ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2023


შიშნაჭამი



-

ოცი წლის წინათ,
ხრიოკ მიწაზე, ქმარს რომ მივეცი ჩემი თავი საჯიჯგნაოდ,
დაქანცვამდე მოვრთე ბღავილი.

განა, ჯიჯგნაობა არ მეამა, ქალებო,
განა, ცას არ ავხედე კმაყოფილმა.
წამოვდექი, მუხლის თავებიც დავიფერთხე,
წელზე მოღრეცილი ბაფთაც შევისწორე,

გავუყევი ველსაც შიშნაჭამი,
იმნაირი ტანის ქნევით,
თითქოს გზააბნეული უშობელი ვყოფილიყავი,
უცხო საძოვრიდან ძლივს თავდაღწეული,
ადრიანად პატრონს ჩაბარებული.

-
მას შემდეგ მომდევს შიშიც და ცრემლიც.
სად არ მოვაღე პირი.
გამოგონილს, ისევ ნამდვილი მერჩივნა მეამბო,
წლებთან ერთად, სათქმელიც შემომყვირის:
- მიდი, ტაბაღუა! მიდი, გაბედე!
ვის რა ჰკითხავს, მოყევი მთელი სანახაობა...

-
აჩვენე ყალბებს,
როგორი მსუყეა შენი კაბის ქვეშ ნამდვილი შრიალი.

აჩვენე დილას ჩიტის სიმღერა,
ყვავს რომ ბახალა ჩაუბულბულდეს.

შეუნდე იმ ხალხს ცილისწამებაც, ვინაც შენზე წინ ვერ იყვავილა.

ხან მიაგინე, ხანაც დალოცე მათი უნიჭო თავის ყანყალი.

ბედობის ღამევ, შენ დააბედე ჩემი მართალი სიტყვის ბზრიალი.

-
,,ჩემი სიმართლე ჩემი მტერია"

ასე გრძელდება დღეის ცხოვრებაც,  როგორც შამანაურის დღიურებიდან გამოსული შიში
ჩემს გოგოობაში,
ჯერ კიდევ თითდაუკარებელი პაწია ძუძუსთავები
ძირმაგარებივით რომ მეწვოდა.

-
ახლაც ჩამესმის პედოფილის გაბმული სტვენაც,
ახლაც მიცქერს
მისი ჭორფლიანი ცხვირ-პირიდან უბედური ღიმილი.
ახლაც მახსენებს თავს მეზობლის ქალის ,,რედიკული",
რომელიც ძალიან მომწონდა და კუბოში ჩაატანეს.
მე კი გულდაწყვეტილი დავრჩი, რადგან, დიდი რომ გავიზრდებოდი, მინდოდა ჩემი გამხდარიყო.

-
ვერ მოვაშუშე მამის ღრიალიც,
როცა შემხედა შინ მობრუნებულს.

-
ხომ შეიძლება, იქ მაინც აღარ იყოს შიში?
იმ გზას რომ დავადგები,
გასახრწნელად შემზადებული,
ჯერ კიდევ სრიალა კანით.
სანამ ჩემს ორმოს ამოვბუდნი,
რა დაშავდება, მოვიდეს ვინმე, კაცი,  მატყლიანი შარვლით,
დამამღეროს ასათიანური -
,,სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალ წელიწადს მარად მომაგონდები".

დაიხაროს, შემითბოს შუბლი,
თან დამატიროს - ჰეი, შენ, შიშნაჭამო ქალო,
ალალი იყოს კაცნაჭამობაც!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები