ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
3 ივნისი, 2009


საქარია (თავი პირველი)


                                        საქარია.

                თავი პირველი

უფლისწულის დაბადება.



უხსოვარ დროს, ძალიან დიდი ხნის წინათ, სრულიად საქარიას მეფობდა ძლევამოსილი, კეთილშობილი და ძლიერ მწიგნობარი მეფე აბესალ მეშვიდე. ექვსი ქალიშვილი ჰყავდა მეფე აბესალს, ვაჟი კი არ ეძლეოდა.
- ექვსი მზეთუნახავი ქალიშვილის მამას, ერთი გონჯი ვაჟი როგორ არ მომცა ღმერთმა, საქარია უპატრონოდ როგორ დავტოვო, სიძეებს ხელში როგორ ჩავუგდო, ქვეყანა ხომ სულ დაქუცმაცდება. - ფიქრობდა აბესალი, თავის უმშვენიერეს ცოლს სევდიანი თვალებით შესცქეროდა, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობდა.
მოსაღამოვდა, მზე ჩავიდა, ბინდი ჩამოწვა. უეცრად დარბაზში წელში მოხრილი, მოხუცი გრძნეული ეფროსი შემოვიდა.
- რას მივაწერო შენი უეცარი სტუმრობა?!!! - ჰკითხა გაოცებულმა მეფემ გრძნეულს.
- არ შეგაწუხებდი დიდო მეფეო, მაგრამ დრო აღარ ითმენს, - უპასუხა გრძნეულმა. - უმთვარო ღამის ძალები გვიტევენ. ექვს წელზე მეტია სრულიად საქარია ამაოდ ელოდება მემკვიდრეს. შენ რომ ტახტი ჩაიბარე, მე და სხვა გრძნეულებმა შვიდი წლის ვადა დაგითქვით. დროის ამოწურვის შემდეგ, უმთვარო ღამის სამეფო უფლებას იტოვებს თვითონ დაასახელოს მემკვიდრე და მეფედ აკურთხოს იგი, რაც უმთვარო ღამის სამეფოს მიერ სრულიად საქარიის დაპყრობის ტოლფასია.
- გამოსავალი! გამოსავალი მომიძებნე!!!, შენ ხომ გრძნეული ხარ!!! - ეფროსმა თავი დახარა, ცოტა ხნით გაირინდა და მეფეს მიმართა.
- გამოსავალი არსებობს, მაგრამ ძალიან ძნელი შესასრულებელია. პირველ რიგში, სანამ მემკვიდრე დაიბადება საქარიაში მზე არ ამოვა. იქნება ბინდი. არა ღამე, არამედ უმზეო დღე.
- ხალხი შიმშილით დამეხოცება - შესძახა სასოწარკვეთილმა მეფემ. მოხუცმა თითქოს ვერ გაიგო მეფის ნათქვამი და განაგრძო:
- რაც შეეხება გამოსავალს. ერთი გზა გაქვს, უნდა წახვიდე მარტო, გადაიარო შვიდი მთა და გადაცურო შვიდი ზღვა, გაიარო შვიდი უღრანი ტყე და გადაცურო შვიდი მდინარე, გაიარო შვიდი უდაბნო და გადაცურო შვიდი ტბა. ბოლოს, შეგხვდება უზარმაზარი თოვლიანი მთა. რომ მიადგები, მწვერვალზე ახვალ და გაჩერდები. იქ დაელოდები მათ შეხვედრას.
- ვის შეხვედრას? ვის უნდა შევხვდე? - ჰკითხა გაოცებულმა მეფემ.
- მზე რომ ჩადის, იმ მთას ეფარება ხოლმე, მაგრამ ჩასვლისას ერთი წამით ყოვნდება. ელოდება მთვარის ამოსვლას, რომელიც იმავე მთიდან ამოდის. ელოდება, რათა ერთი წამით მაინც შეავლოს თვალი მას, ვისაც საუკუნეებია ეთაყვანება, სამყაროს შექმნიდან დღემდე. ვისი სიყვარულითაც უიმედოდ იწვის და იტანჯება. ასევეა მთვარეც, მთის მეორე მხრიდან ამოსრიალდება, ამონარნარდება. თვალებდახრილი მზის მწველ სხივებს შეეგებება, წამით შეჩერდება, ხელს გაუწვდის მზეს, რათა ერთხელ მაინც შეეხოს თავის მარადიულ სიყვარულს და..... ორივე გზას სხვადასხვა მიმართულებით განაგრძობს.
სწორედ ის ერთი წამი გაქვს, შენი სურვილის შესრულება რომ სთხოვო, შენი გასაჭირი შეავედრო მათ სიყვარულს. დანარჩენი მათზეა დამოკიდებული. აი ეს არის ერთადერთი გამოსავალი.
მოხუცმა გრძნეულმა დაასრულა საუბარი, თავი დახარა და გაუჩინარდა.
- ჩქარა ცხენი!!! ჩემი უსწრაფესი ცხენი მომგვარეთ!!! - დაიძახა მეფემ. შემდეგ დედოფალს მიეახლა, შუბლზე ეამბორა, კიბე ჩაირბინა, ცხენს მოახტა და გააჭენა.
ექვსი მთა გადაიარა, მეშვიდე მთის ძირას ცხენმა წაიფორხილა. აბესალმა სვლა შეანელა, “ცხენმა დაისვენოს და ცოტა ბალახიც მოძოვოსო”. მაგრამ ცხენი ყალყზე დადგა და დაიჭიხვინა, თითქოს რაღაცამ დააფრთხოო. უცებ მთა შეტორტმანდა და გოლიათ კაცს დაემსგავსა.
- საით გაგიწევია ადამის შვილო? - საზარლად დაიქუხა მთა-კაცმა.
- მზესთან შესახვედრად მივდივარ დიდო მთაო.
- ვაჟიშვილი მოგინდა მეფეო? - გადაიხარხარა მთამ. - ერთი პირობით გაგიშვებ.
- რა პირობოთ?
- შენი უფროსი ქალიშვილი ცოლად უნდა მომათხოვო. 16 წლის რომ გახდება, მე თვითონ მოვაკითხავ.
“ამ მახინჯ და საზარელ კაცს ჩემი მზეთუნახავი როგორ მივათხოვო, თანაც ეს ხომ მთაა, ნეტავ ცოლი რად უნდა?” - ფიქრობდა მეფე, მაგრამ იცოდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ქვეყანა იღუპებოდა, ხალხი დაიხოცებოდა და მაშინ აღარც მის ქალიშვილებს დაადგებოდათ კარგი დღე.
- თანახმა ვარ! - უპასუხა მეფემ.
- არც ინანებ! - იყო პასუხი. კაცი-მთა შეტორტმანდა, ერთი ამოიგმინა და ჩვეულებრივ მთად გადაიქცა.
მეფე აბესალმა გზა განაგრძო, გული კი დამძიმებული ჰქონდა. ექვსი ზღვა გადაცურა, მეშვიდეს  მიადგა, ის იყო წყალში უნდა შესულიყო, რომ ცხენი ყალყზე დადგა. წინ არ წავიდა. ზღვა ადუღდა, ტალღა ტალღას ეხეთქებოდა, თითქოს აბესალი თავის ცხენიანად უნდა შთანთქასო. უეცრად ზღვიდან წყლის დიდი სვეტი ამოიმართა და მეფის წინ კაცი-ზღვა გაჩნდა.
- საით გაგიწევია?! - ჰკითხა კაცი-ზღვამ ისეთი ხრინწიანი ხმით გეგონება გაციებულიაო, თან დააცემინა კიდეც.
- მზესთან მივდივარ, გამიშვი!
- მზესთან კარგია, თბილა, სიმშრალეა - მძიმედ ლაპარაკობდა, უფრო ბურდღუნებდა კაცი-ზღვა. - გაგიშვებ, თუ შენს მეორე ქალიშვილს ცოლად მომათხოვებ.
- მოგათხოვებ, მაგრამ წყალში როგორ უნდა იცხოვროს?
- ფეხის თითის წვერიც არ დაუსველდება. 16 წლის რომ გახდება მე თვითონ მოვაკითხავ. არ ინანებ.
ამ სიტყვების შემდეგ კაცი-ზღვა გაქრა, ზღვა დაწყნარდა და როგორ აღმოჩნდა მეფე აბესალი ზღვის მეორე ნაპირზე, ვერც კი მიხვდა. გული კიდევ უფრო დაუმძიმდა.
მეფე უღრან ტყეს შეუყვა. ექვსი გაუვალი ტყე რის ვაი-ვაგლახით გაიარა. მეშვიდე ტყეს რომ მიუახლოვდა, გაოცდა. აქ თითქოს წელიწადის სხვა დრო დამდგარიყო. გარშემო ყველაფერი დაბერებულიყო. გაშიშვლებული, მოხუცის თითებივით დაკრუნჩხული ხის ტოტები და ბუჩქები მალულად უბღვერდნენ მეფე აბესალს.
უეცრად მის წინ უზარმაზარი კაცი-ტყე წამოიმართა. ტანზე გამხმარი ფოთლების სამოსი ეცვა, თავზეც გამხმარი ფოთლების გვირგვინი ედგა.
- გამარჯობა აბესალ! - მიესალმა კაცი-ტყე.
- გაგიმარჯოს! რას მთხოვ, მესამე ქალიშვილს? - ჰკითხა მეფემ იმ იმედით, იქნებ ვცდებიო.
- მიხვედრილი ყოფილხარ აბესალ, მალე მოგაკითხავ. 16 წლის რომ გახდება შენი მესამე ქალიშვილი გაამზადე. მზითევი არ მჭირდება.
კაცი-ტყე გაქრა, გაოგნებული მეფე მდინარის პირას იდგა. შვიდი მდინარე უნდა გადაეცურა. უკვე იცოდა წინ რაც ელოდა. ექვსი მდინარე რომ გადაცურა და მეშვიდეს მიადგა, თვითონ დაუძახა.
- გამოდი, სადა ხარ, შენც ალბათ ჩემი სიძეობა გინდა! მეჩვენე!
წყლიდან კაცი-მდინარე ამოიმართა. უსიამოვნო შესახედი იყო. სლიპინა როგორც თევზი და ცივი როგორც მთის მდინარის წყალი.
- მოვილაპარაკეთ? თუ შეგთავაზო რამე? - ჰკითხა კაცი-მდინარემ. აბესალმა თავი დახარა. - მაშინ შენი მეოთხე ქალიშვილი 16 წლის რომ გახდება მოვაკითხავ. ქორწილზე არც იფიქრო, ყველაფერზე მე ვიზრუნებ, - ხითხითით მიუგო მომავალმა “სასიძომ” და გაქრა.
ერთი და იგივე მეორდებოდა. ახლა, შვიდი უდაბნო და შვიდი ტბა ჰქონდა გასავლელი. ქალიშვილიც ორი დარჩა გასათხოვარი. “ვიღუპები”, ფიქრობდა აბესალი. “ქალიშვილები გავწირე, განა მე მამა ვარ ამის შემდეგ? მაგრამ საქარიას რა ვუყო, უმთვარო ღამის სამეფო დაიპყრობს და ყველას მონებად აქცევს. ჩემს ქალიშვილებს ამოხოცავს. ასე რომ, გამოსავალი მაინც არ არის. ეს ყოფილა ჩემი ბედი, უფრო სწორედ ჩემი უბედურება.”
მეფე აბესალმა კაცი-უდაბნო და კაცი-ტბა თვითონ გამოიძახა.
- კაცი-უდაბნო! კაცი-ტბა! სად ხართ?!!! მეჩვენეთ!!! - ორივენი მის წინ გაჩნდნენ.
- გამარჯობა მეფე აბესალ! როგორც მივხვდით ქალიშვილებზე უნდა გვესაუბრო. გასარკვევი არაფერია, ბედის წიგნში ასე წერია. 16 წლისები რომ გახდებიან მოგაკითხავთ, არ ინანებ, დაგვიჯერე. - ორ ხმაში ლაპარაკობდნენ მომავალი სასიძოები. უფრო სწორედ, ერთი თითქოს სისინებდა, მეორე კი ბუყბუყებდა.
ყველაფერი დამთავრდა. გზაც დასრულდა. მეფე თოვლიან მთას მიადგა. აბესალი ცხენიდან ჩამოვიდა და მწვერვალს ფეხით აუყვა. საღამოვდებოდა, მზის ჩასვლა ახლოვდებოდა. ბუნება, თითქოს რაღაცის მოლოდინში გარინდულიყო. აბესალი დაძაბული შესცქეროდა თუ როგორ უახლოვდებოდა მზე მთის მწვერვალს. ცოტაც და მიუახლოვდა. სხივების სიკაშკაშემ იკლო, შერბილდა, თითქოს ვიღაცას უნდა მიელამუნოსო.
მთის მეორე მხრიდან ჯერ მოცისფრო შუქმა ამოანათა, შემდეგ კი თითქოს დარცხვენილი მთვარე ნელ-ნელა ამოსრიალდა.
ორივე ერთდროულად შეყოვნდა, თითქოს დროც გაჩერდა, ნიავი არ იძვროდა, მდინარის ხმაურიც ყურს აღარ სწვდებოდა. მეფე აბესალი შეტოკდა.
- ქვეყანა მეღუპება მემკვიდრის არყოლის გამო. მე დავინახე თქვენი სიყვარულის ძალა, მიშველეთ!
- გეყოფა!!! - დაიგრგვინა მზემ.
- ცოტა ჩუმად - დაიჩურჩულა მთვარემ და გაიღიმა. მზემ მთვარეს გადახედა, მისი გაღიმებული სახე რომ დაინახა, მეფეს ჩამოსძახა.
- დღეს შენი ვადა იწურებოდა, ვიცით შენი ამბავი. კარგ დროს მოსულხარ, გელოდებოდით. ჩემგან ცეცხლივით ძლიერი ვაჟი მიჩუქებია.
- ჩემგან სილამაზე, სისადავე და მშვიდი ხასიათი მიბოძებია შენი ვაჟისთვის - ჩამოუჩურჩულა მთვარემ. იმწამსვე მზე მთას მიეფარა, მთვარე კი ასრიალდა ცაზე და განაგრძო უსასრულო მოგზაურობა. მეფე აბესალი იდგა გაოგნებული. ქარი თმას უწეწავდა. შორიდან მდინარის ხმაური ისმოდა, ცხოვრება გრძელდებოდა.
- ნეტავ მომეჩვენა ეს ყველაფერი? ღმერთო მაღალო შენ დამიფარე. - ამ სიტყვებით დაუყვა მეფე დაღმართს, ცხენს მოახტა და საქარიისაკენ გააჭენა.
უკანა გზა ბევრად სწრაფად გაიარა, თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა. ცხენიდან გადმოხტა. სასახლესთან უამრავ ხალხს მოეყარა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ისევ ბინდი იდგა, ყველა იცინოდა. მეფეს ცოტა არ იყოს გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უკითხავს. პირდაპირ დედოფალთან შეირბინა. დედოფალი სავარძელში იჯდა და უცნაურად იღიმოდა.
- მთვარის ამოსვლას ველოდები, ფეხმძიმედ ვარ, ვაჟი გვეყოლება. - უთხრა მეუღლეს და ისევ ფანჯრისაკენ მიბრუნდა.
- მთვარეს რად ელოდები?
- მინდა მოვეთათბირო, რა დავარქვა.
- შენ რა, მთვარეს ესაუბრე?
- ჰო, მან მიამბო შენი მოგზაურობის ამბავი. ისიც მითხრა: “თქვენი შვილი, ჩვენი შვილიც იქნება, ჩვენ მას დავიცავთო.
- კარგი, მოიფიქრეთ სახელი, ოღონდ იცოდე, ტახტის მემკვიდრეს სახელიც შესაფერისი უნდა ჰქონდეს.
გავიდა ხანი, მეფეს ვაჟი შეეძინა. გათენდა, მზე ამოვიდა, მზემ ამაყად გადმოხედა აკვანში მძინარე უფლისწულს და გზა განაგრძო.
“იანგული” ჩაესმა მეფეს.
- იანგულ პირველი, არა უშავს, ჟღერს - გაიფიქრა მეფემ და დარბაზისაკენ გასწია, სადაც უკვე სადღესასწაულო სუფრები გაემზადებინათ. ქეიფი შვიდი დღე და ღამე უნდა გაგრძელებულიყო.
                                          გაგრძელება იქნება

         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები