ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემო
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2010


ეს პოეზია

თიხას მივიტან ტუჩებთან და თითქოს სისხლია
არტერიებში ჩაიბნევა ვაზის ნაჟური
თრობად, აღგზნებად, მომერევა ეს პოეზია
და მიძინებულ სულს მიღვიძებს ხელის ფათურით...
ხაონარევი ხმით ვიგონებ წინაპრის საფლავს
და დუშმანივით ყელში მიჭერს ხელებს ზამთარი
ფრთამოტეხილი ისარივით გავისვრი ფრაზას
გულის ორთქლით და ნაღველით რომ არის გამთბარი.
არ ვიცი მაინც რას მაგულებს ეს საქართველო
ანდა რა ძალა დაუნახავს ჩემში ამ მიწას
რატომ უნდა რომ ნაბადივით ფეხქვეშ გამთელოს
და მიმაჩვიოს სამუდამოდ ღამეს უძილარს
მე ხომ ისედაც ვახტანგივით მტკივა იღლია
და ვით დემეტრეს ჩემს სიხარულს თავი მოჰკვეთეს
მას შემდეგ უკვე მერამდენედ მოჰკლეს ილია
და თავი თავად არ აკუთდვნეს კვლავაც მოხევეს.
თუ მაინც უნდა დაიმარხოს ეს ამბიცია
და უსარგებლო ნივთებივით ბნელში იდება.
ეჰ... იბერიის გაბრწყინების დიდი იდეა
კვლავ XXI საუკუნით გადაიდება...
ჯერ ათეული გამივლია მხოლოდ ორიოდ
ომში გაჩენილს ალბათ ომში მიწევს სიკვდილი
მაგრამ მანამდე უნდა შევძლო რომ სახვალიოდ
დროის ტალახში არ გავსვარო კაცის სინდისი.
ცხოვრების წესად დავინერგავ მხოლოდ სამ რამეს
ღვინოს, ლექსებს და ჩემი ქვეყნის მარად სიყვარულს
სანამ სიკვდილი მარმარილოს გულზე დამადებს
არ მოვეშვები მთაწმინდაზე ფეხით სიარულს...
იქ ხომ ზეცაც და ლაჟვარდიც ხომ ისე ახლოა
ანგელოსების ფრთით ირხევა თითქოს ნიავი
მამადავითი აჩრდილების სამოსახლოა
და აქ ხეებსაც გაურითმავთ ფოთლის შრიალი...

თიხას მივიტან ტუჩებთან და თითქოს სისხლია
არტერიებში ჩაიბნევა ღვინის ნაჟური
თრობად, აღგზნებად, მომერევა ეს პოეზია
და მიძინებულ სულს მიღვიძებს ხელის ფათურით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები