ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ბერიძე19
ჟანრი: პროზა
2 მარტი, 2021


სიყვარულის ჰანგები

/  /    /  /  /  /  /  /  /  /  /  /  /
სიბნელე შეპარულ საღამოს ლამპიონები ანათებდა, პარკში ხალხი თავისთვის მიმოდიოდა. ზოგიერთი მათგანი იქვე სკამზე ჩამომჯდარი წიგნს კითხულობდა, ზოგი მეგობრებთან ერთად სეირნობდა, ზოგიერთიც შვილებს ასეირნებდა. 
  პარკის კუთხეში ერთი მოხუცი იჯდა ლამპიონის ქვეშ სკამზე, ხელში გიტარა მოემარჯვებინა და ტკბილ მელოდიას უკრავდა. იქვე ახლოს შეყვარებულმა წყვილმა ჩამოიარა, შეჩერდნენ და მოხუცის დაკრულ მელოდიაზე ცეკვას მოჰყვნენ. მოხუცი თავისთვის იღიმებოდა,  უყურებდა ახალგაზრდებს და მაინც უფრო შორს იყო მისი მზერა მიმართული, სადღაც წარსულის მიმალულ რომელიღაც კუნჭულში. წყვილმა კარგა ხანს იცეკვა, ბოლოს მოხუცს მიუახლოვდნენ და ძირს დადებული ქუდი რომ ვერ შეამჩნიეს, ხურდები გვერდით, სკამზე დაუწყვეს, თან მადლობა გადაუხადეს და უკან გამობრუნდნენ
-მოიცადეთ შვილო, გამომართვით. შეაჩერა მოხუცმა და სკამზე დატოვებული ხურდები ხელში ჩაუყარა, -გაიხარეთ შვილო, მაგრამ მე ამისთვის არ ვუკრავ
-ბოდიშს გიხდით ბაბუა, ჩვენ გვეგონა რომ...
-არა შვილო, ეგ არაფერი, ძალიან კარგები ხართ. ერთმანეთს გაუფრთხილდით შვილებო, დროს ნუ დაკარგავთ, ერთმანეთისთვის იცხოვრეთ, ერთმანეთს გაუფრთხილდით...
     
                            /    /  /  /  /  /  /  /  /  /
რამდენიმე დღის შემდეგ  კვლავ მიადგნენ იმავე ადგილს გოგონა და ვაჟი. მოხუცი კვლავ იმავე მელოდიას უკრავდა. მოხუცს თავის დაკვრით და ღიმილით მიესალმნენ და ისევ ცეკვა დაიწყეს. ბოლოს რომ დაიღალნენ მოხუცს გვერდით მიუჯდნენ.
-როგორც ჩანს ეს მელოდია ძალიან გიყვართ, ასე ხშირად რომ უკრავთ, საუბარი წამოიწყო ვაჟმა
-მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, მე ამ ადგილას ვიჯექი და ჩემთვის ვუკრავდი, უცებ ჩემდა შეუმჩნევლად ჩემს  წინ გოგონა შევნიშნე, ისეთი მშვენიერი იყო... მის დანახვაზე რატომ არვიცი მაგრამ დაკვრა შევწყვიტე და მას შევაცქერდი, თითქოსდა გონი წამერთვა, ფიქრებიდან მისმა ნაზმა ხმამ გამომარკვია
-განაგრძეთ, გთხოვთ... იქვე გვერდითა სკამზე ჩამოჯდა და მისი მრგვალი თვალებით ისე შემომყურებდა... მეც გავაგრძელე, რამდენიმე საათი გაუჩერებლად ვუკრავდი ერთიდაიგივე მელოდიას, მაგრამ არ დავღლილვარ, არც ის იღლებოდა ჩემი მოსმენით, ისეთი გარინდებული მისმენდა. ყოველდღე,  ყოველ საღამოს მოდიოდა და მე მისთვის ვუკრავდი, ყოველ საღამოს ერთმანეთს ამ მელოდიით და თვალებით ვესაუბრებოდით...
-მერე რა მოხდა?! ახლა სადაა?! შეეკითხა მოღიმარი გოგონა
-მერე მალევე დავქორწინდით, ერთმანეთი ისე გვიყვარდა. ჩვეულებას ვერ ვიშლიდით, ყოველ საღამოს აქ მოვდიოდით, ყოველ საღამოს პაემანი გვქონდა, ლამპიონთან... ჩვენს მელოდიას ვუკრავდი, ის კი ცეკვავდა, ცეკვავდა, ცეკვავდა... არასდროს იღლებოდა,- თვალზე ცრემლი აუციმციმდა, შორს იყურებოდა, დროის ზღვარი გაერღვია თითქოს და წარსულს სწვეოდა სტუმრად
-ახლაც როგორ ძალიან გიყვართ თქვენი ცოლი, გაუღიმა ბიჭმა და გოგონას სიყვარულით გაბრწყინებული თვალებით გადახედა
  -ახლაც ყოველ საღამოს მოვდივარ იმ იმედით რომ ერთ დღეს ისევ გაიგებს ჩვენი მელოდიის ხმას, ისევ მოვა დაჯდება ჩემს წინ და მომისმენს, ან კიდევ გათენებამდე იცეკვებს. ვიცი რომ ესმის და აქაა, ვიცი ისევ მოდის ხან ნიავს მოჰყვება თან, ხან ტკბილად მოჭიკჭიკე ჩიტებს, ხან კიდევ პეპლებს ახლა რომ დამფარფატებენ თავზე...
-დიდი ხანია რაც... სიტყვა გაუწყდა გოგონას და ცრემლები გადმოსცვივდა
-ათი წელი შესრულდა დღეს... ერთმანეთს გაუფრთხილდით შვილო, ყოველდღე უმეორეთ ერთმანეთს რომ ძალიან გიყვართ, დრო იმაზე სწრაფად მიქრის ვიდრე წარმოგიდგენიათ და მორევში ითრევს ყოველ წუთსა და წამს. ერთადერთი რამ რის წინაშეც დროც კი კუდამოძუებული დარჩა სიყვარულია, ხოდა ამ სიყვარულს გაუფრთხილდით❤️
                                      /ნინო ბერიძე/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები