ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანტსულა
ჟანრი: პროზა
27 მარტი, 2009


ინვალიდის ერთფეროვანი ფიქრები

ერთფეროვნება.

ახლა ყველა დღე ერთნაირია... დასველებული ფურცლებივით გამოიფიტა ცხოვრება...
დილა იწყება დასაქოქი საათის შავი ისრების ყურებით, შემდეგ თვალების მოფშვნეტით და ბოლოს ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივის დანახვით... მოსაბეზრებელია კარგი ამინდები, როდესაც მეხუთე კედელს ეძებ, მკვდარ თევზებს იყვან აკვარიუმიდან და გისოსებს იქით მაინც ცხოვრება მიდის...
ახლა მე ინვალიდი ვარ და რამდენიმე მწუხარესიტყვებიანი წერილი მომდის დღეში ორჯერ ან შეიძლება სამჯერაც.. თითოეულ მათგანს ერთი და იმავე, უღიმღამო პასუხებითა და ცალყბათქმული მადლობით ვისტუმრებ და ერთფეროვან სუნში ისევ ვიძირები...

სიახლის შიში.

ხანდახან უკეთესიცაა რაღაც ახლის შეგრძნება, მაგრამ ყოველ სიახლეს გარდატეხა უნდა სდევდეს თან, ზოგჯერ ცუდი და ზოგჯედ კარგი... არსებობს ახალი ამბები, რომელთა გაგონებაც ძველზე მეტად გვტკივა და გვადუნებს...
ინვალიდობა სიბერეს ჰგავს რაღაცით - უმწეოობა, მარტოობა, მეხუთე კედლის ძებნა, უმნიშვნელო ნივთით გახარებაც... მაგრამ განსხვავება ისაა, რომ სიბერე ნელ-ნელა მოდის, სხეულის ტკივილი კი წამიერია.

შეგრძნებითი ფერები (პირველი ნაწილი).

ჯერ ვერ იხსენებ რა ხდება, ცდილობ უხერხული სიტუაცია განმუხტო, თავი ძლიერად მოაჩვენო სხვებს, მაგრამ იმასაც კი ვერ ამჩნევ, რომ სამყარო შენ ირგვლივ აღარ ბრუნავს, არავინ გიყურებს, არავის სჭირდები.... შემდეგ მოდის გაბუჟებული და გამაყრუებელი ტკივილის ჰანგები, გრძნობები, გულის გაჩერებისა და ვეღარასოდეს გაცოცხლების უაზრო შიშები... ნელ-ნელა იძირები ფერებში, რომლის აღწერაც ან ძალიან დამაჯერებელი იქნება, რეალური და ახლო ან კიდევ გიჟური და ანტიკური ხანისეული...

ფერ-წერა.

ფერ-წერა არ ხდება მხოლოდ ქაღალდზე, ტილოზე... ყველაზე ხშირად ფერებს ცხოვრებაში ვღწერთ ან ვწერთ, შემდეგ ეს შთაბეჭდილებები, ნანახი, დამახსოვრებული, გონებაში დალექილი გადმოგვაქვს ფუნჯების ან ფერადი ფანქრების მეშვეობით თეთრ, ბრტყელ არსებაზე და იქ დახატულით ვცდილობთ აღვიდგინოთ პირვანდელი განცდები და შთაბეჭდილებები...

შეგრძნებითი ფერები (მეორე ნაწილი).

რადგან ფერწერის არსი ყველასთვის ცნობილია, მაშინ შეგრძნებითი ანდა ტკივილის ფერების გადმოცემა თუნდაც სიტყვიერად ძნელი არ იქნება...
პირვანდელ ტკივილს წითელი ფერი აქვს, წითელი ოღონდ ცოტა იისფერის შერევით. აი, აქედან იწყება გაბრუება და გულის ყელში მობჯინების მონაცრისფრო შეგრნება. შემდეგ ტკივილი და გული უერთდებიან ერთმანეთს, ამასობაში ყურებში წივის სემოდგომისფერი სიწითლის მოლეკულები და ეს ყველაფერი ერთად ატრიალებენ სამყაროს ისე, როგორც ფილმებშია ხოლმე... შავ მერხზე დადებული ხორცისფერი თავიდან ყავისფერი თმების დაგლეჯის შეგრძნება ქარის წუილს ჰგავს, რომელიც გაფხიზლებს და იძულებულს გხდის შეებრძოლო. შეებრძოლო ამ შემთხვევაში მოზღვავებულ ფერებს და ყვითლად დაჟანგებულ ძვლებს.
მერე ყველაფერი ერთ ფერში იძირება, ფერის ფერი არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით მიძინების მაგვარი უნდა იყოს რაიმე...

თეთრი - დასასრულის დასაწყისი.

თეთრი კედლები, ვიღაცების საუბარი, დღის განათების გადამწვარი ნათურები, მოხუცის (ან იქნებ ახალგაზრდას) ეტლის ჭრიალი, ყავარჯნის ბაკუნი, თიხის მოზელა...
თეთრი ხალათები, თეთრი თვალები, არაფრისმთქმელი, დანაოჭებული და შეკუმშული ტუჩები  მოვადრისფრო, ვადაგასული პომადით შეფერადებული...
ვერცხლისფერი, ბუნებრივი წყლით დასველებული შუბლი, ნიკაპი, ყელი, აკანკალებული ხელები...
ეტლის ჭრიალი..
ყავარჯნის კაკუნი....

თავიდან - ყველაფერი.

ინვალიდის გისოსებიანი ფანჯრიდან მზის სხივის ანარეკლი დაკეცილ სარკეში და შოშიების ტკბილი გალობა, რომელიც მხოლოდ შავად ისმის... არავის ადარდებს, არავინ იტირებს სიცოცხლეზე თუ სიკვდილზე...
სამოწყალოდ მოსული რამოდენიმე წერილი;
ზრდილობის გამო ღიმილი, ახსნა, მადლობა....

ეს ყველაფერი ისევ თავიდან...
ინვალიდის ფიქრები... თეთრი დღეები....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები