ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2009


  ჩამოტვირთვა

მე, ჰამაკი და მზესუმზირები უშენოდ

იცი, არ გელი... არ გელი, არა...
უკვე წლებია გავკიდე ჰამაკი
ღრუბლების ველზე, ვწვები ყოველდღე
ფართო თვალებით,
ფართო სუნთქვით და, რაკი

ვიცი, რომ შენ ვერ შეძლებ გააქანო ჩემი ჰამაკი,
და მით უმეტეს, ისე ფართოდ,
რომ შევწვდე ზეცას,
რომ მოციქული პავლეს სიტყვებს
შენ ვერ აუხვალ,
შენ ვერ გვიტვირთავ მე და ჰამაკს,
და ვერც ჩემს ფეთქვას,

ვხუჭავ თვალებს... ვქმნი წარმოსახვით
საყრდენ მიწას და
ფეხების გასმით, ხელების გაშლით,
მივექანები, ვფიცავ...
და ამ წუთებში, მით უმეტეს, არ გელი, რადგან
ვიცი, რომ მაინც არ მომიტან მზესუმზირებს
ჩემში გადმოსვლის ფიცად.

სწორედ ამიტომ, გუშინ უშენოდ
ჩავიხუტე მზესუმზირები -
მზის ჩამოყრილი ჩემს ჰამაკში -
მზესუმზირებად დამიბრუნა
ჩემი მზერის ყოველი შეუღლება მზის დალალებთან.
უშენოდ ჩავიხუტე მზესუმზირები და ვიცი,
მზემ უკვე თავისთვის დამიგულა.

ჰოდა, ისედაც დიდი ხანია გასული ვარ
შენიდან და ჩემიდანაც,
ვცხოვრობ ჰამაკში, ჩემი თვალებიც
უფრო ფართოა, ვიდრე ოდესმე,
რადგან სხვაგვარად ვერ დავიტევ
ზეცის კალაპოტს,
და ზეცა კი, ვერ შეძლებს, რომ ამ თვალებით
კოკისპირულ წვიმად გოდებდეს.

ჰოდა, არ გელი, არ გელი, არა...
შევეჩვიე ცისარტყელას უშენფეროს.
მჯერა ოდესმე ამ ცისარტყელის,
ამ პლანეტის ზემხატვარი
თავისი ფუნჯით საუკუნოდ სულს შთაგვბერავს:
მე, ჩემს ჰამაკს
და მზესუმზირებს (ოღონდ უშენოდ...
თუმც ნახატშიც ამედევნები,
როგორც სუნთქვა
არჩემფერობაზე ნათქვამი)...
და არასოდეს გარდავიცვლებით...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები