სიცარიელით სავსე
გათენდა. ეხლა უკვე მეთვრამეტე წელი იწყებოდა, რაც ასე ერთფეროვნად თენდებოდა. თუმცა, დღევანდელი განთიადი მაინც განსხვავდებოდა წინამორბედებისგან. შემოდგომის ჯერ კიდევ თბილი მზე ნელ-ნელა ფანტავდა ბინდსა და დილის სუსხს. პატარა, მყუდრო, კრემისფერ ოთახში სარკმლიდან შემოსული მზის სხივები ბიჭს თითქოს შემცივნულ ტანზე ეალერსებოდნენ და მზრუნველობის კალთას ხვევდნენ. სამზარეულოდან კი ხმა გამოდიოდა. ხმა, რომელიც ბიჭს არასდროს გაეგონა, მაგრამ სიცოცხლეს ერჩია. ბიჭმა მშვენივრად იცოდა ის, რომ ამ ხმას ვერც ვერასდროს გაიგონებდა და ეს მხოლოდ მისი ზმანება იყო. ისიც იცოდა, მისი ოთახი კრემისფერი კი არა, მჟავე სერი იყო, იმ მიზეზით, რომ შესალესი დარჩენილიყო და აქა-იქ შერჩენილი ბათქაშიც ცვიოდა. იცოდა სამზარეულოდან დილის საუზმის გემრიელი სურნელი ვერანაირად გამოვიდოდა, რადგან შავ პურსა და ოთხი დღის ნახმარ-გამოზოგილ კარაქს ასეთი რამ არ ახასიათებდა და რომც შეძლებოდა, ეს ობის სუნი უფრო იქნებოდა. ერთადერთი სურნელი, რაც მის სახლში შეიძლებოდა გაჩენილიყო, რა თქმა უნდა, თუ მის ბუნებრივი მოთხოვნილებების შედეგად წარმოქმნილ აირებს არ ჩავთვლით, საპირფარეშოს სუნი იქნებოდა, რადგან შეკეთების მრავალი მცდელობის მიუხედავად, ნიჟარიდან წყალი მუდმივად ჟონავდა და ჩასარეცხად რაიმე რომ არ ჰქონოდა, მალე მისი პატარა, უსახური ბინა მთლიანად ფეკალიის არომატით აივსებოდა, რაც მინიმუმ კვირაში ორჯერ მაინც ხდებოდა. ერთადერთი რითაც ამ ყროლს ებრძოდა, განიავება და იაფფასიანი ოდეკოლონი იყო, რის შედეგად ბინაში სიგარეტის გამონაბოლქვის მსგავს მყრალი სურნელი დგებოდა. წეღან სიგარეტი ვახსენეთ. ბიჭის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არც ეწეოდა და არც სვამდა. მხოლოდ ერთხელ გაესინჯა „ვაისროი”. ისიც იმიტომ, რომ გაგონილი ჰქონდა კარგიაო. ყიდვა დაენანა და იქვე დაგდებულ ნახევრად ჩამწვარ ბიჩოკს გაუსინჯა გემო. არ მოეწონა და აგერ თვრამეტის ისე გახდა აღარც მონდომებია. დალევითაც ხანდახან სვამდა, ოღონდ ჩაის. ორ დღეში თითოჯერ, თუმცა მესამე დღესაც ჩაის სვამდა. თუმცა კარგად გამოწურულ-ნაწვალები ერთჯერადი ჩაის პაკეტი, ჩაის გარდა მდუღარეს ყველა ფერს აძლევდა. ჩაი იყო, თუ რაც იყო, ბიჭი მის საყვარელ ბექჰემის ჭიქას ბოლომდე გაავსებდა და ისეთი განცხრომით წრუპავდა, გეგონებოდა შამპანურს სვამდა. ბიჭს ნამდვილი შამპანური არასდროს გაესინჯა. მხოლოდ ისეთი, ორი ლარი, რომ ღირს და ორმოცდაათი წლის ვითომ ქერა ნაშები რომ ახატია. შამპანური არა, მაგრამ ფეხბურთი კი ნამდვილად უყვარდა და განცხრომით უცქერდა კიდეც მატჩებს, სანამ მის „ჰორიზონტს” სული ედგა. თუმცა შარშან ტელევიზორმა ჯერ გამოსახულება, შემდეგ კი ხმა დაკარგა, ანუ გავიდა გაღმა მარილზე, ჩაბარდა პატრონს. ასე დასრულდა ბიჭის ფანობა ფეხბურთისადმი. ეხლა „მანჩესტერის” ამბებს მხოლოდ გაზეთებიდან თუ იგებდა, ისიც შაბათ-კვირას ტოტალიზატორში ვინმეს თუ დარჩებოდა. ბიჭს „მანჩესტერი” ორი რამის გამო უყვარდა. პირველი იმიტომ, რომ ბექჰემი თამაშობდა და მეორე – ეს ის გუნდი იყო, რომელმაც პირველად და უკანასკნელად მოაგებინა ტოტალიზატორში, თანაც მთელი ექვსი ლარი და კიდევ ოცდახუთი თეთრი, რომელიც მოლარეს არც მიუცია, გენაცვალე არ იცი?! ხურდას ვიტოვებთო! საბოლოოდ კი ბიჭმა ფეხბურთზე გული მაშინ აიცრუა, როდესაც ბექჰემი, რომლის გამოსახულებიანი ყურმოტეხილი ჭიქაც ასე უყვარდა, „რეალში” გადავიდა სათამაშოდ. მართალია, ასეთი სახის ცვლილებები ბიჭს გულს სტკენდა, მაგრამ ყველაზე მეტად, რისიც მას სჯეროდა, მაინც ცვლილებები იყო. იცოდა, რომ მუდმივად ასე არ გაგრძელდებოდა. ოდესმე მასაც ეყოლებოდა ვინმე, რომელიც გვერდით ამოუდგებოდა. ვინმე, ვინც თუნდაც ძველ, ხმელ, შავ, ოთხი დღის ნახმარ-გამოზოგილ პურზე კარაქს წაუსმევდა, მის საყვარელ, ყურმოტეხილ, ბექჰემის ჭიქაში ფერდაკარგულ ჩაის გაუკეთებდა და ამასთან ერთად ყოველ დილით რამოდენიმე თბილ სიტყვასა და ღიმილს აჩუქებდა. არაფერი ყოფითი, არაფერი მატერიალური, მხოლოდ ის, რაც ერთი წამით მაინც გაუქრობდა სიმარტოვეში და სიცარიელეში დაკარგულობის განცდას. ის, რაც მისთვის ესოდენ აუცილებელი და ამავდროულად მიუწვდომელი გამხდარიყო. სწორედ ამას ელოდა მთელი თვრამეტი წელიწადი. თვითონ არ იცოდა რატომ, მაგრამ თვრამეტი მის ცხოვრებაში გარდამავალ ასაკად მიაჩნდა. რაღაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. აი, უკვე დამდგარიყო მისი ნანატრი მეთვრამეტე წელიწადის პირველი დღე – უფრო სწორად, ამ ღირშესანიშნავი მოვლენიდან უკვე ხუთი საათი და ორმოცდაათი წუთი იყო გასული. ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება კი, რაც უახლესი ათი წუთის განმავლობაში უნდა მომხდარიყო იყო ის, რომ ბიჭი საწოლზე მწოლიარედან მჯდომიარე მდგომარეობაში აინაცვლებდა, რადგან ზუსტად ათ წუთში მაღვიძარა დარეკავდა, რაც იმის მაუწყებელი გახდებოდა, რომ თუ უახლოეს ორ საათში ბიჭი სამსახურში არ გამოცხადდებოდა, საწყობის გამგე, მისთვის ბატონი თენგიზი, სხვებისთვის კი უბრალოდ თენგო, შიგადაშიგ მეგობრულად ცოტას წაუთაქებდა. ამასთანავე, რამოდენიმე დაგვიანებული წუთისთვის დღის ბოლოს ერთი-ორ საათს კიდევ დატოვებდა სამუშაოდ, რა თქმა უნდა ყოველგვარი ზედმეტი ანაზღაურების გარეშე, რაც ასევე ხშირი მოვლენა იყო მის უსახურ ცხოვრებაში. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც გითხარით. მაღვიძარამ, რომელსაც ძველი, დანჯღრეული მანქანის ხმა უფრო ჰქონდა, დარეკა. დარეკა და ბიჭმაც ძლივს გაახილა თვალები. პირველი, რაც მის მზერას მოხვდა, შიშველი ქალი იყო, თანაც ქერა და ლამაზი... ოღონდ, მისდა სამწუხაროდ, კედელზე გაკრული. ბიჭმა იცოდა, რომ ეს ქალი ბრიტნი სპირსი იყო. ადრე, როდესაც მისი „ჰორიზონტი” ჯერ კიდევ აჩვენებდა, ნანახი ჰყავდა, ოღონდ ჩაცმული, მისდა საუბედუროდ უნდა ითქვას, რომ მას შიშველი არც ბრიტნი სპირსი და არც სხვა რომელიმე ქალი რეალობაში ნანახი არ ჰყავდა. ისე კი ძალიან უნდოდა ენახა, სულ ცოტა ხნით მაინც მოეკრა თვალი. ალბათ ამიტომაც ინახავდა ლეიბის ქვეშ საწყობიდან გადაყრილ ჟურნალ „მაქსის” რამოდენიმე დაფლეთილ ნომერს და იმასაც მიხვდებით რატომაც. მის წარუმატებლობას ამ სფეროში რამოდენიმე ფაქტორი განაპირობებდა, რომელთა შესახებ თვითონ მშვენივრად იცოდა და ძალიანაც განიცდიდა. პირველი მიზეზი ის იყო, რომ უფულოდ ამ დროში არავინ არაფერს იძლეოდა. მისი მოგვარება ასე თუ ისე შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა მეორე მიზეზი, რომელიც მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას, გარეგნობას ეხებოდა, რაც იყო მასში არსებული სიცარიელის მთავარი წინაპირობაც. ბიჭი მის გარეგნულ ნაკლოვანებებს ასე თუ ისე შეჩვეული იყო და მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არც მიაქცევდა, რომ არა მისი მისამართით გამოთქმული ცინიკური გამონათქვამები. ყველაზე მეტად კი ის წყვეტდა გულს, რომ ხშირ შემთხვევაში ამ ფრაზების ავტორი თიკა იყო, ვინც ბიჭს ბავშვობიდან გულში ჩავარდნოდა. ამ გრძნობას ბიჭი მთლად ტარიელივით ველად გაჭრამდე არ მიჰყავდა, თუმცა მოსვენებას კი უკარგავდა. ბიჭის და თიკას ურთიერთობა პირველი კლასიდან დაიწყო და მეცხრემდე გრძელდებოდა, სანამ ჩვენი გმირი საბოლოოდ გადაწყვეტდა სკოლიდან გამოსვლასა და მუშაობის დაწყებას. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ დიდი არაფერი ურთიერთობა არც ყოფილა. მხოლოდ რამოდენიმე შტრიხი თუ იქნებოდა, ისიც მხოლოდ მისთვის დასამახსოვრებელი. დაწყებით კლასებში ბიჭი ვერ ხვდებოდა, ყოველთვის რატომ უნდოდა ნაწნავები დაეგლიჯა თიკასთვის. ერთხელ საიდანღაც გაიგო ამას სიყვარული ჰქვიაო. მერე კი, როდესაც ცხონებული ბებიამისი „სანტა ბარბარას” 569-ე სერიას უყურებდა, ისიც აღმოაჩინა, რომ შეყვარებულები ერთმანეთს ტუჩებს ტუჩებზე ადებდნენ. ყოველივე ეს ძალიან მოეწონა და ერთხელაც, მესამე კლასში სცადა კიდეც. თუმცა, ჯერ თიკამ სცემა, შემდეგ კი მისმა უფროსმა ძმამ გაიგო. მაშინ რა მოხდა ნამდვილად არ ვიცი. ბიჭს არ უყვარდა ამაზე ლაპარაკი, თუმცა ამ ამბის შემდეგ კარგა ხანს თიკას სათოფეზეც არ გაჰკარებია. მერვე კლასში, როდესაც ამ გრძნობის შესახებ თანაკლასელებმაც შეიტყვეს, ბიჭს სიყვარულის გამხელა ურჩიეს. ისიც იმიტომ, რომ საღადაო მასალა არ მოკლებოდათ. ბიჭსაც ეს რჩევა ჭკუაში დაუჯდა და ერთკვირიანი ნაწამებ-ნაწვალები გეგმის მიხედვით სამი დღე დასდევდა თიკას უკან. თუმცა, მათი ყოველი საუბარი ალგებრის დავალებას, ან ფიზიკაში დახურული წრედისთვის ომის კანონს არ გაცდენილა და ისიც მისი ბორძიკით ლაპარაკისა და თიკას დამცინავი ღიმილის ფონზე მიმდინარეობდა. ეს ამბავი კი იმით დასრულდა, რომ ბიჭმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი თავის ცხოვრებაში პირველი მამაკაცური საქციელის ჩადენაზე. გადადებული საქმე ეშმაკისააო, ხომ გაგიგიათ? მამაკაცური საქმის გადადებას კი მოჰყვა ის, რასაც ბიჭი თავმდაბლობას, კომპლექსებსა და სირცხვილს უწოდებდა. სხვები კი ამას უბრალოდ „ჩმორობას” ეძახდნენ. ამ სიტყვის მნიშვნელობა მან კარგად იცოდა, რადგან ყველაზე ხშირად ამ გამონათქვამების ადრესატი თვითონვე ხდებოდა. თიკას შეყვარებულ იკას, არასდროს ეზარებოდა ბიჭის ამგვარი ეპითეტებით შემკობა. მას მისი გირლფრიენდ-იც უბამდა მხარს, რომელიც თავისმხრივ მუდამ ხაზს უსვამდა ბიჭის ტიტანიკივით ცხვირსა და ცხენივით გადმოყრილ კბილებს. ამ წყვილის, კერძოდ კი იკას შესახებ, მას კიდევ ერთი მოგონება ჰქონდა, რომლის გახსენება არც უნდოდა და არც იხსენებდა. იმ დღეს, როდესაც მისმა ცხონებულმა ბებიამისმა დარიკომ, ამ ას ოცდაათ კილოგრამიანმა ქალბატონმა, მის თორმეტი წლის შვილიშვილთან ერთად იკას ბებიას ააკითხა მეთხუთმეტე სართულზე, კიპიწილნიკი მათხოვე, ბავშვი მყავს დასაბანიო და იქამდე არ წამოვიდა, სანამ პატარა არყის ჭიქა შამპუნით არ გაავსებინა. მანამ დარიკომ და იკას ბებიამ არ გაარჩიეს რატომ არ ირთავდა ნორმას ხუანი ცოლად, რატომ იყო დნმ-ს ანალიზი დადებითი, თუ იზაბელი სალვადორისგან არ იყო ფეხმძიმედ (არადა იყო), რატომ დაეცა ნავთობის ფასი, რამდენი ადამიანი დაიღუპა შრი ლანკაზე მიწისძვრის შედეგად და რატომ უნდა მიეცათ ხმა შალვა ნათელაშვილისთვის. ბიჭი იკასთან და მის უფროს ძმაკაცებთან იმყოფებოდა გვერდით ოთახში. ისინი რატომღაც სულ სექსზე, ვაჟიშვილობასა და დიდმკერდიან გოგოებზე ლაპარაკობდნენ. იქ ბებიამისმა დატოვა, აქ ქალებში რა გინდა? ბიჭებში გაერიე, ჩვენ, გოგოებს სალაპარაკო გვაქვსო. ბიჭს მაინც და მაინც დიდი ყურადღება არ მიუქცევია იმისთვის, რომ ოთახში მყოფები ერთმანეთს ჩურჩულით რაღაცას ანიშნებდნენ. არც იმას დაკვირვებია, იკამ კარები როგორ გადაკეტა, ვერც იმას მიხვდა რატომ ეჩხუბებოდა ერთი მეორეს – არ გვინდაო და ვერც პასუხის შინაარსი გაიგო – რას ნახავს ისეთს, რაც არ უნახიაო. თავიდან ვერც ის გაიგო, რატომ დააწვინეს საწოლზე და მიკიბულ-მოკიბულად სთხოვეს ჩუმად იყავი, დაგვიჯერე არ გეტკინებაო. ხოლო შემდეგ კი, როდესაც მათგან ყველაზე უფროსმა შარვლის ჩაწევა დაიწყო, ისევ ბებიამისის „სანტა-ბარბარას” წყალობით მიხვდა, რასაც უპირებდნენ და დიდი ბრძოლის შედეგად ძლივს გამოაღწია იქიდან. ამ ამბიდან მოყოლებული კი ბიჭისთვის დასასრულის დასაწყისი დაიწყო. ბებიის გარდაცვალებამ ამ ყოველივეს ხელი შეიწყო და ის ნელ-ნელა ჩამოაშორა ამ ცხოვრებას. გონს მოსული კი იმდენად მოწყვეტილი აღმოჩნდა რეალობას, რომ უკან დასაბრუნებული კარი მაგრად ჩარაზული დახვდა. ბიჭი თავიდან ვერ ხვდებოდა, რომ ამ ცხოვრებას ის უკვე აღარ სჭირდებოდა. წლებმა უცებ ჩაირბინეს. მისი ბავშვური, მიამიტი სამყარო კი იმ გამძვინვარებული მხეცის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც დაუნდობლად თელავდა მათ, ვისაც საზოგადოებამ ზურგი აქცია და უკან მოიტოვა. დიდსა თუ პატარას, მოხუცსა და ბავშვს ერთნაირი სისასტიკით უსწორდებოდა. მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი თუ მიეკუთვნებოდა მათ რიცხვს, ვინც მის კლანჭებს თავი დააღევდა. ასეთ „იღბლიანებს” კი უკან დასაბრუნებელ გზას თვით ის საზოგადოება უღობავდა, რომელმაც ერთ დროს ეს ხალხი ამოძირკვა და ამ მხეცს მიუგდო საგლეჯად. მათგან არცერთს არ უფიქრია, რომ ამ ხალხის ადგილზე შესაძლებელია თვითონვე აღმოჩენილიყვნენ და ეს მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ ზოგიერთს უფრო მდიდარი ოჯახი აღმოაჩნდა, ვიდრე მათ ვისაც ხელი ჰკრეს, ანდაც იმიტომ, რომ ღმერთმა მათგან გარიყულ ხალხს მეტი ღირსება მისცა, ვიდრე მათ ვინც უკანალზე ლოკვით ცდილობს გავიდეს ფონს. იცით, რას ვეტყვი ასეთ ხალხს? მუხლებზე ცხოვრებას, ორ ფეხზე ცხოვრება ჯობია. სწორედ ასეთი „იღბლიანების” რიცხვს მიეკუთვნებოდა ჩვენი პერსონაჟიც, რომელიც აგერ უკვე მეთვრამეტე წელიწადია უიმედობისა და სიმარტოვის უკიდეგანო სივრცეში უშედეგოდ დაეძებდა ხსნის გზას. მისი სული კი სიცარიელით ივსებოდა. სიცარიელით, რომელიც იმდენად მძიმე იყო, რომ ბიჭს ნელ-ნელა ქვესკნელისკენ მიაქანებდა. ძნელია იცხოვრო ამხელა დედამიწაზე, ამდენ ხალხს შორის და არავინ არ იყო, არაფერს წარმოადგენდე, არარაობასაც კი. ერთადერთი, რაც ბიჭს აცოცხლებდა, იყო იმედი იმისა, რომ ოდესმე მართლაც დაიმკვიდრებდა ადგილს იქ, სადაც არავინ ელოდა და სამუდამოდ განთავისუფლდებოდა იმ სიცარიელისაგან, რომელიც ესოდენ მძიმე ტვირთად აწვა.
* * * ადამიანი „არავინ” ჩქარი ნაბიჯებით მიაბიჯებდა რუსთაველზე, თითქოს გაურბოდა რაღაცას, რასაც მთელი ამ წლების მანძილზე გამუდმებით ებრძოდა, ეხლა დაღლილი და ღონემიხდილი, უკანასკნელ ძალას იკრებდა რათა, თავიდან აეცილებინა გარდაუვალი მარცხი, რომელიც დღეს ისე, როგორც არასდროს, ახლოს იყო მასთან. რეალურად კი ბიჭი სწორედაც, რომ სინამდვილეს გაურბოდა. თვითონაც არ იცოდა სად და რატომ მიდიოდა ასე გამალებით, ალბათ იქ, სადაც ფეხები მიიყვანდნენ, მაგრამ წასასვლელიც კი არსად ჰქონდა. ცას ისევე, როგორც მის გულს კუპრივით შავი სუდარა შემოჰპარვოდა და უიმედობის ბურუსში ჩაეკარგა. მაშ ასე, უიმედობის ბურუსში შთანთქმული ადამიანი „არავინ” ჩქარი ნაბიჯებით მიაბიჯებდა რუსთაველზე. სახე მაღლა აეშვირა, თითქოს ცივი ნიავისგან მოელოდა აბობოქრებული სულის დაწყნარებას. შორიდან რომ შეგეხედათ, ასაფრენად გამზადებული კონკორდი მოგაგონდებოდათ. ხელებით ქურთუკის ჯიბეების ფსკერები მძლავრად ჩაებღუჯა, თითქოს იმ ერთადერთ იმედს ეჭიდებოდა ასე. იმედს, რომელიც უტოვებდა შანსს, თუმცა გახეული ჯიბის ფსკერი ამ ერთადერთ ილუზიასაც უმსხვრევდა და ისევ რეალობას უბრუნებდა. ბიჭი ისეთი თვალებით უყურებდა ხალხს, თითქოს ეშინოდა მათი, ეშინოდა იმის თუ რას იფიქრებდნენ მასზე, ეშინოდა არა, უფრო სირცხვილი წვავდა, იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ ცილს დასწამებდნენ, ან დაიჯერებდნენ ყოველივეს. მისი შიში და სირცხვილი მძაფრდებოდა იმის გამოც, რომ დამტვერილ, შავ ფეხსაცმელებს ეხლა მოსურვებოდათ პირის დაღება, ეშინოდა ცუდად გაუთოებული, ძველმოდური, გაცრეცილი შარვლის დიდსაყელოიანი, აქა-იქ გამორღვეული სვიტერის, ეშინოდა საკუთარი თავის იმ ანარეკლისა, რომელსაც ხალხის თვალებში ხედავდა. ეშინოდა და ცდილობდა ცოტათი მაინ დამსგავსებოდა მათ. ყოველი ახალი სახის დანახვაზე ახლებურ მიმიკას იღებდა. ოპტიმალური ვარიანტის მისაღებად ტყავიდან ძვრებოდა, სახეს ათასნაირად ჭმუხნიდა, ცქმუტავდა, თვალებს აქეთ-იქით უაზროდ აცეცებდა, თითქოს საიდანმე ელოდა შველას, თუმცა ყოველი მცდელობის ბოლოს სარკის წინ მდგარი ისევ ის მახინჯი ბიჭი წარმოუდგებოდა, რომელსაც აგერ უკვე მეთვრამეტე წელიწადია ხედავდა. ბიჭს ეშინოდა და ყოველი ნაბიჯი განუზომელ შიშსა და ტკივილს მატებდა. ზოგჯერ მთლიანად მოსყდებოდა რეალობას და დღეს საწყობში მომხდარ ამბავს ნაფლეთ-ნაფლეთ აკოწიწებდა, ახლებურად, თავისებურად გარდაქმნიდა, როგორმე ამ ამბავს სულ ცოტათი განსხვავებული, ცოტათი უფრო ბედნიერი დასასრული რომ ჰქონოდა. როგორც ყოველთვის, ასევე დღესაც ბიჭი საწყობში პირველი მივიდა და სანამ იქურობის გაწმენდას შეუდგებოდა წინა დღის ნაღორალისაგან (ეს ფუნქცია ბიჭს უკვე კარგა ხანია შეეთავსებინა მიუხედავად იმისა, რომ მის მოვალეობაში არ შედიოდა. აბა ვიღაცას ხომ მაინც უნდა ეკეთებინა ეს საქმე), მანამდე საწყობის დამსახურებული დარაჯის, გრიშას ჯუჯღუნის ატანა უხდებოდა. მისადმი ნასროლი სალანძღავი სიტყვების კორიანტელში, ბიჭმა ძლივს გაარჩია რამოდენიმე - „შემოდი, შემოეთრიე... რამ მოგათრია ესე ადრე... ხო გილოცავ... მიდი ეხლა გაეთრიე და ჩაეთრიე... დავეგდო, დავიძინო...”. მაგრამ გრიშას დაობებული ხახიდან ამოსული ბგერების ეს უცნაური თანწყობა ბიჭმა ბოლობდე მაინც ვერ გაარჩია და უსიტყვოდ შეუდგა თავისი საქმის კეთებას. ანდა რას გაარჩევდა იმ კაცის ხმას, რომელიც აგერ უკვე ორმოცი წელიწადია ყოველდღიურად ორ-სამ კოლოფ უფილტრო ასტრას ან პრიმას ეწეოდა. ფერიც თამბაქოსი ჰქონდა, სუნი ხომ საერთოდ... ბიჭები ხუმრობდნენ, ცეცხლი რომ შეუნთო გააბოლებსო. დილის რვა საათისთვის ბიჭს უკვე ყველაფერი მოთავებული ჰქონდა და მზად იყო მორიგი სამუშაო დღის დასაწყებად, რომელიც ცოტათი მაინც იყო იმით განსხვავებული სხვა დღეებისაგან, რომ ბიჭს, ბატონი თენგიზისგან თანხმობა ჰქონდა მიღებული ერთი კვირის ხელფასის წინასწარ აღებაზე. რათა ცოტა საზეიმოდ მაინც აღენიშნა მისთვის ნანატრი ცვლილებების დღე. მენიუ მაინც და მაინც განსაკუთრებული არ იქნებოდა – ცოტა შოკოლადი, ცოტა ძეხვი, პური, ყველი. შეიძლება ამას დაემატებოდა კიბორჩხალის სასტიკად უგემური ჩხირები და შამპანური, რომელიც ორი ლარი ღირდა. აი ის ორმოცდაათი წლის რუსი, ვითომ ნაშები რომ ეხატა, კიდევ თუ უფლებას მისცემდა საკუთარ თავს და მერე თუ რამოდენიმე დღე გაიჭირვებდა, ერთ შეკვრა გაყინულ ხინკალსაც „წაიმეიძღვანიებდა” (როგორც ცხონებული დარიკო ამბობდა ხოლმე) სახლში, რადგან დღეს აუცილებლად რაღაც უნდა მომხდარიყო რაც მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა. ასეთ ფიქრებში შემოილია მთელი სამუშაო დღე. სხვები ისევ კარტის თამაშსა და ქეიფს შეუდგნენ. ქეიფი, ეს ისე, თორემ ლარიანი ჩამოსასხმელი არყის, სერი პურის, შებოლილი თევზისა და ქეიფის ცნებები შორს იდგა ერთმანეთისგან. ბიჭს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არავინ აქცევდა, რითაც მადლიერიც კი იყო და გულწრფელად აფასებდა ამგვარ პატივისცემას. თავისთვის უჩუმრად კუთხეში იყო ატუზული და სხვებს თვალს ადევნებდა. უცნაურია, მაგრამ ბიჭი სწორედ ასეთ სიტუაციაში გრძნობდა თავს საზოგადოების სრულუფლებიან წევრად. ამ ყოველივეს კი ის განაპირობებდა, რომ მთელი დღის დაღლილ-დაქანცულ მუშებს აღარც არაფერი შეეძლოთ და ბიჭის აბუჩად აგდებაც მობეზრებული ჰქონდათ. როგორც ყოველთვის, ფულმა საათნახევარი დააგვიანა. ამ დროის გასვლის შემდეგ ოთახში ფირმის დირექტორი შემოვიდა. ნახევარსაათიანი მორალის გაკვეთილების, ცინიზმისა და შეურაცმყოფელი სიტყვების შემდეგ ჟურნალების ქურდებიც იპოვეს. უფრო სწორად ჟურნალების ქურდმა „ჟურნალების ქურდი აღმოაჩინა”. მარტივად რომ ვთქვათ, ნაქურდალი მოიშორა და სხვის ჩანთაში გადამალა. გასაწირი კი საწყობში მხოლოდ ერთი აღმოჩნდა და ეს კი, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მოქმედი გმირი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭისთვის შეურაცყოფა უცხო არ იყო, იმ სიტყვებმა, რომლებიც მისი მისამართით იყო ნათქვამი, საბოლოოდ გამოაცალა ის ხავსი, რომელსაც ამდენი ხანი ებღაუჭებოდა. მეტად კი ცილისწამებამ ატკინა გული. ყოველი სიტყვა ცხადად ახსოვდა. გაურბოდა ამ სიტყვებს, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, როგორც ყოველთვის საიდანღაც მოელოდა შველას, მაგრამ დირექტორის ზიზღნარევი ხმა შეურაცმყოფელი გამონათქვამები სულ უფრო და უფრო დაბლა სცემდა ბიჭს. თავის მართლების რამოდენიმე უსუსური მცდელობის შემდეგ, თვალები ძირს დახარა და დებილივით მიაჩერდა რადიატორის გადაჭრილ მილს. ხანდახან ბგერების უაზრო კომბინაცია აღმოხდებოდა, რაღაცას ბლუკუნებდა, თუმცა ხმა ისევ აწყვეტინებდა და მის მიწასთან გასწორებას განაგრძობდა, საბოლოოდ კი იმით დამთავრდა, რისი გაგონებისაც ბიჭს ყველაზე მეტად ეშინოდა. ასე დაკარგა ბიჭმა ნანატრი სამსახური, ეს ის ერთადერთი რამ იყო, რაზედაც ბიჭი იმ ცვლილებების დაშენებას გეგმავდა, რასაც დღევანდელი დღისგან მოელოდა. დაპირებული ოცდათხუთმეტი ლარის ნაცვლად იმ ერთადერთ ჯიბეში, რომელსაც ძირი ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოცრეცილ-გამორღვეული, დაკუჭული ხუთლარიანი მაგრად ჩაებღუჯა. სული კი ისევე ცარიელი იყო, როგორც მისი ყველა დანარჩენი ჯიბე, უფრო სწორად კი სავსე იყო სიცარიელით, რომელიც იმდენად მძიმე იყო სატარებლად, რომ ბიჭს უკვე აღარ შეეძლო მისი ტვირთვა. ასეთი განცდებით მიუახლოვდა ბიჭი ქაშუეთს. ტაძრის სიდიადემ წამიერი შვება მოჰფინა მის სულს. შეჩერდა. პირჯვრის გამოსახვა დააპირა, მაგრამ ქუდის მოხდა ვეღარ გაბედა ამდენ ხალხში. ისევ შეეშინდა საკუთარი თავის, თითქოს ათასი თვალი მისი გაწეწილი თმების ხილვის მოლოდინში იყო, ხოლო ათასი გესლით ავსებული ენა მზად იყო კიდევ ერთხელ აეგდოთ მასხრად. ბიჭმა ვერც შეამჩნია, როგორ შეუყვა სოლოლაკის ძველ ქუჩებს. შემოდგომით თბილისის ეს ძველი უბანი ენით აუწერლად ლამაზია, მაგრამ რამდენადაც ლამაზი იყო იმ დღეს სოლოლაკი, იმდენად ეზიზღებოდა ბიჭს იქაურობა. ეზიზღებოდა ის ხალხიც, რომელიც აქ ცხოვრობდა. სძულდა ის თბილისიც და ის სოლოლაკიც, რომელიც მისი არ იყო. ნელ-ნელა ნაბიჯს უმატებდა. მიდიოდა იქით, საითაც ცხოვრებას დიდი ხნის წინ უნდა წაეყვანა. ბიჭი რამოდენიმე წუთში უკვე ნარიყალაზე იყო და ციხის დახლართულ ბილიკებს მიუყვებოდა ზევით. გზა უცებ მიილია ისევე, როგორც მის ფიქრებში ცხოვრება. ბიჭი იხსენებდა განვლილ წლებს, ცდილობდა რაიმე კარგი ეპოვა მის საოცრად ერთფეროვან ცხოვრებაში, მაგრან ისიც ისევე ცარიელი იყო, როგორც მისი სული. ბიჭმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ციხის კედლისკენ. ეხლა უკვე თბილისს გადაჰყურებდა. ნარიყალადან ქალაქი საოცრად ლამაზი მოჩანდა. ბიჭი ისევ კვლავ ეძებდა ისეთ რამეს, რაც დააბრუნებდა მას თავის უღიმღამო სამყაროში. ეძებდა თურდაც იმ ხავსს, რომელსაც ამდენი ხანი ებღაუჭებოდა. უყურებდა ბიჭი თბილისს, თითქოს პირველად შეიგრძნო მისი სილამაზე. თუმცა ხვდებოდა იმასაც, რომ ამ სამოთხეში მისი ადგილი არ იყო და არც ამ სამოთხეს სჭირდებოდა მისნაირები. კიდევ ერთი ნაბიჯი ციხის კედლისკენ და... ყველაფერს წერტილი დაესმებოდა. იმ სიცარიელესაც, ერთფეროვნებასაც, ტკივილით გაყინულ სულსაც. ეს ყველაფერი კი ისეთ მიმზიდველს ხდიდა იმ ნაბიჯს, რომელიც ბიჭს უნდა გადაედგა... ნარიყალადან ქაშუეთი ჩანდა. ზარი მწუხრის ლოცვაზე უხმობდა მრევლს. დღეს რაღაც აუცილებლად შეიცვლებოდა.
P. შ. ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უყუროს სხვას, როდესაც მის წამოყენებას ცდილობს. გაბრიელ გარსია მარკესი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. კარგი ნაწერია,ემოცია მოაქვს,ტკივილით სავსე ნაწერია,თუმცა კომპ.ეკრანზე გამიჭირდა ცოტა წაკითხვა:))) +7 შენ და წარმატებები... კარგი ნაწერია,ემოცია მოაქვს,ტკივილით სავსე ნაწერია,თუმცა კომპ.ეკრანზე გამიჭირდა ცოტა წაკითხვა:))) +7 შენ და წარმატებები...
22. "ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უყუროს სხვას, როდესაც მის წამოყენებას ცდილობს." გაიხარე ....:) "ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უყუროს სხვას, როდესაც მის წამოყენებას ცდილობს." გაიხარე ....:)
21. ჩენდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ დაოიზმში - ”სიცარიელით სისავსე” უდიდესი ნეტარება და სიბრძნე ყოფილა... :D რა მაღალი იდეალებისთვის გამირტყია :) მაგარია ლაო ძი, აი : ”ვინაც აღივსო სიცარიელით, აღივსო უდიდესი სიბძნით”
”ყველა სიმდიდრით აღვსილა მე ერთი ვფლობ სიცარიელეს” ჩენდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ დაოიზმში - ”სიცარიელით სისავსე” უდიდესი ნეტარება და სიბრძნე ყოფილა... :D რა მაღალი იდეალებისთვის გამირტყია :) მაგარია ლაო ძი, აი : ”ვინაც აღივსო სიცარიელით, აღივსო უდიდესი სიბძნით”
”ყველა სიმდიდრით აღვსილა მე ერთი ვფლობ სიცარიელეს”
20. ეს მომწონს ყველაზე მეტად :) მართალია პ.ს_ი შაბლონური აქვს, მაგრამ მგონი საუკეთესო ალტერნატივა იყო ეს მომწონს ყველაზე მეტად :) მართალია პ.ს_ი შაბლონური აქვს, მაგრამ მგონი საუკეთესო ალტერნატივა იყო
19. ხო, ესეც... :) 5555 ხო, ესეც... :) 5555
18. რატო და აქვს საკამარისი სულიერი სიძლიერე... გოეთეს აქვს ნათქვამი ” იმედი უბედურთა მეორე სულია” და ეგ აცოცხლებდა მაგასაც ალბათ. რატო და აქვს საკამარისი სულიერი სიძლიერე... გოეთეს აქვს ნათქვამი ” იმედი უბედურთა მეორე სულია” და ეგ აცოცხლებდა მაგასაც ალბათ.
17. ძალიან კარგი ნაწარმოებია. და ძლიან კარგად გაქვს ყველაფერი ასახული. უბრალოდ ვერ მივხვდი რატომ არის ესეთი ადამიანი ღირსეული? შხვათაშორის შემხვედრია ესეთი ადამიანი რეალურ ცხოვრებაში და ჩემში მხოლოდ სიბრალულს იწვევს. და ცოტა სიძულვილსაც ალბათ. ძალიან კარგი ნაწარმოებია. და ძლიან კარგად გაქვს ყველაფერი ასახული. უბრალოდ ვერ მივხვდი რატომ არის ესეთი ადამიანი ღირსეული? შხვათაშორის შემხვედრია ესეთი ადამიანი რეალურ ცხოვრებაში და ჩემში მხოლოდ სიბრალულს იწვევს. და ცოტა სიძულვილსაც ალბათ.
16. დიდი მადლობა ყველას თქვენი აზრის გაზიარებისთვის :) ძველ დროს მახსენებს მეც ეს ნაწარმოები... სიგარეტის კოლოფებს მეც ვაგროვებდი :) მეც ესე ჩავიფიქრე, რომ არ მოეკლს თავი.
დიდი მადლობა ყველას თქვენი აზრის გაზიარებისთვის :) ძველ დროს მახსენებს მეც ეს ნაწარმოები... სიგარეტის კოლოფებს მეც ვაგროვებდი :) მეც ესე ჩავიფიქრე, რომ არ მოეკლს თავი.
15. ბიჭი ვერ ხვდებოდა, ყოველთვის რატომ უნდოდა ნაწნავები დაეგლიჯა თიკასთვის. ერთხელ საიდანღაც გაიგო ამას სიყვარული ჰქვიაო. :)
შენ გ.კ.ჩესტერტონის ,,მწვანე ადამიანი" თუ ხარ :) მაშინ,არ მოიკლავდა თავს ეგ ბიჭი :)
ბიჭი ვერ ხვდებოდა, ყოველთვის რატომ უნდოდა ნაწნავები დაეგლიჯა თიკასთვის. ერთხელ საიდანღაც გაიგო ამას სიყვარული ჰქვიაო. :)
შენ გ.კ.ჩესტერტონის ,,მწვანე ადამიანი" თუ ხარ :) მაშინ,არ მოიკლავდა თავს ეგ ბიჭი :)
14. მძიმე იყო ნამდვილად. იმოქმედა....... :) მძიმე იყო ნამდვილად. იმოქმედა....... :)
13. მძიმე წასაკითხია .. თან კომპიუტერით .. მაგრამ იმდენად მომეწონა, რომ .. წარმატებები ავტორს .. კარგად წერ ნამდვილად .. მძიმე წასაკითხია .. თან კომპიუტერით .. მაგრამ იმდენად მომეწონა, რომ .. წარმატებები ავტორს .. კარგად წერ ნამდვილად ..
12. ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უყუროს სხვას, როდესაც მის წამოყენებას ცდილობს.
მართალია. მომეწონა. 5 ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უყუროს სხვას, როდესაც მის წამოყენებას ცდილობს.
მართალია. მომეწონა. 5
11. 1. შენ ეხლა ეს რო დადე აქ, გგონია ვინმე წაიკითხავს? ცბიერი_ალბიონი. 2009-12-13 01:35:05 რვის ცამეტ წუთზე წავიკითხე:)გრძნობებზე მოქმედებს.უბრალოდ ფინალის არ მჯერა,ეგეთი ადამიანი 18 წელი თუ უძლებს,არასოდეს მოიკლავს თავს.ძალიან ბევრი რამ გამახსენა,ოღონდ ერთი ეგაა,პურზე კარაქის წამსმელი მაინც გვყავდა ბავშვობაშI,და უფრო ალბათ ამიტომ,არ დაგვიკარგავს სახე.მადლობა ავტორს 1. შენ ეხლა ეს რო დადე აქ, გგონია ვინმე წაიკითხავს? ცბიერი_ალბიონი. 2009-12-13 01:35:05 რვის ცამეტ წუთზე წავიკითხე:)გრძნობებზე მოქმედებს.უბრალოდ ფინალის არ მჯერა,ეგეთი ადამიანი 18 წელი თუ უძლებს,არასოდეს მოიკლავს თავს.ძალიან ბევრი რამ გამახსენა,ოღონდ ერთი ეგაა,პურზე კარაქის წამსმელი მაინც გვყავდა ბავშვობაშI,და უფრო ალბათ ამიტომ,არ დაგვიკარგავს სახე.მადლობა ავტორს
10. ძალიან მძიმე წასაკითხი და დამაფიქრებელია. შეცდომები არის ცოტა, მაგრამ დიდი განცდა დევს. გაიხარე. +5 ძალიან მძიმე წასაკითხი და დამაფიქრებელია. შეცდომები არის ცოტა, მაგრამ დიდი განცდა დევს. გაიხარე. +5
9. +5 კარგად წერ +5 კარგად წერ
8. მახსოვს ეგ დრო მეც. ასობით და ათასობით ვაგროვებდით სიგარეტის კოლოფებს რომ მერე დაგვემზადებინა სათამაშო. გამიხარდა ეგ რომ თქვი დავბრუნდი დროში. ნაწერს რაც შეეხება ეხლავე ჩავიკითხავ და მერე გეტყვი. მახსოვს ეგ დრო მეც. ასობით და ათასობით ვაგროვებდით სიგარეტის კოლოფებს რომ მერე დაგვემზადებინა სათამაშო. გამიხარდა ეგ რომ თქვი დავბრუნდი დროში. ნაწერს რაც შეეხება ეხლავე ჩავიკითხავ და მერე გეტყვი.
7. მახსოვს ეგ დრო მეც. ასობით და ათასობით ვაგროვებდით სიგარეტის კოლოფებს რომ მერე დაგვემზადებინა სათამაშო. გამიხარდა ეგ რომ თქვი დავბრუნდი დროში. ნაწერს რაც შეეხება ეხლავე ჩავიკითხავ და მერე გეტყვი. მახსოვს ეგ დრო მეც. ასობით და ათასობით ვაგროვებდით სიგარეტის კოლოფებს რომ მერე დაგვემზადებინა სათამაშო. გამიხარდა ეგ რომ თქვი დავბრუნდი დროში. ნაწერს რაც შეეხება ეხლავე ჩავიკითხავ და მერე გეტყვი.
6. დიდი მადლობა ”დრო მოვიდა”. ჩემ ბავშვობაში სიგარეტის თავებით ვთამაშობდით :D დიდი მადლობა ”დრო მოვიდა”. ჩემ ბავშვობაში სიგარეტის თავებით ვთამაშობდით :D
5. აუ ბოდიში დავიწყე და ვერ ჩავამთავრე.პირველი რომ ძალიან მძიმეა და ისედაც გრუზ ხასიათზე ვარ და მეორე,ძალიან გრძელია(ეს არ არის გამართლება)ამიტომაც სხვა დროს გავაგრძელებ...კარგად წერ,მომეწონა..
"ვაისროი"რამ გაგახსენა? :) აუ ბოდიში დავიწყე და ვერ ჩავამთავრე.პირველი რომ ძალიან მძიმეა და ისედაც გრუზ ხასიათზე ვარ და მეორე,ძალიან გრძელია(ეს არ არის გამართლება)ამიტომაც სხვა დროს გავაგრძელებ...კარგად წერ,მომეწონა..
"ვაისროი"რამ გაგახსენა? :)
4. კი ვიცი ვინც წაიკითხავს :) :) კი ვიცი ვინც წაიკითხავს :) :)
2. მესმის ეს ტკივილი... მესმის ეს ტკივილი...
1. შენ ეხლა ეს რო დადე აქ, გგონია ვინმე წაიკითხავს? :)) შენ ეხლა ეს რო დადე აქ, გგონია ვინმე წაიკითხავს? :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|