ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ომარ თურმანაული
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2008


ღამე მილიონიან ქალაქში

მალხაზ უძილაურს


დაიწკავწკავა საბრალობლად ქუჩაში ძაღლმა.
გამომეღვიძა, რომ იტყვიან, მოვედი აზრზე.
წამოიტირა ცოლის გვერდზე მძინარე ბალღმაც.
დამიფრთხა ძილი. წამოვდექი. ჩაიდნით გაზზე
შემოვდგი წყალი ჩაისთვის და ფანჯრიდან მაღლა
შიშით გავხედე მოციმციმე წერტილებს ცაზე:
ვარსკვლავებია?.. ღმერთმა უწყის! იმ ღმერთმა, სადღაც
აბელის სისხლი რომ ღაღადებს დღესაც მის კარზე...

მილიონიან (პირობითად) ქალაქში ახლა
(ჩვენ ხომ ვიცით, რომ მილიონზე ბევრად მეტნი ვართ),
მილიონიან (პირობითად) ქალაქში, მალხაზ,
ჩვენი ცოლ-შვილიც ჩაუწერლად უყურებს სიზმრებს...
ამ ზამთრის ღამეს, ალბათ, ყველა მეორე სახლში,
სოფლელ დედ-მამას, ან დას, ან ძმას ვინმე იფარებს;
მილიონიან (პირობითად) ქალაქში, ახლა,
ქალაქელობას ჩამოსულნიც კარგად ვიფერებთ...

მაგრამ მე სულ სხვა რამე მსურდა, რომ მეთქვა, მალხაზ,
მეთქვა კი არა, უფრო ზუსტად, მეკითხა შენთვის.
მილიონიან (პირობითად) ქალაქში ახლა
თავის ფეხით რომ ანგელოზი გესტუმროს ღმერთის
და გითხრას: “ცოდვა ქალაქისა ცას სწვდება მაღლა,
დროა, რომ იგი აღიგავოს წყალით ან ცეცხლით”.
მთელი ქალაქი რომ დაიხსნას, ერგას კაცს ნახავ?
თუ უბრად წახვალ ქალაქიდან ცოლ-შვილით, ერთი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს