უღვთოდ გადაღლილს ჩაგეძინა, ძაღლების ყეფა არ ეკარება შენს გონებას ძაღლივით ფხიზელს, ჩემს ცოლობისთვის იმსახურებ შენ დღიურ ხელფასს თანაც პრემიას ყოველკვირას, თვისბოლოს პრიზებს, ზამთარში საგზურს კორეაში, ზაფხულში სეფად მზე რომ იქნება გაჭიმული, კოქტეილს პირზე, სადმე ჰავაის კუნძულებზე, წვიმის წყლის შხეფად მზეს რომ იყიდი და შემოდებ ღრუბელის მიზერ ნაფლეთზე. დილით გაიგრილებ ნამთვრალევ კეფას და გამოაცხობ ხელახალი ძილისთვის მიზეზს. ახალ ტანსაცმელს იმსახურებ, ძველმანებს - ფერფლად და ალბათ ყავას იმსახურებ იახტის ქიმზე,
შენ კი გძინავს და თითქოს დგები, მიწყნარდა ყეფაც, ჩემი ცოლობის საფასურად კი ლექსი გიმზერს.