ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
18 მაისი, 2009


სიზმრის ქვეყანა (სკივრში ნაპოვნი ზღაპრებიდან, დღავანდელ ზღაპრებამდე).

        სიზმრის ქვეყანა

      (სკივრში ნაპოვნი ზღაპრებიდან, დღევანდელ ზღაპრებამდე)


ძალიან დიდი ხნის წინ, უხსოვარ დროს, ერთ პატარა, უღრუბლო სამეფოს განაგებდა ძალიან კეთილშობილი და ამავე დროს ძალიან ახალგაზრდა მეფე. როგორც საერთოდ ზღაპრებში ხდება ხოლმე, შესაბამისად დედოფალიც ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ბრძანდებოდა. ორი შვილი ჰყავდა მეფე-დედოფალს, გოგონა და ვაჟი. მშობლები მეტ ყურადღებას ვაჟს უთმობდნენ, რადგანაც ის უფლისწული იყო და საბოლოოდ სამეფო ტახტი უნდა ჩაებარებინა.
გოგონა ძალიან მოუსვენარი გაიზარდა, თან ათასგვარი ოცნებებით ჰქონდა თავი გამოტენილი. ხან ღრუბელი იყო, ხან ჩიტი, ხან კიდევ ყვავილი ან პეპელა და ამას სრული სერიოზულობით განასახიერებდა. უფლისწული აღტაცებული იყო თავისი დის საქციელით. ხანდახან კიდეც ამოიხვნეშებდა: “ეჰ, მეც რომ ეგეთი ვიყო, რა კარგი იქნებოდაო”.
- რა ცელქია ჩვენი გოგონა, - გადაულაპარაკა დედოფალმა მეფეს.
- სამაგიეროდ ნახე, როგორი ლამაზია, ბევრ უფლისწულს გაუტეხს გულს მისი სილამაზე. - უპასუხა მეფემ.
- სილამაზე და ხასიათი, - გაიცინა დედოფალმა.
ერთ დილით, მთელი სასახლე გოგონას ტირილმა გააღვიძა. მეფე-დედოფალი, გადია, უფლისწული და ყველა მსახური გოგონას ოთახში შეიკრიბნენ.
- რა მოხდა ძვირფასო, რა დაგემართა? - ჰკითხა დედოფალმა.
- გტკივა რამე? - აეცრემლა თვალები გადიას.
- მოყევი შვილო რა მოხდა. - არ ჩამორჩა მეფე.
- სიზმარი დავკარგე, სიზმარი - ტირილით ლაპარაკობდა გოგონა, ლოყებზე ცრემლები ღვარად მოედინებოდა. ნაწილ ცრემლს ყლაპავდა, ნაწილი კი ყელის გავლით, გულისაკენ მიედინებოდა და ეს ცხელ-ცხელი ცრემლები კიდევ უფრო უწვავდა, ისედაც დამწვარ გულს.
- ერთი კვირაა სიზმარი არ მინახავს, წუხელი კი მესიზმრა, რომ სიზმრის ფერია მოვიდა და დამემშვიდობა. მე შენთან ვეღარ მოვალო. რატომ მეთქი ვკითხე, მაგრამ მან არაფერი მიპასუხა და მართლა სიზმარივით გაქრა.
უფროსებს გაეცინათ.
- რაც უფრო გაიზრდები, ნაკლები დაგესიზმრება. - ეცადა დამშვიდებას დედოფალი. გოგონა კვლავ ატირდა.
- ნუ ტირი შვილო, სიზმრებს კიდევ ნახავ, თანაც ფერადს. - სიტყვა ჩამოართვა მეფემ. გადიაც გოგონასთან ერთად ტიროდა. უფლისწული კი ნელ-ნელა მიუჩოჩდა დაიკოს და უჩურჩულა:
- ინაინა, (ასე ერქვა გოგონას) გინდა სიზმრის მოსაძებნად წავიდეთ? მეც წამოგყვები.
- რომ არ ვიცით სად ვეძებოთ?
- სიზმრის ქვეყანაში, შენ შენს სიზმარს იცნობ?
- მე სიზმრის ფერიას ვიცნობ, სიზმარს როგორ უნდა ვიცნობდე, ის ხომ ყოველ ღამე სხვადასხვანაირია.
- ესე იგი შენ, სიზმრის ფერია დაგიკარგავს და ის უნდა მოვძებნოთ. - დაასკვნა უფლისწულმა.
- რა ჭკვიანი ხარ ძამიკო - აღფრთოვანდა ინაინა და ტირილიც შეწყვიტა.
- რას ჩურჩულებთ, ჩვენ არ შეიძლება გავიგოთ? - იკითხა მეფემ. გოგონა დაიბნა, უფლისწულმა კი თვალიც არ დაახამხამა ისე უპასუხა.
- მე ვუთხარი, სიზმარი ალბათ გეხუმრა და ნახავ, ამაღამ თუ არ გესტუმრება მეთქი. - თან ძალიან სერიოზული სახით ინაინას თვალი ჩაუკრა. გოგონამაც გაიღიმა და ბიჭს ჩაეხუტა. ამის შემდეგ, ყველანი, კმაყოფილი სახით თავთავიანთ ოთახებში წავიდ-წამოვიდნენ. მხოლოდ გადია დარჩა მათთან. ლილია (ასე ერქვა გადიას) ბავშვებს მიუახლოვდა და ჩურჩულით იკითხა,
- ინაინა, გულით გინდა სიზმრის ფერია შემოირიგო?
- ძალიან მინდა გადია, ძალიან.
- კარგი, მჯერა. დაღამდება თუ არა გახვალთ. ჩენს სამეფოსა და მეზობელ სამეფოს შორის, პატარა გამოქვაბულია. იმ გამოქვაბულში მოხუცი კაცი ცხოვრობს. იმხელა წვერი აქვს, რომ ლეიბი, საბანი და ბალიში არ სჭირდება. გაეხვევა ხოლმე თავის წვერში და სძინავს თბილად. გამოქვაბულთან რომ მიხვალთ, წარმოსთქვამთ:
გამარჯობა ბაბუ, ხომ არ გაგაღვიძეთ?
შენი წვერის მადლმა, სახლში შემოგვიშვებ?
მოხუცი გამოქვაბულში შეგიყვანთ. მოუყევით თქვენი ამბავი და ის გასწავლით როგორ მოიქცეთ. წვერის შექება არ დაგავიწყდეთ, უთხარით, რომ ეგეთი ძვირფასი წვერი ჯერ არ გინახავთ. ამითი მოხუცის გულს, სამუდამოდ მოიგებთ. - გადიამ ბავშვებს პატარა სარკე მისცა - თუ გაგიჭირდათ, ჩაიხედეთ. სარკეში ჩემი ანარეკლი გამოჩნდება და ყველანაირად დაგეხმარებით. - ქალმა გოგო-ბიჭს შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.
- რა საყვარელია ჩვენი გადია ლილია არა? - გადაულაპარაკა ძმას ინაინამ და სმოგზაურო სამზადისს შეუდგა.
ვახშმის შემდეგ, ბავშვები დაემშვიდობენ მშობლებს, ძილი ნებისა უსურვეს და ვითომ დასაძინებლად წავიდნენ.
ცოტა ხანში ფართე შარაგზას, ორი არსება მიუყვებოდა და პატარა გულები, ცოტა არ იყოს გამალებით უცემდათ.
თენდებოდა. და-ძმა გამოქვაბულს მიუახლოვდა. ძალიან დაღლილებს ცოტა იმედი მიეცათ და ომახიანად წარმოსთქვეს:
გამარჯობა ბაბუ, ხომ არ გაგაღვიძეთ?
შენი წვერის მადლმა, სახლში შემოგვიშვებ?
გამოქვაბულიდან მოხუცმა გამოყო თავი.
- რა გაყვირებთ, ყრუ კი არა ვარ, - წამოიძახა და ბავშვები აათვალიერ-ჩაათვალიერა. - ააა, თქვენ ლილიას ბარტყები ხართ?
- ჩვენ ბარტყები კი არა, ბავშვები ვართ, ლილია კი ჩვენი გადიაა. - ცოტა არ იყოს იუკადრისა და-ძმამ.
- რა ვიცი, ლილიამ დამიმესიჯა, ჩემი ბარტყები მოვლენ და გზაზე დააყენეო.
- რა ქნა? - თვალები გაუფართოვდათ ბავშვებს.
- დამიმესიჯა, ესეიგი შემატყობინა. ააა, თუმცა თქვენ ხომ სკივრში ნაპოვნი ზღაპრიდან ხართ. უფ, რა არის სიბერე, სულ ამერია ყველაფერი. შემოდით, შემოდით, მშივრები იქნებით.
- ჩვენ არანაირ სკივრში არა ვართ ნაპოვნი. ჩვენ უღრუბლო სამეფოდან ვართ და სიზმრების ქვეყანას ვეძებთ. - თვალები აუცრემლდათ ბავშვებს.
- ვიცი, ვიცი, ლილიამ ყველაფერი შემატყობინა. დასხედით ვისაუზმოთ. დაისვენეთ და გზა განაგრძეთ. მე ყურადრებას ნუ მომაქცევთ, დავბერდი და ხანდახან ათას სისულელეს ვლაპარაკობ ხოლმე.
ბავშვებმა ცხელ-ცხელი ფუნთუშები მიირთვეს, კაკაო დააყოლეს და ცოტა ხასიათზე მოვიდნენ.
- რა კარგი წვერი გაქვს ბაბუა, - გაახსენდა ინაინას გადიას დარიგება და გაიღიმა.
- ჰმ, სიამოვნებით ჩაიკრუტუნასავით მოხუცმა და საკუთარ წვერს მოეფერა, - მართალი ხარ, წვერი ნამდვილად სანაქებო მაქვს.
ამასობაში, უფლისწულმა გამოქვაბული კარგად დაათვალიერა. კუთხეში, მაგიდაზე რაღაც ყუთი იდგა. წინა მხარე ანათებდა და ზედ რაღაცეები ხან იწერებოდა და ხან იხატებოდა. ბიჭი აღფრთოვანდა.
- ეს რა არის?
- ეს? ეს კომპიუტერია - უპასუხა მოხუცმა.
- კომპიუტერი რა არის?
- ამას მერე აგიხსნი. ძალიან საჭირო ნივთია. გინდა ლილიასთან დაგალაპარაკო?
- ლილიას მე მაგის გარეშეც დაველაპარაკები. ინაინა, სარკე მომეცი. - გოგონამ სარკე გახსნა და ჩაიხედა. სარკიდან გადიას შეშფოთებული სახე შემოეფეთა.
- რა მოხდა, გაგიჭირდათ რამე? - ლილია ეტყობა შეშინებული იყო.
- არა, უბრალოდ მოგვენატრე.
- მე ხომ გაგაფრთხილეთ, სარკე მხოლოდ გაჭირვების შემთხვევაში გამოიყენეთ მეთქი. ახლა სარკემ ძალა დაკარგა და ვეღარ გამომიძახებთ. - ლილიას გამოსახულება გაქრა და ბავშვებს ხელში, ჩვეულებრივი სარკე შერჩათ.
- ჰა, ჰა, ჰა, ვეუბნებოდი ლილიას, მოეშვი ამ ძველმანებს მეთქი. რაღა დროის სარკეებია, სარკე გასაპრანჭადაა კარგი. ძველი ზღაპრები კარგია, მაგრამ ახალმა ზღაპრებმა რა დააშავეს, განა არა აქვთ არსებობის უფლება? მე რაც იმ დროიდან შემოვინახე, ჩემი წვერი და ჩემი გამოქვაბულია. - აღტაცებული, ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა და თან ჯიბეებს იქექავდა მოხუცი. - სარკეების დრო წავიდა, ყველა ჯადოქარმა ისწავლა, როგორ უნდა შეგაწყვეტინოს ლილიასნაირ ძველმოდურ გრძნეულებთან ურთიერთობა. აი ამას კი ჯერ ვერაფერი გაუგეს. - მოხუცმა როგორც იქნა დაამთავრა ჯიბეებში ქექვა, პატარა, კოლოფივით ნივთი ამოიღო და ბავშვებს გაუწოდა. და-ძმა გაოცებული დააცქერდა მოგრძო ფორმის კოლოფს, რომელზედაც ციფრები და ასოები ეხატა.
- ეს რა არის? - იკითხეს ერთხმად.
- ეს მობილური ტელეფონია. აი, ეს არის ის ზღაპრული ნივთი, რომელიც ლილიასთან, ყოველ წუთს შესძლებს დაგაკავშიროს. - მოხუცმა რომელიღაცა ციფრს თითი დააჭირა და კოლოფიდან ლილიას ნაცნობი ხმა გაისმა.
- ალო, რა ჰქენი მოხუცო, აურიე ხომ ბავშვებს ტვინი, - ბრაზობდა გადია. - დამალაპარაკე ინაინა. - მოხუცმა მობილური გოგონას გაუწოდა - ჰა, დაელაპარაკე. ოღონდ ჯერ ალო თქვი, ასეთი წესია.
- ალო!
- ინაინა, ჩემო გოგო, მაგ გამოშტერებულს ნუღარ უსმენ. მობილური ჯიბეში ჩაიდე და გზას დაადექით, შენ ხომ არ დაგავიწყდა, რომ სიზმრების ქვეყანაში უნდა მიხვიდე და სიზმრის ფერია იპოვნო. როცა დაგჭირდები, ერთიანს დააჭირე თითი და ჩემს ხმას გაიგონებ. ახლა წადით, დანარჩენს ბერიკაცი გეტყვით.
გოგონამ პატარა კოლოფი ჯიბეში ჩაიდო, მოხუცს გაუღიმა, წვერზე მიეფერა და სთხოვა ესწავლებინა, სიზმრის ქვეყნისაკენ მიმავალი გზა.
- მეზობელ სამეფოს რომ გაივლით, უღრან ტყეში შეხვალთ, ტყის ბოლოს უზარმაზარი ხე დგას, ხეს დიდი ფუღურო აქვს, სადაც ბებიაჩემი ცხოვრობს.
- ბებიაშენი? - ბავშვებს თვალები გაუფართოვდათ.
- ჰო, რა იყო, თქვენ თუ გყავთ ბებია, მე არ შეიძლება რომ მყავდეს? ბებიაჩემს ძალიან გრძელი თმა აქვს, ჩემი წვერისა არ იყოს. რომ მიხვალთ, დააკაკუნეთ და წარმოსთქვით:
გამარჯობა ბებო, ხომ არ გაგაღვიძეთ?
შენი თმების მადლმა, სახლში შემოგვიშვებ?
დანარჩენს ის გასწავლით. ბებიაჩემი და სიზმრის ქვეყნის დედოფლის ბებია, ძველი მეგობრები არიან. აბა, ახლა წადით. ძალიან კი მენანება თქვენი გაშვება, მაგრამ ლილიას ხათრს ვერ გავუტეხ. ჰო, ბებიაჩემის თმის შექება არ დაგავიწყდეთ, გაეხარდება. აბა წადით, წადით.
გოგონა თითის წვერებზე აიწია და მოხუცს ლოყაზე აკოცა. -
- მადლობ, ბაბუა. უკანა გზაზე რომ წამოვალთ, აუცილებლად გინახულებთ.
მოხუცმა და-ძმას საგზალი ჩაუწყო და გამოქვაბულიდან გამოიყვანა.
ბავშვები, უღრანი ტყის გზას დაადგნენ. უკვე ხვდებოდნენ, წინ დიდი თავგადასავლები ელოდათ.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები