ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სავანელი
ჟანრი: პროზა
30 ივნისი, 2010


მაშინ, თურმე, ჯერ ყველაფერი წინ იყო

მაშინ 23 წლის ვიყავი. თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, უბედნიერესი დროა ადამიანის ცხოვრებაში. ინსტიტუტის ეზოში, ტრადიციულად სახემხიარული სტუდენტების ფიზიონომიებისთვის რომ შეგეხედათ, მიხვდებოდით, რომ ვიღაცას, ან რაღაცას დიდი უბედურება ეწია. უბედურება არც მანამდე იყო უცხო ხილი, თუმცა, ეს განსაკუთრებული იყო 
-გაგრა დაეცა!
იმ დღეს, ეზოში შეკრებილმა ახლადგამოჩეკილმა მამაკაცებმა ერთმანეთს ტირილნარევი ღიმილი ვაჩუქეთ და ყველა ჩვენგანის გონებაში უმოწყალო ქარიშხალმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ გახარებული კაცთმოყვარეობის, შემწყნარებლობის და მიტევების ნერგები ძირფესვიანად მოთხარა. მაშინ (რაშიც ყველა ჩვენგანი წლების შემდგომ გამოტყდა, თუმცა, ყველა ვერა) სხეულში ერთიანად დაიარა შურისძიების დემონმა.

                                                                                *  *  *
    "უკვე ორი საათია. დროა შეგვცვალონ". - კბილებში გამოსცრა ვასომ. ფეხზე დგომა და წელში მოხრილს ბუჩქიდან ბუჩქამდე გადარბენა ახალ-ახალი პოზიციის შერჩევის მიზნით, ჩემთვისაც ძნელი ამოცანა გახდა. მთვარით განათებულ ორღობეში, ორი დღის წინ მტრის ტყვიით შემთხვევით მოკლული უპატრონოდ დარჩენილი ცხენის სხეულში თავშერგული ღორის პირის თქლაფუნმა ხომ ტვინი მოწამლა. ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს ჩემს შიგნეულობაში ურევდა სისხლიან დინგს.
    ტუნგოს ნაყოფს მივწვდი, რომლებიც უხვად იყო მოფენილი ირგვლივ, წამოვდექი, წელში გავიმართე, ავტომატი ზურგისკენ გადავიკიდე და აღებული ტუნგო უნამუსო ღორის მხარეს მოწყვეტილად გავიქნიე.
    გაცეცხლდა ვასო. " შენ ხომ არ გადაირიე, ტუტუცო? დაიხარე, თორემ დარჩები მეოთხედი"...
    " მეოთხედიც საკმარისი ვარ მე, ერთი დაფეხვილი კაზაკის წონა მაინც არ დავრჩები?!"  გავიკრიჭე, თუმცა, ვიცოდი, რომ ჩემი ანგლობა ვასოს ვერ გაამხიარულებდა.
    " ზამთარი მაინც იყოს, ამის ოხერი დედა ვატირე, დამახრჩო ამ ცხენის სუნმა, აუ, მალე მაინც მოაღწიონ აქამდე"?! 
    " კარგი, ჰო, გეყო წუწუნი, თორემ გუშინდელივით გადაირევიან ეს უჯიშოები და ამ სველ მიწაზე რა იხოხებს დილამდე?! ... მგონი გავახსენდით".
ვასომ წამოიწია და ტურასავით დაიჩხავლა. სულ მიკვირდა, როგორ ზუსტად ბაძავდა ამ გამყინავ ხმას. აღმოსავლეთის მხრიდან ოთხი სილუეტი გვიახლოვდებოდა. სიარულის მანერით ყველა მათგანი ვიცანი და გულიდან თითქოს უზარმაზარი ლოდი გადააგორეს უხილავი ჯალამბარით.
    " მშრომელებს გაუმარჯოს!" - ეს ბესოს ხმა იყო. ბესო მე და ვასოზე უმცროსი იყო ორი წლით. ამხელა წლების გადასახედიდან ორი წელი ორი დღესავითაა, თუმცა, მაშინ მას ყველა უფროსი ძმებივით ვუფრთხილდებოდით, რაც სერიოზულად აღიზიანებდა ამ გულჩვილ გოლიათს. ასეულში მასზე უმცროსებიც იყვნენ, თუმცა, ამას ბესოს გულუბრყვილობა და ბავშვური სიალალე გვაიძულებდა.
    " ცოტა მაინც მოიხარე, შე ჭიაყელა შენა, მაინც რამსიგრძე ხარ?! აგუძერის ჰოსპიტლის ექთნები ხომ არ მოგენატრენ?"-აბუზღუნდა ვასო ჩვეულებისამებრ.
    " აუჰ, დაიწყო ვასიკოს ცნობილი ნოტაციები, შენ რა გიჭირს, ჩაცუცქვა არ გჭირდება, სიგრძე და სიგანე ერთი გაქვს"- მხიარულად გადაიკისკისა ბესობ და ხელი წაატანა ვასოს ღიპს, რომელიც ჯერ კიდევ ამძიმებდა მეგობრის ჩამრგვალებულ სხეულს.
    " ბევრ შენისთანა ხეიბარს ვაჯობებ ჩემი ჭარბცხიმიანობითაც, და საერთოდ, პაროლი თქვით, თორემ აგაცეკვეთ ხორუმი"!
აქ ბესომ დირიჟორის პოზა მიიღო, დანარჩენ სამს მიუბრუნდა და ერთხმად ჩამოარაკრაკეს - "Fortuna non penis, in manus non recipialis"...
კუთვნილი ორი საათი საღათას ძილით გვეძინა მე და ვასოს. რომელსაც ვერ გვიფრთხობდა ვერც მოძალებული ტურების ჩხავილი და ვერც მარტოხელა სნაიპერის კანტიკუნტად ნასროლი ტყვიის ზუზუნი.

                                                                                *  *  *
    თვითმფრინავი ისე შეეხო დასაფრენ ზოლს, თითქოს გაუთლელი კაცი კოცნიდა ბანოვანის მტევანს. ფიუზელაჟი ციებიანივით აძიგძიგდა, თვალწინ გაირბინეს თბილისის ძველი აეროპორტის და რეიდებთან კანტიკუნტად მიყენებული მცირეგაბარიტიანი თვითმფრინავების სილუეტებმა. რამდენჯერ ვყოფილვარ მსგავს მდგომარეობაში და არასდროს მქონია ასეთი ტკივილი მკერდის ძვლის უკან. საკუთარი ქალაქი ხელებგაშლილი მეგებებოდა.

                                                                                *  *  *
    "ტაბლეტკაზე" მიყუდებული ღიპიანი მძღოლი "პალიოტის" ნახევრადსავსე ღერს არნახული მადით ექაჩებოდა. ჩემი და ვასოს დანახვაზე მარცხენა ხელით მზე მოიჩრდილა, მარჯვენათი სიგარეტის ნამწვი ორი თითით შორს მოისროლა (რატომღაც გამახსენდა, რომ აქ მოწევა აკრძალული იყო და ქართულმა უწესობამ კიდევ ერთხელ გამაღიზიანა). გემრიელად ჩაახველა, ლამის ბოქვენამდე ჩამოჩაჩული შარვალი ორივე ხელების ცერა თითებით შეძლებისდაგვარად აიქაჩა ზემოთ და ჩვენსკენ ტაატით დაიძრა.
    "მოგეხმარებით ბიჭებო"- დამნაშავესავით გაგვიღიმა და ვასოსკენ გაიწია.
    "ჩვენი ჩანთები წამოიღე, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ". - შეუღრინა ვასომ და თვალით ანიშნა ორ ცალ წითელჯვრიან ჩანთაზე, რომლებიც უკან დაგვრჩა. მარდად დაფაცურდა ეს ძონძროხა კაცი, სანამ ჩვენ მივედით მანქანამდე, ჩანთებიც წამოკრიფა, დაწინაურდა და ორივე უკანა კარებიც გაღებული დაგვახვედრა.

                                                                                *  *  *
    საკაცე "ტაბლეტკის" ძარაში შევაცურეთ და ჩვენც ჭირისუფლებივით ორივე მხრიდან მოვუსხედით გადმოსაშლელ სკამებზე.
    "არამიანცის გარადსკოი მორგში არა, ბიჭებო"?!
    "არა, ჯიგარო, ეს ბესოა და ამ კაცს საბურთალოზე დედა ელოდება"! -შევატყვე ვასოს როგორ მოაწვა ყელში დიდი და ვრცელი ბოღმა. ისევ ის ბოღმა, რომელიც ნახევარი წლის წინ გვახრჩობდა ახლადგამოჩეკილ მამაკაცებს ინსტიტუტის ეზოში.

                                                                                *  *  *
      საკაცეზე სათუთად გადაფარებული თეთრი ზეწრის ბოლოდან რუსული ჩექმების ორი ლანჩა იღიმებოდა...
  მაშინ, თურმე, ჯერ ყველაფერი წინ იყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები