ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2023


(პ)ირველი ლექსიდან მეოთხე ტექსტი



შუა ხნის კაცია ეს ქალაქი,
მუქი ხალებივით აქვს ყორნები სხეულზე დახვავებული,
ნისლებს ახველებს და ბუზღუნებს.
ქრონიკული ციებისგან შეწუხებაც აღარ ემჩნევა.
თირკმელში რაც კი კენჭი გაუჩნდა,
თითოეულით ტაძრები ჩაუშენეს,
სხვა დანარჩენი მოხდენილი ყაიდის სახლებსაც ეყო.
ბუზღუნებს ხშირად, გაუცხოებას განიცდის,
მისავათებული განწყობა აქვს და
სიმყუდროვეს ცხოველების დაცვით ინარჩუნებს.
ყოველ დილით ველოსიპედს გადააჯდება,
სუსხიანი ამინდის მიუხედავად გაუყვება ქუჩებს ჭიამაიასკენ,
რომელშიც ხეირიანად ,,იშოპინგებს'' და
ფეხების მძიმე დაწოლით პედლების ტრიალს
გულის წყვილ ცემას გაუთანაბრებს.
შუა ხნის კაცში ვცხოვრობ,
შუა ღამით ნამუშევარი გამთენიისას ვბრუნდები საცხოვრებელში,
შუა თითს ვუჩვენებ სარკეში დაღვრემილ სახეს,
კბილებში გამოსაცრელ სათქმელს ვწონი დაკვირვებით,
უკმეხად მინდა გამომივიდეს,
მაგრამ სახე ქრება, სახე ორთქლის ნიღაბს ირგებს,
იმანჭება უშნოდ,
ცდილობს ჩემთვის შეუმჩნევლად გამოუვიდეს,
მიხარია.
მიხარია რომ ვგავარ ქალაქს ერთი განსხვავებით
- ჩემში არავინ ლოცულობს.
ესეც მახარებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს