ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაზი
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2009


მე ვარ სამრეკლო უდაბნოში


ქუჩა. დიდქალაქურ ვნებათ ეკრანი. ურიცხვი ჯარი სტატისტების ნაცრისფერ ფერის. ვიღაცა ლაღობს. ვიღაცას კიდევ სიკვდილი ელის. თვალები ვნების: მთვრალ ეროსის თვალები სველი. ქუჩა: ეკრანი დიდქალაქურ ჭუჭყის და მტვერის. არავის უნდა სტატისტის როლი. ვინ რას ახერხებს, სასაცილოს მიმართავს ხერხებს. ვინ კლოუნია, მასკარადულ ფერთა ნაზავი, ვინ დააბოტებს თვალბრიალა დიდი ნაგაზით, ვინ შხვართ ფეხებს ამზეურებს ზღვის ნაპირას ნამზეურებს. მოკლედ, ცირკია. კაცი ვინც კია, ის უბრალოა, როგორც მუდამ ყოფილა ოდით, ის მორიდებით, თავდადრეკით, კაცურად მოდის...  უცებ ცივმა ხმამ გადაკვეთა მტვერი - ჰაერი. ხმამ ხმამაღალმა. ცქვიტა ყურები კაცმა და ქალმა. „მწამს ერთი ღმერთი...” მოდიოდა მოხუცი ერთი და მრწამსს ამბობდა მკვეთრად, გამოთქმით, მერე დავითის ფსალმუნები ერთი ამოთქმით, ო, ვინ ჩამოთვლის, რა არ აჩუქა დედაბერმა ავლილს, ჩამოვლილს... ქუჩა ბოროტად იცინოდა, ქუჩა ავყია. თუმც, დედაბერი აინუნშიც არ აგდებდა სულაც არავის, ის სხვაგან იყო, ნეტარებდა, დარდი არ ჰქონდა ახლა არაფრის, მისი თვალები, სევდიანი მისი თვალები, თითქოს სულ სხვაგან იმზირებოდნენ, სულ სხვა სივრცეში იძირებოდნენ... ქუჩა კი, ქუჩა იცინოდა, უცებ ვიგრძენი, როგორ ციოდა. ეს მარტოსული, უცნაური, გიჟი, ეული ისევ ყიოდა.... გაყინულ ქუჩას სხვა რამ შიოდა. მივედი გიჟთან. შემომხედა ამაყად. მშვიდად. „ვინა ხარ, დედი?” მაშივე გედი აფრთხიალდა სევდა თვალებში: „გაინტერესებს შენ ჩემი ბედი? მე ვარ სამრეკლო უდაბნოში...” ამ ბნელ ხოროში დავინახე მე ჩემი თავიც და შემეცოდა კაციც და ქალიც... დედაბერი კი მიდიოდა და გაჰკიოდა ხმით შემზარავით: „და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა....”


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები