ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2008


ძველები (მთვარე დაბრუნდა; კაბად დედამიწა მაცვია)

მთვარე დაბრუნდა

მთვარე დაბრუნდა არგათელილი ზეცის გულიდან
და დედამიწამ მოიხდინა ცალი საყურე,
შემომეპარა შენზე ფიქრის ანარეკლები,
ბეღურასავით ნამცეც-ნამცეც ესღა მაპურებს.

მთვარე მაპურებს, მიკლავს წყურვილს
უშენობიდან უშენობამდე,
ვსუნთქავ ზეცამდე და ვებრძვი სურვილს
სულის სიმშვიდის შეშლილობამდე.

მთვარე დაბრუნდა არგათელილი ზეცის გულიდან
და შეეფეთა ჩემი გულის მშფოთვარე ტალღას,
გამინაწილა ნაგვირილარი საბნის სიმშვიდე,
მიმაძინა და არ მაცალა სიცოცხლით დაღლა.

მთვარე დაბრუნდა, ჩამოეღვენთა ჩემს ფანჯარას
სანთლად, ლოცვებად,
და დამირწია ზეცის აკვანი, დანაწევრებულს
ცრემლად, ცოდვებად.

ვრჩები უშენოდ არგათელილი გულის იმედად,
დილა თენდება გვირილისფერი, იისფერი, სევდიანი
და თქმას გიბედავ...

მე მოვიწყინე
უშენობიდან უშენობამდე
და ვიფერფლები...

თუმცა სიზმარია სიცოცხლის ბოლო ჩასუნთქებამდე
ეს ფორიაქი _ მთელი ცხოვრება,
მეტად საშიში გამოღვიძებით საიქიოში,
როს სათუოა სულის ცხონება...



კაბად დედამიწა მაცვია


კაბად ჩავიცვი დედამიწა,     
თმებში ჩავიბნიე მზე,
მხრებზე მოვიხვიე ზეცა -
სულის გაოცების დღე...

სარკედ მოვიმარჯვე ზღვა,
ყურზე დავიკიდე მთვარე,
ფეხზე ამოვიცვი მიწა,
ცრემლად წვიმის ემოცია ვღვარე.

ღამით მივაშურე ღრუბლებს,
სიზმრად დავათოვდი სამოთხეს,
თურმე სული სხეულს უძლეს,
ცდილობს ცოდვები არ წამოსცდეს.

დილით გამეღვიძა მთებში,
სახე მოვიბანე თოვლით,
ზვავად შეჯგუფული სევდა
თავზე გადამევლო გლოვით.

ასე უცნაურად შემოსილი,
მთიდან გავემართე ბარში,
თითქოს უსიცოცხლო, გრძნობაშემოცლილი,
მოვხვდი გვირილების ბაღში.

ფეხებმოკეცილი ვზივარ ყვავილებში,
ვცდილობ არ დავჭმუჭნო კაბა - დედამიწა,
მალე ახლოვდება ზღაპრის დასასრული,
თორმეტს უკვე წამიც გადამიცდა.

გამომეღვიძა... მაგრამ დედამიწა
კვლავაც მაცვია ტანზე,
კვლავაც მიწითა მაქვს ფეხი შემოსილი,
კვლავაც მზე დამნათის თავზე.

მაგრამ გავა დრო და ჩემს ჩანაცმევ,
უქმად მიტოვებულ დედამიწას,
წვიმა ღვთიურ წყალში აბანავებს
და ჩემს ყველა ცოდვას შეაწმინდავს.

შემდეგ მოვარდნილი ქარი აიტაცებს,
ზეცის სარეცხების თოკზე გამოკიდებს,
მზე კი სიმხურვალით გამოაშრობს
და სხვა მეპატრონის ძიებაში სხივზე ჩამოკიდებს.

ვიცი, ჩემს ჩანაცმევ დედამიწას
მერე სხვა მოირგებს ტანზე,
და თუ ჩემი სული სხეულს გადაურჩა,
ვარსკვლავად აენთება ცაზე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები