ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: severusLP
ჟანრი: პროზა
20 სექტემბერი, 2009


ვისთვისაც ბესტსელერი იწერება

                                                                ვისთვისაც ბესტსელერი იწერება

          მის წიგნებს ახლობლებიც მას შემდეგ კითხულობდნენ, როცა გამოიცემოდა - არ უყვარდა ხელნაწერის ვინმესთვის წაკითხვა, არც ის, როცა სხვა კითხულობდა მის ხელნაწერს... მით უმეტეს არ უყვარდა იმის ყურება როგორ კითხულობდა სხვა მის ხელნაწერს, იმიტომ რომ ნერვებს უშლიდა მკითხველის გამომეტყველებით და მოჭუტული თუ და გაფართოებული თვალებით იმის მარჩიელობა, თუ რომელ ადგილს კითხულობდა ახლა ის ადამიანი...… იმიტომ კი არა, რომ ცუდი ფსიქოლოგი იყო (მაშინ ხომ ბესტსელერებს ვერ დაწერდა), უბრალოდ არ უყვარდა...
          ძალიან ბევრი არ დაუწერია... იმიტომ კი არა, რომ სიმარტივის გენიალურობით თავი მოეწონებინა, უბრალოდ წერისას ყველა აზრი ერთად მოსდიოდა და უნდოდა ყველა ერთად ჩაეტია პატარა წინადადებაში, ან მოთხრობაში...
ლექსებს არ წერდა, იმიტომ კი არა, რომ არ გამოსდიოდა, უბრალოდ ძალიან დიდ პოეტს პირადად იცნობდა და იცოდა, რომ თუნდაც ძალიან კარგი ლექსი ისეთი მაინც ვერ იქნებოდა და ამიტომ არ ღირდა გასაუმჯობესებელი ლექსის წერა, როცა უკვე არსებობდა იდეალური...
          მისი წიგნები მონანიება იყო, მაგრამ ის არც ისე მამაცი იყო იმისთვის, რომ შეუნიღბავად მოენანიებინა... მკითხველი ხვდებოდა იმას, რომ ეს იყო მონანიება, მაგრამ არ იცოდა რას ინანანიებდა მწერალი... თუმცა მის ყოველ ახალ წიგნს ეტყობოდა მეტი გულახდილობა და ამიტომ მისი წიგნები ბესტსელერად იქცა...
ბესტსელერი იმიტომაა ბესტსელერი, რომ ყველა კითხულობს... ყველა იმიტომ კითხულობს, რომ ყველასთვისაა დაწერილი, სახალხო წიგნია... მაგრამ ყოველთვის არსებობს ის ვინც ხალხის ტოლფასია, ის ვისთვისაც სინამდვილეში იწერება ბესტსელერი...
          ის, ვისთვისაც მისი ყველა და ბოლო წიგნი დაიწერა, პრეზენტაციის დარბაზიდან გამოვიდა წიგნით ხელში... ის მალე მივიდა იქ, სადაც წაიკითხავდა იმას რასაც უკვე კითხულობდა მასთან ერთად მსოლიოში უამრავი ადამიანი... იგრძნო, რამდენად რიგითი მკითხველი იყო მილიონობით მკითხველს შორის და ამაზე დაფიქრდა... ყველაზე მეტად მოეწონა მის წიგნებს შორის ეს ბოლო წიგნი და წარმოიდგინა ვიღაც, ვისზეც ალბათ ამ წიგნის წერისას იფიქრებდა მწერალი, არც უფიქრია, რომ ეს თვითონ იყო, მას ხომ მისთვის ამის შესახებ არასდროს არაფერი უთქვამს...
წიგნის სულ ბოლო ფურცელზე, ტირაჟს რომ აწერენ, იმის შემდეგზე კიდევ ეწერა რაღაც, ქაღალდის მეორე მხრიდან ჩანდა. გადაშალა და ნახა ასე ეწერა:
                       
                                                                    თავფურცელი
          ,,საერთოდ, გონება, ნიჭი და ძალა ჰგავს ფოლადს, რომელიც ძალზე გამძლეა და მაგარი, მაგრამ ამასთანავე მყიფე. ის მხოლოდ გარკვეულ ზემოქმედებას უძლებს, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც გამომუშავდება და მას გადატეხავს. გონებასაც და შემოქმედებით ნიჭსაც გარკვეული განვითარების მიღწევა შეუძლიათ მხოლოდ, მერე კი ,,გადაიწვებიან”, განსხვავებით, გრძნობისაგან, რომელიც დრეკადია და თავმდაბალი, შეუძლია ძალიან მოიკაკვოს, მაგრამ მერე მაინც სწორდება, სწორედ ის უძლებს ყველანაირ ზემოქმედებას, დროითს თუ სივრცითს... სწორედ გრძნობამ დაწერა ეს წიგნი, რომელსაც ბევრი ადამიანი წაიკითხავს, მაგრამ ის მხოლოდ ერთისთვის დაიწერა და მან ეს იცის... მე მას მადლობას ვუხდი, იმისთვის, რაც მან არ იცის, მაგრამ ჩემთვის გააკეთა, როცა ამ წიგნის წერას ვიწყებდი...”

            ამ სტრიქონების წაკითხვისთანავე მას ჩაეღიმა, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა კლავიატურასთან მჯდარ ალექსანდერს რომ გაუღიმა, ამ წიგნის პირველი სიტყვის გაფიქრებისას...
ოკეანეების გადაღმა ვიღაცამ ეს ღიმილი და ბედნიერება წარმოიდგინა, რომელიც მხოლოდ მაშინ მოდის, როცა შენთვის ბესტსელერი იწერება...
            თვით ეს მოთხრობა კი ვერასოდეს გახდება ბესტსელერი თავისი საშინელი სათაურის და არა მარტო სათაურის გამო, მაგრამ ესეც ვიღაცისთვის იწერება და ამ სტრიქონების კითხვისას მასაც ისევე ეღიმება, როგორც მას, ვისთვისაც ბესტსელერი იწერება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები