ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: gugua
ჟანრი: პროზა
4 იანვარი, 2010


ჩიჩილაკი

    – არა, არა! ეს მე არ ვუყურებდი თვალებში სავსე მთვარის შუქზე! პირიქით, თვითონ მიყურებდა! უფრო სწორად, მეგონა რომ მე მიყურებდა. მაშინვე მისკენ გავემართე და ახლოს რომ მივედი, მივხვდი რომ სადღაც ჩემს მიღმა იხედებოდა. ნაბიჯის შენელებას ვაპირებდი, მაგრამ ვერ მოვახერხე და რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ თითქოს მასში გავიარე და ინერციით გავცილდი კიდეც...
    – რამდენი ხანია რაც ვიცნობ? სხვათაშორის დიდი ხანი არ არის, მაგრამ მგონია რომ კარგა ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. პატარა ბავშვივითაა: დიდი, კეთილი და ალალი თვალები აქვს, კარგ ლექსებს წერს. ახალი წლის წინა დღეს კი ჩემთან მოვიდა და ჩიჩილაკი მომიტანა. ეს იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ალბათ სიტყვებით ვერ გამოვხატავ... ჩვენ ახალ წელს ყოველთვის ნაძვის ხით ვხვდებით, მან კი ჩიჩილაკი მომიტანა, რამაც მეც ბავშვობაში დამაბრუნა. ჩიჩილაკზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ვერ ვამხელდი...
    – რას ბრძანებთ, ის რა შუაშია? სახელოსნოს გადაკეთებას ისედაც ვაპირებდი. ერთ-ერთ კედელზე, ჭერთან ახლოს ორი წიგნის თარო მქონდა მიმაგრებული. მინდოდა მომეხსნა და მისთვის მეჩუქებინა. მასთან რომ ვიყავი, გამიკვირდა – სულ წიგნებში იყო ჩაფლული... ეს თაროები კი მისთვის უფრო საჭირო იყო, ვიდრე ჩემთვის.
    – კიბე მე თვითონ მივაყუდე! ზედა თარო საკმაოდ მაგრად იყო კედელზე მიმაგრებული. რაც ძალი და ღონე მქონდა მოვეჭიდე და ჩემსკენ გამოვწიე, ამ დროს კიბე მოცურდა და მივხვდი, რომ პირდაპირ კარადისკენ მივექანებოდი... მერე აღარაფერი მახსოვს... თვალი რომ გავახილე, ჯერ ვერ მივხვდი, სად ვიყავი... ირგვლივ საშინელი ბურუსი იდგა... ბურუსი კი არა, თითქოს მთელი სახელოსნო რაღაც ბლანტი სითხით იყო სავსე... ჩემს გვერდით ჩიჩილაკი იდგა, რომელიც ადრე კარადის თავზე იყო შემომდგარი... თვითონ კარადა კი აღარსად ჩანდა და საერთოდ, სახელოსნო დაცარიელებული მომეჩვენა: აღარც სხვა ავეჯი ჩანდა, მოლბერტი და ჩარჩოებიც კი გამქრალიყო...
    – როგორ არა, დარეკვაც კი გადავწყვიტე! იმ ბურუსში ტელეფონი ძლივს ვიპოვე, მაგრამ დარეკვა ვერ მოვახერხე. ჩემდა გასაკვირად, ყურმილი ფიზიკურად ვერ ავიღე... წარმოიდგინეთ ტანსაცმელზე შესაკრავი „ელვა“ რომ იყოს მიხატული, გგონია რომ შესაკრავია, მაგრამ არც იხსნება და არც იკვრება, რადგან მიხატულია... ტელეფონის აპარატიც ასე იყო – ერთი მთლიანი და განუყოფელი... თან ვგრძნობდი, რომ ძალ-ღონე მელეოდა და დასვენება მჭირდებოდა...
    – ნამდვილად არ მახსოვს, მის მერე რამდენი დრო გავიდა. მეორედ რომ გავახილე თვალი, ისევ ისეთივე ბურუსი იდგა, გვერდით კი ისევ ჩიჩილაკი მედგა. ხელში ავიღე და გარეთ გამოვედი. მეგონა, რომ ასე უფრო ადვილად ვიპოვიდი. ვიპოვე კიდეც... ამასაც თუ პოვნა ჰქვია... ვერ დამინახა... როგორც იქნა მოვბრუნდი. კიდევ კარგი, ვიღაცას ელაპარაკებოდა და მეც მივუახლოვდი...
    – ისე უცებ აუცურდა კიბე, რომ ხელის მიშველებაც კი ვერ მოვასწარი. თავით წამოვიდა ძირს და კარადის კიდეს ჩამოარტყა... სასწრაფომაც ვერაფერი უშველა საწყალს... მის შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ წეღანაც მომეჩვენა ჩემი ნაჩუქარი ჩიჩილაკით ხელში...
    მზე მწვავედ აცხუნებდა თურმე, მე სავსე მთვარე რომ მეგონა... 

2010 წლის 4 იანვარი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები