ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: didou nana
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2010


  ჩამოტვირთვა

როცა

როცა:
სამსახურიდან დაბრუნებულს
სახლში დამხვდები
და ქვაბში
ინდური სანელებლით
შეკმაზულ ფლავს
დამახვედრებ -
მე რომ მიყვარს.
ჩემს საყვარელ,
ყურმოტეხილ ჭიქას
ბროწეულის წვენით
ამივსებ და
მაგიდაზე დამიდგამ.
და სამარილეს
შეხსენების გარეშე
მომაწოდებ,
მაშინ,
მე აღარ დავწერ
გაწურული ლიმონივით
უგემურ ლექსებს.

როცა:
ლაჯებში გარღვეული
(სულ მანდ მერღვევა ეგ ოხერი!)
შარვლის კემსვისას
ნემსს თითებში ვიტაკებ
და საწყალი დედაშენისთვის
განკუთვნილ პორნოგრაფიას
სიგარეტის ბოლივით
კბილებიდან გამოვცრი;
ამ დროს კი,
შენ და დედაშენი,
რომელიც
მამაშენის რიყის ქვისფერ
პერანგს აუთოვებს,
ერთად დაასლოკინებთ
და ერთდროულად იტყვით:
ნეტავი ვის გავახსენდითო.
მაშინ,
რითმებს სულ დავშორდები,
სამაგიეროდ მუსიკით
ავავსებ ლექსებს.

როცა:
მიღებაზე წითელ ჰალსტუხს შევიხსნი
და
ალაფურშეტზე
კრუასანს დავაგემოვნებ,
რომელსაც მიწის გემო ექნება.
იმ მიწის გემო,
დაზაფრულმა
მუჭით რომ დავაყარე
კიბოსგან შეჭმულ,
ჯერაც უწვერულ
სიყრმის მეგობარს.
მაშინ,
ყველა ლექსს
სათაურებს წავუშლი.

როცა:
თეატრში,
შუა წარმოდგენისას
ჩამთვლემს,
და ბრმა,
ხეიბარი ქალწული
დამესიზმრება,
რომელმაც
სიარული მასწავლა
1 წლის ასაკში.
ჯიბით თხილი და კანფეტები
მოჰქონდა
სანამ 10 წლის გავხდებოდი.
მერე,
20 წლის ასაკში
ღერებით სიგარეტი
მოჰქონდა,
რომელსაც საკუთარ ძმიშვილს ჰპარავდა.
რომელიც
90 წლის ასაკში ქალწულად მიიცვალა,
და პირველად
მე და დედაჩემმა
ვნახეთ
კედლისკენ შებრუნებული.
შემდეგ
გულში ჩავიხუტე,
მეორე სართულზე ავიყვანე
და გავაპატიოსნე.
მაშინ,
დავფიქრდები იმაზე,
რომ
ჩემს ლექსებში
ნაკლებად ვწერო
ამქვეყნიურ ბედნიერებაზე.

როცა:
მამაჩემი
სიგარეტს აღარ მოწევს
და ულვაშები
აღარ გაუყვითლდება.
ხოლო დედაჩემი
ჩემთვის გამოსაგზავნ
წერილს
მეზობლის ბავშვს
დააწერინებს.
როდესაც შენ,
შავებში ჩაცმული
ჩუმად ყურში ჩამჩურჩულებ,
ალბათ მეათასეჯერ
და ბოლოჯერ,
რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა
ბინის ქირის მეგობრებთან,
რესტორანში დახარჯვა იყო,
მე კი,
როგორც ყოველთვის
ვერაფერს გავიგონებ.
აი მაშინ,
ლექსებს უკვე
საერთოდ ვეღარ დავწერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები