ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯინჯერ_როჯერსი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2010


ნათლობა და მატარებელი

განათდი,
რა ჰიპოთეტურად ჟღერს საუბრები სიკვდილზე,
დაგვიანებულია ფიქრი, დიდი ხანია იყივლა  მამალმა,
არჩევანი, რომელიც გაკეთებულია, იორდანედ აქცევს  რუბიკონს,
ნათლობა, დასასრულის და დიდი ცხოვრების დასაწყისი,
სიზმრისეულ ბრძოლებს კიდევ უფრო საშიშს ხდის,
ეკლესიის კართან შემჩნეული სატანის ლანდი,
სიბერემდე დაჰყვება მტირალ ჩვილ ბავშვს და  არ მოასვენებს მანამდე,
სანამ ბოლო ამოსუნთქვით  არ დაუბრუნდება იმ დღეს,
როდესაც პირველად შეხედა ადამმა ევას.

ბურუსი,
ვარდისფერი თვითმფრინავები ბავშვობის ოცნებებიდან,
ჟანგიან ქაღალდის ნავებს ემსგავსებიან,
გაუცნობიერებელი გრძნობები ოცდაათი წლის ასაკში,
ჩაიდნიდან გადმოსული ცივი წყალი და აპელირება ფასეულობებზე,
ისეთივე აბსურდულია,
როგორიც ქალის მკერდი, ნაძალადევი სქესობრივი აქტის შემდგომ.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ ჩნდება, როცა რელსებზე მდგარ მოხუცს,
ჩუმად მიეპარება შავი მატარებელი.

გზა,
ნატრიუმით გაჯერებული ფერადი ბურთები მიდიან მაღლა,
თითოეულში ოცნებებად არეკლილი თვალები,
უყურებენ დარჩენილებს, თითქოს ევედრებიან,
არ დაიჯერონ, ის რაც ეგონათ მაშინ და ეგონებათ მერეც,
(ან)
გადაწყვიტონ რამდენის გადახდას შეძლებენ იუდასთვის,
ისტორიის შესაცვლელად,  ან ვის დააბრალებენ პირამიდებში დარჩენილი,
მუმიების გაპატიოსნებას, როცა ყველაფერი ისედაც ნათელია:
ერთი დიდი ტყუილია ადამიანის ცხოვრება,
და ის იქნება ბედნიერი,ვინც ყველაზე მეტად გაისულელებს თავს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები