ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: საბავშვო
26 აგვისტო, 2009


ნიკას პირველი კომბინეზონი

/ ნიკას  და  ბაბუს  წიგნიდან /

დადგა  ნიკას  პირველი
ჩათბუნების  სეზონი
და  სასწრაფოდ  დასჭირდა
თბილი  კომბინეზონი!

ბაბუმ  ერთი  ბრძანა  და 
შეწყდა  ბებოს  ფუსფუსი
და  ბაბუსაც  ბაზრისკენ
გაჰყვა  უმალ  ტუსტუსით...

იმოდენა  ბაზრობის
გრძელზე-გრძელი  დახლები
ასფრად  აჭრელებულან
რაგინდ  ახალ-ახლებით...

აღმა-დაღმა  დადიან
ამ  დიდ  ორომ-ტრიალში...
აგერ  თათარ  გამყიდველს
ზიზია  აქვს  ,,იახში’’...

აქეთ  სხვები  ცდილობენ
უკეთესი  აჩვენონ,
მაგრამ  ბაბუ  თავს  აქნევს -
არ  არისო  საჩვენო!..

დადიან  და  სინჯავენ
ნაირ-ნაირ-ნაირებს...
ამდენ  ჭრელაჭრულებში
კაცი  თავგზას  აირევს...

მაგრამ  ნიკას  სარგო  და 
მისი  ღირს-საკადრისი
მაინც  ვეღარსად  ნახეს,
შეძენა  სურთ  მათ  რისიც...

შინ  კი  ხელცარიელი
მისვლაც  არ  შეიძლება,
ამიტომაც  ბოლომდე
უნდა  ეყოთ  გაძლება...

ბოლოს  დაღლილ-დაქანცულს
ბებოს  ოხვრაც  აღმოხდა...
ბაბუც  რომ  დაიქანცა,
მერე  მოხდა,  რაც  მოხდა!..

ორთავ  ხელში  საკიდით
ქალი,  ბაზრის  ჭიშკართან,
დინჯად  და  გაუნძრევლად
იდგა,  თუმცა  ჟინჟლავდა...

იმ  ორი  საკიდიდან
ერთზე  კოხტად  ეკიდა
ჭეშმარიტად  სწორედ  ის,
რაც  სურდათ  რომ  ეყიდათ!..

გაიხარა  ბებომ  და
ბაბუც  უცებ  გაოცდა...
აღარც  შევაჭრებიან
იმ  გამყიდველს,  დალოცვილს...

ბაბუმ  კი,  მოხიბლულმა
გამყიდველის  პერსონით,
დათაფლული  სიტყვებიც
უთხრა  საალერსონი...

ჰოდა,  არ  დაიშურა
მანაც  პარკი  ფერადი
(ბებო,  ცოტა  არ  იყოს,
ეჭვნარევად  ღელავდა...) ...

ასე  და  ამდაგვარად,
მათი  გარჯა  დაფასდა:
რასაც  დიდხანს ეძედნენ,
კართან  დახვდათ  ანაზდად...

და  დაეწყო  პირველი
ჩათბუნების  სეზონიც
ნიკას  -  თავის  თვალების-
ფერი  კომბინეზონით!..

                  ნოემბერი,  1995 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები