ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
14 დეკემბერი, 2009


ისიდორე ( დასაწყისი)

             

- უუჰ! რა დარია! ჩიტი, ბუდის შენებას რომ შეწყვეტს – დამსვა და  დამატკბოო, ათქმევინებს, ისეთია ნამდვილად.
  საღამოსაც არ იწვიმებს მგონია. არა, რის წვიმა? დადგა ამინდი, დადგა. არ იყო დრო  თუ? სამი კვირაა არ გამოუდარია.
  წავიდე, დავხედო ბიჭებს, ბულვარში იქნებიან უკვე.
  სარკეში ჩაიხედა. ყოველშემთხვევისთვის, ულვაშზე გადაისვა ხელი,  ოფიცრის სამხედრო  ქუდი მოირგო, კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი,  კმაყოფილი დარჩა, უდავოდ. ჭადრაკის ყუთი ამოიღლიავა, კიდევ ერთხელ მიათვალიერა ოთახი, დაკეტა კარი, ქუჩაში გავიდა და ბულვარისკენ მიმავალ გზას გაუყვა ისიდორე.
ისიდორეო, ვამბობ თორემ ისე, ზამთარ-ზაფხულ, სამხედრო ფორმასა და ჩექმებში გამოწყობილ, ქალაქის ქუჩებში ამაყად მოსიარულე მოხუცს, დიდი თუ პატარა, ,,გენერალს” ეძახდა.
აჰ! პირდაპირ ვინ შებედავდა თადარიგის უფროს ლეიტენანტს, მეტსახელს. ჩუმად, ზურგსუკან, რომ არ გაეგო, ისე.
  ისიდორემაც იცოდა საკუთარი თიკუნი. მაგრამ, არ იმჩნევდა და  ,,ცოდვა გამხელილი სჯობიაო" - ცოტ-ცოტას ამაყობდა კიდეც.
  ბოლო დროს, ცოტა კი მოტყდა ,, გენერალი”. წნევა და ტახიკარდია დასჩემდა, ომისდროინდელმა ჭრილობებმა სიბერეში წამოჰყვეს თავი, ძველმა კიტელმაც თავის პეწი დაკარგა და აღარც ჩექმებს გაუდიოდათ ძველებური კრიალი.
  გულს მაინც არ იტეხდა ისიდორე. ან რა ჰქონდა გასატეხი?  მილიონობით უწვერული ბიჭის სიცოცხლე შეიწირა იმ დაწყევლილმა ომმა, თვითონ კი, სხეულში დარჩენილი ყუმბარის რამდენიმე ნამსხვრევს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, საღ-სალამათი დაბრუნდა. ოჯახსაც მალე მოეკიდა, შვილებიც ჰყავდა და შვილიშვილებიც. არც სამსახურში აკლდა პატივი და დაფასება, არც ხალხში და არც ოჯახში.
  ვეტარანებთან შეხვედრა იყო, მოსწავლე-ახალგაზრდობის პიონერებში, ან კომკავშირის რიგებში მიღება, სამხედრო და სახალხო აღლუმი, თუ სხვადასხვა საიუბილეო ღონისძიება, ისიდორეს გარეშე არ ჩაივლიდა. მთლად პრეზიდიუმში თუ არა, პირველრიგებში მაინც ყოველთვის ჰქონდა ადგილი. ახლა, წნევა და გული თუ შეაწუხებდა ზოგჯერ, რა მოხდა მერე, 70-ს იყო გადაცილებული.
-ისიდორეს გაუმარჯოს, ისიდორეს! როგორ გიკითხო ბატონო ჩემო?! –  ქუჩის მეორე მხრიდამ მოესმა, აპოლონის - ,,ბულვარელი” მეგობრის, ხმა.
-ოჰ, აპოლონს ვახლავარ! კარგად ვარ ბატონო, თავად ხომ კეთილად ბრძანდები? – მიესალმენ ერთმანეთს.
-რა გაგვაწვალა კაცო ამ ამინდებმა? აპრილმა ისე ჩაიარა, მზე არ გვაღირსა. გინახავს ასეთი?
-აბა, კაცო, წელს მაინც ნამეტანი მოუვიდა.. ადრე, ამ დროს გლეხი, სათოხარში იყო გასული, ახლა კი დათესილიც არა აქვთ მგონია. ნახე შენ, რა ფასი დაედოს ბაზარში სიმინდს.
-მარტო სიმინდს? ხილსაც ცეცხლის ფასი ექნება და ყველაფერს.
-ისე, შენ კი წაგადგა ალბათ ეს უამინდობა, ჩემო აპოლონ?
-?
-დრო ბევრი გქონდა და იმეცადინებდი ჭადრაკში?
-შენ რა გითხარი ისიდორე! – გაეცინა აპოლონს, - შენი სამყოფი ჭადრაკი, წვიმებამდეც ვიცოდი მე.
-თუ იცოდი, ვერ გამოიყენე მერე შე დალოცვილო? დღეს ვნახე რვეულში და 346-თ, 233-ს გიგებ.
-შენ რაც გინდა იმას წერ შენს რვეულში.
-აბა! აბა! ორივეს ხელი გვაქვს ანგარიშებზე მოწერილი, კარგად იცი შენ მაგ ამბავი!
-კარგი ბატონო, რაღა დარჩა, მალე მივალთ ბულვარში და იქ ვნახოთ, ვინ რა ბიჭია.
-კი ბატონო! აგერ შენ, აგერ მე და აა, ბატონო ბულვარიც.
  ასე ლაპარაკ-ლაპარაკით მიადგნენ მეგობრები ბულვარს, ბევრისთვის უკვე კარგა ხნის, მეორე ოჯახად ქცეულ ადგილს.
-ბიჭებს გაუმარჯოს! როგორ ხართ, როგორ?! კაი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი? ასლანს გაუმარჯოს! როგორ ხარ ნური? იოსებ, ხომ არ დაბერდი კაცო? ტიტეს ვახლავარ! ქალი როგორ გყავს, ტიტე, აწუხებს რევმატიზმი? მურმანი და ზია სად არიან? ჯერ არ მოსულან? – მოიკითხეს დამხვდურები და ჯერ არ მოსულებიც.
-მოვლენ, სად წავლენ აბა? თქვენ როგორ ხართ? შვილები და შვილიშვილები, ხომ კარგად ბატონო ისიდორე? არ ჩამოვლენ აგვისტომდე? აპოლონთან აპირებთ თამაშს თუ, სხვას გამოიწვევთ დღეს?
-აპოლონთან. უვარჯიშია ეს დღეები და წყალში ხომ არ ჩავუყრი, შრომას!
  რამდენიმე წუთში ისეთი ბრძოლა გაჩაღდა ჭადრაკის დაფასთან, მიმიქარავს კარპოვ-კასპაროვის მატჩი.


                                          გაგრძელება (იმედია) იქნება

 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები