ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
17 ივლისი, 2009


საქარია (დასასრული)

ზღაპრის დასასრული


ქანელი, სიზმრის ურჩხული, სრულ წყვდიადში აღმოჩნდა. აქა-იქ ჩირაღდნები ბჟუტავდა. გარშემო არავინ ჩანდა. სადღაც შორს, ბინდ-ბუნდში ქანელმა იანგულის სასახლეს მოჰკრა თვალი. ცოტა ხანში სიბნელეს მიეჩვია. სასახლე და საქარიის ყველა სახლი სიბნელეს მოეცვა, შუქი არსაიდან ჩანდა.
- ჯურხან! - დაიღრიალა ქანელმა, - ჯურხან, ჯურხან - მხოლოდ ექო გამოეპასუხა.
- ჯურხან გამოდი, მეჩვენე, თუ ვაჟკაცობა შეგრჩენია. - პასუხი არსაიდან იყო.
- როდემდე აპირებ თაგვივით სოროში ჯდომას, გამოდი. - სიჩუმეს მხოლოდ ჩუმი ტირილი არღვევდა. ქანელმა მბჟუტავი ჩირაღდანი კედლიდან ჩამოხსნა და ხმას მიჰყვა. იქვე გალიები იდგა, სადაც პატარა, მფრინავი არსებები იყვნენ გამომწყვდეულნი.
- თქვენ ვინა ხართ? - იკითხა ქანელმა
- მე ყვავილების სამეფოს უფლისწული ვარ, ესენი კი ჩემი მხლებლები არიან. ჯურხანმა დაგვატყვევა, ჩვენ კი ყვავილებისა და ჰაერის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებთ. - უპასუხა ერთ-ერთმა.
- პეპელა-ირის გევხართ, - ჩაეცინა ქანელს.
- პეპელა-ირი? სად არის. მთელი ცხოვრება მაგის ძებნაში გავატარე.
- მალე ნახავ, ოღონდ მე რომ შემომხედავ, არ შეგეშინდეს. - ქანელმა ხელის ერთი დარტყმით გაანგრია გალია და ეს უცნაური არსებები გაათავისუფლა. - სასახლეს ხედავთ? მიფრინდით და იქ დაიმალეთ. უთხარით, რომ ქანელმა გამოგაგზავნათ. ირისაც იქ ნახავთ. - ყვავილების უფლისწული, თავისი ამალით სასახლისაკენ გაფრინდა.
- ყოჩაღ ქანელ, ყოჩაღ - მოესმა ქანელს ხმა ზურგს უკან. სწრაფად შებრუნდა. მის წინ ჯურხან-მახრჩობელა იდგა, მთელი თავისი ამალით. - რა გინდა, რისთვის გარჯილხარ?
- ჯურხან, მე ხუმრობის ხასიათზე როდი ვარ. საქარია გაათავისუფლე, პირობა მომეცი, რომ საერთოდ დაივიწყებ ამ ქვეყანას და მე, ქანელი, სიზმრის უჩხულად წოდებული, შენ აღარ შეგაწუხებ.
- არა ჩემო ქანელ, შენ გარეგნობა შეიცვალე, თორემ ბუნებით ისეთივე ლაჩარი ხარ, როგორც ყველა ადამიანი.
ქანელს მოთმინების ფიალა აევსო.
- აი ეგ არ უნდა გეთქვა ჯურხან. აი ეგ, ძალიან შეგეშალა. ახლა უკვე შენს თავს დააბრალე. - ქანელი მძიმედ მიიწევდა ჯურხანისაკენ, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა თითქოს. საშინელი შესახედი იყო. ერთი მომენტი ჯურხანმა უკან დაიხია, შემდეგ გონს მოეგო და ქანელს მიეჭრა.
დაუნდობელი ორთაბრძოლა გაიმართა სიზმრის ურჩხულსა და ჯურხან-მახრჩობელას შორის. ძნელი გასარკვევი იყო, ვინ ვის აჯობებდა. ხან ერთი უტევდა და ხან მეორე. ქანელს ის უშლიდა ხელს, რომ თან ჯურხანის მეომრებს რიგრიგობით იგერიებდა. ზოგს კისერი მოსტეხა, ზოგს ხელი ან ფეხი. ზოგს სულაც თავი წააცალა. უცნაური კი ის იყო, რომ დაღუპული მეომრები იმავე წამს მიწად იქცეოდნენ.
როგორც იქნა პირისპირ დარჩნენ. ჯურხანს არც ერთი მეომარი აღარ ჰყავდა და მიხვდა, მისი აღსასრული ახლოვდებოდა.
- ქანელ, მოდი მოვილაპარაკოთ - შესძახა ჯურხანმა, ნათქვამი უფრო მუდარას ჰგავდა. - ევპრისი აღარ არსებობს, სამუდამოდ დაგვტოვა. მეც საქარიას დავივიწყებ, აღარ გავეკარები, ეს სულ მაგ გველის წიწილის ატეხილია. - განაგრძობდა ჯურხან-მახრჩობელა.
- არა, მე ვეღარაფერი შემაჩერებს. შენი დრო ამოიწურა, მიწისქვეშეთის მეფე იყავი და აქვე დაიმარხები. - ქანელმა აიტაცა ჯურხანი, მუხლებზე დააგდო და კისერში სწვდა.
- ლაჩრები მუხლებზე დაჩოქილნი კვდებიან. - ეს თქვა და ხელის ერთი მოქნევით, თავი წააცალა. ჯურხანიც თავისი მეომრებივით იმწამსვე მიწად გადაიქცა.. ქანელმა მიწას ფეხი ჰკრა და აქეთ-იქით მიმოფანტა.
- მშვიდობით ჯურხან, - ჩაიცინა მან და ჰოი საოცრებავ, ირგვლივ ყველაფერი ნელ-ნელა განათდა. მიწა მსუბუქად ირხეოდა. თურმე საქარია თავის ადგილს უბრუნდებოდა. მალე ქანელმა სახეზე მზის სხივის მოფერება იგრძნო.
- ყოჩაღ ქანელ, ღმერთმა ამრავლოს შენნაირი ვაჟკაცები.
ნელ-ნელა სახლებიდან ხალხი გამოეფინა. სასახლის კარიც გაიღო. იანგულმა ქანელთან მიირბინა და სცადა გადახვეოდა.
- ქანელ, როგორ გადაგიხადო მადლობა, შენ ჩვენთვის გასწირე თავი. რა ვქნათ, მითხარი რამე. - ყვიროდა იანგული და თვალებიდან ცრემლები სდიოდა. იქვე სელინამ მოირბინა.
- ძვირფასო, საყვარელო - ეფერებოდა სელინა და ვერც კი ხედავდა, რომ ქანელის მაგივრად, მის წინ ურჩხული იდგა. დანარჩენები შორიდან შესცქეროდნენ. ახლო მისვლის, ცოტა არ იყოს ეშინოდათ.
გრძნეულები შორიახლოს იდგნენ. ქანელმა გახედა ნათლიებს და მიხვდა, რომ მათი შიში უსაფუძვლო არ იყო. ქანელი სამუდამოდ ურჩხულად უნდა დარჩენილიყო. იგი ნათლიებს მიუახლოვდა.
- შეასრულეთ თქვენი პირობა. მე ჩემი გავაკეთე, ახლა თქვენი ჯერია. - საცოდავი შესახედი იყვნენ გრძნეულები, მათ უნდა მოესპოთ ადამიანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდათ. ამიტომ გადაწყვიტეს, ქანელთან ერთად თვითონაც დაღუპულიყვნენ.
- წავიდეთ ჩვენს სამეფოში, - მიმართა უფროსმა ნათლიამ.
- მეც წამოვალ, - წამოიძახა სელინამ - ქანელის გარეშე აქ რა მინდა?
- არა სელინა, შენ აქ დარჩები და ბავშვებს მიხედავ. - მკაცრად მიმართა ქანელმა.
- ამ დროს ციდან ქუხილივით ხმა გაისმა. გამოჩნდა შავი ეტლი, რომელიც საოცარი სისწრაფით მოჰქროდა მათკენ.
- ეფმადორა! - გაისმა აქეთ-იქიდან ხმები.
- დედა! - ეფროსი შეეგება ეფმადორას, - რისთვის მოხვედი?
- მოვედი, რათა თქვენ ისევ დედობა გაგიწიოთ და პატიება გთხოვოთ. მოვედი, რათა ქანელს თავისი სახე დავუბრუნო. დამიჯერეთ მე ეს შემიძლია.
ეფმადორა ქანელს მიუახლოვდა, თვალებზე თითები ააფარა და კარგა ხანს ბუტბუტებდა რაღაცას გაურკვეველ ენაზე. მზემაც გამოანათა, ქანელს სხივი სტყორცნა და როგორც დასაწყისში, ურჩხული ცეცხლის ალში გაეხვია. ცეცხლი მალევე ჩაქრა და ხალხის თვალწინ, კიდევ უფრო გალამაზებული და დავაჟკაცებული  ქანელი იდგა.
ყველამ შვებით ამოისუნთქა. ხმას ვერავინ იღებდა. ქანელმა სელინა აიტაცა ხელში და გულში ჩაიკრა.
- მამებო, მე მგონი დროა სახლში დავბრუნდეთ. - მიმართა მან ნათლიებს. - სელინა, ბავშვები გამოიყვანე, ჩვენს სამეფოში ვბრუნდებით. გახარებული გრძნეულები ჩუმ-ჩუმად იწმენდნენ ცრემლებს.
- დროა შვილო, დრო. სახლი დიდი ხნით არ უნდა მიატოვო. - უპასუხეს Nნათლიებმა.
- ქანელ მიდიხარ? მტოვებ? - ჰკითხა ნაღვლიანად იანგულმა.
- მე დავრჩები იანგულ, - მიმართა ეფროსმა, - და თუ საჭირო გახდა ქანელს სასწრაფოდ გამოვიძახებ.
- ჩვენც დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ყველაფრისათვის. ქანელ, შენს მეგობრად გვიგულე. ეგებ ოდესმე ჩვენც დაგჭირდეთ რამეში. - გაისმა ნაზი ხმა. პეპელა-ირი, უფლისწულთან ხელჩაკიდებული მიფრინავდა ყვავილების სამეფოსაკენ.
- გამოძახება აღარ იქნება საჭირო, მე მგონი ქარი აღარ ქრის. სანადიროდ ჩამოდი ხოლმე იანგულ, - გაიღიმა ქანელმა.
მხედრები გრძნეულების სამეფოსაკენ დაიძრნენ. ნიავი სასიამოვნოდ უბერავდა. ჰა, ჰა, ჰა თითქოს ჩაესმა ქანელს.
- არა, მეჩვენება, ახლა ნამდვილად ამინდი იცვლება.


დასასრული    (დროებით)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს