ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2010


შემოდგომა

როცა ბუნება ჩამავალი მზის სხივით თბებოდა,
ცა შეიფერა შემობინდების ლურჯი ისრებით,
უგულო სუსხი შემოიპარა და შემოდგომას
შემოეძალა  განმარტოება დარდთა ნისლებით.
მოახლოებულ ზამთრის სიცივით შემკრთალ ნოემბერს
შემოაძარცვეს ფოთოლთა ცვენა დროის  ლანდებმა.
ვეღარ გაუძლეს შემოკედლებულ მცივან ბეღურებს
წითლად შეღებილ ბროწეულების შუშაბანდებმა.
თითქოს  დღეები შემოემსგავსნენ იმ უკვდავ  ფოთლებს,
რომ ფარფატებენ შეშლილი ქარის უხეშ სხეულზე,
სულს უბრუნებენ ერთფეროვნებით გამქრალ სტრიქონებს
და სიზმრებს წერენ მუზების სუნთქვით გადარეულზე.
თითქოს რითმები ცეცხლს იკიდებენ უვნებს,ზეციურს,
შემოქმედების გიჟ სიშიშვლეში როცა იწვიან,
ფრთებს შეისხამენ,მთვარესთან ერთად ამაღლდებიან,
ცად ვარსკვლავებად რომ იკიაფონ,მისთვის იღწვიან.
მალე ზამთარი შემოაგელვებს ყინვის მერანებს
ხეებს არსება გადაექცევათ მელანქოლიად
შემოიმატებს  შემოღამება მეტ მყუდროებას
და ამღერდება ჯერ დაუწერელ,წყნარ მელოდიად.
ტოტებშემხმარი,შეჩვენებული ერთფეროვნება
შეილეწება გრძნობაარეულ,უცხო ქარებით,
როცა ნოემბერს შემოერწყმება გალაკტიონი-
დაფნის გვირგვინით გამეფებული,ლექსთა ჯარებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები