ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
15 ივლისი, 2009


საქარია 3 (თავი მეხუთე)

თავი მეხუთე

ევპრისი-ურჩხულის დაღუპვა


დაღამებამდე ევპრისი ბუნაგში იჯდა. როგორც კი შებინდდა, თავშესაფრიდან გამოვიდა. “ ჯურხანთან შეხვედრამდე რამოდენიმე დღე მაქვს,” ფიქრობდა ურჩხული. “დროა ქალი-ყინვა მოვძებნო და ჩემი მომავალიც საბოლოოდ დავალაგო”. იქვე რამოდენიმე ყორანმა ჩამოიფრინა.
- მეგობრებო, ძვირფასო ყორნებო, ქალი-ყინვა არ გინახავთ? - ყორნებმა ევპრისს გახედეს, - როგორ არა, შენ ევპრისი-ურჩხული არა ხარ? სწორედ შენ გეძებს, ცხარე ცრემლით ტირის, ლამის დადნეს - ჩაიხითხითეს ყორნებმა, - აი იმ თოვლიან მთას რომ გადახვალ, იქ დაგიხვდება.
ევპრისი ეტლს მოახტა, ცხენებს მათრახი გადაუჭირა და თოვლიანი მთისაკენ გააჭენა. ერთიც დაჰკრა ცხენებს და თოვლიან მთას გადაუფრინა. ცხენები თითქოს შედრკნენ, შეჩერდნენ. ირგვლივ ყველაფერი ყინულს დაეფარა. მთვარის შუქზე ქალი-ყინვას, ოდნავ მოცისფრო გადაჰკრავდა და სარკესავით ლაპლაპებდა.
- ძვირფასო, ჩემო ერთადერთო, - მიეჭრა ევპრისი-ურჩხული ქალს.
- მოდი სიყვარულო, ჩამეხუტე, - ხელები გაუწოდა ქალი-ყინვამ. - ევპრისი მიბაჯბაჯდა.
- შენ როგორი სახეც არ უნდა მიიღო, მაინც მეყვარები და ჩემგან არსად გაგიშვებ. ჩემთვის ისევ ის ევპრისი ხარ, პეპლები რომ უყვარდა. ახლა პეპლებზე მეტად მე შემიყვარებ, სულ ერთად ვიქნებით. - ქალი-ყინვამ გულში ჩაიკრა ურჩხული, თან ჩურჩულებდა, - არსად აღარ გაგიშვებ.
ევპრისი ძალიან ბედნიერი იყო, ამ წუთებს იგი მთელი ცხოვრება ელოდა, მაგრამ ცოტა ხანში შეაჟრჟოლა, ცოტა არ იყოს შესცივდა. ერთი კი ეცადა, ქალის მკლავებიდან განთავისუფლებულიყო, მაგრამ განძრევის საშუალებას ყინვა არ აძლევდა. ცოტა ხანში, ევპრისი ყინულის დიდ ურჩხულად გადაიქცა და ქალი-ყინვას მკლავებში სამუდამოდ დაიდო ბინა.
დილით მზემ ამოანათა, შეყვარებულ წყვილს დახედა და ქალი-ყინვას, ყველაზე მწველი სხივი სტყორცნა. ქალი-ყინვამ დნობა დაიწყო, რაც ძალიან სიამოვნებდა და ევპრის-ურჩხულს, კიდევ უფრო მაგრად იკრავდა გულში.
ცოტა ხანში მთელი ყინული დადნა და უზარმაზარ ტბად გადაიქცა. ევპრისმა ერთი კი გაახილა თვალები, მაგრამ ქალი-ყინვამ, (ახლა უკვე ტბად ქცეულმა) თან წაიყოლია. წყალში ჩაითრია და თავის ფსკერზე, ქვიშაში მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი. ურჩხულმა ერთხელ კიდევ სცადა გაბრძოლება, მაგრამ ქვიშიანი ტბის ძალას ვერაფერი მოუხერხა, დანებდა და იქვე განუტევა სული. ტბიდან თითქოს პეპლები ამოფრინდნენ და აქეთ-იქით მიმოიფანტნენ.
- კარგი სიკვდილია. - წამოაყრანტალა ტბასთან მჯდომმა ყორანმა.
- ჰო, სიყვარულს შეეწირა ეგ უბედური. მთელი სიცოცხლე სიძულვილი ასულდგმულებდა და სიყვარულმა კი ბოლო მოუღო. - უპასუხა მეგობარმა.
ტბის გარშემო მწვანე ბალახი აბიბინებულიყო.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები