ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2009


ჯიგარა (სრულად, ორივე ნაწილი. ქუჩურ სლენგსა და ზოგიერთ უხეშ გამონათქვამზე, ბოდიშს მოგახსენებთ)


                                        ვუძღვნი ყველა იმ კარგი ბიჭის ხსოვნას, ბედის უკუღმართობამ თუ უაზრო ქვეყანაში, აბსურდულ დროს ცხოვრებამ, ხელიდან რომ გამოგვაცალა: გიას, ,,ნიცუს", დევის, ანდროს, ,,ჭუკიას", ,,მაისას", ,,რიჟას", მიკას, გიას, ,,ბოცმანას", ,,კრისას", "დავესკას" ,,ბაბოს" ,,შოღოს", გედევანას, ,,კოტიკას", ლევანის, თამაზის, დათოს, კოტეს, ,,ფისოს"და მათნაირ ბიჭებს. 



  ,,ჯიგარა" სკოლაში შესვლამდე, უბანში გავიცანი. თანატოლები ვიყავით და მალე დავმეგობრდით კიდეც. ისიც ჩემსავით დედისერთა იყო, სულ ერთად ვთამაშობდით. მერე ისე მოხდა,რომ სხვადასხვა სკოლაში შეგვიყვანეს, თუმცა მეგობრობა არ შეგვიწყვეტია. ხან ის ამომაკითხავდა სკოლაში,  ხან მე ჩავუვლიდი და ვუბერავდით მერე სადმე ერთად, შატალოზე.
  დათარსული ბედი დაჰყვა, საცოდავს. არა, ბავშვობისას კი არაფერი ეტყობოდა, მაგრამ, მერე და მერე...
  ჰო, მართლა: ლაშა ერქვა, ციხისთავი - გვარად.
  მეორე-მესამე კლასში ვიქნებოდით, ბავშვებმა ჩამოთვლა დავიწყეთ ვის რა გვიყვარდა:
  -ბატი-ბუტი!
  -გლასე!
  -ხაჭაპური!
  -ნაყინი!
  -მარწყვის ტორტი!
  -,,ჟუვაჩკა!"- მორიგეობით ვასახელებდით ჩვენს ფავორიტებს.
  - მე ყველაფრს ჯიგრის ყაურმა მირჩევნია! - ამაყად გამოაცხადა ლაშამ და ამით გვაგრძნობინა - თქვე ლაწირაკებო, რაღა დროს ბატი-ბუტი და კისელიაო.
  ყაურმას ხომ არ დავარქმევდით? - ვერ იყო მარჯვე მეტსახელი.  თიკუნად - ,,ჯიგარა"შერჩა და მისხალ-მისხალ ამართლებდა  შერქმეულ სახელს. ჭამით კი არა, ჯიგრობით!
  მაგარი ჯიგარი ვინმე გამოვიდა - ,,ჯიგარა"!
  ათი წლის კრივზე  შევიდა. მეც მითხრა - წამო, ერთად ვიაროთო, მაგრამ შორს დავიჭირე:
  - მიდი შენ იარე, თუ გაგლახეს მითხარი და  "აბაროტზე", აქა ვარ მეთქი.
  ისე, ჩვენში დარჩეს და მეც მინდოდა  სექციაზე სიარული, მაგრამ  ვიცოდი, ,,ჯიგარასთანაც" მომიწევდა კრივი და ხელს ხომ არ დავარტყამდით ერთმანეთს - ძმაკაცები ვიყავით.
  ამას ისიც ხვდებოდა და ამიტომაც, არ ჩამოუხევია ჩემთვის კალთები.
  კარგი მოკრივე  დადგა ლაშა ციხისთავი.
    16 წლის იყო, მოსკოვში, საკავშირო ჩემპიონატის ფინალში, ერთ ციმბირელ რუსს რომ შეხვდა. პირველ რაუნდში ხომ ცემა ჩვენებურმა, მერე, მეორის მიწურულს, აპერკოტით დააგდო. ნოკაუტისგან გონგმა იხსნა მეტოქე. მესამეში, შედარებით თანაბარი ბრძოლა იყო, ოღონდ ''ჯიგარას", სულ გახსნილი მუჭით ურტყამდა მოწინააღმდეგე. რეფერი ვითომ ვერ ამჩნევდა ამას. ბოლოს ყელში ამოუვიდა ლაშას.  ჯერ მარცხენით, საშინელი ჯები გამოუწერა ღვიძლის არეში, მიყოლებული მარჯვენა ჰუკი კი, ისე დააწნა რუსის მოშიშვლებულ ყბას, რომ ნახევარი საათით ,,რეშკაზე" გაჭიმა საცოდავი.
  რეფერიმ - პირველი დარტყმა წელს ქვევით იყო, მოწინააღმდეგე ვეღარ აგრძელებს ასპარეზობასო - და გამარჯვებულად ლაშას მეტოქე გამოაცხადა.
  ცრემლი, სისხლი, ბოღმა და რა ვიცი სხვა ათასი, ერთბაშად ყელში მოაწვა 16 წლის ბიჭს. ერთი პირობა,  კითხა რაღაც მსაჯს და იმისგან პასუხი რომ მიიღო, გაშლილი მარჯვენა აჯახა პირდაპირ ყბაში. დარტყმა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, არბიტრი რუსის გვერდით რომ  აღმოჩენილიყო, ლაშა კი - დისკვალიფიკაციაში.
  ის იყო და ის, ,,ჯიგარას" რინგისკენ აღარ გაუხედავს. არა და, მსაჯების იმ დღევანდელი გოთვერნობა რომ არა, ვინ იცის, სხვაგვარად წარმართულიყო მისი ცხოვრება.
  თუმცა... ვინ იცის?..
დიდი მოკრივე გამოვიდა შემდგომ ის რუსი: ევროპა რამდენჯერმე მოიგო, ერთხელ  - მსოფლიო. ოლიმპიადაზე, მხოლოდ კუბელთან წააგო ფინალი.
  მოსკოვში შეგვხვდა ერთხელ (კრივისთვის უკვე თავი ჰქონდა დანებებული, გვარიან მაყუთს ატრიალებდა - სოლნცევოს და ორეხოვო-ზუევოს გორილების ,,წრთვნაზე" იყო გადასული და საკმაო ავტორიტეტიც ჰქონდა იმ წრეში, ახლა ხსენებაც რომ აკრძალულია და წინათ შავებს რომ ეძახდნენ).
  ლაშა გამოეცნაურა და იმანც ეგრევე გაიხსენა. მოიკითხა. შენი მარჯვენა ჰუკი ახლაც მახსოვსო- უთხრა.
  - სად დაიკარგე, რატომ არ ჩანდი რინგზეო - დაინტერესდა.
  ლაშამაც მოუყვა თავის ამბავი.
  ჩემთან დარჩითო - გადაგვეკიდა ( მე რა, ლაშას სთავაზობდა, მე უბრალოდ ,,დავესკაში"მოვყევი). სამსახურსაც გაშოვნინებთ და ფულსაცო.
  - უარი ვუთხარით  - უფრო სწორედ ლაშამ, მე კი მინდოდა დარჩენა. არც ჩვენი საკეთებელი საქმეები მეჩვენებოდა, ჩემი იმდროინდელი ჭკუით, ძნელი მოსაგვარებელი, ,,მაყუთსაც" საკმაოზე მეტს გვთავაზობდნენ.  დროსტარება და ჩრდილოელი მანდილოსნები ყოველთვის მხიბლავდა- მეტი რა მინდოდა?  ლაშამ კი - ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.
  დარჩენაზე რომ ვერ დაგვიყაბულა,  სამი დღით თავისთან დაგვპატიჟა. იცოცხლეთ, იმან პატივი გვცა! ბოლოს მილიონი რუბლიც უფეშქაშა ყოფილ გამლახველს (კი იყო იმ დროს, 17-18 ათასი დოლარი): - ჩემს გამო დაგიტოვებია რინგიო - და გამოგვისტუმრა თბილისში.
  ხოშიანი ბიჭი იყო, ნაღდი ციმბირელი ,, მუჟიკი". ალექსანდრე ერქვა - ,,საშა  ზოოპარკს" ეძახდნენ,  თავის ,,პირუტყვების" გამო. არც ვიცი ცოცხალია ახლა, თუ...
  დავანებოთ თავი რუს მოკრივეს და ჩვენი სათქმელი გავაგრძელოთ.
  სკოლა დავამთავრეთ. ვინ სად აბარებს, ვინ  - სად. ,,ჯიგარას" გეოლოგობა უნდა.
  დაბადების დღე აქვს. 17 -ის შესრულდა. ყველანი იქ ვართ, ბიჭები. ერთი, უცნობი გოგოც გვირევია - 55-ე სკოლელი ნათია, ასე გაგვაცნო იუბილარმა.
  ბევრი რომ არ გავაგრძელო, კარგად მოვილხინეთ, გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. მამამისმა, შორს მცხოვრები სტუმრები მანქანით ჩამოარიგა სახლებში.კი ჰქონდა 5-6 ჭიქა დალეული. უკან რომ ბრუნდებოდა, ვერ შეამჩნია და  გაიტანა კაცი. გარდაცვლილი პროკურორის ძმა აღმოჩნდა. დაიჭირეს ზურა ძია.
  არც მიცვალებულის წესით და რიგით დაკრძალვზე უთქვამთ უარი ციხისთავებს და არც ჭირისუფლების მოვლაზე. მაგრამ, არა... აქეთ მიდგნენ, იქით - არ გამოვიდა არაფერი. 
  ერთ დღესაც გამომძიებელი ესტუმრათ სახლში ციხისთავებს ( რა სტუმრობა,  სულ იქ იყო დარჭობილი, ვითომ საქმეს აგვარებდა).  ,,ჯიგარა" უნივერსიტეტში, საბუთების შესატანად იყო წასული და შინ, მხოლოდ დედამისი - ქალბატონი ლია,  - ლია დეიდა იმყოფებოდა.ხო ძმაკაცის დედა იყო, მაგრამ მაინც, ყველა ბავშვობიდან ვგრძნობდით, რომ ულამაზესი ქალი იყო, ცხონებული.
  ლიამ კარი გაუღო და ბინაში შეუძღვა სტუმარს.
  გამომძიებელმა რაღაცები გამოკითხა, კიდევ ერთხელ გადაამოწმა, ათასჯერ დაზუსტებული და  - ძაან მძიმე მდგომარეობააო - დაასკვნა. 
  - თითქმის გამორიცხულია ამ საქმიდან გამოძრომა - დასძინა ბოლოს.
  სწორედ ამ დროს შევიდა ,,ჯიგარა" უკანა კარიდან სახლში.
  ,,გამოუვალი" სიტუაციიდან გამოსავალი ყოველთვის რომ მოიძებნება, თქვენც კარგად იცით და მეც. გამომძიებელს გაუჭირდებოდა?საკმაოდ მრგვალი თანხა ( დაახლოებით მაგდენს ისედაც სთავაზობდნენ ჭირისუფლებს) და ქალბატონი ლიას უშვერი საქციელი ყოფილა თურმე, ამ საქმის მოსაგვარებლად საკმარისი.
  ,, ჯიგარა," იქვე უპირებდა  წესის აგებას, მეორე ოთახში მყოფს, მაგრამ დედა შემიშლის ხელსო, იფიქრა.  ჩუმად ჩამოიძურწა და ეზოში დაელოდა გამომძიებელს.ამ დროს იყო, რომ დავინახე და:  - რა იყო ბიჭო, სახლში არ გიშვებენ - მეთქი გავძახე.
  ცხოვრებაში პირველად არ ესიამოვნა ჩემი დანახვა. ხელით, აუდე აქედანო,  მანიშნა და სადარბაზოში შევარდა.
  ხომ არ გაგიჟდა? - გავიფიქრე და მეც შევყევი.დავაგვიანე.
  ,,ჯიგარას",  ცალი ხელით  კედელზე ყავდა უკვე მილურსმული ხორცის ნაჭერი და მეორე ხელით გამეტებით აბასტურმებდა.
  - მოკლავ შეჩემა! - დავიღრიალე და ვეცი ძმაკაცს.
  - მოკვდეს, ამის ახვარი, დედაც... ჩუმად ჩაიღრინა ,, ჯიგარამ, მაგრამ ხორცის დამუშავება მაინც შეწყვიტა.
  "ოტბივნოიმ" მდორე დინებით შეავსო სადარბაზოს იატაკის ნაწილი.
  - გაგიჟდი ,, ჯიგარ"?! ვინ არის ეს ჩემისა?! შარი გინდა ტო, ზეგ გამოცდა გაქვს!!! მამაშენის ამბავი არ გეყოფა?! გააგიჟო გინდა დედაშენი?! კინაღამ მოკალი ეს ჩემისა! ვინ არის? არ იტყვი?! - და კიდევ კარგი, კედელ-იატაკზე გახოცილს დავხედე.   
  "მაკაროვის" ლულა უღონოდ ცდილობდა ჩემი ძმაკაცის მიზანში ამოღებას.
  ორმა გავნაგრძეთ ხორცის სასურველ კონდიციამდე მიყვანა.
  პირველ გამოცდაში 4 მიიღო ,,ჯიგარამ", მეორეში 5. მესამე გამოცდამ, წინასწარი გამოძიების საკანში მოუსწრო, მეოთხემ- ორთაჭალის ციხეში.
  ჯვარს აცვეს. არ დამასახელა. მხოლოდ საკუთარ თავზე აიღო დანაშაული.
  ისე, პატიმრების ცოლებზე გამეცადინებულსაც იცოცხლეთ კარგად გამოვუწერეთ მალამო . ისე გავიდა პენსიაზე ,,  ფურაშკას" ვერ იხურავდა.
  რამდენიმე წლის წინ წაიღო წერილი.

                                                  *  *  *                           
  უნივერსიტეტ-ინსტიტუტების დამამთავრებელ კურსებზე ვიყავით ,, ჯიგარა" რომ დაგვიბრუნდა.
  - რას აპირებ? გეოლოგობა ხომ არ გადაიფიქრე? რეპეტიტორებთან გაგყვები, მოემზადე, ნიჭიერი ხარ, დედას უტირებ, წელსვე მოეწყობი. -  ვაიმედებდი,  ვკერავდი და  თან მეშინოდა - ციხეში ტვინი ხომ არ ამოუტრიალდა და სხვა ცხოვრების დაწყებას ხომ არ აპირებს - მეთქი. 
  - არა, გეოლოგობა აღარ მინდა, მაგრამ სამხატვრო აკადემიაში, ვნახოთ...
  - ციხეში დაიწყე ბიჭო ხატვა? - გამიკვირდა მე. ცხოვრებაში, მაგის  კედელზე მიჯღაპნილიც არ  მენახა.
  - ჰო.
  - როგორ? იცოდი ხატვა?
  - თურმე, მცოდნია - ჩაეცინა ,,ნიკალას".
  - იქ რა უნდა მეკეთებინა? კაიფით არ ვკაიფობდი, ზრდილობის გულისთვის თუ წავუჩეფირებდი შიგადაშიგ, არც თამაში მიყვარს. ვუყურებდი ,, ნაკოლკებს" რომ ჩალიჩობდნენ. მეც დავიწყე რაღაცების ჯღაპნა, ისე ჩემთვის.  ერთმა ნახა და მაგრად ევასა. ,,იტოგში" მაგარი ,,ტატუიროვშჩიკი" გავიჩითე. ,,გრევები" არ მაკლდა, რა!
  წამო, სახლში მაქვს იქიდან წამოღებული ნახატები,  თუ გაინტერესებს, დაათვალიერე.
  მაინტერესებდა, თან მაგრად.
  ერთი 48 და სამი - ასფურცლიანი რვეული გამოიღო წიგნების კარადიდან.
  პირველში მხოლოდ დედამისის, მამამისის და ჩვენი პორტრეტები ჰქონდა, თავის სახლი, უბნის ბირჟა და ვაკელი გოგო - ნათია.
  დანარჩენი კი  ეკლესიებით, ნატურმორტებით, პეიზაჟებით და ბავშვთა სახეებით იყო  გავსებული. პატარები სიგიჟემდე უყვარდა.
  ჰო, სულ დამავიწყდა: მგლები. ასი მგელი მაინც ექნებოდა დახატული. ერთი - თათმტკივანი და ახალბრძოლაგადატანილი მგელი, საოცრად მივამსგავსე ავტორს. შესახედაობით კი არა, ხასიათით. ჩუმად რომ იშუშებდა ჭრილობებს და ამაყად აბრიალებდა თვალებს. რომ ვკითხე, ჩაეცინა და - სულელი ხომ არ ხარო მითხრა.
  არადა, ხო ვიცი, ნაღდი გავურტყი.
  მშვენიერი ნახატები იყო, ბურთულიანი კალმით და ქიმიური ფანქრით შესრულებული, მაგრამ რის მოყოლასაც ვაპირებ, იმასთან ეს არაფერ შუაშია, სიტყვამ მოიტანა და ამიტომ გადავუხვიე.
  ახალი ბარიგა გაიჩითა ქალაქში. თავიდანვე ეტყობოდა, მაგრამ შემდეგ ბოლომდე დამტკიცდა - ფორმიანების ჩასმული. იქამდე არც სხვები აკლებდნენ, მაგრამ ამან მთლად მოწამლა უბნის ბიჭები. ბევრჯერ უპირებდნენ გადაგდებას, მაგრად ფრთხილად მუშაობდა. არავის უშვებდა სახლში.
  ამღები შეუცურებდა კარზე გაზეთებისთვის განკუთვლილი ჭრილიდად ფულს, ის ,,გლაზოკში" გამოიხედავდა, გადათვლიდა და იგივე გზით  ჩამოუყრიდა ,,ჩეკებს."
  სახლის წინ მანქანა ეყენა - მწვანე 06, მაგრამ არც მანქანა გვინახავს როდესმე ამუშავებული და არც ,,ბარიგა" გარეთ გამოსული. რაღაც ვირტუალური ტიპი იყო - ის ჩემისა.
  უბნის განარკომანება წარმატებით დამთავრდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. 18-19 წლის ბიჭები, ნუკრი და ,,ბეკო" შეეწირნენ აღებულ ,,წამალს". ნუკრის უმცროსი და დარჩა, ,,ბეკო" დედისერთა იყო, უმამოდ გაზრდილი. დედამისმა, წლისთავის შემდეგ გაყიდა ყველაფერი. ნათესავებს, უბანში ვისაც უჭირდა ყველას ჩამოურიგა ცოტ-ცოტა ფული და წავიდა მონასტერში, მონოზონია ახლა.
  ისევ გავუსწარი მოვლენებს, რაღაც უაზროდ გამომდის თხრობა, ხან სად გადავხტები, ხან სად.
  ბიჭების გარდაცვალების ღამეს ( ბევრმა არც იცოდა, სულ ნახევარი საათის მომხდარი იქნებოდა ეს ამბავი), მწვანე 06-ის სიგნალიზაცია ჩაირთო. პატრონმა ფანჯრიდან გამოიხედა, საეჭვო ვერავინ შენიშნა, ჩამოვიდა ქუჩაში და სიგნალიზაცია გამორთო. უკან დაბრუნებულს, სახლის კარს რომ აღებდა: - ,,ეე, ძღნერო, შენი დედის მო....ის დრო მოვიდა" - მოესმა ზურგს უკნიდან.
    მგონი, პირველად დასწყდა გული, დედა რომ აღარ ჰყავდა ცოცხალი. მიხვდა, რასაც დედამისს უპირდნენ, გაცილებით უფრო მკაცრ ფორმებში მას აუსრულებდნენ. წინააღმდეგობის გაწევას და ყვირილს, აზრი რომ არ ჰქონდა პირველივე მუშტის შემდეგ დარწმუნდა. ძალა, ოფლის გარეშე  ხნავდა აღმართს.
  არ დაგღლით ხანგრძლივი ეგზეკუციის აღწერით. ვიტყვი მხოლოდ, რომ უმოწყალოდ ნაცემ-ნაგვემი ,, ბარიგა", უნიტაზში თავით გაკვეხებული დატოვეს. მანამდე რაც ,, წამალი" ჰქონდა, საკუთარი ხელით სათითაოდ გაათხრევინეს, კარგად რომ მიხვდებით იმ ადგილში და ზემოდანაც ბოთლით, საგულდაგულოდ დაულუქეს ხვრელი. რაც ფული ჰქონდა, თავდამსხმელმა წაიღო. მისი წასვლიდან 3 წუთში, ცეცხლმოკიდებული, აკივლებული 06, ამაოდ უხმობდა საშველად პატრონს.
  "ნაძარცვი" ფული - ამას თუ ძარცვას დაარქმევთ, ,, ჯიგარამ" გარდაცვლილი ბიჭების ჭირისუფლებს გადასცა.
  ზუსტად ათ დღეში დაიჭირეს და გაუყენეს ნაცნობი ადგილებისკენ მიმავალ გზას.
  ფული სად წაიღო, ვერც მილიციაში და ვერც სასამართლოზე  დააცდევინეს.
                   
                                              *  *  *       
  აფხაზეთის ომის დროს გამოვიდა ,, ჯიგარა" ციხიდან.
  უბანში რომ ვერ მნახა, ნათხოვარი ავტომატით სოხუმში ჩამომაკითხა. "მხედრიონელებთან" ერთად იბრძოდა, ორჯერ დაიჭრა. ჭუბერის გავლით დავბრუნდით თბილისში, ორივე.
  ავტომატი პატრონს - ვიღაც ,,ძელეცს" დაუბრუნა. ისე, თავიდანვე რად უნდოდა იმ კაცს ავტომატი? რა ვიცი, მოდა იყო ასეთი.
  ერთი-ორი წლით, 30-ს იყო გადაცილებული და რაღა დროს სწავლა იყო  - ზოგიერთი ლექტორი ჩემზე უმცროსიაო - თქვა და დაივიწყა უმაღლეს განათლებაზე ფიქრი. თან მამაც გარდაცვლილი ყავდა, დედას მიხედვა ჭირდებოდა. სად ნახავდი მაშინ კარგ სამუშაოს (ახლა ხომ არის)? ყველას იარაღი ეჭირა ხელში და მიდიოდა ძარცვა-გლეჯა. განსაკუთრებით ვაჭრებს აწიოკებდნენ. ვინ იყო გამკითხავი?
  ვაგზალთან, ისევე როგორც მთელ ქალაქში, უამრავი სავაჭრო ჯიხური იდგა იმ დროს. მოილაპარაკეს იქაურმა ვაჭრებმა, იქნებოდნენ ასე 10-12 კაცი და "ჯიგარას" მფარველობა სთხოვეს.
  ჯერ უარზე იყო - ჩემი თავი გამჭირვებია, თქვენ რა უნდა მოგხედოთო. მაგრამ უფულობის გამო, ნავთი რომ ვერ მიიტანა ზამთარში სახლში - დათანხმდა.
  გვარიანი თანხა იყრიდა თავს. ვაჭრებიც კმაყოფილები იყვნენ და უბნელებიც. საჭმელს, სასმელს, პატარ-პატარა საჩუქრებს თუ ფულს, არ ამადლიდა -  უყურადღებოდ არავის სტოვებდა ,,ჯიგარა". ბავშვები ისე ჰყავდა ,,გაგულავებული",  მაღაზიებში, სულ ლაშა ბიძიას სახელზე აწერინებდნენ ნისიად გამოტანილ კანფეტებსა და ,,ჟუვაჩკებს".
  ერთი, ძალოვანი მინისტრის მფარველობაში მყოფ ,,სასტავს" მოუნდა იმ ადგილის დათრევა, ,,ჯიგარას" ვაჭრებს რომ ჰქონდათ არენდით აღებული. ბევრი არ უფიქრიათ და დააწიოკეს - უცერემონიოდ.
  იმ დროს იქ არ იმყოფებოდა ჩემი მეგობარი. რომ გაიგო, სათითაოდ დაადგა და უკლებლივ აანაზღაურებინა ( მორალურის ჩათვლით) ზარალი, მთავარი მილიციელის უკანალით გავაჟკაცებულ, ,,კაი ბიჭებს".
  ისევ დაიჭირეს "ჯიგარა", მაგრამ იძულებულები გახდნენ მალევე გამოეშვათ. იმ დროს, არსებობდა მილიციაზე  საშიში ძალა. თან, არაერთი.
  უკვალოდ გამქრალი ვინმე ბობოლა მილიციელის შინ მშვიდობით დაბრუნება და ჩვენი ძმაკაცის ორთაჭალის ციხიდან გამოსვლა, წუთი წუთზე დაემთხვა ერთმანეთს.
  რაღაც პერიოდი, სვანეთს შეაფარა თავი, სამგზის ნასამართლევმა და ციხიდან საეჭვო საბუთებით გამოსულმა, რეციდივისტმა.
  მთავრობის შეცვლა, სვანეთიდან დაბრუნება და დედის - ქალბატონი ლიას გარდაცვალება, დროში ერთმანეთს დაემთხვა.
  დედის გარდაცვალებამ მძიმედ იმოქმედა ჯიგარაზე, მაგრად შეცვალა. სულ ყურებჩამოყრილი დადიოდა. თუმცა, რას დადიოდა? შინ იჯდა მთელი დღეები. მეზობლის ბავშვებს გაგზავნიდა არყის ამოსატანად და ურტყამდა მარტო, თავისთვის. სახლში რომ მივაკითხავდი -  ,, მოხვედი? დალევ?"- მკითხავდა, პასუხს არ დაელოდებოდა ისე, უხმოდ გამოიღებდა ჭიქას და უბრუნდებოდა  თავის მდუმარე, მხოლოდ მისთვის განკუთვნილ სამყაროს.
  ერთხელ, გათენებას არაფერი უკლდა, სახლში რომ დამადგა. ცხადია, მთვრალი იყო.
  - კახა, კიდევ შარი ავიკიდე მგონია...
  - რა მოხდა ბიჭო?!
  - ნახალოვკაში ვიყავი, თათარხანთან - ერთი, ჩვენზე საკმაოდ უფროსი მეგობარი ჰყავდა, კარგი ქართველი, კარგი თბილისელი და ნახალოვკელი.
  - მერე?
  - მაგარი მთვრალი ვიყავი, რომ წამოვედი. მეხვეწა: დარჩი, დარჩიო. მაგრამ ხომ იცი - ცოლი ჰყავს, შვილები. გამიტყდა რა, წამოვედი. ერთ ბნელ ადგილას, ორი ტიპი გამეჩითა. ერთს ავტომატი ჰქონდა, გამოსაწევი რკინის კონდახით - აკს-უ ალბათ.
- იუზგარ, სიგარეტი მოგვაწევინეო - მითხრეს. მაშინ მოვკარი თვალი ავტომატს. მივხვდი რა სიგარეტიც უნდოდათ. წავართვი ავტომატი და პატრონს თავზე გადავამტვრიე. ერთი-ორიც კარგად გავუბაზუნე. მეორე გამექცა.
  ძმურად, წადი ნახალოვკაში და გაიგე,  ვინები იყვნენ?  ერთი კი გადარჩა, მაგრამ მეორე? მაგარი მოხვდა, ბიჭო... თუ დაიბრიდა და... არ ვიცი, ციხე, აღარ შემიძლია...
  ეს მინდოდა? რა უნდა მექნა?
  "ჯიგარა" სასწრაფოდ, დეიდაჩემის სახლში წავიყვანე, ჩემთან მაინც საშიში იყო - ადვილად მოაგნებდნენ და წავედი ნახალოვკაში.
  რაც მე იქ ამბავი გავიგე, მივხვდი ,,ჯიგარასთვის" სმის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. გაცეცხლებული დავბრუნდი.
  - სულ გამოსირდი შე ჩემა?!! - ლამის სადარბაზოდან ვუყვირე ძმაკაცს.
  - მკვდარია?..- გადაფითრდა სახეზე.
  - ცოცხალია, შე გამოსირებულო, მაგრამ რას ერჩოდი? რის ავტომატი? რა ავტომატი? კაცი ნაავარიები ყოფილა, ყავარჯნით მდგარა ქუჩაში და უბნელს ელაპარაკებოდა. სიგარეტი გთხოვა, ყავარჯენი წაართვი და კინაღამ მოკალი! ნორმალური ხარ, ბიჭო?!!
  კაცი ცოცხალი რომ იყო, კი მოეშვა გულზე, მაგრამ ავტომატიანი ყაჩაღის ნაცვლად, ყავარჯნიანი ინვალიდი, რომ აღმოჩდა გალახული - წაიშინა თავში ხელი.
  მაგრად შემეცოდა.
  მისამართი მკითხა. ახლა წავედი და გნახავო - დამიბარა.
  შინიდან ანტიკვარული, გერმანული ყავის სერვიზი გამოუტანია და საკომისიოში ჩაუბარებია ნახევარ ფასად. ის ფული გალახულს მიუტანა, ბოდიშები უხადა. რომ დაუნახავს ტელევიზორი არ ჰქონდათ, თავის ,,რუბინი" მიართვა და - აჰა, ძმაო, იწექი და უყურეო.
  საღამოს, უკვე მე დავადექი ,, ჯიგარას" შინ.
  არყის ბოთლის გახსნა  მოესწრო, უკვე.
  - მოდი, მოდი, იმ კაცის გადარჩენის და ჩემი შერცხვენის დავლიოთ.
  არ მინდოდა დალევა, მაგრამ - ამას მაინც დავაკლებ სასმელს მეთქი და გავუწოდე ჭიქა.
  ნახევრამდე რომ ჩავცალეთ ბოთლი, საუბარი წამოვიწყე:
  - ბიჭო, ასე როდემდე უნდა იყო? მოკვდები ტო! ცოლი მაინც მოიყვანე, შე ჩემა? ხომ გიყვარდა ნათია? ქმარს გაშორდა. ვეღარ აიტანა ის ჩამპალი მორფინისტი. ან აქამდე, რა ჩემ ფეხებად უნდოდა, ის ახვარი?! ცოლიც ეკიდა და ბავშვიც. დადის დღე და ღამე "დავინტული", არც ცოცხლებში წერია და იქაც არ იღებენ, ისეთი ყ..ეა. - ჩამოვუგდე  ძველ და ერთადერთ სიყვარულზე საუბარი.
  - მაიცა, რააა! რას ერჩი იმ გოგოს? "ვაის" გაეყარა და "უის" გინდა შეეყაროს.
  - მერე შენ ,,უი" ხარ, შე ჩემა?! - არ ვიხევ უკან.
  - უარესი...
  - რა უარესი ბიჭო? ,,უი" - კი არა, ერთი ასო გაკლია წინ!  რა, "პრისტუპნიკი"  ხარ, მორფინისტი, თუ რა, შე ჩემა?
  - ბიჭო, ქურდები ვართო გაიძახიან და ციხე - გარედან უნახავთ მხოლოდ. მე სამი ,,სუდიმოსტი" მაქვს, უკვე. ვის რა ფეხებად ვუნდივარ? ვინც მიყვარს, ის შევარცხვინო?  - რამ გაასულელა ეს ქალი, ბანდიტს რამ გააყოლაო? - ვალაპარაკო ვიღაცები? ან რას მივხედავ იმ გოგოს და მის შვილს? ერთხელაც, ის ახვარი რომ გამომეცხადოს, შენ გამომბრდღვნი მერე ხელიდან? ახლა, "ჟღვინტას" გამო წავიდე ციხეში და ბავშვის მამის მკვლელი გავხდე?
  - კარგი რა, ატრაკებ! მკვლელი არა ბიჭო, ის კიდევ. შენ ნათია მოიყვანე ცოლად და ,,ატვეჩაი" მე ვარ, "ჟღვინტა" სათოფეზე არ გაგეკარება.
  - ვაა, მართლა მოახერხებ ტო? საღოლ, შენ!  ეე, გოიმ, მჭირდება ვითომ შენი დახმარება, ამ საქმეში? - ამიგდო მასხრად.
  - შენ ვირი ხარ, შე ჩემა, გალახავ. მე კი ისე ვეტყვი, რომ გაიგებს.- ხავსს ვეკიდები.
  - დააყენე რა, ძმურად გთხოვ. თუ სვავ -  დალიე, რიჟა ბაზარს კი, მოეშვი. - შემაწყვეტინა და თავადაც მორჩა საუბარს.
  რა ვქნა, რაც შემიძლია მოკლედ ვყვები, მაგრამ, მაინც გრძლად გამომდის სათქმელი. ძნელი ყოფილა ლაკონური თხრობა, მე არ გამომდის ყოველშემთხვევაში. 

                                                                                *  *  * 


  ასე იყო, თუ ისე, გამოვაძვრინეთ ჯიგარა ,,ზაპოიდან". მაგრამ რა გითხრათ, რაღაც სხვა მასტი გაიჩითა,  შეიცვალა - რა.
შეიძლება ასაკის ბრალიც იყო ( ორმოცს გადააბიჯა), შეიძლება... არ ვიცი, ფაქტია,  ,,იმ თამროსი" არ იყოს - ის ,,ჯიგარა" აღარ იყო.
  არა, ძმობაში და კაცობაში რა შეცვლიდა, უბრალოდ გულჩათხრობილი და მოწყენილი იყო ხოლმე, უმეტესად. სმით სვავდა, როგორც ყველა, ზომიერად. ფულს ხან სად შოულობდა, ხან სად. რა თქმა უნდა ჩვენც ვუტოვებდით, ვისაც რა გვქონდა. ჩუმად კარადის უჯრაში ჩავუგდებდით, ან ტანსაცმლის ჯიბეში. უმეტესად სახლიდან გამოჰქონდა რაღაცები და აბარებდა გადამყიდველებს.
  ჯანმრთელობაც შერყევია თურმე (ციხის გამოძახილი იყო ის სენი), ჩვენთვის არასდროს უთქვამს, არასდროს დაუჩივლია.
  ნელ-ნელა გადიოდა დრო, იცვლებოდა ცხოვრება.
  იცვლებოდნენ ხელისუფალნიც, ტრადიციულად - ძალდატანებით.
  არ იცვლებოდა მხოლოდ ერთი რამ: - ჩათლახები და გოთვერანები ყოველთვის უკეთ გრძნობდნენ თავს, ვიდრე ალალი, მართალი და უზნეობაზე აცრილი ადამიანები და ამ კონსტანტას კაი ხანი საფრთხე, რომ არ ემუქრება, ღრმად ვარ დარწმუნებული.
  ახალი მეზობელი გადმოვიდა ,,ჯიგარას" სახლში. თბილისელი სომხის, რუბენ აივაზაშვილის ბინა იყიდა, ახალგადმოსულმა, ,,ჯიგარას"ქვემოთ.
  რუბენაც მაგარი ვინმე იყო, ისე.
  ჯერ, ქვეყნის ფული დახარჯა,  გვარი გადაიკეთა.  თითქოს - ბასტა! აწი, ვეღარავინ მიხვდებოდა მის წარმომავლობას. მერე, რომ დაინახა ქართველობა ვეღარ ,,ჭრიდა" და ის კი არა, ზოგიერთ ადგილებში საშიშიც იყო, ისევ გადმოიკეთა - აივაზიანად. ცხადია, იქაც მაყუთი დახარჯა. ახლა რუსეთშია - იქ რა ჯდება აივაზოვობა, არ ვიცი .
  მაგარი უცხვირ-პირო, გამარჯობას რომ ვერ ათქმევინებდი და ვერ გააღიმებდი,  ისეთი კაცი - რა კაცი? ლაწირაკი - გამოდგა, ახალი მეზობელი. თბილისელი რომ არ იყო, თავ-ყბაზეც ეტყობოდა, სიტყვა - პასუხშიც, მიხვრა-მოხვრასა და ჩაცმულობაზეც. საახლობლოც ისეთი ჰყავდა, ერთი დედ-მამის შვილები გეგონებოდა ყველა. უფრო სწორედ არც ერთს არ აჩნდა არც დედის და მით უფრო მამის კვალი. კი მიქრი-მოქროდნენ ,,ნავაროჩენი" მანქანებით, მსგავს კოსტუმებში გამოწყობილები, ლამის ორ-ორი ჰალსტუხით კისერზე, მაგრამ რას საქმიანობდნენ, რას ჩალიჩობდნენ - ვერაფერს გეტყვით.
  ერთი ის ვიცი, ხელისუფლების შეცვლამდე, მოწინავე პლაკატგამკვრელი და დაუღალავი მყვირალა ყოფილა თურმე - ახალი მეზობელი. ,,სასტავსაც" დაახლოებით იგივე გზა ჰქონდა გამოვლილი, მეტ-ნაკლები წარმატებით და დაფასებით.
  ასეთ დამსახურებულ და ღვაწლმოსილ ადამიანს ხომ უნდა გაფრთხილება? - უნდა.
ჰოდა, დაცვა დაუნიშნეს - ,,ჯიგარას" მეზობელს. ინგლისურის გაკვეთილზეც კი არ  ტოვებდნენ უმეთვალყუროდ.
  ჯერ რემონტიც არ ჰქონდა დაწყებული, ,,ჯიგარას" რომ შემოუთვალა - ბინას ხომ არ გაყიდიო. - დუპლექსი მოსდომებია.
  - ამ უბანში დავიბადე, გავიზარდე. მშობლების დანატოვარი სახლია. სხვაგან ვერ ვიცხოვრებ - შეუთვალა პასუხი.
  შემდეგ უკვე, თავად  მეზობლის ცოლმა იკადრა, ბინის პატრონთან მისვლა, ცხადია დაცვითურთ: გვითხარი რას აფასებ და დღესვე მოგცემთ ფულსო.
  პასუხი იგივე იყო:
  -ქალბატონო, თქვენ ახლა გადმოხვედით და უკვე მოგწონთ აქაურობა. მე აქ დავიბადე. სად წავიდე? ძაღლი-ღორი ყველა მიცნობს, ყველას ვიცნობ. გინდ აქედან წავსულვარ, გინდ ქვეყნიდან - ერთია ჩემთვის. ასე, რომ შემეშვით, რა. 
  არ ესიამოვნა პასუხი ,,დიდი კაცის" ცოლს, მაგრამ რას იზამდა? მიხვდა, არც  გადამსვლელი იყო და არც ფულზე დახარბებული - ოთხოთახიან ბინაში გამოჭიმული, ,,უშვილ-ძირო და უპატრონო მეზობელი".
- ,,ჯიგარ", მონასტერში არ გინდა წასვლა? - ვკითხე ერთხელ დასევდიანებულ ძმაკაცს.
- შენ რომ არ იყო, ვიფიქრებდი იმ უსქეს-უჯიშო ქრომოსომების მოგზავნილიაო.
    რა ტიპები არიან ტო? გინახავს უწინ ასეთი მასტები? მე ნაღდად არა... სხვა პლანეტიდან ჩამოსულები მგონია, ტო. მთელ სასტავზე გეუბნები -რა! არა, ვხვდები ქართულად ბაზრობენ, მაგრამ რას ბაზრობენ - სეიმში არა ვარ. ისე მგონია ,,ჩერეზ" ტელევიზორი ვუყურებ, თან ჩვენი კი არა, რაღაც - ,, ჩორტ ივო ზნაეტ" არხია. საიდან მოდიან ესეთი ტიპები? როდის გაჩდნენ ტო? თან, მაგარი ბლომად არიან, არა? - დაინტერესდა ,,ჯიგარა", უცხოპლანეტელთა რაოდენობით.
  - ბლომად, ბლომად... - დავსევდიანდი მეც, ,,ასეთი  ტიპების" რაოდენობა რომ წარმოვიდგინე.
  - ერთი მაგათიც, შენ ეს მითხარი წახვალ, თუ არ წახვალ? - განვაგრძე შეწყვეტილ თემაზე საუბარი.
  - კარგი რა, კახუშ, რომელი ანტონ დიდი მე მნახე?
  უბანში აღარ გავდივარ, ბავშვებისთვის ცუდი მაგალითი არ ვიყოო და შენ მთლად მონასტერში მიშვებ?
  - ანტონ დიდი თუ არ ხარ, მოსე შავზე(*1) ნაკლები ამქვეყნიური ცოდვა ხომ გაქვს ჩადენილი. წადი, კარგ ხალხს ნახავ, დაისვენებ, ბევრ რამეს სხვანაირად შეხედავ, მოგეშვება გულზე. ჩამოდი მერე.
  - მოსე შავი ვინ იყო? - დაინტერესდა თანამოსაუბრე. - და მეც მოვუყევი წმიდა მამის ცხოვრება.
  ეტყობა, იმოქმედა: - რავი ძმაო, წავიდე? ღირს ვითომ? ,,ხარაშო", წავალ შენი ხათრით. - დამთანხმდა ,,ჯიგარა" და ხელი ხელს დავარტყით.
  ერთ კვირაში მარხვა იწყებოდა და ,,ჯიგარა" მთელ მარხვას ჯუმათის მამათა მონასტერში გაატარებდა.
  თან ნერვიულობდა ( თითქოს ბერად აღკვეცას უპირებდა ვინმე), თან  რაღაც სასიამოვნოდ იყო აღტკინებული. იმაზე ფიქრიც კი, რამდენიმე კვირა,  მონასტერში, ლოცვასა და მარხვაში, რომ უნდა განევლო - სათნოდ ეყო ,,ჯიგარას'. გამოცოცხლდა, წლებიც მოაკლდა თითქოს, სახეზე -ღიმილი და უკეთესი მომავლის იმედი დაუბრუნდა. ნელ-ნელა ისევ ის  ,,ჯიგარა" ხდებოდა.
  ძველი, ანტიკვარული, საქსონური თეფში ჩააბარა მაღაზიაში( თავი მოიკლა, მე არაფრით გამომართვა ფული) და იმ თანხით მონასტერში წასაღები: მაკარონი, ზეთი, შაქარი, წიწიბურა და ბერ-მორჩილებისთვის ,,სალდათსკი ბათინკები" იყიდა. ნერვიულობდა, ხომ კარგად მოუვათ - 44, 43 და 42 ზომები ავიღეო.
  დილით, 6 საათზე უნდა გამევლო ჩემი მანქანით და იალაა, გურიაში.
  6-ის ნახევარზე რომ დავურეკე და მობილური არ აიღო, არ მომეწონა. არ ჩაეძინებოდა ვიცოდი. შინ დავადექი, ვაბრახუნებ კარზე და გვიან შევამჩნიე - დალუქულია.
  ხმაურზე, კარის მეზობელმა - თინამ გამოიჭყიტა. ღამის პერანგში იყო, მოუწესრიგებელი. კარი ოდნავ გამოაღო:
  - ღამის 3 საათზე აიყვანეს შვილო. ტყვიები და იარაღი უპოვეს სახლში. კვირაში ორჯერ სახლს ვულაგებდი, ახლა წასვლის წინ ,, უბორკა" გვქონდა, რის იარაღი, რა იარაღი - თვალით არ მინახავს. ტყვია კი ქონდა, სამი ცალი, აფხაზეთიდან ჩამოყოლილი, წიგნის თაროზე ეწყო - იცი შენ.
  - იმ ჩათლახების მოწყობილია ყველაფერი. - ჩურჩულზე გადავიდა  თინა და თითით ქვედა სართულისკენ მანიშნა.
  ,, ჯიგარასი" არ ვიცი და მე კი გავთავდი ადგილზე.
  პატიმარს ვინ განახებდა; ავიყვანეთ ადვოკატი და მისგან ვიგებდით საქმის ვითარებას. ფული ბევრი იხარჯებოდა, დალხენით და უზრუნველად კი, სამწუხაროდ არავინ ვცხოვრობდით. ახლა ამას ოჯახიც დაუმატეთ, ყველანი ცოლ-შვილიანები ვიყავით ,,ჯიგარას" გარდა.
    საპროცესო გარიგებით იმხელა თანხას ითხოვდნენ, სხვა გზა არ იყო - პატიმრის ბინა უნდა გაყიდულიყო.
  დავიწყეთ ჩალიჩი, მაგრამ პატრონის გარეშე როგორ გაყიდდი? მინდობილობა, პრივატიზაცია, ათასი საბუთი და დავიდარაბა უნდოდა.
  ერთ დღესაც მირეკავს ადვოკატი, შევხვდი და ,,ჯიგარას" წერილი გადმომცა.
                     
                                                                            ,, ძმებს!
  როგორ ხართ ბიჭებო? მაგარი წურბელა გამოვდექი - სულ თქვენ კისრებზე ვზივარ და გწოვთ სისხლს გაუთავებლად. გახვევთ და გახვევთ ჩემს გასაჭირს თავზე. არადა, ხომ ვიცი შეიძლება ზოგ თქვენთაგანზე უკეთაც ვიყო აქ. შუქს მე არ ჩამიჭრიან და გაზს. ჭამითაც მუქთაზე მაჭმევენ. შვილი მე არ მყავს და ცოლი. ქვევრში ჩარჩენილი ხელოსნის არ იყოს - ვიქნები აქ, მაგის დედაც ვატირე.
  არც ადვოკატი მინდა, არც არაფერი. ტყუილად ნუ ხარჯავთ ფულს.
  ბინა კი არ გაყიდოთ.
    კახა, ის ბინა ყველაფერია ჩემთვის. დედა, მამა, ბავშვობა, თქვენ, რა ვიცი  - ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი!
  როცა მშობლები მესიზმრება, სულ იქ არიან ტო, ჩემს სახლში.
  არ ვიცი, გარდაცვლილთა სულები როდის ტოვებენ აქაურობას, მაგრამ ჩემების სულები ახლაც შინ რომ არიან ვიცი, ასპროცენტიანი დარწმუნებული ვარ, ბიჭო!
  აბა, მითხარი, როგორ გავყიდო? თან ვის მივყიდო, ტო - იმ ახვრებს?!
  ისე, მაგათ  არაფერი უთხრათ და არაფერი მოსწიოთ, ძმობას გაფიცებთ, ბავშვებს გაფიცებთ - იცოდეთ.
  ახლა, სხვა დროა ძმებო!..
  მოკლედ, თქვენ იცით. ჩემთვის კარგი თუ გინდათ, რაც გითხარით ის გააკეთეთ.
  ვიქნები აქ და როცა იქნება გამოვალ, ბიჭებო.
  ეეხ, კახაჯან, არ გამოვიდა ჩემგან - მოსე შავი, არა ჯიგარო?
  კახა, საშუალება თუ გაქვს, იქნებ ნათიას და ბავშვს დაეხმარო ხოლმე, მე არაფერი მინდა. ჩემზე იყოს ძმაო, გადავიხდი ძმობაში.
  მიყვარხართ და გკოცნით ყველას, თქვენი წურბელა ძმაკაცი - ლაშა ციხისთავი, თქვენგან -,,ჯიგარად" წოდებული.

  - მადლობა და აღარ მინდა შენი დახმარებაო - ასე მითხრა. ისე ვერ არის კარგად, ვიჩალიჩე და ,,რესბალნიცაზე" გადაიყვანენ. - წერილის წაკითხვის შემდეგ მეუბნება ადვოკატი.
  - რა მოუვიდა?
  - სიცხეები აქვს. ერთი-ორჯერ სისხლიც ამოჰყვა ნახველს. ფილტვებზე დაენძრა, ,,კაროჩე".
    შვიდი წელი მიუსაჯეს ლაშა ციხისთავს. იარაღის და ტყვია-წამლის უკანონო შენახვისათვის.
  როგორც ჩემი და თქვენი იყო ის ,,ტტ"-ე, ისე იყო ,,ჯიგარასი".
  მრავალგზის ნასამართლეობა, ცხადია დამამძიმებელი გარემოება აღმოჩნდა.
    ვიცოდით ავად იყო, რა არ ვიჩალიჩეთ, უდო-თიც ვერ გამოვიყვანეთ.
    - საზოგადოებისთვის საშიშიაო - გვითხრეს.
 
    ორი წელი მოუწია პატიმრობა.
ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა ტუბერკულოზით.
    თვალით უნახავმა ჩხირებმა, ძვლად და ტყავად აქციეს მსოფლიოს ჩემპიონის გამლახველი.
  ასეთივე მავნე ჩხირებმა მოუწამლეს მთელი სიცოცხლე.
ჩხირებთან და ბაცილებთან ბრძოლაში დამარცხდა - უბნის ჯიგარი.
    დედ-მამის გვერდით დავკრძალეთ ჩვენი ბავშვობა,  ახალგაზრდობა და იმდროინდელი ქალაქური უბნის მუღამი, სამწუხაროდ აწი, რომ აღარასდროს განმეორდება.

  ორმოცზე მამა მატათა მოვიდა საფლავზე. ციხის მოძღვარი გახლდათ. აღსარებებს იღებდა და აზიარებდა პატიმრებს. სტიქარი ჩაუცვამს ,,ჯიგარას" პატიმრობის დროს, აღმსარებელი და მაზიარებელი გამხდარა. სიკვდილის წინაც ეზიარა თურმე. მამა მატათამ დაუხუჭა თვალები.
    - საოცარი კაცი იყო. ღმერთმა აცხონოს. რომ მითხრა ოთხჯერ ვარ ნასამართლევიო -გავოცდი. 18 წელია მღვდელი ვარ, რასაც ის აღსარების დროს მეუბნებოდა, 11 შვილი მყავს, აქედან 4 მცირეწლოვანი - მგონი, მათ აქვთ ლაშაზე მძიმე ცოდვები ჩადენილი. 
    პირველად რომ ეზიარა, ნათლობის სახელი ვკითხე.
    - არ მახსოვს მამაო, პატარა ვიყავი რომ მონათლეს. ალბათ, ლაშა უნდა მერქვასო. მერე ჩაფიქრდა და - არ შეიძლება მოსედ მომიხსენიოთო? - მკითხა.
    აი, ეს წერილი დაწერა გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, - ჩემი ორმოცი რომ იქნება, სასაფლაოზე მოვლენ და იქ გადაეცი კახასო - დამიბარა.


                                                  კახას და ძმებს

    მოუშორებელი ჭირი გაგიხდით ბიჭებო. მთელი ცხოვრება ხომ თქვენ მივლიდით, ახლა - მკვდარსაც თქვენ უნდა მიპატრონოთ. მოგატყუეთ ბიჭებო, ვერ გამოვედი აქედან, ვერ ჩაგიხუტეთ გულში და ვერც სიკეთე გადაგიხადეთ. ეს რომ ასე მოხდებოდა, აქ მოსვლისთანავე მივხვდი-მე.
  მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა, თქვენი ძმა რომ ვიყავი და ბოდიში, ვერაფერში რომ გამოგადექით.
  შემინდეთ, რაც რომ მიწყენინებია და გული დამიწყვიტავს თქვენთვის.
  ცოტაც ამიტანეთ ძმებო!
  თქვენ შემოგევლოთ, აწ უკვე თქვენგან ,,ს კანცამი" წასული ჯიგარა.

პ.ს.
კახუშ, ბინა, მამა მატათაზე მაქვს მინდობილობით გაფორმებული, ასე უფრო ადვილად გამოვიდა.
  დავუბარე: მამაო, ჩემი ორმოცი რომ იქნება, მერე გაყიდე მეთქი. ვინმე კარგი ოჯახი თუ იქნა, იმათ მიეცი, რისი საშუალებაც ექნებათ იმდენი გამოართვი.
      კახა, იმ ფულიდან რამდენსაც ჩათვლი საჭიროდ ნათიას და მის შვილს მიეცი, რაღაც პერიოდი რომ ეყოთ, დიდი გოგო იქნება უკვე. 4000 ათასი შენ აიღე, ვალი - ვალია ძმაო. ბავშვებს გაფიცებ ასე ქენი. 2000 რამაზას მიეცი - იმ ,,თუქსუსის" ვალიც დამრჩა. ცოტ-ცოტა ყველას ჩამოურიგე, ვისაც უჭირს უფრო მეტი მიეცი. სახლში რაც დარჩა, ისინიც დაარიგე. რაც ჩემ ამბებში ფულს დახარჯავთ, გაინაწილეთ. რაც დარჩება, ჯუმათის მონასტერს შესწირე.
    იქნებ, მოსე შავის ხატიც დააწერინო და ისიც მონასტერს შესწირე.
    ახლა კი გ ე მ შ ვ ი დ ო ბ ე ბ ი და ამ წერილს თუ კითხულობ - ,,ზნაჩიტ" ს ა მ უ დ ა -მ ო დ.
                                                      მიყვარხართ.
                                           
                  ჩემს ქელეხზე და ორმოცზე მაგრად არ დათვრეთ, ბემურაზებო.


  ლაშას ორმოცზე, მამა მატათა, 21 ბიჭი( თავი ისევ ბიჭებად მოგვაქვს), ნათია და მისი ქალიშვილი ვიყავით.
  იმ ახვარს და არაკაცს, წინა შაბათს ქორწილი ჰქონია, მეორე ცოლი მოუყვანია-600კაციანი სუფრა  ჰქონდა გაშლილი.
  რაც მათ, ბოლოკისთვის მარილი იხმარეს, იმ მარილის ფასი, ასგზის აღემატებოდა -სუფრასთან მსხდომთა ფასს, ერთად აღებულს.

 
  .... აი, ასეთი , ,,საზოგადოებისთვის საშიში რეციდივისტი,"იყო - ლაშა, ''ჯიგარ" ციხისთავი.
  ,,საბედნიეროდ", ეს საშიშროება დღეს აღარ გვემუქრება.
არ ემუქრება,  საზოგადოების იმ ,,საუკეთესო" ნაწილს,  ჩადენილი ,,კეთილი" საქმეების გამო, დღე და ღამ დაცვით რომ დადის და მათ გარეშე, ცოლ-საყვარლებსაც ვერ უგორდებიან ლოგინში.
  დამშვიდდით!
,,ჯიგარა"დავამარცხეთ, ხალხო!
  აღარაფერია საშიში!
  მოსახლეობის, ,,ჯიგრობაზე" ვაქცინაცია კი-  წარმატებით მი-მდი-ნა-რე-ობს!!!


                   
  10 სექტემბერს,  მოსე შავის ხსენების და,,ჯიგარას" გარდაცვალების დღეა.
 

 


------------------
  ( *1)ღირსი მოსე შავი - მეოთხე საუკუნეში, ეგვიპტეში მოღვაწე ეთიოპელი, ზანგი წმ.მამა.
  ახალგაზრდობაში  ავაზაკი იყო. ძარცვავდა და ხოცავდა ადამიანებს. ერთ-ერთი მონასტრის აოხრების დროს, მოულოდნელად ღრმა სინანულში ჩავარდა, გამოეყო თავის რაზმს, შენდობა ითხოვა და  მონასტერში დარჩენა ისურვა. ყოფილი ბოროტმოქმედი მანამ იხვეწებოდა, სანამ სათხოვარი არ აუსრულეს, ბერებმა.
  საოცარი თავმდაბლობით ცხოვრობდამონასტერში. მუდამ ლოცვებში იყო და ცოდვების მიტევებას მხურვალე ცრემლებით შესთხოვდა უფალს. ერთ დღეს 4 ვაზაკი თავს დაესხა მონასტერს. წმიდა მამამ უდიდესი ფიზიკური ძალის წყალობით, ოთხივე განაიარაღა და ხელ-ფეხ შეკრულნი მიჰგვარა მონასტრის იღუმენს. ყაჩაღები, მისი ყოფილი რაზმის წევრები აღმოჩნდენ.ბერის სამოსში მეთაური რომ შენიშნეს, მათაც ითხოვეს მონასტერში დარჩენა.
მრავალი წელი გაატარა ღირსმა მოსემ მონასტერში და თავის ღვაწლით, უდიდესი სახელი დაიგდო.
  75 წლის იყო ღირსი მამა ბერები, რომ გააფრთხილა სკიტს ავაზაკები დაესხმებიან თავს და მის მკვიდრთ ამოჟლეტენო. წმიდანმა აკურთხა ბერები, დროზე დაეტოვებინათ იქაურობა.. მოწაფეები სთხოვდნენ ისიც მათთან ერთად წასულიყო, მაგრამ მოსემ: - მე დიდი ხანია ველი დროს, როცა ჩემზე ასრულდება უფლის სიტყვები - ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი,მახვილითა წარწყმდნენ.
ღირსი მამა თავის თანარაზმელებთან ერთად დარჩა მონასტერში. ყაჩაღებმა ისინი სიცოცხლეს გამოასალმეს.
  ეს ამბავი, ეგვიპტეში, დაახლოებით 400 წელს მოხდა.           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები