ცხოვრობდა ამქვეყნად ერთი ვინმე უიღბლო კაცი, არაფერში არ უმართლებდა. რა საქმეც არ უნდა წამოეწყო, როგორი გულდადებითაც არ უნდა მოეკიდა ხელი, რატომღაც ყველაფერი ჩაეფუშებოდა ხოლმე. ეხვეწა და ევედრა ღმერთს უიღბლო, მეტი რომ აღარ შეიძლებოდა, ისეთი გულმხურვალებით ეხვეწა, იატაკსაც კი ახალა თავი... ნუ დამტოვებ მთელი სიცოცხლე უყისმათოდ, ჩემი წილი ბედი მეც მაღირსეო. ისმინა ღმერთმა მისი ხვეწნა - ვედრება და გაუგზავნა ბედი ანგელოზის ხელით. ანგელოზი უიღბლოს მაშინ დაადგა თავზე, როცა ამ უკანასკნელს ხალხით გაჭედილ სადგურში მერხზე ეძინა, საბრალოს აღარც ბინა ქონდა, აღარც სამუშაო და ოჯახიც არ ჰყავდა. იმ ხალხმრავლობაში ვეღარ მოახერხა ანგელოზმა, ბედი კინკრიხოში ჩაეკერებინა უიღბლოსთვის, როგორც წესი და რიგია. ერთი ისღა შეძლო, ქუდში ჩაუდო შეუმჩნევლად. ქუდი თავიდან გადასძრობოდა უიღბლოს და იატაკზე ეგდო. ძველი, საკმაოდ შელანძღული ქუდი იყო, არავის წაცდებოდა მასზე ხელი. გამოიძინა უიღბლომ მერხზე, წამოდგა, ქუდი მოიძია, დაიხურა თავზე და გასწია სამუშაოს საძებნელად. მისდა გასაოცრად, პირველივე ცდაზე გაუმართლა. - მობრძანდით, გთხოვთ, - ისე გულღიად მიეგებნენ ერთ დიდ, ფრიად საპატივცემულო დაწესებულებაში, თითქოს ერთი მასღა ელოდნენო. - საქმის მწარმოებელი გვჭირდება. ეჭვიც არ გვეპარება, გამოგვადგებით. მაშინვე წაუძღვნენ წინ, შეიყვანეს მოსაცდელ ოთახში. დაბრძანდითო, სავარძელი შესთავაზეს. უიღბლოს გულს ბაგაბუგი გაქონდა, მსგავსი არაფერი გამოეცადა თავის სიცოცხლეში. კეკლუცად გამოწყობილი მდივანი შთამაგონებლად ლაპლაპა კარების მიღმა მიიმალა, მალე ისევ გამოჩნდა და უიღბლოს (ახლა უკვე ქუდბედიანს) აუწყა, შებრძნდით, შეფი თქვენ (სწორედ თქვენ და სხვას არავის) გელოდებათო. ქუდბედიანი წამოდგა სავარძლიდან, მღელვარებისგან ათრთოლებული ხელით მოიხადა ქუდი, იქვე საკიდზე ჩამოკიდა და ლაპლაპა კარების მიღმა შეაბიჯა...იმ გაქექილი ქუდით როგორ გაბედავდა შეფთან გამოცხადებას. ამ წუთიდან ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. შეფს თითქოს გაუკვირდა კიდეც ქუდბედიანის დანახვა. ამას აქ რა უნდაო, მგონი გულში გაივლო. ყოველ შემთხვევაში, მისი სახის იერი ცხადად მეტყველებდა ამაზე. მერე კიდევ, ვერაფრით ვერ აეწყო მათი საუბარი. შეფი შეკითხვებს აძლევდა, ქუდბედიანიც პასუხობდა, ჭკვიანურად და დალაგებით ლაპარაკობდა, თან შეფს შეყურებდა სახეში, დარწმუნებული იყო, შთაბეჭდილებას ვახდენო, ნამდვილად გამიმართლებსო, ყველაფერი ისე კარგად დაიწყო, ცხადია, ბოლოც კეთილი ექნებოდა. ამის დიდი იმედი ქონდა. მაგრამ ვაი რომ ყოველივე სულ სხვანაირად წარიმართა. შეფს თავიდანვე არ ქონდა დაშაქრული იერი, ქუდბედიანის ლაპარაკზე სახე კიდევ უფრო დაეღრიჯა, ნიკაპიც ჩამოუგრძელდა, ისე რომ ლამის მაგიდას დაებჯინა. მიხვდა ქუდბედიანი, საქმე ვერაა კარგადო, კიდევ უფრო მოინდომა, როგორც იტყვიან, საცდელი არ დააკლო, მაგრამ სულ ამაოდ ჩაუარა. - არ გამოგვადგებით, - ასეთი გახლდათ მოკლე დასკვნა, რაც ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე განუცხადეს ქუდბედიანს. ისიც დაღრეჯილი სახით გამოვიდა კაბინეტიდან, დაიხურა თავისი გაქექილი ქუდი და ახლა სხვაგან გასწია იღბლის საძებნელად. სხვაგანაც იგივე სცენა განმეორდა სულ ცოტაოდენი, მხოლოდ გარეგნული ცვლილებებით. ქუდბედიანი ჯერ დიდი მოკრძალებით მიიღეს, ლამის გული აუჩუყდათ მისი დანახვისას, მერე კი, როცა ქუდბედიანმა თავისი ქუდი საკიდზე ჩამოკიდა, ანუ დროებით განშორდა მას, მისი ყისმათიც მაშინვე უკუღმა შებრუნდა, ისევ მწარე მარცხი იწვნია. ყველა „სიკეთესთან“ ერთად, მკაცრი გაფრთხილებაც მიიღო, მეორედ აღარ შეგვაწუხოო. იქიდან წამოსული ქუდბედიანი ისევ გაეშურა საკუთარი იღბლის საძიებლად, და ასე გაგრძელდა დაუსრულებლად. ქუდბედიანს ცხოვრება არც ადრე იყოსაამური, იმის შემდეგ კი, რაც ანგელოზმა ქუდში ბედი ჩუდო, სულ მთლად აუტანელი შეიქნა. ახლა მას თითქოს დასცინოდა ბედი, ჯერ გაუხსნიდა კარებს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ ცხვირწინ მიეჯახუნებინა. გასაოცარი ის იყო, რომ ქუდბედიანი მაინც არ ყრიდა ფარხმალს, ისევ დაუღალავად იღწვოდა, რათა როგორმე თავისი ბედისთვის მიეგნო. ბევრი იარა და იწანწალა ასე, კარებიდან კარებამდე, ერთი მოჟამული სიფათიდან მეორემდე. ყოველთვის ხელი მოეცარა, იღბალს ვერა და ვერ ეწია... და ასე გრძელდება დღემდე, აქეთ იქით დაუსრულებლად აწყდება ქუდბედიანი საკუთარი იღბლის ძებნაში და ვეღარ მოუსაზრებია, რომ არსებობს ერთი, უბრალოზე უბრალო ხერხი, რათა საწადელს ეწიოს... ერთი წამითაც არ უნდა მოიხადოს თავისი გაქექილი ქუდი... ანუ, არსად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა განშორდეს მას, თუნდაც ზრდილობის წესების დარღვევა დასჭირდეს საამისოდ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ამის დახვეწა შეიძლება და იგავის სახე მიეცემა.
ამის დახვეწა შეიძლება და იგავის სახე მიეცემა.
1. ვერ მოვიწონე, მაპატიეთ. ვერ მოვიწონე, მაპატიეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|