ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუჯარი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2009


გასაუბრება ჩემ კატა ბადუსთან ზამთრის სუსხიან საღამოს


ჩემსავით დაეძებ შენც ერთგულ მეგობარს,
დაღლილი მავანთა ჭორით და ყბედობით;
მეგობარს, რომელიც უსიტყვოდ გენდობა,
მეგობარს, რომელსაც უსიტყვოდ ენდობი.
მეც ბევრჯერ დამიგო საწუთრომ ხაფანგი,
და ბევრჯერ გავები მახეში შენსავით...
სიცოცხლე ხანდახან ჩირადაც არა ღირს,
რას იზამ, ნანატრი ცხოვრებაც ეს არი!
მეც ბევრჯერ დამტოვეს ქარსა და ყინვაში,
ვყოფილვარ უაზროდ ტალახში ნათრევი...
შენსავით ცოდვილი-მართალთა წინაშე,
შენსავით მართალი და ბევრის დამთმენი...
მეც ბევრმა მიმტრო და უღმერთოდ ჩამწიხლა...
ცრუ ენით დაგესლილს და ფეხქვეშ გათელილს
მეგონა ქვეყანა დილეგი და ციხე,
სადაც ვერ ჩააქრეს იმედის სანთელი...
მეგონა...თუმცაღა დღესაც ხომ ასეა,
ძნელია გარჩევა მართლის და ტყუილის...
კნავილი რა არის?-ირგვლივ რო ფარსია,
ხანდახან ძაღლივით მინდება ყმუილი...
რამდენიც გინდოდეს, იყეფე, იკნავლე,
თუ გინდა ქუჩაში გავარდი გიჟივით...
და ცამდე მართალიც, თუ გინდა, იყავი,
მაინც ვერ აგცდება ღრენა და შიმშილი...
მაინც ვერ მოთოკავ მიმავალ ქარავანს,
შე მართლა სულელო, რას ჩხავი, რო ჩხავი?...
ხანდახან მგონია, ცოცხალიც არა ვარ,
ერთი მე ამათი მკვდარიც და ცოცხალიც...
ჩემსავით გღალატობს ხანდახან ნერვებიც,
ხანდახან კაცივით გჭირდება ალერსი;
გჭირდება სითბო და გჭირდება ფერება
და, როცა კნავიხარ, უმწეო ხმა მესმის.
უმწეო ხმა მესმის...და ორი ფუღური-
თვალები უძირო, უძირო ჭასავით,
თვალები, რომელსაც სულ უნდა უყურო,
ივსება ფარული ცრემლით და სამსალით...
და, როგორც აქამდე, მრავალი ზამთარი
უაზრო ყოფაში გავა და ჩაივლის...
ვის ესმის, ანდა ვის ტკივა და ადარდებს,
ეს ჩემი ყეფა და ეს შენი კნავილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები