ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2025


ჩემო ზღვისხელა სიყვარულო

ჩემო ზღვისხელა სიყვარულო წყალმა წაგიღო,
საცაა ქვიშით გაივსება მტკაველი ორმო..
მეგონა ზღვები მოვიგონეთ მე და შენ ორმა,
ასე მეგონა, სიყვარულო, ზღვები არ იყო.

იყო ზამთარი, ზამთრის მერე კიდე ზამთარი,
ზამთარი კიდე, არ უჩანდა კიდე და უბე.
მერე ამ თეთრი სისხლიდანაც გავიდა თოვლი,
მერე ამ ტანზე მოღუნული კაბაც გავკიდე.

როცა მოფრინდნენ, ჩემო ზღვაო, ჭრელი ჩიტები,
ჩემი მუცელი ცეკვით აიკლეს, ააწიოკეს.
ხეს დავემსგავსე თოვლით დაფარულს,
ღამით რომ ანთებს კარალიოლებს..

მაგრამ წაგიღო. რაღა დარჩა, - გუბე, კანაო,
ძველი ზამთრები იმსიგრძეა ცაზე მაღლები,
სარდაფში თოკზე ბავშვობასთან ერთად ვქანაობ,
თოვლი კი,  -  ჩემი განუყრელი თეთრი ძაღლები

იქვე მიბია, ჩემო ზღვაო, ვაი და მოსულ
ზამთრების სიგრძეს აღარ ეყოს თოვლების ყეფა,
თითქოს მუცელში ყველა მკვდარმა სული აიდგა,
თითქოს მუცელში ყველა მკვდარი ისევ მიკვდება -

ნელა, ჩვეული მიწის პირის, პირის მოღებით..
ნელა, და ბოლო აღარ უჩანს, ბოლოს მოღებას.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები