადასაღებად ისიც არ არის გამორიცხული, რომელიმე იშვიათ ფრინველის ან ცხოველის სახეობას გადააწყდე და უნიკალური ფოტოებიც გარანტირებული გაქვს. სწორედ ამ იმედით სწრაფად ჩავიცვი, ავიღე ჩემი ფოტოაპარატი და გავედი გარეთ. საოცრად ციოდა, თუმცა ულამაზესი სანახავი იყო ახალამოსული მზით ოქროსფრად განათებული ეს უსასრულო მინდორი. მოშორებით საკმაოდ მოზრდილი სვავების წყვილი შევნიშნე. ვიფიქრე მიუახლოვდები და კარგ ფოტოებსაც გადავუღებთქო, მაგრამ მიახლოვებას რომ ვცდილობდი უმალ მიფრინავდნენ და ისევ მოშორებით, დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე სხდებოდნენ. ძალიან მინდოდა ახლოდან გადამეღო ეს უზარმაზარი ფრინველები და არ ვეშვებოდი. იმედი მქონდა, რომ ერთერთ ცდაზე მაინც ცოტათი ახლოს მიმიშვებდნენ და შევძლებდი სანუკვარი ფოტოების გადაღებას. სვავების დევნაში ცოტა არ იყოს დავიღალე კიდეც, თუმცა არ მინდოდა დანებება და კვლავ მივსდევდი და ვუსაფრდებოდი წყვილს ფოტოების გადასაღებად. ბევრი დევნის შემდეგ საათს შევხედე და მივხვდი, რომ საკმაო დრო გასულიყო. უნდა დავბრუნებულიყავი, რათგან ჩემი კოლეგები უკვე ალბათ მეძებდნენ კიდეც. რომ მოვტრიალდი ჩვენი ბანაკი უკვე აღარსად ჩანდა. ჩემს ირგვლივ მხოლოდ ტრიალი მინდორი იყო და არცერთი საორიენტაციო წერტილი არ ჩანდა არცერთი მიმართულებით. მობილური ამოვიღე ჯიბიდან, თუმცა არც გამკვირვებია, რომ ამ სამყაროსგან დავიწყებულ სტეპებში მობილური არ იჭერდა. რა თქმა უნდა დავიწყე ნერვიულობა, თუმცა მალევე მივხდვი, რომ ნერვიულობით საქმეს ვერ ვუშველიდი და რაიმე უნდა მომეფიქრებინა. ფაქტი იყო, რომ უნდა მეარა რამე მიმართულებით იმ იმედით, რომ ეს მიმართულება როდესმე სადმე მიმიყვანდა. ერთადერთი, რაზეც შემეძლო ორიენტირის აღება იყო მზე. შესაბამისად ავირჩიე ერთერთი მიმართულება, რომელიდანაც მეგონა, რომ მოვედი და გავუყევი გზას. მზე სულ უფრო და უფრო მაღლიდან მიყურებდა და სიცხეც საკმაოდ გაუსაძლისი ხდებოდა. მე მაინც არ ვჩერდებოდი და მივდიოდი. საათები გადიოდა და მეც სიარულისგან, სიცხისგან და წყურვილისგან ნელნელა მეცლებოდა ენერგია. ცაში შევნიშნე ჩემი დილის მეგობარი სვავები, რომლებსაც დილას მე მივსდევდი ახლა კი ისინი მე მომსდევდნენ. ისინიც ალბათ ჩემსავით მშივრები იყვნენ, თუმცა ჩემგან განსხვავებით მათ აშკარად უფრო ქონდათ საჭმლის მირთმევის რეალური შანსი. ჩემდა უნებურად ტიბეტში არსებული ციური დაკრძალვის რიტუალზე მეფიქრებოდა და გული მწყდებოდა, რომ ჩემი ხორცის მირთმევა სვავებისთვის ერთადერთი სიკეთე იქნებოდა ამ ცხოვრებაში, რისი გაკეთებაც მოვასწარი. უკვე ავტომატურად ვადგამდი ნელ და მძიმე ნაბიჯებს. მოვდიოდი და თვალები დახუჭული მქონდა. ვხედავდი ჩემს შვილებს და მზისგან დამწვარ სახეზე ცრემლები მომდიოდა. უცებ დაბნელდა და ვიგრძენი, როგორ გამომეცალა ძალა ფეხებში...
*გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. უფრო მეტს მოვისმენდი მონღოლეთზე და მის წეს-ჩვეულებებზე უფრო დაწვრილებით უფრო მეტს მოვისმენდი მონღოლეთზე და მის წეს-ჩვეულებებზე უფრო დაწვრილებით
3. 5 ნახშირორჟანგი?
5 ნახშირორჟანგი?
2. მადლობა წაკითხვისთვის ჯონათან. ხო, ალბათ გავს დოკუმენტურ ფილმს რაღაცით :)) მადლობა წაკითხვისთვის ჯონათან. ხო, ალბათ გავს დოკუმენტურ ფილმს რაღაცით :))
1. ბოლო ფრაზებამდე კარგი დოკუმენტური ფილმივით იყო, მე რომ ძალიან მიყვარს ყურება, ისეთებივით :)
"სტეპის ნიადაგი არის ნახშირორჟანგის უნიკალური საცავი"- ვაჰ ...
ბოლო ფრაზებამდე კარგი დოკუმენტური ფილმივით იყო, მე რომ ძალიან მიყვარს ყურება, ისეთებივით :)
"სტეპის ნიადაგი არის ნახშირორჟანგის უნიკალური საცავი"- ვაჰ ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|