ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2022


მოხსენება

დასრულდა ქარიშხალი.
აღარ მიქადდა, თურმე შეციებას.
ყველა ტკივილი, რომელიც გამოვცადე
თურმე ამზადებდა ჩემზე მოხსენებას.
როგორ გადავერჩინე და დავეცავი,
ჭიაყელასავით ჩავეკარი და გამოვეკვებე,
დამიგრძელდა ტანი და ყოფა.
მეგონა ნემსშიც კი ჩავეტეოდი,
ამიტომაც არ გავისრისე მიწის გულში,
სივრცეში სიდიადისა და სივიწროვეში
ხალვათობის შეგრძნება დამყვა.
მუცლიდან ვიცავდი წონასწორობას,
პატარებში თავი დიდად როგორ არ მეგრძნო,
დიდებში კი-თავი პატარად!
ტყვიასავით მოვწყდი დასასრულს,
ეს არც შვება იყო და არც წამება,
ვიგრძენი ადამიანურად,
საქმითაც რომ შემეძლო შვება.
მხოლოდ დარდია უფრო მძიმე, ლოდებად გადევს
ფიქრებმღვრიე ცხარე კამათი,
სად ჩაიკეცე, რამ დაგაგდო, სად ვერ აფრინდი.
მხოლოდ ნავია ზღვას მიბმული, უზღვაოდ-ტივი
ადამიანი-უსაქმო და მიუსაფარი, არა აქვს ძირი.
ძილი და კვდომა ერთნაირად არაფერს გეტყვის,
არ გაგღვიძებს, აგტკივდება როგორცვე კბილი.
დღესაც ისა ვარ, მიუსაფარ ფიქრებთან ვდაობ,
ცხოვრებისა ვარ და სიმკაცრეს ფესვებით ვიწოვ.
სინამდვილეა, მექაჩება, აქა ვარ, ვფიქრობ,
სხვაგან ვიყავი, არაფერი მინდოდა თითქოს.
დამაბრუნებენ, სახეები დამაბრუნებენ,
ისინი ვისი ხატიც შევქმენ, აქ რომ ხატიან.
არ გაგირბიან, როგორ ცხოვრობ, როგორ თამაშობ,
არ გაგაგდებენ ცუდად თუ ხარ, თვითონ გწყალობენ.
მე გავაჩინე. როგორ ვზარდოთ, იცოდით ვინმემ?!
ეს რომ არ იყოს, მათი ყოფნით ერთი აღარ ვარ.
ერთს ძლივს ვუვლიდი, არ ვუსმენდი, არ ვუყურებდი.
მათში ჩემი წლებია დაჟანგული გაჭრილ ვაშლივით.
დღეს გადავყლაპე, ეყოფოდა, ჩემად რაც იყვნენ.
აგერ, მღერიან ჩიტუნები ფანჯრის ძირს ვწევარ
ლაგდება უჯრა, ის ალაგებს და თან ერთობა.
მე რაღა დამრჩა? იზრდებიან, რომ არ დავჭირდე?!
სხვებს გაიჩენენ ადამიანებად, ქალებს და კაცებს.
მე ხომ დავრჩები, ახლა თუ ვარ
არაშეჭმუხნული შუბლი, არა სიცივე, არა ყვირილი,
არსებობით, შეჩივლებით, გულამოსკვნით
გაგებითა და განხილვებით, როგორ და რატომ?!
ეს მე ვიფიქრე, ფიქრი უნდათ, დაე, იფიქრონ!
მე ეს შევძელი, რაღაცის თქმა უნდათ, დაე, გამენდონ!
თითებზე ვთვალე მათ გრძელ თმაში განთიადის წნული,
ავუხსენი, ცხოვრება მწარეა,
ერთმანეთის შოკოლადი თავად არიან.
ეს მე მესროლეს დარდები და გულნატკენი დაცინვები,
მათი არ იყო. მე არ ვყოფილვარ წყნარი ღამე,
ისინი იყვნენ!
არც გაზაფხული ვყოფილვარ, მათ ამაყვავეს!
არც დილის ცვარი ვყოფილვარ,
მათმა ცრემლმა დანამა ჩემი სასთუმალი,
არც ჩემი ლოგინია გატკეცილი, გასწორებული,
ადგილი ყველას მივუზომე, სუნი მუდამ აქვს.
სახლის სისუფთავე ყველას ეკუთვნის,
მტვერი მხოლოდ ჩემს სულს ედება.
ქარიც უბერავს ხოლმე, თბილ ქურქებს ვახვედრებთ,
ცხელი გულებით. აქაც წვიმს ხოლმე,
გაციებულ შამპანიურის შხეფებად,
ცხოვრების სიმწკლარტეს როცა ვაგემოვნებთ
ქუსლებზე შემდგარი ჭიქებით.
ცხოვრების ჭრილობებს გამარჯვებით მოგვრილი
სიხარულით ვიშუშებთ,
მუდმივმა სიფხიზლემ გამოფიტვა იცის,
ამიტომაც ერთმანეთს ვუვსებთ სიცარიელეს.
ნათელ თვალებში სიცოცხლის ჟინი "ლუმინალია",
ჩაწყნარებულ, მინავლებულ თვალებს რომ დაგახუჭინებს
ხვალინდელი კაშკაშა დღის მოლოდინითა და გაათმაგებული ენერგიით.
ეს ცხოვრებაა, ფილმი არ გეგონოთ, მეც შევცდი ერთ დროს,
ჩხუბი მიკვირდა, გადაგდება და თან შეჩვევა.
ახლა ყველაფერი ერთად ავითვისე,
ცხოვრების სკოლაში არც ერთი დღე გამიცდენია!!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები