ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე_თამუნა
ჟანრი: პროზა
8 მაისი, 2009


ჩემი ქმარი ამბობს...

ჩემი ქმარი ამბობს, რომ მე ერთი პატარა ჭირვეული ბავშვი ვარ და რომ დროა გავიზარდო, თორემ საბავშვო ბაღში მიმაბრძანებს.
  ჩემი ქმარი ამბობს, რომ ყვავილები ძალიან მიყვარს, ამიტომ _  რადგან ტყეში რომ წამაბრძანოს დავეკარგები, _ სახლში მოაქვს ყვავილები და მერე ყველა ოთახში იღვრება სურნელებად.
  ჩემი ქმარი ამბობს, რომ ვღალატობ, როცა ხატვას ვიწყებ, მაგრამ საოცრად დიდებული ( ასე ამბობს) ნახატები გამომდის და ღირს ამად. სულელი...
  ჩემი ქმარი ამბობოს, რომ ჩემზე მდიდარია, რადგან მე ვყავარ და მისთვის არაფერს ნიშნავს აგარაკები მთაში და ზღვაზე, ორი მანქანა ( ერთი ჩემი), კარიერა და ეს სასახლეც ქალაქის საუკეთესო უბანში. მე ვარ ყველა განძზე უკეთესი და ამ ყველაფრის ჯადოსნური და კეთილი ფერია, მაცოცხლებელი...
  არადა, ერთხელ ერთი შეყვარებული მყავდა, და ხუმრობით, (ნახევრად) ვუთხარი, აუდის ჯიპი Q7 მიყიდე _მეთქი, სულ რაღაც 71 ათასი $ ღირსთქო. მითხრა, კი გიყიდი, შენს თავს ვფიცავარ, მაგრამ, მერე სახლი აღარ გვექნება არასდროსო. საშინლად ვუყვარდი... დავშორდი მერე...
  ჩემი ქმარი ამბობს, რომ არასოდეს, არასოდეს დაავიწყდება ჩვენი გაცნობის დღე, როგორ დამინახა, როგორ გაუშტერდა თვალები, ხელები, ფეხები და როგორ მიხვდა ერთ წამში, რომ მე ვიყავი ქალი, რომელიც მისი ცოლი გახდებოდა...
  ჩემი ქმარი ამბობს, რომ მართალია, მისი ცოლი ყვება, _ თხამ თქვაო, კაცის ჭკუა ეკალ-ბარდზე მივაყოლეო, კაცისო? კაცისას რას მივაყოლებდი, რაც არა აქვსო?! _ კაცები მაინც უუუჭკვიანესები არიან. და იმ თხის არსებობასაც ვერაფრით დავამტკიცებ...
  ჩემი ქმარი ამბობს, რომ თვალდახუჭული მენდობა. მაგრამ არ იცის, რომ ჩემს პერანგს კიდევ ერთი ღილი ეხსნება და ასე უფრო დიდი დეკოლტე აქვს. არც ის იცის, რომ შავი კაბის დამოკლება შემიძლია უბრალოდ თეძოს ნაცვლად წელზე ატანით. მენდობა და რა ქნას?!
ჩემი ქმარი ამბობს, რომ ათასი ნაოჭიც რომ გამიჩნდეს, მაინც სიგიჟემდე ვეყვარები. არ იცის, რომ ყოველ ზაფხულს ნაოჭებისგან დამცავ ნიღბებს ვიკეთებ და რომ ჩემი სახის კრემის შემადგენლობასი სპეციალური მიმიკური და ასაკობრივი ნაოჭებისგან დამცავი ნივთიერება შედის. არც ის იცის, რომ მასაც გაუჩნდება ათასი ნაოჭი და იქნებ, მეტიც.
  ჩემი ქმარი ამბობს, რომ ამ ზაფხულში ჯერ მთაში დავისვენებთ, მერე ზღვაზე, საზღვარგარეთ და პარიზშიც წავალთ, თაფლობის თვის გასახსენებლად.
  ჩემი ქმარი...
  მე მინდა ჩემი ქმარი ამბობდეს, რომ ბევრი, ბევრი შვილი გავაჩინოთ და დავარქვათ დამიანე, ანდრეა, ეფემია_ემა, დეა, ხატია და კიდევ ბევრი და მერე მათ კვირაობით ტაძარში წაიყვანს და აზარებს.
  მინდა ამბობდეს, რომ შეიძლება ამ ზამთარში ცოტა გაგვიჭირდეს, და ხომ არ ჯობს, სოფელში წავიდეთ, იქ შეშა იქნება ბევრი და ბუხარში დიდი ცეცხლი ავანთოთ ხოლმე.
  მინდა ამბობდეს, რომ მოხუცები ძალიან სასცილოები ვიქნებით და ალბათ ცოტათი აბეზარებიც...
  მე მინდა ჩემი ქმარი ამბობდეს, რომ არაფერია დედამიწის ზურგზე მთის მდინარეზე ცივი და ქალის ტუჩებზე ცხელი.
  მე მინდა ჩემი ქმარი ყოველ დილით ლოცულობდეს და მერე ესაუბრებოდეს შვილებს, ჯერ არ  ჩენილებს თუნდაც...
    მე მინდა, ჩემი ქმარი ხუმრობდეს:  "გინდა გურული ქალი მოგიყვანია ცოლად და გინდა ჭინჭარს ჩახუტებიხარ... შიშველიო".
    მე მინდა ჩემი ქმარი თვრებოდეს ნამდვილი თრობით და არ მღალატობდეს, და ნაბახუსევზე დილით ერთ ჭიქა ცივ, კამკამა წყალს მთხოვდეს.
  მე მინდა ჩემი ქმარი ავად გახდეს და მე ვუვლიდე.
  მე მინდა ჩემს ქმარს შემოდგომაზე და გაზაფხულზე ტყეში დავყავდე, ყვითელ ფოთლებს ან მინდვრის ყვავილებს თმაში მაწნიდეს და წითელი კაბის საკინძეს მიწვალებდეს...
  მე მინდა ჩემი ქმარი ჩემი იყოს, და იცოდეს, რომ ჩემი ყველა ნახატი, ყველა სიტყვა, ყველა მოძრაობა და სუნთქვა მას ეძღვნება, მე მინდა ვიცოდე, რომ მე მისი ვარ...
  მე მინდა ჩემმა ქმარმა იცოდეს, რომ მე ყოველთვის სახლში დაველოდები მის დაბრუნებას სამსახურიდან და არასოდეს წაიღოს გასაღები.
  მე მინდა, ჩემი...
  ჩემი ქმარი მალე დაბრუნდება სამსახურიდან, უნდა მოვემზადო, ალბათ ისევ სადმე რესტორანში ვივახშმებთ და საუცხოო  ფორმაში უნდა ვიყო...
 
p.s. ჰო, მართლა, ჩემი ქმარი ამბობს, რომ ოცნებას ადამიანი არ მოუკლავს ჯერ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები