ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამარიტელი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2020


ქალაქელი ფუფალა

შეშლილი იყოო, მასზე ამბობდნენ,
ხანდახან აფრენდაო მაგრად.
წითელი პომადით ტუჩებს ითხაპნიდა,
ზედმეტად თამამობდა ხალხთან.
ისე მოხდენილად, ლაღად დადიოდა,
ქუჩა მიჰყვებოდა კვალ-კვალ.
პროსპექტს აჰყვებოდა, მერე ჩაჰყვებოდა,
ღიმილი დაჰყვებოდა გამად.
პარკის შესასვლელში, სკამზე ისვენებდა,
მზეს მკერდს გაუშლიდა ხარბად;
სხივებს აპურებდა, თვალებს ამწყურვლებდა,
ბავშვებს უხაროდათ მასთან.
იჯდა, მოკლე კაბის კალთას იქაჩავდა,
მზერას აყოლებდა ქალაქს;
იცოდა, მუხლისთავებს თეთრად მოღაღანეს, ბევრი მოთვალთვალე ჰყავდა.
ზაფხულის ავდარს სულ მთლად გაელუმპა,
სურნელი შერჩენოდა თმასაც;
წვეთებს, წვიმის ცრემლებს,
ალალად მაცქერლებს,
სახე დაეკოცნათ ნაზად.
აბა, რას ითხოვდა, მცირედს სჯერდებოდა,
სურდა, ჰყვარებოდათ თავად.
იმ ერთს ნატრობდა და შორეთს გაჰყურებდა,
იქნება, გამოჩნდესო სადღაც.
ხელი ჩაეკიდა, არსაით გაეშვა,
უბეში ჰყოლოდა ბარტყად.
ქალი ყოფილიყო, მეტი რა უნდოდა,
უბრალოდ, ჰყვარებოდათ ქალად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები