ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2025


.. ** ..

ზაფხული რომ წაიღებს
სიზმრების იელებს,
აუხსნელ ფინალიდან
ლექსები იელვებს.
ცრემლს ზღვაში ნუ გაუშვებ,
დარდშიაც ნუ შეხვალ.
ის ბავშვი არ დაკარგო,
ნავებს რომ უშვებდა

ოცნების ზღვაში, ღამით -
თეთრსა და ქაღალდის.
გულო, რა დაგემართა,
რა დარდით დაღამდი?!
სულო, რად გამიშავდი,
რად მიჭკნობ შროშანებს,
შენში რომ ვაყვავილე,
ცრემლითაც რომ ვქარგე.

გაივლის აგვისტო და
წაიღებს წასაღებს,
ოცნების მზეებსა და
ოცნების გასაღებს.
ერთ ტკივილს მეორის
ჩეროში დამარხავ.
დაისებს მოუყვები
ნანახს და სანახავს.

გასასვლელ მატარებლებს
მოჰქონდა სულ სევდა.
მერე კი, ღამის ცა
ვარსკვლავებს უსმენდა.
აღარც გულს უჯერებდა,
არც რამეს ნატრობდა.
ლექსები მოდიოდნენ
სულდაღლილ ავტორთან.

და ასე სულერთდება..
და ასე ხუნდება-
მერცხლების წასვლები, თუ
მტრედების ხუნდები.
ლამაზი მზის ჩასვლები..
ცა თოთო ვარსკვლავით.
არავინ ყოფილა და არც არის არავინ,

რომ სულში ჩაიხედოს,
იქ მელნის ტბებია
და ჩვენი ტკივილები
მის ფსკერზე კვდებიან.
სტროფებად ამოდიან
ჭრილობის პირიდან,
    პოეტის იარებს
ხმამაღლა ყვირიან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები