ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგონა
ჟანრი: პროზა
6 იანვარი, 2010


ჰოროსკოპით რა ხარ? (სახალისო საკითხავი)

" შენს სიზარმაცეს საზღვარი არ აქვს!" მითხრა შინაგანმა მემ და საბანი მთელი ძალით გვერდით მოვისროლე.
სხვა გზა აღარ დამრჩა და ღიმილნარევი ბუზღუნით წამოვწიე ჩემი თავი ბალიშიდან. " სიმძიმეს არ ვგრძნობ, ეს უკვე კარგია. ახლა ავდექით, ჩავიცვით, მოვწესრიგდით და ძალიან სწრაფად გავცდით სახლის საზღვრებს, თორემ ისევ დავაგვიანებთ და ისევ იქნება საყვედურები, ნოტაციები, გაფრთხილებები და სხვა მრავალი."
ასე რომ, ჩემი და ჩემი შინაგანი მეს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჩავიცვი ჩემი საყვარელი ჯინსი, თეთრი მაისური, შავი კეტები, მოვიცვი პიჯაკი, კისერზე ჩამოვიკიდე მზის სათვალე, ჩანთაც არ დამვიწყნია და ოჯახის წევრების გაუფრთხილებლად გამოვიხურე სახლის კარი. ლიფტში მახსენდება, რომ ვინმეს მაინც უნდა გავაგებინო ჩემი წასვლის ამბავი და "მესიჯს" ვუგზავნი დედას. ლიფტშივე ვცდილობ გამოვაფხიზლო ჩემი თავი, ვღიღინებ, ვიხსენებ დღის გეგმას და პირველ სართულზე ჩასული, ღიმილით ვეგებები დღევანდელ დღეს. მზე უკვე გამოცხადებულა სამსახურში, ჩიტებიც ვარჯიშობენ ვოკალში და თბილისის ახლადშეძენილი სამკაულები - მანქანებიც, თითქმის ხმაამოუღებლად დასრიალებენ ხსენებული ქალაქის ტრასებზე.
  ჩვენს ეზოში ერთი უჯიშო, ბუნებით კი ძალზედ ჯიშიანი ძაღლი ბინადრობს. კონკრეტული სამყოფელი არ გააჩნია და ამიტომ, ხან რომელ სადარბაზოში სძინავს, ხან რომელში. უჯიშო და უსახლკარო ეძახე და სადაც კი ჩანგალი გაჩხარუნდება, იმ სუფრიდან სულ ნარჩევი ძვლები მისთვის არის განკუთვნილი, თან სახელიც არცერთ პროფესორზე ნაკლები ჰქვია - ნოდარი და თითოეული მაცხოვრებლის გულიც ამ ეზოში გადმოსახლებისთანავე მოიგო. ნოდარასთვის ჩანთაში მიდევს დედაჩემის ოდესღაც გამოტანებული, პავიდლოიანი ბუტერბროდი და უკვე ლოყებშეყვითლებული მწვანე ვაშლი. ის არ იფიქროთ, თითქოს ნოდარასთვის მხოლოდ ძველი მემეტება, არა! უბრალოდ, იმ დღესვე დამავიწყდა მიცემა და ... ნოდარა ვაშლს უკადრისობს, მე მწყინს და ვეუბნები: "ნოდარ, ასეც არ შეიძლება, ვიტამინებიც ხომ უნდა მიიღო?!" და მახსენდება დედაჩემი. მეღიმება.
ნოდარას თვალს ვუკრავ, ვუსურვებ კარგ დღეს და ჭკუით ყოფნას (ბოლო არც მე მაწყენდა)
და ვერევი XXI საუკუნის თბილისში.
ნოდარა ბუტერბროდს შეექცევა. მთავარია დედაჩემმა არ დაინახოს.
ნოდარას ხსენებაზე არ შემიძლია არ ვახსენო, გვერდითა ეზოს საკმაოდ ჯიშიანი და ნოდარასგან განსხვავებით პატრონიანი, მდედრობითი სქესის ძაღლი ჯესიკა. მას მოალერსებისას ჯესის ეძახიან, გაზრდილია სპეციალურად ძაღლისათვის დამზადებულ საკვებზე და მისი სხეული ფორმას რომ ვუყურებ, ვეგეტარიანელიც მგონია. ეტყობა ისიც რომ არც სალონს იკლებს და რბილ  ბალიშზე წოლისას, ფერად-ფერად სიზმრებასც ნახულობს.
აბა მე მის გაბრწყინებულ სახეს სხვა ვერაფრით ავხსნი.
მიუხედავად მისი ასეთი ჯიშიანობისა, მაინც ნოდარას მიჯნურია და ვფიქრობ, სწორედ მისი ეშხით იპრანჭება.
მოკლედ, ნოდარას და ჯესიკას რომანი აქვთ. ჯესიაკს პატრონებმა არ იციან. არც არის სასურველი რომ გაიგონ.
  მაისის მშვენიერი დილაა და მეც შეძლებისდაგვარად  გამოფხიზლებული ღიმილით მივაბიჯებ ახლადდახვეტილ და დანამულ ტროტუარზე. ჩემი ფიქრები  მილიარდგვარია და ვცდილობ, თითოეული მათგანი ბოლოსკენ მაინც მივიყვანო. საკმაოდ ძნელი სამუშაოა.
  ასე ფიქრებში შეტყუებული მივადექი რედაქციის კარს, მივესალმე დაცვის ღამენათევ თანამშრომელს და გადავწყვიტე ამჯერად ფეხით ავსულიყავი მე-5 სართულზე.
ფიქრები ჩემი გონების ერთგულნი არიან და არცერთ სიტუაციაში არ მტოვებენ მარტოს.
შევაღე ჩემი ოთახის კარი. ნინოს ხომ მოსვლას ვერავინ დაასწრებს. უკვე ჩართული აქვს თავისი კომპიუტერი და ნახევარი ჭიქა რძიანი ყავის დალევაც მოსწრებული, საფერფლეში ორი ღერი "გალუაზი"ც მოეხრჩო და ახლა ალბათ, ჰოროსკოპის გაზეთის მოსატანად არის გასული.
დღევანდელი დღე ისტორიის ფურცლებზე უნდა დაფიქსირდეს! მეორე მოვედი სამსახურში და ისიც ნინომ მომასწრო. ნინო კი ის ადამიანია, რომელიც თვით დამლაგებელსაც კი ღიას ახვედრებს კარს. როგორ ახერხებს ამას? ნინოს ქმარი ყავს, რომელიც სახლიდან ადრე გამოდის. ის ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია და თანამშრომლებს ადრე მისვლის მაგალითს აძლევს. ის კი აძლევს, ვინ ითვალისწინებს, ეგ ცალკე საკითხია.
აი ნინო კი უკვე მოშილიფებული გვხვდება ხოლმე.
- ვაჰ! მოხვედი ან? - მეკითხება ჰოროსკოპის გაზეთით და "მწვანე სკანვორდით" დატვირთული ნინო.
- როგორც მხედავ. - ვთქვი და ფიქრებისგან ძლივსთავდაღწეული ყურადღება ნინოს ყურებზე შებმულ, ძალზედ ლამაზ საყურეებზე გადავიტანე - რა ლამაზია ნინ.!?
- მიხდება? - მკითხა და დავარცხნილთმიანი თავი ჯერ მარჯვნივ და შემდეგ მარცხნივ შეაბრუნა.
- გხატავს! - ვუპასუხე და გავუღიმე.
- გუშინ მაჩუქა ირაკლიმ. ჩვენი ქორწინების მე-5 წლისთავი იყო და შუაღამისას გამაღვიძა, გამიყვანა მისაღებ ოთახში, სადაც წითელი ტკბილი ღვინო, ჩემი საყვარელი ნამცხვარი და ერთი ცალი წითელი სანთელი იდო პატარა, მრგვალ მაგიდაზე. ჰოდა აი იმ დროს, როცა მე ჩემი აღფრთოვანების გამოსახატად მოვემზადე, წინ დამიდგა და ჯიბიდან ლურჯი კოლოფი ამოაძვრინა, გახსნა და პირზე ხელი ავიფარე, ჩემი კივილით მეზობლები რომ არ გამეგიჟებინა. ნუ დეტალებს აღარ მოგიყვები. - ამის თქმაზე ჩაიღიმა და თავისი მაგიდისკენ გაემართა.
- შენ რა აჩუქე? - ვკითხე ისევ ძველი პასუხის მოლოდინით.
- რადა.. იმ დღეს მე საჩუქარი არ მქონდა. დღისით ვაპირებდი ყიდვას. არადა ისე მომინდა რამე მსგავსი მეც გამეკეთებინა... ჰოდა ვუთხარი, რადგან ახლა გადაწყვიტე საჩუქრების გამოჩენა, მეც ჩემსას გეტყვითქო და ამ დროს ვფიქრობ რა ვუთხრა. ფეხმძიმედაც არ ვარ. არადა როგორ მიშველიდა...
გამახსენდა, რომ ჯვარი არ გვაქვს დაწერილი და ძალიან ალერსიანი სიტყვებით ჩემი მეუღლეობა შევთავაზე. ვუთხარი, ჩემს ოქრომჭედელთან მივალ, ძალიან ლამაზ ბეჭდებს გავაკეთებინებ, ამ შაბათს, მოსაღამოვებულზე ჯვარი დავიწეროთ და ორშაბათამდე წყნეთში ავიდეთ თქო.
ირაკლის ძალიან გაუხარდა და  მეც სხვათაშორის.
გავგიჟდი კინაღამ. 4 წელია ნინო ქმარს ოდეკოლონებს და წვერის საპარსებს ჩუქნის. არა, განა მოვალეობის მოხდის მიზნით. მაღაზიაში რომ შედის, ამავე მაღაზიის დახურვამდე დგას და არჩევს, რომელი უფრო მოუხდება და მოეწონება თავის მეუღლეს. ჰოდა ასეთ სიურპრიზს არ ველოდი. თან ნინო არ არის ეგ ტიპი. რომანტიულობა და სიყვარულის გამოხატვა, მისგან უკანმოუხედავად არიან გაქცეულები.
ძალიან მოვუწონე საჩუქარი და ჩემი კომპიუტერი ჩავრთე.
ეს ისტორია იმდენჯერ მოვისმინე, რამდენი თანამშრომელიც გვყავს. ოღონდ ნინოს კი აღარ მოუყოლია, ჩვენი გოგოები ყვებოდნენ და თავიანთ ემოციებსაც ამატებდნენ.
როგორც იქნა ყველა მოვიდა. ნინოს თემა დაიხურა. ოთახში უკვე დგას თამბაქოს ნისლი, შრიალებს ხუთივე პროცესორი, ჩვენი "ზიმა-ლეტა"ც  არ არის ყუჩად. ელექტრო ჩაიდანიც 15 წუთში ერთხელ ადუღებს წყალს და ნაგვის ყუთიც ივსება "მაკკოფეს" ცარიელი პაკეტებით.
ადამიანს საღამოს 6 საათი ეგონება. არადა ჯერ დილის 11-იც არ არის.
ახალმოსული ირინა არღვევს უშინაარსო ზუზუნს:
- ოდესმე ერთ ბიჭს მაინც თუ დაგვისვამენ ამ ოთახში?
- ბიჭი რაზე გაგახსენდა? - იკითხა პირში სიგარეტგაჩრილმა რუსამ.
- აი ეხლა, გრეგორი პეკის ახალგაზრდობის სურათებს ვათვალიერებდი და.. - თქვა და თავი ისევ მონიტორისკენ მიაბრუნა.
- გრეგორი პეკი და თბილისის ერთ-ერთი რედქციის 5 გოგოთი დახუნძლული ოთახი... ძალიან ლოგიკურია. - გამოთქვა თავისი აზრი თეკლამ.
- მე არ ვითვლები. გათხოვილი ვარ - ჰოროსკოპის გაზეთიდან თავამოუღებლად დაიძახა ნინომ.
- ნუ 4 გოგო. აქედან სამი მწეველი, ორი 25-ს გადაცილებული და 1 ძილისგუდა. - ეს თეკლამ თქვა. ყველაზე მეტად ის დასცინის ჩემს ვერგღვიძებებს.
- ყველას აქვს თავისი ნაკლი. - აღვნიშნე ამაყად და სიკეთით გაჟღენთილი ღიმილი მივუძღვენი ჩემს კოლეგას.
- ანკა! დღეს რაღაც განსაკუთრებული მოხდება შენს ცხოვრებაში - ძალიან სერიოზული ტონით მითხრა ნინომ და წარბებშეყრილი სახე ჩემკენ მომართა.
- უკვე მოხდა ნინ, დილით ადრე მოვედი.
- არა, აქ წერია რომ დღის მეორე ნახევარში.
- დღის მეორე ნახევარში ჩემი დეიდაშვილიშვილის დაბადებისდღეზე მივდივარ.
- ჰოდა ზუსტად. ნორმალურად ჩაიცვი. ცოტათი გოგოს დაემსგავსე და აბა შენ იცი.
- შენ რა, გინდა 3 წლის ბიჭებთან გავაბა რომანი?
- ყველა საიდანღაც იწყებს ან! - ჩაება თეკლა საუბარში.
- ისე ხო. – მხარი  აუბა რუსამ- სამი წლის ბავშვსაც შეიძლება ყავდეს შეყვარებული. შენ უბრალოდ შეგაგვიანდა და 23 წლისას გიწევს. ამაში ცუდი არაფერია.
- ჩემს პირად ცხოვრებას, მეთვითონ მივხედავ. - ვთქვი გადაჭრით.
- აი ეგ გვაღელვებს ზუსტად. - ერთხმად აღნიშნა კოლექტივმა.
- არა ან! აგერ შავით თეთრზე წერია - გაზეთი ჰაერში შემართა და გამოთქმით წაიკითხა - "დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლე გელით."
- მაგ ფურცლებს თეთრს მხოლოდ შენ და დალტონიკები ეძახით.
- ანკა. აქ ფურცლების ფერს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. შენ შინაარს დააკვირდი. - თანაგრძნობანარევი ხმით მითხრა რუსამ.
- ვაკვირდები, ვაკვირდები. ოთხი ერთზე. უთანასწორო ბრძოლაა! ნონო, თავი დაანებე რა ამ ზოდიაქოებს. რამე სხვა წაიკითხე.
- მაშინ სოფელი მითხარი გურიაში. 7 ასოა, ორი "ჩ" - ისე, სხვათაშორის მკითხა ნინომ.
- ჩოჩხათი. - და ზედმეტი კითხვები რომ ამეცილებინა, მოვაყოლე - ჩემი სოფელია.
- ანკა, გურული ხარ? - გაოგნებულმა მკითხა ირინამ.
- ვერ ხედავ რა ჩუმი კაპასია!? - აღნიშნა თეკლამ - 23 წლის არის და ბიჭი არ ეკარება. თვითონ არ იკარებს, თორემ როგორ არ ეკარება.
- ანკა, ასე დარჩები შინაბერა. ჩაგიშავდება თვალები, წამოგეზრდება ულვაშები, დაგემართება ნევროზი და მერე ვეღარ აგიტანს ვეღარც ბიჭი და ვეღარც გოგო. - ძალიან გულწრფელი დანანებით თქვა ირინამ.
- ნოდარას მაინც ვეყვარები. - ჩავიბურტყუნე დაჩაგრულმა.
- ნოდარა ვინ არის? - მკითხა თან გამოცოცხლებულმა და თან შეშფოთებულმა რუსამ.
- იქნება ვინმე 50-ს გადაცილებული ლოთი, რომელსაც ყოველ დილას ხვდება კორპუსთან. ახლადგაღვიძებულს, პირგამომშრალს და თვალებჩაწითლებულს. - დააკონკრეტა თეკლამ.
- ან ერთ- ერთი ტაქსისტთაგანია, აი აქ, რედაქციასთან რომ დგანან. - გამოთქვა თავისი აზრი ნინომ.
- ნოდარი ჩემი ეზოს ძაღლია - ვთქვი კიდევ უფრო გაბრაზებულმა.
- ვა ი მე.!!! -თქვა გულწრფელად შეშინებულმა ირინამ.
- გოგოებო, ეს გოგო სერიოზულად არის მისახედი - თქვა გადაჭრით რუსამ.
- მე ამას ყოველთვის ვეჭვობდი - ჩაეჩრა თეკლა. ნუ ეს ხომ სულ მკბენს.
- ჰოპ, ჰოპ! დამშვიდდით. ნოდარას შეყავრებული ყავს - დავამშვიდე ჩემი კოლეგები.
- ეს უკვე ნამეტანია - თქვა რუსამ და განერვიულებული დაეშვა სკამზე. ირინამ 1 ღერი სიგარეტი ამოძვრინა "კენტი"ს კოლოფიდან, მოუკიდა, ყავა მოსვა, შეფიქრიანებულმა თვალი ჩემი კომპიუტერის უკანა ნაწილზე გააშტერა.
თეკლამ არ დათმო პოზიციები და - აი, ხომ ხედავ, იმ შენს ნოდარასაც შეყვარებული ყავს. - მოეწონა თავისი მიგნება და კმაყოფილმა თავი დააქნია.
- შენთვის ნოდარი. ნოდარას მარტო მე ვეძახი.
- მოუშინაურებია უკვე. სასეირნოდაც ხომ არ დაგყავს?
- არა!
- ვაიმე.. იქნებ სასეირნოდ გაიყვანო ერთ შაბათ დილას და იქ შეხვდები ვინმე სიმპათიურ ბიჭს - მითხრა გახარებულმა ირინამ.
- ზოდიაქოში წერია რომ დღეს, დღის მეორე ნახევარსი. შაბათს ნათესავების გარემოცვაში მიდის ქალაქგარეთ. - თქვა ნინომ.
არ შევიმჩნიე, მაგრამ გული შემიქანდა. შაბათ დილას, მამიდაჩემის აგარაკზე უნდა ავიდეთ. გეგა ჩამოვიდა ბრიუსელიდან და აღნიშვნას ვაპირებთ.
არადა შაბათს ეს "ზოდიაქოისტკა" იწერს ჯვარს...
- შაბათს შენ არ იწერ ჯვავრს.? - იკითხა ჩემი საკითხავი თეკლამ.
- ეგ საღამოს.
- მორჩა რა! გპირდებით 30 წლამდე რამეს მოვახერხებ. ეხლა უნდა წავიდე. საჩუქარი მაქვს საყიდელი  - ვთქვი ომახიანად.
- სამუშაო დღეს მაინც არაფერი იყო. 1 საათში მივდივართ . თან შენ, როგორც სულიერად მარტოხელა, შეღავათებს იმსახურებ. - ჩამოყალიბდა თეკლა.
- თქვენ ხომ სულ წყვილ- წყვილად დადიხართ. - ვთქვი და ჩანთა გადავიკიდე.
- ჩვენ გეგმაში მაინც გვაქვს. - ალერსიანად მითხრა ირინამ.
- ნუ! მიყავარხართ ძალიან! - მართლა მთელი გულით ვთქვი.
- სამწუხაროა იგივეს რომ ვერ ვიტყვით! - ვერ დაცხრა თეკლა.
- შაბათს 7-ზე, სამების ძველ ტაძარში მოდი და ფოტოაპარატი არ დაგავიწყდეს. - ისევ გაზეთიდან თავამოუღებლად მომაძახა ნინომ.
- კარგი. - გავიღიმე, თითები ჰაერში ავათამაშე და ჰაეროვანი კოცნა დავტოვე თამბაქოს ნისლითა და "მაკკოფე"ს ოხშივარით გატენილი ოთახი. თან კარგი ღია დავტოვე. შემეცოდნენ მაინც.
  კოლექტივი მართლა ძალიან კარგია. რაღა კოლექტივი. ჯერ ჩემი მეგობრები არიან, მერე ოჯახი და ბოლოს კოლექტივი.
ისეთი გამოფხიზლებული ვიყავი, 3 წლის ბავშვისთვის საჩუქრის ასარჩევად სუნამოების მაღაზიაში შევედი. უკან თავის ქნევით გამოვედი " ასეც არ შეიძლება!" ვამბობდი გონებაში. რაღაც ძალიან დიდი მანქანა ვიყიდე და საჩუქრის მომავალ მფლობელთან წავედი.
პარატას საჩუქარი ძალიან გაუხარდა. ცოტახანს ითამაშა და მერე სადღაც მიაგდო. როგორც სჩვევიათ მის ასაკში.
ვიჯექი კარგა ხანს. დავლიე ყავაც, ჩაიც, ნამცხვარიც მივაყოლე. ერთი - ორი ახალი ჭორიც გავიგე და ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, წამოვედი სახლში. დედაჩემი, რა თქმა უნდა, იქ დარჩა. მიხმარება ხომ უნდათ. თან ყველა მისიანი ერთად არის შეკრბილი. მე ისეთი უჟმური ვარ, რომ ბევრ ხალხს ვერ ვუძლებ და ასე გაქცევით ვშველი ხოლმე თავს.
სახლში მარტო უნდა ვიყო, მაგრამ ეს დიდად არ მაწუხებს, პირიქით, ძალიან მახალისებს - შემდეგი სტატიის თემას მოვიფიქრებ და დავამუშავებ, თან რამე კინოს ვნახავ და მერე ძილი თუ არ წამომეწევა, რამეს წავილითხავ კიდეც.
მშვენიერი გეგმაა.
შემოვედი ეზოში. ვერხვის ქვეშ ნოდარა და ჯესიკა სხედან ერთმანეთის პირისპირ, ცხვირები მიბჯენილი და ამ ვერხვში ჩაკარგული ნათურიდან გამოღწეული სინათლე, ზერომანტიულ გარემოს ქმიდა. კარგი სანახავი იყო - ვეგეტარიანელი ჯესიკა და უჯიშო ნოდარა. ბავშვებიც რაღაც ძალიან ჩუმად თამაშობდენ კარტს, სიმღერაც მხოლოდ ერთი ოჯახიდან გამოდიოდა, ისიც ქალაქური სატრფიალო, გიტარაზე შესრულებული და მეც აღარ დავარღვიე შექმნილი გარემო ჩემი სიცილით და ღიმილით შემოფარგლული შევედი სადარბაზოში. გამოვიძახე ლიფტი, თან ღიმილი არ მშორდება. ფანტასტიურ ხასიატზე დავდექი. ლიფტიც დროზე მოვიდა. შევედი.. ვიღაცამ დამიძახა დამელოდეთო. მე ხომ სმენა არ მაქვს განვითარებული, ამიტომ ვერ მივხვდი ვინ იყო. როგორც კარგად აღზრდილმა, თხოვნა შევასრულე და ლიფტის კარს ფეხი მივადგი.
ოთკუთხედ სივრცეში უცნობი, ნამდვილად სიმპათიური, კარგად ჩაცმული და ნასვამი ბიჭი შემოიჭრა. შევცბი. რა უნდა მექნა? ხომ ვერ გავაგდებდი. ვერც მე გამოვიდოდი.
- რომელ სართულზე მიბრძანდებით? - ვკითხე ზრდილობიანად.
- მესამეზე. ჩემი გიტარა დამრჩა და..
- მესამეზე ფეხით ასვლაც შეიძლებოდა - ვთქვი ოდნავ ჩუმად.
- სხვა დროს დაგეთანხმებოდით, მაგრამ ეხლა ნასვამი ვარ და მეეჭვება 2 საფეხურის ავლა მაინც შევძლო.
- დიახ, შევნიშნე - ვუთხარი და გავუღიმე.
- თქვენ რომელზე  მიბრძანდებით?
- მეშვიდეზე.
- არც მანდ ასვლაა რთული საქმე - მითხრა და შვიდიანს მიაჭირა თითი. თან დააყოლა - ქალბატონები უპირველეს ყოვლისა.
- არ იყო საჭირო. შეგეძლოთ ჯერ თქვენ დარჩენილიყავით- ვუთხარი და რა დოზითაც ზრდილობამ მომცა საშუალება, ზურგი შევაქციე.
მას ხმა არ ამოუღია.
ზუსტად მეოთხე და მეხუთე სართულებს შორის გავიჭედეთ. მე ჩემი ისედაც დაზიანებული ნერვების მოსათოკად ყველა ძალას ვხმარობ. სიმპათიური ნასვამი კი იღიმის. ნეტა იცოდეს, როგორ არ მეღიმება. თან ეს სასმელის სუნი.. იმდეია არ ეწევა...
- იმედია მალე გაგვიყვანენ - ვთქვი გაბრაზებულმა.
- თუ არ დავრეკეთ, აზრადაც არავის მოუვა - იყოჩაღა ნასვამმა.
- მაშინ დავრეკოთ. - გადავწყვიტე პრობლემა.
- მე ტელეფონი მანქანაში დამრჩა. - თქვა და გამიღიმა.
- ჩემი ტელეფონი გათიშულია - ვთქვი და ნერვები კიდევ უფრო ამეშალა. დამეტენა რა რედაქციაში!
- ერთ ზარსაც ვერ გავაკეთებთ?
- ვცდი - უკვე ძალიან ვბრაზდები.
- იცი სად უნდა დარეკო?
- არა. თქვენ იცით?
- შენზე არც ისე დიდი ვარ. ჰა, ჰა 25-ის იყო. მე 27-ის ვარ.
ასე რომ, შენობითაც შეიძლია. აბა მათხოვე ტელეფონი. ვისთანაც გიტარა დამრჩა იმათთან დავრეკავ.
- ძალიან დიდი იმედი მაქვს შენს ნომერზე არ დარეკავ შემთხვევით -კომპლექსიანი ბავშვივით ვუთხარი.
- მე გითხარი 27-ის ვარ-მეთქი, 19-ის კი არა. ისე ადამიანი იმას ამბობს, რაც უნდა რომ მოხდეს - წამეკეკლუცა და ნასვამისათვის დამახასიათებელი აჟუჟუნებული თვალებით გამომხედა.
- სიტუაციას გააჩნია - სულელურად, მაგრამ ჯიუტად გავიმართლე თავი.
- აბსოლუტურად ყველა სიტუაციაში - გადაჭრით მიპასუხა.
მოკლედ. ძლივს მოახერხა დარეკვა ძმაკაცთან და ამ ჭკვიანმაც მთვრალს სთხოვა დახმარება. სანამ იმ მთვრალმა გააანალიზა, რა სთხოვეს  და მერე მოქმედება დაიწყო, 1 საათი გავიდა.
სულ რომ მუნჯი იყო, ნახევარი კვადრატული მეტრის, სქელ ბაწარზე ჩამოკიდულ კუბიკში, 1 საათში, მაინც ალაპარაკდები. თან თუ თანამოსაუბრე ნასვამი, სიმპათიური და კარგად ჩაცმული ბიჭია და თან წასასვლელი კი არა, გასახედიც არსად გაქვს.
ნახევარ საათში ამ ბიჭის პირადი ცხოვრების დეტალებს გავეცანი. მეც გავამხილე რაღაცები და ძლივს რომ მივიდა იმ კითხვასთან, რაც ალბათ ყველაზე მეტად აინტერესებდა, " მყავს თუ არა ვინმე", ლიფტი დაიძრა და ნახევარ წამში კარი მეხუთე სართულზე გაიღო. შესანიშნავი კადრი იყო: ჩვენ ორნი ღიმილიანები და ოდნავ დაბნეულები გამოვდივართ. გარეთ კიდევ დედაჩემი, მეზობლები, მეზობლის სტუმრები და ბავშვებიც კი იდგნენ. აი ბრინჯის შემოყრაღა აკლდა და სუფთა ქორწილი იქნებოდა.
დედაჩემი ჩემკენ წამოვიდა და მეუბნება: "დარჩენილიყავი ცოტახანს, შენ რომ წამოხვედი, შენი დეიდაშვილის მეგობარი მოვიდა. სპეციალურად შენს გასაცნობად წამოსულა ბიჭი."  თან უკმაყოფილომ და თან ღიმილით მითხრა დედაჩემა. მერე გადამეხვია.
მე იმ ბიჭს გავხედე და ჯერ დაუსვამ კითხვაზე პასუხი გავეცი : " არა, არავინ.." და გავუღიმე.
ნუ ის ხომ მთვრალი იყო  და მთვრალები ხომ თავიანთთვის საინტერესოს უცებ ხვდებიან.
იმან კიდევ: "ეგ მეც კი ვიცოდი. სიმღერა თუ გიყვარს თქო, მინდოდა მეკითხა." ისევ გამიღიმა. ოღონდ ნასვამისათვის დამახასიათებლად, ორაზროვნად კი არა! სამ ან ოთხაზროვნად და მეც არავისგან მონიჭებული ბედნიერებით და ხალისით, თითები ჰაერში ავათამაშე. დამშვიდობების ნიშნად.
თორნიკე ახვლედიანი. 27 წლის. ზოდიაქოთი ღრიანკალი. ნინომ მითხრა, კირჩხიბი და ღრიანკალი იდეალურად ეწყობიან ერთმანეთსო.

                                                                                                                                                   
                                                                                                                                                  26.03.09.
                                                                                                                                              05:15
                                                                                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები