ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2009


უძღები შვილი

გზასაცდენილი პოეტების სასაფლაოზე შემოვდივარ და ვკითხულობ ნეკროლოგებივით ჩამწკრივებულ კომენტარებს,
ერთჯერადი ლექსების ქვემოთ რომ დახვავებულან,
და ნახმარი პამპერსებივით გაჟღენთილან იმწუთიერი აღფრთოვანებითა თუ დაცინვით.
სად მიდის ამდენი ნაგავი?
და თუ ეს ნაგავი არაა,
რატომ არავინ უფრთხილდება თითოეულ სიტყვას,
ისევე როგორც ასწლეულების წინ,
მამიდან შვილზე რომ გადადიოდა ქაღალდის პატარა ნაგლეჯი,
და მასზე ფერწასული ჭიები.
თქვენ მეტყვით რომ რაღაც შეიცვალა,
და ელექტრო-ციფრული ნაგავსაყრელი ყველაფერს იტევს,
და ჩვენ პატარა წვეთები ვართ
ამ ოკეანეს წინაშე:
წკაპ-წკაპ,
                წკაპ-წკაპ, -
ვწყდებით ჩვენს უბადრუკ ყოფას,
და სულის ტალახით შეზელილები ვეცემით ზედაპირზე,
რომელიც არ ბინძურდება,
და მზად არის ტრილიონჯერ მეტი ნაგავი დაიტიოს;

იქნებ ჩვენც მივბაძოთ ამ ოკეანეს,
მოვწყდეთ ათასფერად აჭრელებულ მონიტორს,
მოვძებნოთ ის რაღაც, რაც მამას უნდა დაეტოვებინა ჩვენთვის,
და როცა ვიპოვით,
გავუფრთხილდეთ მას,
და გავუფრთხილდეთ იმასაც,
რასაც ვერ ვიპოვით,
რადგან ასეთი მამა გვარგუნა ბედმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები