ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: იუმორისტული
11 დეკემბერი, 2021


"მე,კამა,ავე და მევლუდ დარდი" (ნაწილი 2 )

დილით სამსახურში დამაგვიანდა. კამასთვის და ავესთვისაც არ მიმიცია საკვები,ისე გავვარდი სახლიდან. შუა მუშაობაში გამახსენდა მშიერი შვილობილები და გულზე შემომეყარა. გიზოს დავურეკე,გამომიარე გასაღებს მოგცემ ,შენ აჭამე,სანამ შიმშილით დაიხოცნენ-მეთქი. ვერაფრით გამოვალ,სამსახურში ვარ, თავზე მაყრია ქვეყნის საქმეო.
-გიზო,საღამომდე ვერ მივალ სახლში,უნდა გამოძვრე როგორმე!-თხოვნიდან ბრძანებაზე გადავედი.
-შანსი არ არის, ჟანეტ,წავედი,არ მცალია,-მითხრა და გამითიშა.
-არა,რას ავიკიდე ეს სანერვიულო და სადარდებელი?!-ვთქვი გაბრაზებულმა და კიტას ნომერი მოვიმარჯვე. უცებ მიპასუხა.
-დილა მშვიდობისა,ჟანეტ,-როგორც ყოველთვის დამასწრო.
-დილა მშვიდობისა,კიტა,-მისი ხმის გაგონება და სიშვიდის დაუფლება ერთი იყო.არა,ეს კაცი ჯადოქარია,გავიფიქრე და საქმეზე გადავედი.
-შენი დახმარება მჭირდება,კიტა.
-სიამოვნებით,გისმენ?
მოკლედ მოვუყევი ჩემი სამსახურში დაგვანების  და ავე-კამას მშიერი კუჭების ამბავი.
-შეძლებ,რომ აჭამო?-სათხოვარი დავაყოლე ბოლოს.
-რა პრობლემაა? მაგრამ გასაღები,რომ არ მაქვს?
-ჩემამდე მოსვლაზე ვერ შეგაწუხებ და იქნებ..
-გასაგებია,მოკლეზე გადავიდე?-თავად დაასრულა სიცილით.
-შეძლებ?-მეც გამეცინა.
-შევძლებ,აივნის კარი ღიაა?
-მგონი,-არ მახსოვდა,დავკეტე,თუ არა.
-კარგი,ვცდი და დაგირეკავ.
-დიდი მადლობა,კიტა,-ყურმილი გავთიშე.
მოთმინებით ველოდი კიტას ზარს,რომელიც იგვიანებდა. დავეჭვდი,რაღაც ცუდმა ფიქრებმაც  გამიელვეს და კიტას ნომერზე გადავრეკე. დაკავების წყვეტილი ზუმერი გაისმა. ეტყობა ვინმესთან საუბრობს-მეთქი,ცოტა დავმშვიდდი და ის იყო,გავთიშე,კიტას ნომერი დაეწერა ტელეფონზე. სწრაფად ვუპასუხე. უცხო ხმის გაგონებაზე ცხელებამ დამიარა.
-გამარჯობა,ქალბატონო ჟანეტ,თქვენი ზარი იყო დაფიქსირებული ბოლოს, იცნობთ ამ ნომრის მფლობელს?
-დიახ,ჩემი მეზობელია,რა ხდება?- გადავფითრდი.
- მესამე სართულიდან გადმოვარდა..
-ცოცხალია?!-ჩავძახე  და წამოვხტი. რას მეუბნებდა, ვერ ვიგებდი,ისეთ გუგუნს ვგრძნობდი ყურებში.
ვინღას ახსოვდა სამსახური,გიჟივით გავრბოდი.თან თავ-ბედს ვიწყევლიდი,არც გიზოს ვაკლებდი,რომ არა მისი მოუცლელობა,ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდი-მეთქი. საავადმყოფოს მიმღებში ისე დავამუხრუჭე,ფეხსაცმლის ქუსლებმა კვამლი გამოუშვეს.
***
-ჟანეტ..ჟანეტ..- დამინახა და ჩვეული სითბოთი მომმართა,თუმცა სახეზე ტკივილი შევამჩნიე. ფეხზე გირებჩამოკიდებული იწვა.როგორც მიმღებში მითხრეს,ბარძაყის ძვალი ჰქონდა გატეხილი.
-ღმერთო,კიტა,ძალიან ვწუხვარ,არც კი ვიცი,რა გითხრა,-მივუახლოვდი და მის საწოლთან  დამნაშავედ დავდექი.
-ხდება ხოლმე,არ ინერვიულო,ყველაფერი გაივლის,-გამიღიმა.
-მე,რომ არა,ავე და კამა,რომ არა,საძაგელი გიზოს მოუცლელობა,რომ არა,ეს არ მოხდებოდა,-ცრემლები მომაწვა.
-ალბათ,უნდა მომხდარიყო,გთხოვ,დამშვიდდი,-ხელი წამოიღო ჩემსკენ, თითებზე მომკიდა და მსუბუქად მომიჭირა. სიმწრით გამეღიმა.
-კიდევ კარგი,გადარჩი,თორემ ჩემს თავს ვერადროს ვაპატიებდი,-გული ამიჩუყდა და ავტირდი.
-ჟანეტ,არ გინდა,გთხოვ..
ცხარე ცრემლებს ვყრიდი,კიდევ თავს ვიკავებდი,კიტასი მერიდებოდა,თორემ ბღავილსაც გავაბამდი.
-ცოცხალი ვარ,ჟანეტ,-ხელი არ გაუშვია,ის კი არა,უფრო მეტად მომიჭირა კიდეც.
-აბა,მწვერვალებს ვიპყრობ,ალპინისტი ვარო,რანაირად გადავარდი?- ჩემდაუნებურად დავადანაშაულე.
სიცილით გააქნია თავი. ეჭვით შევხედე.
-მომატყუე?-ცრემლები დავაპაუზე.
-ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ,კარგი? ფეხი მტკივა და მთელი სხეულიც,გვარიანად ვარ დაჟეჟილი,-თავი შემაცოდა.
- მევლუდ -დარდი,კიტა-ალპინისტი! კიდევ ბევრი სიურპრიზი მელოდება?-უკვე აღარ მეტირებოდა.
-ბევრი,-სახეშეწუხებულმა მითხრა,როგორც ჩანდა,ტკივილმა დაუარა.
-კარგი,ბატონო მევლუდ-კიტა! უბრალოდ,ვეცდები  ჩემი დანაშაული როგორღაც გამოვისყიდო!
-რას გულისხმობ?-ცალი თვალი მოჭუტა.
-იმას,რომ ასე ვერ მიგატოვებ და პასუხიმგებლობას ვიღებ შენს მოვლა-პატრონობაზე, სანამ გამოჯანმრთელდები.
-გასაგებია,კამა და ავესავით მშიერი უნდა მომკლა,-გაიცინა.
-ხომ ხედავ,მკვლელობის მცდელობამ არ გაამართლა,-წავკბინე.
-უბედურ შემთხვევად გაასაღებდი ხომ? აი,მოფიქრება!-ხელი გამიშვა და ტაში დამიკრა.
-სწორად მიხვდით,ბატონო ალპინისტო!-რადგან ცოცხალი გადარჩა და ხუმრობის ხასიათზეც იყო,მეც ცოტა მომეშვა გულზე.
-"რეპეტე" შემიძლია,-თავი წამოსწია.
-ახლავე,თუ?-სიცილი ამიტყდა.
-თუ დამეხმარები,ახლავე,-უფრო მეტად წამოიწია,მაგრამ ფეხში დავლილმა ტკივილმა,უკან დააგდო.
-გტკივა?-შევცბი.
-ცოტა,-ხელი ჩაიქნია,ეს არაფერიაო,მანიშნა.
-როგორ დაგეხმარო?- მის საწოლს ორჯერ დავარტყი ნახევარწრე.
-მთავარია,მთლიანად შემოსავლელი არ გავხდი,დამშვიდდი,ჟანეტ, ექიმების ხელში ვარ.
მაინც ვერ მოვისვენე,ხან წყალი დავალევინე,ხან ბალიში ავუფუმფულე და ისე ამოვუდე თავქვეშ,ღიმილით მემორჩილებოდა. რომ არა ტელეფონის ზარი,ალბათ ვერ გავჩერდებოდი.
-სად ხარ გოგო? ძლივს გავეთავისუფლე,შენს სამსახურში მოვედი,მითხრეს არც ჩვენ ვიცით, სად წავიდაო?!- მომაყარა გიზომ.
-კაი დროსია! სჯობია,არ დამენახო!-კბილებში გამოვცერი.
-რა მოხდა,ავე და კამა? რამე დაემართათ?!
-საავადმყოფოში ვარ!-ვუთხარი გამწარებულმა.
-ჟანეტ? რა გჭირს?- ისე შეეშინდა,ლამის ყურმილში გამოძვრა.
-მოდი და გეტყვი! - მისამართი ვუკარნახე და კიტას მივუბრუნდი.
-წავალ მე,კარგი? გჭირდება რამე?
-კი მჭირდება,მაგრამ სახლის გასაღები,სახლშია,ვერ გააღებ კარს.
-მოვახერხებ რამეს,-ვთქვი და გავუღიმე.
-მწვერვალი ხარ,მთისა,-მთელი სითბო ჩააქსოვა ნათქვამში.
-ნახვამდის ალპინისტო,-ფრთხილად გავიხურე პალატის კარი.
საავადმყოფოს ეზოში გავედი და თვალებით დავუწყე ძებნა გიზოს.ჯერ არ ჩანდა,თუმცა მალევე მოვიდა და ლამის დაუმუხრუჭებელ მანქანიდან გადმოხტა.
- რა ხდება,ცუდად ხარ?კარგად ხარ?-დამაყარა სულმოუთქმელად.
-დროულად,რომ მოსულიყავი,იქნებოდა მშვიდობა,ახლა გვაქვს უბედურება!- ისეთი ტრაგიკული სახე მივიღე,გიზო ლამის წაიქცა.
-არაფერი დამიმალო!-მითხრა და სუნთქვა შეკრა. არ ვიცი,რა იფიქრა და ვისზე,მე კი ლამის გამეცინა. მოვუყევი და ისიც ვუთხარი,რომ დღეს სამსახური დაივიწყე,მჭირდები-მეთქი.
-რას მეუბნები,გოგო,მევლუდ დარდი-მანდი  გადავარდა შენი აივნიდან?- თავზე შემოიჭდო ხელები.
-დიახ და შენი ბრალია!-ცოდვები ავკიდე.
-ბიჭოო!-დაჯერება გაუჭირდა.-ავალ,ვნახავ,რომელ პალატაშია?
-ნახვას მოასწრებ,წამოდი,ჯერ საქმე გვაქვს,-მანქანაში ჩავსკუპდი.
ჩემს სახლამდე ენა არ გაუჩერებია გიზოს, დეტალებში გამომკითხა ყველაფერი.მეც ბევრი არაფერი ვიცოდი,რა ინფორმაციასაც ვფლობდი,ის  მოვუყევი ცხრაჯერ.
-აივნიდან უნდა გადახვიდე მის ბინაში,გასაღები მოძებნო,-როგორც კი შევედით სახლში განკარგულება გავეცი.
-გადაირიე,გოგო? მეც მკლავ?-ხელები გაასავსავა გიზომ.
- სხვა გზა არ გვაქვს,ჩვენს გამო წევს ის კაცი გაფშეკილი!- თვალები დავუბრიალე და გიზოს აივნისკენ ვუბიძგე.
-მეც,რომ ჩავვარდე,სად მიდიხარ მერე?-საწყალად თქვა.
-მიდი,ნუ მოსთქვამ ქალივით,-უფრო მეტად ვუბიძგე ხელით.
-ნუ გაახარებ ევას!-ერთი ფეხი აივნის მოაჯირზე შედგა და გადმომხედა.იქნებ,გადამეფიქრებინა.
-გიზო! დროს ნუ კარგავ!-შევუბღვირე და თან,შარვლის საქამრეზე ჩავეჭიდე,შემეშინდა მაინც.
-ხელს ,თუ გამიშვებ,კარგს იზამ,-მითხრა და ხელებით აივნების გამყოფ კედელს მოეჭიდა.
ხელის გაშვება და ზუსტად არ მახსოვს,იმ მომენტში რა მოხდა,როგორ აუსრიალდა ფეხი,თავი ვერ დაიმაგრა და გიზოს განწირულ ყვირილს,ჩემი განწირული კივილი შეუერთდა...
კიბის საფეხურებზე ისე ჩავრბოდი,ლამის გიზოს მივეწიე. დაბლა ჩასულს რამოდენიმე მეზობელი დამხვდა,რომელებიც მაღლა იყურებოდნენ. გიჟივით დავუწყე ძებნა გიზოს,მიწაზე მისი კვალი არ ჩანდა.
-დედა,რა პანტა-პუნტით ცვივა ეს ხალხი დღეს?!-უკმაყოფილოდ თქვა ვიღაცამ.
კორპუსის ძირში მდგარ თუთის ხეს ავხედე, გიზოს ხმა მომესმა იქიდან,ტოტებს შორის იყო გაჩხერილი და კვნესოდა. რადგან ცოცხალი დავიგულე,რაღას დავეძებდი.
სასწრაფოფო დახმარების და სამაშველო ბრიგადები მალევე მოვიდნენ და გიზო,როგორც მწიფე ხილი,ისე მოწყვიტეს ხიდან.
ზუსტად იმ საავადმყოფოში მიიყვანეს,სადაც კიტა იწვა და მთლად უარესი,მის პალატაშიც  დააწვინეს ორივე ხელზე თაბაშირ დადებული. როგორც სამგლოვიარო პროცესიაზე მიმავალი,ისე შევედი ოთახში და კართანვე გავჩერდი. კიტა გაოგნებული იყურებოდა,აი გიზო კი იჯდა ასაფრენად გამზადებული თვითმფინავივით და მტრული მზერით მბურღავდა.
-მთავარია ცოცხლები ხართ,-კარიდანვე დავიწყე. გიზო არ განძრეულა,მხოლოდ მზერა გადაიტანა კიტაზე.
-შეიძლება უარესი მომხდარიყო და ამით გადარჩით ორივე,-ვთქვი ხმაგაპარულმა და გიზოს მივუახლოვდი.
-მაკა და ევა მოდიან,-ამის თქმა იყო და გიზო ისე  აყმუვლდა,სასწრაფოდ გავეცალე.
-ჟანეტ,გამაგებინე წესიერად,რა ხდება?- კიტა გაკვირვებული გვიყურებდა,ხან მე,ხან თბილისი-სადღაც რეისს.
-შენი კოლეგაა,-გიზოზე ვანიშნე თავით.
- დარდების მასტერი,თუ ალპინისტი?-ხმადაბლა მკითხა.
-მეორე,-მეც ჩუმად ვუპასუხე.
-რა?!-თვალები ჭყიტა.
-ჰო,ესეც ჩემი აივნიდან გადავარდა,-ვთქვი და თავი ვეღარ შევიკავე,ავფხუკუნდი.
-რანაირად?!-გადაირია კიტა,ლამის წამოხტა ფეხზე.
-რანაირად ძმაო და ეშმაკივით,რომ შეგიჩნდება ქალი,იმნაირად!-კბილებში გამოსცრა გიზომ.
-არ არსებობს!- ისე წამოიძახა კიტამ,უეჭველი ინანა მევლუდ დარდობაც,ალპინისტობაც და საერთოდ ჩემი მეზობლობაც.
-ა,ბატონო,თუ არ არსებობს,ხომ წევხარ  ბაზრის სასწორივით  ფეხზე გირებით და მე კიდევ ტრაპ გამოცლილი თვითმფრინავივით?!-ნათქვამისთვის უნდოდა ხელების მოძრაობაც მიეყოლებინა,მაგრამ ისე ეტკინა,სიმწრით წამოიყვირა.
-ვაიმე,დედა!
-ბნედა!-ზუსტად ამ დროს შემოყო პალატაში თავი და ენა  დეიდა ევამ.უკან მოჰყვა აცრემლებული მაკა და სანამ გიზოსკენ წავიდოდა კიტას საწოლისკენ გაიხედა,ნაცნობი სახის დანახვაზე თვალები შუბლზე აუვიდა და გაოცებულმა შემომხედა.
- ჟანეტ,რა ხდება აქ?!
-რასაც ხედავ,-სახე შემეცვალა.
-იჩხუბეს?!
-არა,ჩემი აივნიდან გადაცვივდნენ.
-რაა?!-ერთხმად წამოიძახეს მაკამ და დეიდა ევამ.
-გაგვიჩალიჩა!- წამოიძახა გიზომ.
-რა ჩემი ბრალია?!- შევუტიე გიზოს და მოკლედ მოვყევი  დღის "ალპინისტების" ტრავმების  მიზეზები.
-ღმერთი მაღლიდან იყურება!-თქვა ევა დეიდამ  კმაყოფილებით სავსემ.
-ამაზე უკეთეს შურისძიებას ვერც ინატრებდი,-სიმწრით გაეცინა გიზოს.
-იძახე ახლა ავე,ავე,-გამოაჯავარა სიძე.
-უხ,ეს რა დღეში ჩამაგდე!- გიზომ პირი მწარედ მოკუმა.
-ამ კაცს რაღას ერჩოდით?- მაკამ კიტასკენ გაიხედა,რომელსაც შოკი ჯერ არ გასვლოდა.
-მე რას ვერჩოდი,რომ არა,შენი გრძელი ენა,ყველაფერი კარგად იქნებოდა!-ისევ გავუხსენე მაკას.
-ახლა მე დამაბრალეთ!-აწუწუნდა მაკა.
-რომ არა ამ ვაჟბატონის მდიდარი ფანტაზია,დღეს აქ არ იჯდებოდა თოვლიან მთასავით,-დამცინავად შეხედა გიზოს თაბაშირისგან თეთრად მოელვარე მკლავებს.
-ის ხე ვინ დარგო?!- გიზო ისე წამოხტა და წამოვიდა ჩემსკენ, მართლა უეკიპაჟო თვითმფრინავს გავდა.
-ხეს რას ერჩი?!- უკან-უკან წავედი.
-იმას ვერჩი,რომ ზედ არ ჩამოვეკიდებოდი საშობაო ბურთივით,დავასხამდი ტვინს და დავისვენებდი!- კბილები გააღრჭიალა.
-ეგ ხე,რომ არ ყოფილიყო..-თავი გააქნია კიტამ.
-შენც?-გიზომ კიტას გახედა.
-მეც,მეც,ნაძვის ხის "ვერხუშკასავით"..
ამის თქმა იყო და ისეთი კისკისი ამიტყდა,ალბათ ნერვული იყო,თორემ ასეთ დროს,კარგად მყოფს რა გააცინებდა,ვეღარ ვჩერდებოდი. კი იკავეს თავი პალატაში მყოფებმა,მაგრამ ბოლომდე ვერ გამიძლეს და ამყვნენ.ისეთი სიცილ-ხარხარი ისმოდა დერეფანში,მთელმა საავადმყოფოს  მედ-პერსონალმა ჩვენთან მოიყარა თავი.
***
ამ ამბიდან, მესამე დღეს გამოწერეს გიზო.მევედრებოდა,შენთან წამიყვანე,ამათ ხელში ნუ ჩამაგდებო. დეიდა ევა კმაყოფილებით ისრესდა თითებს. რაც ჩემზე წყენა ჰქონდა,ერთიანად გაქრობოდა, მთელი ჯავრები ამომაყრევინე,ამ სიკეთეს არ დაგივიწყებო.ამაზე მე და მაკა ვიცინოდით,გიზო დამემუქრა,ერთი გამოვკეთდე,ხვლიკი უნდა მოვიყვანო და პირდაპირ ჟანეტი დავარქვაო. ოღონდ შენ გამოკეთდი და თუ გინდა,ჩემი გვარიც მიეცი-მეთქი.
კიტას სანახავად კი ვეღარ მივედი,რადგან მისმა  მშობლებმა და მის სანათესაოში,თუ კი ვინმე არსებობდა,გარე ბიძაშვილ-მამიდაშვილების მაზლები და მულები,ქვისლები და საქვისლეები,რძლები და სარძლოები,უკლებლივ ყველამ მოიყარეს თავი და საავადმყოფოს ყველა სართულის დერეფნებში განლაგდნენ. კიტას პალატაზე რომ აღარაფერი ვთქვა,ტევა აღარ იყო.თან,გიზოს გამოწერის დღეს,დეიდა ევამ  კიტას დედას სიტყვა-სიტყვით ჩაუკაკლა მომხდარი,რაზეც ქალბატონმა მანონიმ არწივისებრი მზერა მესროლა და სანამ ჩამინისკარტებდა კიდეც,კიტამ ისე დაუბრიალა თვალები,უკან დაიხია,ზუსტად მივხვდი,რომ დროებით. აბა,იქ რაღა მიმიყვანდა? ტელეფონით ვეკონტაქტებოდი ჩემს ყოფილ დარდმზიდს. მისი  შეპირებების მიუხედავად,რომ მოდი,კაციშვილი ხმას არ გაგცემსო,მაინც ვერ მიმიტყუა. სად მქონდა ორი თავი? სახლში ვიყავი მშვიდად, ჩემთვის,დავტრიალებდი თავს კამას და ავეს. ისე მომეჩვივნენ და მივეჩვიე,უკვე ხელშიც ვიყვანდი და ისე ვეფერებოდი ორივეს.
კიტა სამ კვირაში გამოწერეს,გირები დაიტოვეს,სამაგიეროდ თაბაშირი ამოაცვეს და ისე გამოუშვეს ყავარჯნების თანხლებით. მართალია,ნათესაობა გაიკრიფა,მაგრამ ქალბატონი მანონი დარჩა მასთან და თავისთავად სახლშიც წამოჰყვა. კიტას მცდელობის მიუხედავად,რომ დედამისიც გაეშვა,ვერაფრით დაიყოლია.მარტო ვერ დაგტოვებ,მიხედვა გჭირდებაო. ამის გამო აივანზე გასვლასაც ვერიდებოდი,არ მინდოდა პირისპირ შევჩეხებოდი ქალბატონ მანონის,რომ ჩვენს შორის ჩარბენილ შავ კატას,უკან არ ამოერბინა.
მაინც ვერ ავცდი.
ერთ დილას სარეცხს ვფენდი,კიტას აივნისკენ არც კი ვიყურებოდი,ერთი სული მქონდა,დროულად დამერჭო სარჭები და კარი მიმეხურა.ის იყო ბოლო მაისური უნდა დამემაგრებინა თოკზე,რომ ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. შენელებული კადრივით მივატრიალე თავი თვალებთან ერთად და ქალბატონ მანონის მოწკურულ თვალებს რომ  წავაწყდი. მისალმების მაგივრად სლოკინის მაგვარი ხმები ამოვუშვი.
-იმედია, მცოცავ-მცურავები კარგად გყავს,-მითხრა და უარესად მოწკურა თვალები.
-დიი..ახ,-ენა დამება.
-საღამოს გადმოდი ჩვენთან,ყავაზე გეპატიჟები,შენი გაცნობა მინდა,-დაპატიჟებას არა და ,მუქარას კი გავდა,ისე დაიქნია თავი.
- მადლობა,-ვუთხარი და ხელში შერჩენილ სველ მაისურიანად ვისკუპე ოთახში.
-უეჭველი მომწამლავს!- შეშინებულმა ჩავილაპარაკე და ტელეფონს ვეცი.
"კიტა,ჩემი საათები დათვლილია!"
გავუგზავნე შეტყობინება და პასუხმაც არ დააყოვნა.
"ვიცი"
ერთმა სიტყვამ ისარივით გამიარა თირკმელში.
"რომ არ გადმოვიდე?"
სიცოცხლის გახანგრძლივება ვცადე.
"აზრი არ აქვს,მაინც დათვლილია"
მეორე თირკმელიც  გამოდგა საისრედ.
"უთხარი,უცებ მომიღოს ბოლო,ტკივილს ვერ ვიტან"
"ვეტყვი"
" გადარჩენის პატარა შანსიც არ მაქვს?"
"ნწუ"
"ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ"
თავის შეცოდება ვცადე.
"ღმერთსაც სჭირდება ახალგაზრდები."
"ახია ჩემზე,უკეთესად უნდა დამეგეგმა!"
"გვიანია თითზე კბენანი"
"მიწასაც  ვერ ვიტან! "
"არც მე ვგიჟებოდი თუთის ხეზე."
"ნუ დამიობლებთ კამას და ავეს"
"ეჰ,ვინც წავა,ვაი,იმის ბრალი,თორემ აქ დამრჩენს რა უჭირს"
იმდენი "ვიხმალავეთ",ლამის სამსახურში დამაგვიანდა. აღარაფერი მიმიწერია,ყოველ შემთხვევისთვის ავეს და კამას ორმაგი საკვები დავუტოვე და სახლის კარი გავიხურე.
***
სამსახურიდან ცოტა ადრე გამოვედი,მინდოდა ქალბატონ მანონისთან შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურად შემემზადებინა თავი და თან საგანგებოდ გამოვპრანჭულიყავი,პირველი,იმის იმედით,რომ იქნებ,ჩემი სილამაზე დაენდო და არ მოვეკალი,და მეორე,თუ მაინც და მაინც მომკლავდა,ლამაზი მიცვალებული მაინც ვყოფილიყავი.
-ამ სილამაზის დასამარება შეუძლებელია!-ვთქვი საკუთარი თავით კმაყოფილმა და სარკის წინ დავტრიალდი.
ჩემს სადარბაზოდან კი გაბედულად გავედი,აი,გვერდით სადარბაზოში კი,უკან მრჩებოდა ფეხები. მესამე სართულამდე ცხრაჯერ გავიზომე პულსი თითებით. ვღელავდი,ჯერ იმიტომ,რომ კიტას სახლში მივდიოდი პირველად,მეორე ის ,რომ კიტა თითქმის მთელი თვე არ მყავდა ნანახი და მესამე,მთლად უარესი,ქალბატონ მანონის უნდა შევხვედროდი პირისპირ. ძლივს ავაღწიე მესამე სართულამდე და ზარის ღილაკს გაუბედავად მივაჭირე თითი.
-საღამო მშვიდობისა,- მივესალმე ღია კარში გამოჩენილ ქალბატონ მანონის.ცალწარბაწეულმა ჩამატარ-ამატარა თვალი და მზერა ჩემს ყელზე ისე შეაჩერა,მეგონა სადაცაა ჩამავლებდა კბილებს.
-საღამო მშვიდობისა, ჟანეტ,შემოდი,- ჩემდაგასაკვირად გამიღიმა და გზა დამითმო.
ოდნავი შვება ვიგრძენი და შევედი.უფრო მეტი შვება კი მაშინ ვიგრძენი,როდესაც მევლუდ დარდ-ალპინისტი დავინახე. ცოტა გამხდარი მეჩვენა,მაგრამ  სიმპათიური. სავარძელში იჯდა და თაბაშირიანი ფეხი დაბალ სკამზე ჰქონდა შემოდებული. ჩემს დანახვაზე ორივე მკლავი გაშალა,რაც იმის მანიშნებელი იყო,რომ უნდა ჩავხუტებოდი. მთლად ასეთ სიახლოვეს არ ველოდი,თუმცა მისი სხეულის სითბო მესიამოვნა და იმავდროულად გამაწითლა,რაც იქვე მდგომ ქალბატონ მანონის თვალს არ გამოპარვია. ირონიული ღიმილით მიყურებდა.
-ძალიან ლამაზი ხარ,-როგორც კი დედა მანონი ყავის მოსამზადებლად გავიდა, აღტაცებით მითხრა კიტამ.
-მერე? ამ სილამაზის დაღუპვა იქნება?-გამეცინა.
-არა,ნამდვილად,- ჩვეული სითბო მიაქსოვა.
-შენი იმედი მაქვს..
-ო,ქალბატონ მანონის ვერაფერი შეაჩერებს!
-ნუ მაშინებ?!- გადავიკისკისე.
-გამზადებ,-თავი დამიქნია.
-თუთის ხე ადგილზეა!
-ვერ მოასწრებ!-თქმა და მანონის შემოსვლა ერთი იყო. ლანგარი მაგიდაზე დადგა და კიდევ ერთხელ შემათვალიერა.
- მაცდურია სილამაზე, კლდეზე გადაჩეხავს ,კაცს,- თქვა და ფინჯანი დამიდგა ცხვირწინ.
-ხეზეც,-დააყოლა კიტამ.
სირცხვილისგან აღარ ვიცოდი სად წამეღო ჩემო საგანგებოდ მოხატული თვალები. ვინანე კიდეც,ასეთი ლამაზი რად გავჩნდი-მეთქი.
-მისი პროფესიიდან გამომდინარე,ვიფიქრე,რომ კარგი ცოცვა ეცოდინებოდა,- თავი ვიმართლე.
-გიზოსაც?- კიტამ სიცილი ვერ შეიკავა.
-რომელი პროფესია?- გაკვირვებით შემომხედა მანონიმ.
-რომელი ერთი ვთქვა? მოსიარულე ნიჭია!- ჩავიფხუკუნე.
-კიტა ნამდვილად ნიჭიერია, ხატავს არაჩვეულებრივად,წერს,მღერის,თეატრში მუშაობს,მსახიობია,-ამაყად გადმომხედა დედა მანონიმ.
-მსახიობი,რომ არის,ამას კი მივხვდი,მაგრამ ალპინისტიც ,თუ იქნებოდა,არ მეგონა,-მწარე მზერა ვესროლე კიტას.
-მამაკაცი ქალის გამო,ალპინისტიც ხდება და მფრინავიც,-დედა მანონისგან არ ველოდი ასეთ პათოსს.
უარესად ავღელდი და გავწითლდი. "არა,რაღაც ხდება,ნამეტანი ჩაიშაქრა,ტკბილი ენით უნდა ,რომ მომიღოს ბოლო"-გავიფიქრე და უხერხულად გავუღიმე.
-ყავა მიირთვი,ჟანეტ,-თვალით მანიშნა ფინჯანზე მანონიმ.თვალები კიტასკენ გავაცოცე,მის სახეზე ჩემი აღსასრული იკითხებოდა.
რაც არის,არის-მეთქი,ვთქვი და ყავა  და როგორც წამლის აბი,ისე გადავყლაპე.
-ერთი,ორი,სამი..ოთხი..-კიტამ თითებზე დაიწყო ათვლა.
-რას ითვლი, დედა?-მანონიმ გაკვირვებით შეხედა.
-ხომ ძლიერ მოქმედია ეს საწალავი?-ფინჯანისკენ გაიშვირა თითი.
-კიტა,სირცხვილია!- თვალები დაუბრიალა შვილს.-ყურადღება,არ მიაქციო,ჟანეტ,ეს სულ ასე მაიმუნობს,-მითხრა და გამიღიმა.
მიუხედავად იმისა,რომ მანონი ცდილობდა ჩემთან მეგობრულ საუბარს,დაძაბულობა ვერა და ვერ მომეხსნა. დეტალებში გამომკითხა,ვინ ვიყავი,რას ვსაქმიანობდი და რა გეგმები მქონდა მომავალში. რობოტივით ვცემდი კითხვებზე პასუხებს. "საწამლავიც" ბოლომდე გამოვცალე და მეზობლებს დავემშვიდობე.
"უკვე მენატრები"-სახლში არ მქონდა ფეხი შედგმული,რომ კიტას შეტყობინება დამეწია.
"გადმოდი მოკლეზე"- მივწერე და ეშმაკურად ჩავიცინე.
" ხომ იცი,ვიზამ?!"
"არ მეშინია"
"მიწვევ?"
"დიახ"
"კარგი"
რაღაც მისმა ბოლო სიტყვამ ამაფოქრიაქა,მართლა არ გაბედოს და ხელმეორედ არ ჩაეკიდოს თუთის ხეს-მეთქი,შეშინებული შევვარდი სახლში და მაშინვე აივანზე გავიჭერი. გარეთ დამხვდა ყავარჯნებიანად.
-გაგიჟდი?!-ვიფიქრე,მართლა აპირებდა გადმობობღებას,ისე ჩაეჭიდა მოაჯირს.
-სიტყვა სიტყვაა!-თქვა და ყავარჯნები გვერდზე მიაყუდა.
-კიტა!-ცოტა ხმამაღლა მომივიდა.
-აბა,არ მეშინიაო?
-მეშინია!- წამოვიძახე.
-რის უფრო გეშინია,რომ არ ჩავვარდე,თუ შენ არ იყო ჩემი სიკვდილის მიზეზი?-გამომცდელად დამაკვირდა.
-რაღაც უცნაურად ლაპარაკობ? რა თქმა უნდა ორივე!
-კარგი,ამჯერად გადამაფიქრებინე,აი,შემდეგში, კი ვეღარ გაჭრის ეგ  მზერა,-თვალი ჩამიკრა და ყავარჯნები მოიმარჯვა.
-უძლური ხდები ჩემს წინაშე,ჩაო,- ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და სანამ რამეს დამაწევდა, ოთახში ამოვყავი თავი.
"არ გინდა,შენი დარდები ვზიდო?" თან მომყვა შეტყობინება.
"ვიფიქრებ,მაგაზე"-სიცილაკებიც მივაყოლე.
აღარაფერი მოუწერია. აღარც მე. ავე და კამა მყავდნენ მისახედები. აკვარიუმები გავასუფთავე,საკვებითაც მოვამარაგე და ვეთამაშე კიდეც.ამ ოჯახურ იდილიაში ვიყავი,რომ კარზე ბრახუნი ატყდა. ვიფიქრე,კიტა გაგიჟდა და მოტეხილი ფეხით ამოვიდა-მეთქი. კარს ვეცი,გიზო შემოფრინდა და ფრთაგაშლილი დადგა. კიბეზე კი ქოშინით ამორბოდა მაკა.
-ეს ქალბატონი  არ შემოუშვა,თორემ ამჯერად ჩემი ნებით გადავხტები აივნიდან!-შემოსვლას მუქარა მოაყოლა გიზომ.
-ეს ვაჟბატონი,რომ  შეიფარო, ჩვენი მეგობრობა მორჩა!-ცალკე მაკამ  მესროლა მუქარა.
-იმდენს იზამთ,ამ ბინას გავყიდი,ყველა აქ იკლავთ თავს!რა ჯანდაბა გეტაკათ?!-შევუბღვირე ორივეს და  დოინჯმომარჯვებული დავდექი.
- ორსულად ვარ!-მაკას ნათქვამი უცებ ვერ გავიაზრე.
-რაა?-ყბა მომეღრიცა.მთელი რვა წელი მკურნალობდნენ,უკვე იმედი ჰქონდათ გადაწურული და უცებ,ასეთი ამბავი,თან ჩხუბით,ვერაფრით გავიგე.
-ჰო,ორსულად ვარ, ბავშვი უნდა გავაჩინო,-ისე დამიკონკრეტა,თითქოს ქვირითის დაყრა მეგონა ქალის ფეხმძიმობა.
- ევას არ დავარქმევ!- გიზო წინ და უკან ფრენას  მოჰყვა.
-ზუსტადაც,ევას დავარქმევ! მე უნდა ვიწვალო ცხრა თვე ბოლოს და ბოლოს!-გაწიწმატდა მაკა.
-ჩემი წვალება წყალში ჩაყარე,ხომ?!-გიზომ თავი ანება რვიანების ხაზვას.
-რომელი წვალება? ორ წამს,წვალება ჰქვია?!
-ეგ ორი წამია,მთავარი!-ამაყად გაიჯგიმა გიზო.
-თქვენ რა? სულ გააფრინეთ?- გაოგნებულმა მოვატარე თვალი ორივეს.
-ევა,რომ არ დავარქვა,დედაჩემის გულს ცხოვრებაში ვეღარ მოვიგებ!- თქვა მაკამ და სიგარეტი ამოაძვრინა ჩანთიდან. სანამ მოასწრებდა ცეცხლის წაკიდებას,ხელიდან წავგლიჯე.
-იქნებ,ბიჭია?!-მოჩხუბარ ცოლ-ქმარს დამცინავად გადავხედე.
-გოგოა!-დარწმუნებით თქვა მაკამ.
-რა იცი?-ვიფიქრე ექოსკოპიის ვიზიტი ალაპარაკებდა.
-ევამ მითხრა,მუცელი მეჯებშია  გასული,გოგო გეყოლებაო!
-მეჯებშიო?- საცოდავად დავხედე მაკას გადატკეცილ მუცელს.
-ხვდები ჟანეტ,რა დღეში ვარ?- ამოიყმუვლა გიზომ.
- ნამდვილად გოგოა!- გადავწყვიტე მეც გავგიჟებულიყავი მათთან ერთად.
-ჟანეტ!-გულმოსაკლავად დაიძახა გიზომ.
-მეჯებშია გასული!-თავი დავუქნიე გიზოს.
-ევას დაარქმევენ,გოგო,ხვდები,ეს რას ნიშნავს?!
-წესით რაისა უნდა დაარქვათ, ან როდის მოასწარით?რეისი-რაისი,- ავკისკიდი.
-დღესვე! დღესვე ვყიდულობ ხვლიკს!
-თუ გინდა,დრაკონი იყიდე!
-ტყუილად მქონდა შენი იმედი! - ხელი ჩაიქნია გიზომ.
- აი,მერე ვნახავ,როგორ დაუძახებ დედაჩემს ავეს!-მაკამ ნიშნისმოგებით უთხრა გიზოს.
-ვნახოთ,ვისი აჯობებს!-დაიქადნა მომავალმა მშობელმა.
იმდენი იკინკლავეს,თავი ამატკივეს. ძლივს დავაშოშმინე  და გიზო თავის მგზავრიანად გავაფრინე  სახლში.
ისე ვიყავი ძალაგამოცლილი,დავწექი,თუ არა გავითიშე,ვერც  ტელეფონზე შემოსულ კიტას შეტყობინებებმა და ზარებმა  ჩამაგდეს გონში და ვერც მაღვიძარამ,რომელიც ამაოდ გაჰკიოდა ჩემს გამოსაფხიზლებლად. მხოლოდ,კარზე ძლიერმა ბრახუნმა მომწყვიტა ბალიშს.
-მადლობა,ღმერთს,ცოცხალი ხარ!- შვებით ამოისუნთქა კიტამ,რომელიც  ყავარჯნებზე დაყრდნობილი იდგა.
-რა მოხდა?-უცებ ვერ მივხვდი მის შეშფოთების მიზეზს. თვალი გავაპარე კედლის საათისკენ და შევკივლე,
-დამაგვიანდა!
-ვიფიქრე საწამლავმა გაჭრა-მეთქი!-  ღიმილით გაიქნია თავი.
-აშკარად ,გაჭრა,ასე არასდროს დამძინებია,-ლამის ავტირდი.
სამსახურში წასვლას აზრი აღარ ჰქონდა. შეფს დავურეკე,მოვიწამლე ,ცუდად ვარ,ვკვდები,მიხაკები მადევს გულზე-მეთქი. რა გაეწყობაო,უკმაყოფილოდ მითხრა. არც გამოჯანმრთელება მისურვა,მეწყინა და მოვიღუშე,
-პრობლემაა?-მკითხა კიტამ და სავარძელში ჩაეფლო.
-არა,ყველაფერი რიგზეა,-გავუღიმე და მის მოპირდაპირედ სავარძელზე ჩამოვჯექი.
-არ მოგერიდოს,მითხარი,თუ რამეა,ეგრევე გამოგაცლი დარდს,-გაეცინა.
-მევლუდ დარდო,-მეც გამეცინა.
-ექიმს ვესაუბრე,ერთ კვირაში მომხსნის თაბაშირს,-სიხარული გაკრთა მის ხმაში.
-რა მაგარია!- გამიხარდა.
-ჰო,იცოდე ექსკურსია ძალაშია,-შემახსენა.
-სიამოვნებით,-მეც აღარ დავიხიე უკან.
-მშვენიერია! წავალ,ახლა,-გაჭირვებით წამოდგა.
-იმედია,მოკლეზე არა?!-ჩავიცინე.
-ასე,ძალიან გინდა ექსკურსიას აცდე?
-არა,არა..-ვეცადე მივხმარებოდი.
-მომწონს ეს ზრუნვა,-ხმა შეეცვალა.
-დანაშაულის გამოსყიდვას ვცდილობ,-მისმა ხმამ დამაფრთხო და ცოტა უკან დავიხიე.
-ჟანეტ,-ახლოს მოიწია ჩემსკენ.
-ჰო,მევლუდ..უფ,კიტა..- დავიბენი.
-არ გაბრაზდები,რაღაც ,რომ გითხრა?
-კითხვას გააჩნია.
-უნდა გაკოცო,-უფრო მომიახლოვდა.
-რატომ?-ყველაზე სულელური,რაც შეიძლება იმ დროს ეთქვა ჩემს ენას.
-რატომ კოცნიან?-გაეღიმა.
-რა ვიცი..
-მე ვიცი,-საფეთქელზე შემახო ტუჩები და გაირინდა. მეც არ გავნძრეულვარ,ისე მესიამოვნა მისი სითბო.
-კიდევ უნდა გაკოცო,-ისევ გამაფრთხილა და ახლა ღაწვზე ჩამოაცოცა თბილი ტუჩები.
-ჟანეტ..
-მეტი აღარ,-გამეღიმა და მის სიახლოვეს გავერიდე.
-მადლობა,-თავადაც გაეღიმა და კარისკენ გაემართა.
წავიდა,თუ არა კიტა,იქამდე შეკავებული ბედნიერება ერთიანად ამოვუშვი და გაბადრულმა დავიწყე საქმის კეთება.ვინ დამაცადა ბოლომდე სიხარულის შეგრძნება,ფანჯრიდან ჩემს კორპუსისკენ  მომავალა დეიდა ევა,რომ დავინახე, გული გადამიქანდა. ამოსვლა შეაგვიანდა,გამიკვირდა.აივნიდან გადავხედე და რას ვხედავ,თუთის ხეს დენდროლოგივით ზვერავდა.
-დეიდა ევა?-გაკვირვებულმა ჩავძახე.
-სახლში ხარ,ჟანეტ?-შემცბარმა ამომხედა.-ამოვალ!-მითხრა და სადარბაზოში შემოვიდა.
-ან ის,ან მე!-კარის გაღებისთანავე,მომახალა.
-რა მოხდა,დეიდა ევა?
-ბავშვს რაისა უნდა დავარქვაო,გესმის?-თქვა და ნაპერწკლები გაყარა თვალებიდან.
-ვაიმე!- სიცილი ამიტყდა.
-რა გაცინებს,გოგო?!
-მე ვარ დამნაშავე,ეგ იდეა მე მივაწოდე,-სიცილს ვუმატე.
-ჰმ,რომ ვამბობ,გველი მყავს უბეში-თქო,ვტყუი?!-თქმა და ორივემ ერთად გავაცოცეთ თვალები კამასკენ,რომელსაც თავი წამოეყო და შუაზე გაყოფილ ენას დროდადრო გარეთ ასრიალებდა.
-დედა,ამ საზიზღრობას ,როგორ უვლი?!- სახე შეეცვალა დეიდა ევას.
-მივეჩვიე,იმასაც..-ავე მინდოდა მეხსენებინა,მაგრამ ვერ გავბედე.
-ფუჰ,შენც გაგაგიჟა იმ ცირკის მასხარამ!- მიეცა მიზეზი კიდევ ერთხელ შეემკო სიძე.
-ყავას გაგიმზადებთ,- ვიცოდი,მისი წამალი.
-აბა,შენ იცი,საცერში გაატარე და ისე დამალევინე,-საყვედური მესროლა და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა.
-გაგონილა?საკუთარ სახლში სიგარეტს არ მაწევინებს!- ისევ ამოიქოთქოთა და სიგარეტის ღერი კბილებს შორის მოიქცია.
- მაკას,ახლა სუფთა ჰაერი ესაჭიროვება,ვერ გაამტყუნებ,-სიფრთხილით შევაპარე.
-ა,კიდევ?! წაიყვანოს მერე ქალაქგარეთ,რომ დაფრინავს ოთახებში მორყეულ ვერტმფრენივით,უკვე მესამე ვაზა გამიტეხა,ედება ყველაფერს!
-რა მისი ბრალია,-შემეცოდა გიზო.
-ისე,შენი მადლიერი კი ვარ,მაგრამ რად გინდათ ეს ხე კორპუსის ძირში,ფესვებს შეუძლია ზიანი მიაყენოს შენობას,იცი,შენ?
მაშინ კი მივხვდი,რისთვის უტრიალებდა თუთას გარშემო და ცოტა არ იყოს,შემეშინდა.
-დეიდა,ევა?!-გაოგნებული ჩამოვჯექი მეც.
-ვხუმრობ,გოგო,-კი თქვა,მაგრამ მთლად დამაჯერებლად ვერა.
-უჰ,-ცოტა ამოვისუნთქე,მაგრამ მაინც ეჭვით ვათვალიერებდი ფიქრებში წასულ ევა დეიდას.
გამიმართლა და ყავა ქაფიანად დავუსხი ფინჯანში.ის იყო,მეც უნდა დავმჯდარიყავი,რომ კარზე ბრახუნის ხმა მომესმა.ვიღაც გაბრაზებული ჩანდა.
-ან ის,ან მე!- გავაღე კარი,თუ არა,გიზო შემოფრინდა,მაკა კი ისევ ქოშინით ამორბოდა კიბეზე.
-ახლა გარდავიცვლები!-დავიძახე სასოწარკვეთით და კედელს მივეყუდე.
-რაისაო,ჟანეტ!-გულმოსაკლავად დაიძახა მაკამ და სანამ კარს მიიხურავდა, დედა მანონიმ მოასწრო შემოსვლა.
-დილა მშვიდობისა?-უფრო იკითხა,ვიდრე მოგვესალმა.
-მშვიდობის გვეტყობა,რამე?-დეიდა ევა გამოვიდა სიგარეტით ხელში და წარბაწეული მზერა მოატარა შვილს და სიძეს.
-მგონი,უდროო დროს მოვედი,-თქვა დედა მანონიმ და წასვლა დააპირა.
-დროულია ნამდვილად,-კარს ავეკარი. არ მაწყობდა მისი წასვლა,იქნებ,მისი მორიდებოდათ და ჩხუბს რამოდენიმე წუთით მაინც გადაეწია უკან. სულ ტყუილად მქონდა იმედი,ისეთი ამბავი ატყდა,  მანონის შევატოვე ყველა და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სახლიდან.სხვაგან სად წავიდოდი,თუ არა კიტასთან,ჩემი დარდების გამზიარებელთან.
-რა მოხდა?-შეშინებულმა შემომხედა.
-უნდა მიშველო,დღესვე,დღესვე უნდა წავიდეთ ექსკურსიაზე,თუ გინდა, სადმე სხვაგან ,ოღონდ  აქედან გადავიკარგო!-სასოწარკვეთილმა ვუთხარი და მოვეხვიე.
-ჟანეტ?-უკან გამწია და თვალებში ჩამხედა.
-ხომ წამიყვან?-მავედრებელი მზერა მივაპყარი.
პასუხის მაგივრად ისე ვნებიანად დამაკვდა ტუჩებზე,დედამიწას მომწყვიტა.

&&&_&&&

-ვაიმე,მტკივა!-დაიკივლა მაკამ.
-სტკივა!-ფეხზე წამოხტა გიზო.
-სტკივა?- დაიბნა დეიდა ევა.
-ჩქარა,სასწრაფო!-არ დავბნეულვარ მე.
მაკა ისე იგრიხებოდა  ტკივილებისგან,მეგონა კამას აჯავრებდა. მისი სამშობიაროში გადაყვანა ვერ მოვასწარით. წყლის გუბე დააყენა და ბავშვის თავიც გამოაჩინა. ყველამ ერთად დავიმკლავეთ ხელები და სულ რაღაც ორ წუთში პატარა ბიჭუნა დავაგორეთ საწოლზე.
-სამართალმა პური ჭამა!- სიხარულით აღარ იყო გიზო, არაადეკვატური გახდა მისი ქცევა.ხან მაკას კოცნიდა,ხან მე და თქვენ წარმოიდგინეთ დეიდა ევასაც კი.სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ვერ დამშვიდდა და ვერც შემდეგ.
- ავე!-დაუძახა ნიშნისმოგებით დეიდა ევას და რეანომობილში შეხტა.

***

ძალიან ვიყავი დაღლილი ემოციებისგან,ფეხზე ვეღარ ვიდექი.რადგან მაკა ბავშვიანად  საიმედო ხელში დავტოვე,სახლში წასვლა გადავწყვიტე.გიზოს კიდევ ერთხელ გავუწელე ყურები და დავემშვიდობე.

"შენა ხარ ჩემი შხარა, თეთნულდი,
მე კიდევ, შენი კიტა-მევლუდი,
შენა ხარ ჩემი ჯიმარა,უშბაც,
ჟანეტ,ცოლად გამომყვე, უნდა!"

ჩემს სახლის კარზე გაკრულ ფურცელს ლამაზი ბეჭედი ამშვენებდა.
მოულოდნელი სიხარულისგან  წამოვიკივლე და ხტუნაობას მოვყევი.კიდევ კარგი კიტა ვერ მხედავდა,თორემ შეიძლება გადაეფიქრებინა კიდეც. ფურცელი ბეჭედთთან ერთად ხელში მოვიქციე და კიბეზე სირბილით დავეშვი.
-ჩემი მწვერვალი ხარ!-კარის გაღებისთანავე მითხრა და როგორც არასდროს,ისე ჩამიხუტა გულში.

დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები