ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 ივლისი, 2010


სხვა

      სხვა რა გითხრათ? სათქმელი რომ ბევრია ეს უკვე გითხარით, მაგრამ თქვენ შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილება დაგჩართ, რომ ჩემი სათქმელია ბევრი; არა, მე ეს არ მიგულისხმია, სათქმელი მხოლოდ იმიტომ არის ბევრი, რომ თქვენც ბევრნი ხართ. აქ ლაპარაკი არ არის მილიარდებზე, არამედ ერთი ადამიანი უკვე ბევრს ნიშნავს. ზოგს ჰგონია რომ სათქმელი მხოლოდ ბგერათა გახმოვანებით, ან ასობგერათა დაწერით შეიძლება ითქვას, მაგრამ თუკი ფართოდ შევხედავთ ამ საკითხს, ვნახავთ რომ ადამიანი მეტყველებს თითოეული ნაკვთითა და გადადგმული ნაბიჯით, ყოველი წვრილმანი მზად არის გული გადაგვიშალოს, ოღონდაც იყოს ამ გულის გამგები სმენა და გრძნობა. ხშირად ადამიანი იქეთკენ მოძრაობს, ანდა ისე ეცემა მის გზაზე, როგორი ძალითა და მიმართულებითაც ხელს ჰკრავენ. ასევეა მეტყველება, ანუ რაიმეს თქმის უნარი სხვის მიერ ნაკარნახები ნიშნებით ხორციელდება. ამ სხვაში ბევრი რამ შეიძლება ვიგულისხმოთ, თუმცა სიტყვა "კულტურა" ყველაფერს "აერთიანებს", სინამდვილეში კი ჰყოფს ადამიანებს წარმატებულებად და წარუმატებლებად, და ასევე იმ ადამიანებად რომლებიც ამ ორი სტატუსის გზაგასაყარზე დგანან. წარმატებული ადამიანები წარუმატებელნი არიან უფრო წარმატებული ადამიანების წინაშე, ხოლო წარუმატებელი ადამიანები უფრო წარუმატებელი ადამიანების პოვნით აღწევენ წარმატებას. რაც შეეხება გზაგასაყარზე მდგომთ, სინამდვილეში მათი არჩევანი მოჩვენებითია, ორივე გზას ერთ შედეგამდე მივყავართ, წარმატების წინააღმდეგ ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს უფრო მეტი წარმატება და წარუმატებლობაც შეიძლება ვანუგეშოთ უფრო მეტი წარუმატებლობით. კულტურის ამაოება იმაშია, რომ იგი ჰყოფს იმას, რისი გაყოფაც შეუძლებელია. ამ ორომტრიალში ჩართულ ადამიანებს სჯერათ იმისი, რაც სინამდვილეში არ არსებობს. თითოეული მათგანი კულტურულად დუმს და ელოდება თუ რა განაჩენს გამოუტანს კულტურა, და რომელ სტატუს მიანიჭებენ მას, - კულტურულად მეტყველების გამო. სათქმელი ბევრია, მაგრამ კულტურის მსგავსად სხვის მაგივრად ლაპარაკი დანაშაულია ამ სათქმელის წინაშე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები