ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2009


სახლი

როცა  ქალაქში  ნისლი იწვა ოქტომბრის ბოლოს,
სამშობიაროს მოსაცდელში შენ  გერქვა კაცი ,
რომელიც მალე გახდებოდა მამა,-
ან ქვრივი
და სანამ დილით
არ გითხრეს რომ კარგად დასრულდა,
იქამდე ხელი არ გაუშვი პატარა ლოცვანს,
თუმცა ყოველთვის არ იყავი დიდი მორწუნე,
ეკლესიებში ტურისტივით თუ შეირბენდი
და ახლა, როცა მომაკვდავი შვილი  გაცოცხლდა,
ლაზარეს ვარქმევ, იფიქრე და ახალ სალოცავს
შემოუშენე იმედის და რწმენის ბურჯები...
ცხოვრება დღეებს  გიშრის მძივად კინძავდა თქვენთვის.
ცხოვრობდით მშვიდად.ძირს დაყრილი ფოთლების
სევდით ზრდიდი ბავშვს ასე და აჩვევდი ათასგვარ  ფიქრებს.
საღამოობით აკვარიუმის ოქროს თევზებთან
ისხედით ერთად, უყურებდით რომელი მეტად
სწრაფი იყო. ამ დროს კი დედა,ოთახების გულის სიღრმიდან
დაგიძახებდათ-ბიჭებო მოდით.
დეკემბრის ოცში ,როცა სუსხი ტეხდა ღამეებს,
შენ და ლაზარე მოსაცდელში ტკეპნიდით წამებს
ამ დროს კი მათე გაჩნდა რვა თვის. ჯერ არ ელოდით.
ვერ მოიცადა, სულსწრაფობა გამოყვა მამის,
შენ ცოლს კი ფერი შემოდგომის შერჩა სახეზე...
მისი თმებიდან ამოგქონდა სურნელი თაფლის
და მერე ფანქრით გადაგქონდა თეთრ თაბახებზე.
დაბრუნებული  სამსახურიდან ყოველ საღამოს
აკაკუნებდი სახლის კარზე, ძალიან ფრთხილად,
ფიქრობდი, ძინავს პატარას და მერე საწოლთან
დახრილი, ისე ისუნთქავდი მის თოთო სურნელს,
როგორც გაზაფხულს და ალუბლის კვირტდამსკდარ ტოტებს...
ყოველთვის, როცა თმას იშლიდა ოთახში დილა,
გტკიოდა გული და გახრჩობდა რაღაცა შიგნით,
სახელს ვერაფრით უძებნიდი ,სანამ ერთხელაც,
შენმა ცოლმა ჩაძინებულს არ ჩაგჩურჩულა-
ტკივილამდე ბედნიერი ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები