ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
22 სექტემბერი, 2009


ცოტნე და დეზდემონა



ცოტნე სახლში მარტო დარჩა,
ყველა სადღაც წავიდა,
დედას ნაზი დარიგება
არ შორდება თავიდან_
დენს არ გაეთამაშოო,
არც უთოს და გაზსაო,
არ გაუღო, თუ ვიღაცამ
უკაკუნა კარსაო,
გასაღები თვითონა მაქვს,
მალე დავბრუნდებიო,
მერე ჟირაფს და სალამურს
მოგიტანენ ძმებიო…

კოხტად დავარცხნილი ძაღლი
დაუტოვეს პატარა,
დედა მზერით მოეფერა,
ცოტნემ თავი დახარა.

*
ცოტნეს ცუგა ურჩევნია
ქვეყანაზე ყველა ხილს,
სიამოვნებს მასთან ყოფნა,
დეზდემონას ეძახის.
თამაშობენ_ოთახებში
ყველგან მათი ხმებია,
ხალიჩაზე გორაობენ,
ერთმანეთზე ხტებიან,
ცოტნე ბაძავს ზღაპრის გმირებს,
ცუგა ციყვებს დასცინის
და გარდერობს ეჯახება
ახვეული თავ-ცხვირით,
ტელევიზორს დაავიწყეს
აზრი ძველი ამბების
და ეკრანზე მიახატეს
თვალები და წარბები.
იცინიან,წუწაობენ,
წყლის შხეფები ბრწყინავენ,
ენატრებათ ბილიკები,
მინდორი და მდინარე.

*
უცებ ცუგა ყირამალა
ჩამოვარდა ტახტიდან,
აფართხალდა,აწკაწკავდა
და საბრალოდ ატირდა,
საწოლის ქვეშ,როგორც იქნა,
შეფხაკუნდა სლუკუნით
და თან შეჰყვა ცოტნე ბიჭის
სევდიანი ბუზღუნი:
“გამოდი და ფეხს შეგიხვევ,
მალე კარგად გახდები,
ჩამოცხა და აივანზე
უნდა მოვრწყოთ ვარდები.”
ცუგა კვნესის_ექიმიო,
მიშველეო,არიქა!..
ახლავეო და ცოტნემაც
სასწრაფოში დარეკა
და აცნობა,რაც უჭირდა
სიტყვით წრფელზე წრფელითო,
დეზდემონა ავადაა,
ვერაფერსა ვშველითო.

*
შემოვიდა ექიმი,
თან შემოჰყვა აქთანი,
გაუკვირდათ,როცა დახვდათ
მხოლოდ ცოტნე, შემკრთალი,
მიიხედეს,მოიხედეს_
რა ხდებაო ნეტავი.
“ავადმყოფი?”_გაუღიმეს
მტკაველას და ხათრიანს,
ცოტნე შეძვრა საწოლის ქვეშ,
ცუგა გამოათრია…

იყურება დეზდემონა,
შიშისაგან წამხდარი,
ესმის ექთნის კისკისი
და ექიმის ხარხარი:
“ეს გვითხარი,მასპინძელო,
უფროსობა სად არი?”

ცუგას ესიამოვნა
სითბო მათი თვალების,
გაუსინჯეს ტან-ფეხი,
მოუსინჯეს ბრჭყალები,
ფეხი ფრთხილად შეუხვიეს_
ძვალზე ბზარი ყოფილა,
ცოტნე ისე გაიბადრა,
ისე მიეძმობილა,_
მკურნალებმა გაიოცეს,
ვნახეთ ოქროს ბიჭიო,
ყველას უნდა ამშვენებდეს
სიყვარულის ნიჭიო.

სახლში დედა გამოჩნდა
კიბეებზე ნარბენი,
თან მოჰქონდა აღელვებულს
ხილი(თანაც რამდენი!),
რაც მომხდარა,გაიგო
(ექიმმა თქვა სათქმელი)
და სახეზე მოეფინა
სიხარულის ნათელი.

ცოტნე გაბრწყინებულია,
ცასა სწვდება,ღმერთმანი,
ბოლოს ერთად გააცილეს
ექიმი და ექთანი.

*
ახლა ტკბილად საუბრობენ,
ვით ბედნიერ ზღაპარში.

გარეთ ქარის ხმაურია
და ღრუბლების განგაში.

თითქოს წიგნსაც ეღიმება,
მაგიდაზე გადაშლილს.

ცოტნე_ დედას,ცუგა_ ცოტნეს
ჩასწოლია კალთაში.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები