ნაწარმოებები


“ლილე2025“-ს საფინალო შეფასებები. ნახეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კუდაბზიკა_ოპოსუმი
ჟანრი: პროზა
20 აპრილი, 2010


შუაში იყოს,ბატონო,რა მნიშვნელობა აქვს?!

ჯინსი თეძოებზე შემოსაჭერი შარვალია,თეძოებზე თუ არ გაქვს შემოჭერილი და ხახუნის ძალა არ აჩერებს,ეგრევე ძირს ჩამოგვარდება,თუმცა ამას გოიმები ვერ ხვდებიან.არადა,მე თუ მკითხავთ ჯინსი მთელი პრინციპია,მაგრამ სანამ თავი დიდგვაროვანთა ნაშიერი მეგონა და ზუსტად ვიცოდი ჰუგენოტების სასახლე სად იყო,მანამდე ამაზე არ მიფიქრია,მერე კი, ისევე  ისე უბრალოდ გათენდა, როგორც ნიუტონის დროს გათენდებოდა, იმ იდიოტს თავში ვაშლი რომ არ მოხვედროდა და დედამიწაზე ყველაზე სულელური მიზიდულობის კანონი არ გამოეგონებინა.

არ ვიცი გინახავთ თუ არა ისეთი პორტრეტები,რომელ კუთხეშიც არ უნდა დადგე სულ შენ რომ გიყურებენ.ამას დიდი კი არაფერი უნდა,დახატავს მხატვარი თვალებს ისე,რომ ოპტიკური ღერძები პარალელურად მისდევენ ერთმანეთს,რაც ცხოვრებაში არ ხდება..ამით იმის თქმა კი არ მინდა რომ ჯინსი პარალელური აცდენაა,ჩემი სხეულის ფორმებისა,უბრალოდ,თუ მართლა ჯინსი გაცვია წინ ელვაშასაკრავი არ უნდა ჰქონდეს და წელამდე არ უნდა აიქაჩო.

-შეიძლება ვნახო ის ნახატი?
-სამწუხაროდ არა,ის სახლი დაანგრიეს,ჩვენ ახალ შენობაში გადავედით.
-თქვენი აზრით ნატურიდან ვერ ხატავდა თუ გადახატვა არ შეეძლო?
-საერთოდ არ იცოდა ხატვა,ეტყობა აკვიატებული ჰქონდა ეს იდეა.ამ შენობაშიც ბოლოს მოვიყვანე,მინდოდა კედლები მოეხატა,გასაფუჭებელი მაინც აღარაფერი იყო.…მოვიდა,ფუნჯები ბავშვებსაც დაურიგა და მათთან ერთად ხატავდა.,,ბავშვებმა შეიძლება ტვინი გამოგილაყონ,მაგრამ ყველაზე კარგად ხედავენო ფერებს”...

გამახსენდა,როგორ მიმეორებდა:რომ ჩემს ჰუგენოტურ სახეს საბავშვო ბაღში დატოვებული ფერის თვალები ჰქონდა. ვიცოდი რომ ვნახავდი, ყველაფერი შეიცვლებოდა, ბოლომდე ვეტყოდით ერთმანეთს სათქმელს და მივიდოდით იმ წერტილამდე, სადაც სიმართლე ყოველთვის არ ნიშნავს ჭეშმარიტებას, წრეზე სიარული კი ორმოცწლიან მსვლელობას აღთქმული მიწისაკენ.
თავიდანვე ვხვდებოდი  A სადგურიდან B სადგურისაკენ მიმავალი მატარებელი ვერასოდეს მიაღწევდა იქამდე, სადაც ამოცანა ლოგიკურად გვეკითხება ხოლმე ,,თანახმა ხართ თუ არა ? “, თუმცა, ხანდახან ბევრად ადვილია გჯეროდეს რამის, ვიდრე იცოდე და შემეცნებითი სიარულის დროს მკერდის ვიბრაცია, არც ისე მიმზიდველი გქონდეს, როგორც თეძოებზე მათემატიკური სიზუსტით მორგებული ჯინსი.

-ალგებრაში კიდევ ესმის რაღაც, გეომეტრიაში კი სამკუთხედს და მართკუთხედს არჩევს მხოლოდ.
-წრეც გესწავლებინათ, აითვისებდა, არ არის უტვინო.
-ვეცადე, მაგრამ რა მიპასუხა, იცით? სახლის ასაშენებლად ეს ორი ფიგურაც საკმარისიაო.
-სად აქვს მაგ უბედურს სახლი... არ წვიმდეს მაინც.



ბებიაჩემი ამბობდა: ქალისათვის მთავარი კალიგრაფია და თეძოებია, თორემ წეროს ყველაზე სწორი ფეხები აქვსო. მოგვიანებით დედა მასწავლიდა:ქალი სამზარეულოში და ლოგინში თუ არ ვარგა, თეძოები ვერაფერს უშველისო. ვიჯექი და ვფიქრობდი, რატომ ვაკმაყოფილებდი ოთხივე კრიტერიუმს, როცა არცერთის გამოყენება არ შემეძლო. რატომ მქონდა მთელს არსებაში გამჯდარი პირველყოფილი სტიქიური შემართება შენებისა,როცა ვერცერთხელ ვერ ვიპოვე საყრდენი წერტილი.

გზაზე გავჩერდი და ვუყურებდი სანახევროდ დანგრეულ შენობას, კარგი და გონიერი არტიტექტორი, მისგან ღირშესანიშნაობას შექმნიდათქო – გავიფიქრე ჩემთვის, მერე გამახსენდა ჩემს საუკუნეში  ახალი გაუდი რომ არ დაბადებულა ჯერ და თეძოზე ხელი მოვისვი,ჯინსის ჯიბიდან სანთებელას ამოსაღებად.
ყოველ ჯერზე როცა სიგარეტს ვუკიდებ, პრომოთეს მადლობას ვწირავ და ღმერთს პატიებას ვთხოვ. ჯერაც არ ვიცი რომელი მისმენს, თუმცა სანთებელა ყოველთვის მაქვს, შვებით ამოსუნთქვას კი დიდი ხანია გადავეჩვიე,თან ჩემი ჭკუით ჰიდრავლიკური
წნევის იდეაზე ლოგიკური არაფერი მეგულება,და ნისლი რომელიც დაწნეხილი ჰაერით წარმოიშობა,ისევ ერთგულად მიდგას თვალებში.

-ხანდახან ვფიქრობ კოდი ხომ არ არის ეს ყველაფერი.
-ასეთი აზრაინი კოდი სად გინახავს,თან გამონაგონსაც არ ჰგავს.

არადა,მუყაოსგან გამომთვლელ მანქანებსაც კი აკეთებდა.ის მანქანები დღესაც მუშაობენ,მაგრამ მაინც ხატვა ერჩივნა.ისე,უბრალოდ,სიუჟეტების გარეშე.მაგალითად: ერთს ერქვა ფიზიკა,მეორეს ქიმია,ან მათემატიკოსის ტვინი.

ღრმად ჩავუსუნთქე და შევეცადე გამეხსენებინა, ზევიდან უფრო მომწონდა თუ ქვემოდან, საწუხაროდ ასეთ გათვლებს მუყაოსაგან გაკეთებული მანქანები ვერ აკეთებდნენ, ბავშვობაში ძერწვა მიყვარდა, მაგრამ იდეა იდეად მრჩებოდა, ხელში კი- თიხისაგან მოთითხნილი, სურვილს ოდნავ მიახლოებული ფიგურა, რომელსაც სახელის დარქმევამდე საგულდაგულოდ ვინახავდი შემოსასვლელი ოთახის მინებიან კარადაში.

ინტერვიუ ასტროფიზიკოსთან:
ჟურნალისტი:_ რამდენ ხანს იარსებებს დედამიწა?
ასტროფიზიკოსი: – სამყაროში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, დედამიწის ენერგიაც არ არის ამოუწურავი, ეს არ მოხდება დღეს და ხვალ, მაგრამ ის აუცილებლად ამოწურავს თავის რესურსებს, თუმცა როდის მოხდება ეს, პირდაპირდამოკიდებულებაშია დედამიწის ენერგეტიკულ ბიუჯეტთან.

მჭვრეტელობით მიღებული ცოდნა,როგორც მგრძნობელობითი წარმოდგენისა და ცნებით დადგენილი გონების კავშირი,ზეგონებრივ შემეცნების იდეალური ფორმაა,ამიტომაც,მთავარი ის იყო, ვინ იქნებოდა ქვემოდან,თორემ მე ზემოდან მომწონდა. ძერწვასაც მას შემდეგ დავანებე თავი, ჩემი იდეის სრულყოფილი განსახიერება დედაჩემს გარეული ტახი რომ ეგონა...სახელი დავარქვი, სხვენზე ავიტანე და ხის იმ ყუთში ჩავდე, ყოველ დახურვაზე რომ მეგონა აღარასოდეს გავხსნიდი.

კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე დანგრეული შენობის წინ და სანთებელა თეძოზე მომჯდარი ჯინსის ჯიბეში ჩავიდე. ვერასოდეს ვხატავდი ლამაზ წრეს,გადაბმის ადგილი ყოველთვის ღია მრჩებოდა, ჩემს მათემატიკის მასწავლებელს კი ეგონა, მხოლოდ სამკუთხედსა და მართკუთხედს ვცნობდი. არადა, ყველა ეზოს სჭირდება ჭიშკარი მერე რა რომ, ყველა სახლს არ აქვს ეზო.

ინტერივიუ ასტრაფიზიკოსთან
ჟურნალისტი: – ანუ, კაცობრიობა განადგურდება?
ასტრაფიზიკოსი: – მეცნიერები უკვე მუშაობენ მესამე განზომილების სივრცეზე, რომლის მეშვებითაც შესაძლებელი იქნება გადარჩეს ადამიანური გენის ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი. სიცოცხლისა და ცხოვრების  გაგება რა თქმა უნდა შეიცვლება, თუმცა დანამდვილებით ვერავინ იტყვის უკეთესი იქნება ეს თუ უარესი.

დანგრეული შენობა უკვე ჩემს ზურგს ეფარებოდა…

როცა უსიცოცხლო ფაქტორები,ნედლეული,სარაკეტო დანადგარები,დივიზიის რაოდენობა და სტრატეგიული სამხედრო ბაზები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე ადამიანური იმედები,სურვიელბი და ოცნებები,სახლს ვერასოდეს ააშენებ,დანგრეულსაც ვარ აღადგენ და მილიონობით პიჟონი ივლის წელამდე აქაჩული ჯინსით.

ჩემს თავზე გადაჭიმულ ვარსკვლავებიან ცას კი,ისევ ის ფერი ჰქონდა,როგორც ნიუტონის დროს...

White Jeans?
No!
Black Jeans?
No!
Old Jeans?
No!
New Jeans?
No!
Blue Jeans?
Oh,Bluejeans,jeah!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები