ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 ივლისი, 2010


35 წლის წინ...

ორი წლის ვიყავი. ამ დროიდან მახსოვს მამა. მისი მზერა მაღვიძებდა ხოლმე. იდგა და იღიმებოდა. თვალებს რომ გავახელდი, ნიკაპის ქვეშ მაკოცებდა, მაგრად ჩამიხუტებდა მკერდში და იტყოდა, ჩემი ”ზოლუშკა”. არ ვიცოდი რას ნიშნავდა ეს სიტყვა, მაგრამ საღამოს იმაზე ფიქრში ვიძინებდი, რომ დილით მამა აუცილებლად მომეფერებოდა ისე, როგორც ყველა მამა უნდა მოფერებოდა თავის პატარა გოგოს, რომელსაც ოქროსფერი თმები და დიდი, თაფლისფერი, მამიკოს თვალები ჰქონდა. სანამ ის ამქვეყნად ჩემს გვერდით იყო, მამის ნებიერა ვიყავი. ახლა ამის გახსენებაზე ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც 35 წლის წინ და როგორც ჩემი ცხოვრების 23 წლის განმავლობაში.
სადილისთვის უფრო ხშირად სახლში მოდიოდა. სანამ სახელურის გადატრიალებას ვისწავლიდი, კარს დედა აღებდა. ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ, ჰო, კოცნიდნენ დილით, როცა მამა მიდიოდა, კოცნიდნენ სადილამდე, ნასადილევს, საღამოს და მე მიყვარდა მათი ცქერა. ეს რიტუალი მაშინაც არ შეცვლილა, როდესაც სახელურის გადატრიალება ვისწავლე. ამიტომაც ვფიქრობდი, რომ ასეთი უნდა ყოფილიყო ყველა დედა და მამა. ვფიქრობდი, რომ ნასადილევს ყველა დედას ისევე უნდა დაეწყო ქმრის მხრებზე ხელები, როგორც ამას დედა აკეთებდა. მამა ნაზად შეატრიალებდა თავს რომელიმე ხელისკენ და ლოყას დაადებდა, მეგონა ხოლმე, რომ ასე ყურს უგდებდა დედაჩემის ხელის ზურგზე ამობურცულ სუსტ ძარღვებს, ძლივს შესამჩნევად რომ ფეთქვდნენ. მისი თეთრი მტევნები ხან ყვავილებს ჰგავდნენ, ხანაც უნაზეს ფოთლებს ან პაწია, უცნაური ფრინველებივით ირინდებოდნენ. დღემდე მგონია, რომ დედას ხელები მამაჩემის სიყვარულის გამო მოძრაობდნენ ასე ლამაზად. ამიტომაც ძალიან მიყვარდა ისინი და ვერ წარმომედგინა დღე, მამას მხრებზე რომ არ დასვენებულიყვნენ. ერთ დღესაც გადავწყვიტე ეს უნაზესი კადრი ჩემი თვალებიდან გადმომეტანა, დამეხატა და ამით მეთქვა, რომ მე მათ სიყვარულს ვგრძნობდი, მათი სიყვარული მიყვარდა. აი, ასე, ორი წლის ასაკში ავიღე ფანქარი და ფურცელი და დავიწყე ხატვა. ჰო, პირველად დედაჩემის ხელები დავხატე. არანაირი გრძელი ჯოხები ბოლოში მიბმული ხუთი გაფშეკილი წკირით, როგორც ამას სხვა ბავშვები ხატავდნენ, ჩემი თვალებიდან გულში გამოვატარე და მამისეული ძლიერი ხელის მტევნისა და დედისეული თითების ბავშვური მოძრაობით დავხატე ნამდვილი ხელები. ბევრი ვიწვალე, მაგრამ ვერ შევძელი დამეხატა მამაჩემის სახე. ის, რაღაცნაირი, ძალიან დიდი, უსაზღვროდ დიდი იყო ჩემს გულში და ვერაფრით გამოვატიე ფურცელისკენ. ამიტომაც დავხატე მისი მხრები, უბრალოდ შუაზე გაყოფილი ჰორიზონტალური ხაზი და ზედ, როგორც ტოტებზე დედაჩემის ხელის მტევნები ფოთლებივით დავფინე. შესაძლოა ჩიტებსაც ჰგავდნენ, ეს ახლა ზუსტად აღარ მახსენდება. დედა დიდხანს ატრიალებდა ხელში ჩემს ”შედევრს”, თვალები უბრწყინავდა და სიცილით ამბობდა, დედი, ეს ხელები, ნამდვილი ხელები როგორ დახატე? ეს მამიკოს მხრებია, ჩემი გრძნობის ბურთი, შენ ყველაფერს ხედავ... კისკისით მეხვეოდა დედა და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან დედა ჩემს სულში იხედებოდა. ესმოდა ჩემი გულის ხმა, ხედავდა ჩემი თვალების ფიქრებს და ავტირდი, სიყვარულისგან ავტირდი.
ეს 35 წლის წინ იყო. ხშირად გამხსენებია, მაგრამ ვერ დავწერე, ყოველთვის რაღაც მეჩხირებოდა ხოლმე ყელში, თვალები მიწყლიანდებოდა და ხსოვნაც მეფანტებოდა. ცოტა ხნის წინ საოჯახო ალბომს ვფურცლავდი და ძველი კადრები დედაჩემის თეთრი ხელებივით აფარფატდნენ. მომინდა ისევ იქ ვიყო, 35 წლის წინ, პატარა სახლში, რომლის კარის სახელურსაც ვერ ვაღებდი, სადაც დილით, გაღვიძებისთანავე მეუბნებოდა მამიკო ჯადოსნურ სიტყვას, კართან კი დედა ელოდებოდა პიჯაკით ხელში. მერე რა, რომ ყოველდღე ასე მეორდებოდა. მათი ურთიერთობა ულამაზეს მუსიკალურ კომპოზიციასაც ჰგავდა და შესანიშნავ ფერწერულ ტილოსაც. ერთიც და მეორეც მთელი მათი ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში იქმნებოდა. მე კი ყოველ დღე ახალ ფერს ვხედავდი და ახალი ბგერა მესმოდა, როცა დედაჩემის ხელები ნაზად აფრინდებოდნენ და მამაჩემის მხრებზე დაესვენებოდნენ, მაშინ დედაჩემი მზესაც ჰგავდა, რომელიც მთის კალთებზე ჩამოფენდა სხივებს, თუმცა, ამას მოგვიანებით მივხვდი.

2010 წელი,
6 ივლისი.

პ.ს. დედას, ეს მოგონება ტელეფონში წავუკითხე, დიდხანს დუმდა, ხმას არ იღებდა, მაგრამ მისი გულის ხმა ისე მესმოდა, როგორც მაშინ, როცა პირველად დავხატე მისი ხელები და მკერდში ჩამიკრა. მიყვარხარ დე და მიყვარს შენში დარჩენილი მამა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები